მაგდა ბესელია
[ბლოგი მომზადდა “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო თემატური ჯგუფის – “ახალგაზრდების დასაქმება” წევრის, მაგდა ბესელიას მიერ. პროექტი ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, USAID/Georgia-ის ფინანსური მხარდაჭერით].
საქართველოს სახელმწიფომ ევროკავშირთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების განხორციელების კუთხით, 2012 წლიდან დაიწო შრომის ბაზრის ინსტიტუტების შექმნა, აგრეთვე 2012-2017 წლის ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების პროგრამა ტრანშების გადმორიცხვის წინაპირობად ადგენდა დასაქმების სერვისებისა და შრომის ბაზრის განვითარებას.
2017 წელს შრომის ბაზრის ანალიზის სამმართველომ პირველად ჩაატარა კვლევა ,,შრომის ბაზრის მოთხოვნის“ შესახებ და აქვე უნდა ითქვა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ყოველწლიურად აქვეყნებს საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზს. მაგრამ რამდენად ხდება აღნიშნული ანალიზისა და კვლევების გამოყენება პრაქტიკაში ამას რეალობა ნათლად გვიჩვენებს. საქართველოს შრომისა და ჯანდაცვის მინისტრმა 2021 წლის თებერვალში განუცხადა ქართულ საზოგადოებას, რომ გერმანიის ფედერაციაში დროებითი დასაქმების პროგრამის მსგავს სქემაზე კიდევ 3 ქვეყანასთან(საფრანგეთი, საბერძნეთი, ისრაელი)აწარმოებდა მოლაპარაკებას. აღნიშნულმა პროგრამამ სრულიად ნათელი გახადა ქვეყნის განვითარების ტრაგიკული სურათი, სადაც რეკორდულად მოკლე დროში 86 395 -პირმა მოახერხა დარეგისტრირება და გამოავლინა მკაფიო სურვილი საკუთარი შემოსავლის წყაროს სხვა ქვეყანაში მოძიებისა. აღნიშნული საპილოტე პროგრამიდან მხოლოდ 500 აპლიკანტის დასაქმება იგეგმებოდა, აქედან კი 2021 წლის 14 აპრილიდან 16 ივლისის ჩათვლით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში -სულ 137 პირი დასაქმდა. საქართველოს 2021-2030 წლის მიგრაციის სტრატეგია ითვალისწინებს ლეგალური მიგრაციის მაქსიმალურ ხელშეწყობას, რაც ახდენს სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას დროებითი ცირკულარული და სეზონური შრომითი მიგრაციის ხელშეწყობით. აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოება რომ საქართველოდან გასული სამუშაოს მაძიებელთა სრული სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, მაგრამ ძირითადი მოტივი ცნობილია და ის უპირატესად საზღვარგარეთ დასაქმებას უკავშირდება.
საქსტატის მონაცემებით უმუშევრობის დონე საქართველოში 2021 წელს 21,1%_ია ხოლო 25 და 50 წლამდე ასაკობრივ ჭრილში კი 23,3% დან 14,9% მდე მერყეობს, ასევე 2020 წლის მონაცემებით 15 დან 64 წლამდე 77187 მამაკაცმა და 64050 ქალმა დატოვა ქვეყანა და იმყოფება ემიგრაციაში. ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურა 2020 წლის IV კვარტლის მიხედვით ასე გამოიყურება: 35,9%-საბითუმო და საცალო ვაჭრობა, 31,3% მომსახურების სფერო. ეს გახლავთ ის ორი მნიშვნელოვანი სექტორი, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილია დასაქმებული და სადაც ბიზნესი მუდმივად განიცდის კვალიფიციური კადრების ნაკლებობას. მართალია ამას თან დაერთო COVID_19 პანდემიამაც, მაგრამ ეს პრობლემა მანამდეც არსებობდა და ახალმა გარემოებამ ის უფრო მკაფიო გახადა. მაგალითად მომსახურეობის სფეროში, რომელიც აერთიანებს სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესს, დასაქმებულთა რაოდენობა COVID_19 პანდემიამდელ პერიოდში გახლდათ 49,0 ათასი ადამიანი, ხოლო პანდემიის პერიოდში კი ამ მაჩვენებელმა 36,0 ათასამდე დაიწია. ასევე საბითუმო და საცალო ვაჭრობაში დასაქმებულთა რიცხვმა მნიშვნელოვანი რყევები განიცადა და 195,0 ათასი ადამიანის ნაცვლად ბაზარზე დარჩა 188.0 ათასი ადამიანი.
რა მივიღეთ ?-თუ ადრე საქართველოს მთავარ პრობლემას უმუშევრობა წარმოადგენდა დღეს არანაკლები პრობლემა გახლავთ კადრების დეფიციტი. სამუშაოს მაძიებელი საშუალო დონის მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებს, მაშინ, როცა აქ საუბარი არ არის მაღალ კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმზე. რაშია აცდენა?-ბიზნესი აყენებს უფრო მაღალ კრიტერიუმებს თუ სახელმწიფო განათლების სისტემა ვერ ეწევა ბაზრის მოთხოვნებს. ამ ფონზე კი ქართული საზოგადოება ითხოვს ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანას და გამართულ განათლების სისტემას, რომელიც ჯერ მხოლოდ დოკუმენტის სახით არის წარმოდგენილი და პრაქტიკაში განხორციელებას ელოდება.
განათლების ხარისხის შესაბამისობა შრომით ბაზარზე
სინამდვილეში კი არსებობს დიდი გამოწვევა და ეს თავისი საწყისითა და სასრულით სრულად უკავშირდება განათლებას და განათლების ხარისხს საქართველოში. უმუშევრობის დაძლევა და სათანადო განათლების მიღების პრობლემის გადაჭრა მუდმივად დგას სამთავრობო პოლიტიკის პროგრამაში, მაგრამ საკითხი მოუგვარებელი რჩება.
საქართველოს ახლანდელი მთავრობის საარჩევნო პროგრამაში 12 გვერდი აქვს დათმობილი იმას თუ, როგორი მნიშვნელოვანია განათლების სფერო და რა საჭიროებებს მოითხოვს ის. ასევე დაამტკიცეს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან თავსებადი განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგია 2017-2021 და კიდევ ერთხელ ემცნო ქართულ საზოგადოებას, რომ განათლება ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედია .ეს თითქოს არახალია და მოსახლეობაც, როგორც ჩვეულებრივ ამბავს ისე აღიქვამს და ზედმეტი ინტერესისა და ჩაკითხვების გარეშე იღებს მას. ისმება კითხვა: რატომ იქცევა ასე საზოგადოება და რატომ არ აინტერესებს ცვლილებების მნიშვნელობა განათლების სისტემაში?! შესაძლოა ეს განპირობებული იყოს მუდმივი დაპირებებისა და იმედგაცრუების იმ დიდ გამოცდილებაზე, რომელსაც მოსახლეობა უკვე როგორც მეხსიერება ისე ინახავს.
საქართველოს განათლების სისტემა გვაძლევს განათლების სამი მიმართულებით მიღების საშუალებას: ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. საგანმანათლებლო დაწესებულებები გარკვეულწილად საკუთარი საგანმანათლებლო პოლიტიკის გამტარებლები არიან და ავტორიზაციასა და აკრედიტაციაზე მაქსიმალურად მორგებულ საგანმანათლებლო სტრატეგიას სთავაზობენ აღიარების მიზნით სახელმწიფო სტრუქტურებს. სინამდვილეში კი განათლების დაფინანსების არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებების მუდმივ ინსტიტუციურ განვითარების გარანტიებს. ხოლო სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში იმდენად მწირია სახელმწიფო დაფინანსების წილი, რომ ძირითადი დატვირთვა მოდის შინამეურნეობაზე, რაც განაპირობებს, როგორც განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემას ასევე მიღებული განათლების ხარისხის დონეს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 2019 წელს ჩატარებულის ბაზრის კვლევით ირკვევა, რომ საქართველოში ახალგაზრდები იღებენ უმაღლეს განათლებას და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის აღების შემდეგ აწყდებიან ორი სახის პრობლემას: ა) შრომის ბაზარზე არ არის მოთხოვნა მათ მიერ დაუფლებულ პროფესიაზე და ბ) მათი კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება ვერ აკმაყოფილებს სამუშაო მოთხოვნებს. მაგ: 2020 წელს უმუშევრობის დონემ 20 -24 წლამდე ასაკობრივ ჭრილში 38,3% მიაღწია, ხოლო 25 – 29 წლამდე კი 23,2% აღწევს.
დიპლომი VS დასაქმება
2020-2021 წლებში უმაღლესი განათლების მიღების სურვილი გამოთქვა და სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩააბარა 101 ათასმა პირმა, ხოლო 57 ათასმა კი კერძო უნივერსიტეტებში. აღნიშნული სტუდენტებისთვის მთავარი სამიზნე პროფესიები მიმართულია: სოციალურ მეცნიერებებზე, ბიზნესსა და სამართალზე. ამის პარალელურად კი 2020 წელის ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით მოთხოვნად პროფესიებში მოექცა: ტექნიკური სპეციალობები -აგრარული ტექნიკის მექანიკოსი, ზეინკალი, ზოოტექნიკოსი, ფილამწყობი, შემდუღებელი, კონდიცირების ექსპერტი; სერვისები-ბარმენი, გიდი, სტილისტი, კონდიტერი, მცხობელი, რესტორნის მენეჯერი, ტუროპერატორი, ოფისის მენეჯერი, საბაჟო საქმე, ლოგისტიკა, ბუღალტრული აღრიცხვა; სოციალური სერვისები-ბაგა-ბაღის აღმზრდელი, ექთნის თანაშემწე; ციფრულ ტექნოლოგიები და აგრარული სფერო. (იხ. დიაგრამა ვაკანსიები ძირითადი პროფესიული ჯგუფების მიხედვით)
საბოლოო ჯამში ჩვენ ვხედავთ განათლების სფეროსა და ბიზნესს სექტორს შორის მოთხოვნა მიწოდების დისბალანსს და ასევე სამუშაოს მაძიებელ დიპლომის მქონე მოქალაქეს, რომელიც იძულებულია დათანხმდეს მისთვის არასასურველ სამსახურს მინიმალური შემოსავლის ფასად. სახელმწიფომ დასაქმების ბაზარზე არსებული პროფესიული ვაკუუმის თავიდან ასაცილებლად დიდი ხელშეწყობა გაუწია პროფესიული სასწავლებლების, როგორც პოპულარიზაციას და ასევე მათი პროგრამების წარმართვას. აქვე უნდა აღინიშნოს პროფესიული განათლების ის დადებითი როლი საზოგადოებაში, რაც გარკვეულწილად აისახა უკვე განხორციელებულ პროგრამებში, თუმცა საგანგაშოა ის მაჩვენებელი რაც 2020 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიშშია ასახული, სადაც პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარების მომენტისათვის უმაღლესი განათლება უკვე ჰქონდა მიღებული 37,3% რაც იმაზე მეტყველებს, რომ უმაღლესი განათლების დაწესებულებების სასწავლო პროგრამები და მათი ხარისხის დამადასტურებელი დიპლომები სრულიად შეუსაბამოა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან. ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევამ უმაღლესი განათლების და სტაჟირების საკითხებზე საქართველოში აჩვენა, რომ გამოკითხული სტუდენტების თითქმის ნახევარი 46% მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტში მიღებული უნარები/ცოდნა მეტნაკლებად პასუხობს ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს.
რა შეიძლება გაკეთდეს და რას უნდა მიექცეს მთავარი ყურადღება
დასაქმება, როგორც პრობლემა ერთგვარ ,,მუდმივად’’ ჩამოყალიბდა საქართველოში, თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია და ჩვენ სულაც არ მოგვიწევს ,,ახალი ველოსიპედის’’ გამოგონება. ამისათვის საჭიროა უმაღლესი განათლების ბაზრის მოთხოვნებთან თავსებადობის გაზრდის სტრატეგიის შემუშავება და მოთხოვნა მიწოდების ბალანსის მონიტორინგი. რაც გულისხმობს კვალიფიკაციური კვლევითი ცენტრის არსებობას, რომელიც სახელმწიფო და რეგიონულ დეპარტამენტებს მიაწოდებს ინფორმაციას დასაქმების ტენდენციების შესახებ ყველა დონისა და ყველა ტიპის პროგრამისათვის. შედეგად კი მივიღებთ სამუშაო ბაზარზე, როგორც საჭირო განათლების მქონე კადრების მიღებას, ასევე საჭირო რაოდენობის კადრების მომზადებას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. მონიტორინგის საფუძველზე მნიშვნელოვანია შემუშავდეს უმაღლესი განათლების კონპეტენციების დონეზე დამსაქმებლისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებზე მაქსიმალური ყურადღბის გამახვილება და ბაკალავრიატის პროგრამაში სავალდებულო პრაქტიკის კონპონენტის ჩართვა. ასეთი მონიტორინგის კარგი მაგალითები გააჩნიათ ევროპის ქვეყნებს: საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი და ა.შ. უმაღლესი განათლების თანამედროვე თეორიების სისტემას თუ გავითვალისწინებთ დავინახავთ რომ განათლების სისტემა თავად მოახდენს ბაზარზე მოთხოვნის რეაგირების ცვალებადობას და თავადაც შეძლებს გამოიწვიოს კურსდამთავრებულებზე მოთხოვნის ზრდა შრომით ბაზარზე. ამგვარად შეგვიძლია ნათლად დავინახოთ შემდეგი სურათი: ქვეყანაში სრულად მოშლილა სამუშაო ბაზარზე ადამიანური რესურსის მიწოდებისა და ამ რესურსზე მოთხოვნის ბალანსის უზრუნველყოფა და ასვე უმაღლესი განათლების კურსდამთავრებულთა კომპეტენციების ბაზარზე არსებულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა.
მართალია საქართველოს ეკონომიისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ყოველწლიურად აქვეყნებს საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზს, მაგრამ ფაქტია რომ უმაღლესი განათლების პროგრამები ნაკლებად რეაგირებენ კვლევების ანალიზზე, რაც მკაფიოდ მჟღავნდება იმ შედეგში რასაც ადგილობრივი უნივერსიტეტები გვთავაზობენ. ამ ფონზე კი საქართველოში არსებული ბიზნეს სექტორი საჭირო კადრების მოძიებას მეზობელი ქვეყნებიდან ცდილობენ.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ამზადებს კადრებს, რომლებიც პრაქტიკული უნარჩვევების არქონით გამოირჩევა და ქვეყანაში უმუშევრობის დონიდან გამომდინარე, შეიძლება ვიმსჯელოთ რომ შრომის ბაზრისთვის მიუღებელ კადრს წარმოადგენს. აქვე უნდა აღინიშნოს შრომის ბაზრის მიერ შემუშავებული მცდელობები, კადრების როგორც მოზიდვის ასევე თვითგადამზადების კუთხით. თუმცა ეს საერთო სურათს ნაკლებად ცვლის.