31/03/2022 keta

რა მნიშვნელობა აქვს კვოტირებას პოლიტიკაში ქალების როლის გაზრდისთვის?

ლიკა ჩახუნაშვილი

საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს ქალების და კაცების თანაბარ უფლებას, კენჭი იყარონ არჩევნებში. ბოლო დროს პროცენტულად ქალთა კვოტა არჩევით ორგანოებში, მართალია, გაიზარდა, მაგრამ მათი რაოდენობა აქტიურ პოლიტიკაში მაინც იმდენად მცირეა, რომ ვერ ხერხდება გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება და, შესაბამისად, ქალთა ინტერესების გათვალისწინება სახელმწიფო დონეზე.  გენდერული ურთიერთობები განიხილება, როგორც მამაკაცებსა და ქალებს შორის საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში (მართვის, პოლიტიკურ, ოჯახის და სხვა).

კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს პარლამენტმა 2010 წლის 26 მარტს მიიღო. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. დაიწყო მსჯელობა იმაზე, თუ რამდენად გონივრული იყო ასეთი ხელოვნური ჩარევით სოციალური ცვლილების გამოწვევა ან/და რამდენად ხელყოფდა ქალთა ხელოვნური ზომებით გაზრდილი შესაძლებლობები. წარმოდგენილი ბლოგის მთავარი თემაა ხელოვნურად შექმნილი ბარიერები და მითები, ასევე, არის თუ არა კვოტირება მისაღები ფორმა  ქალების პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისთვის.

ხელოვნური ბარიერები პოლიტიკურად აქტიური ქალებისთვის

„მეტი ქალი პოლიტიკაში“ ქალების გზავნილია ხელისუფლებისადმი, რომლის განსახორციელებლადაც ისინი მიზანმიმართულად იბრძვიან.  რატომ უნდა მოვიდეს მეტი ქალი პოლიტიკაში? რას შეცვლის ქალები პოლიტიკიკაში? ყველაზე მეტად სწორედ ეს კითხვები ისმის იმ ქალების მისამართით, რომლებიც პოლიტიკაში ქალების მეტი წარმომადგენლობისთვის იბრძვიან.

გენდერული როლების მიმართ ქალების დამოკიდებულება, კაცებთან შედარებით, უფრო სწრაფად იცვლება. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა – ქალების 63% და კაცების 54% მიიჩნევს,  რომ  ქვეყანაში ჯერაც არ არის მიღწეული გენდერული თანასწორობა. ერთი მხრივ, ქვეყნის მოსახლეობის 60% მიიჩნევს, რომ ქალების მეტი ჩართულობა და მონაწილეობა პოლიტიკაში  ქვეყნისთვის სასიკეთოა, ხოლო, მეორე მხრივ, კაცების 59%-სა და ქალების 38%-ს სჯერა,  რომ ქალის მთავარი მოვალეობა ოჯახის მოვლაა.

საქართველოში, პოლიტიკის დონეზე სქესთა შორის უთანასწორობას, უპირველეს ყოვლისა, სუსტი ქართული პოლიტიკური კულტურა, უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო და სიძულვილის ენის ნორმალიზება განაპირობებს. ის ფაქტი, რომ თითქოს პოლიტიკა ქალის საქმე არ არის, ფართოდ გავრცელებული სტერეოტიპია. პოლიტიკაში კარიერულ გზებზე ქალები ხშირად აწყდებიან სქესის ნიშნით დისკრიმინაციას, რესურსების (კავშირები, ფინანსები) ნაკლებობას და  შემზღუდავ გარემოებას ოჯახების მხრიდან. ყოველივე ეს, მედიისა და საზოგადოების ზემოქმედებით ქმნის ბუნებრივ პოლიტიკურ გარემოს, სადაც ქალების ადგილი არ არის.

საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობდა ქალების პოლიტიკური წარმომადგენლობის გაზრდას. ამ შემთხვევაში, გენდერული კანონი  აწესებს მხოლოდ ნებაყოფლობით, ფინანსურ წამახალისებელ ნორმას, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო პირი, რომელიც იღებს სახელმწიფო დაფინანსებას, მიიღებს 30%-ის ოდენობით დანამატს, თუ, რა თქმა უნდა, მის მიერ საარჩევნო სიაში კანდიდატთა ყოველ ათეულში ერთიმეორისგან განსხვავებული სქესი იქნება წარმოდგენილი, სულ მცირე 30%-ით.

სწორედ ამიტომ მოითხოვენ ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისიდან ქალთა უფლებებზე მომუშავე  ორგანიზაციები საარჩევნო კოდექსში ცვლილებასა  და  გენდერული კვოტირების შემოღებას. კვოტირება პოლიტიკურ ინსტიტუტებში ქალთა მონაწილეობის გასაძლიერებლად კანონით განსაზღვრული დროებითი ზომაა, რომელიც გენდერულ თანასწორობას და წრმომადგენლობითი დემოკრატიის გაძლიერებას ემსახურება.

პარლამენტში ქალთა პროცენტული რაოდენობის გაზრდას დიდი გავლენა აქვს საკანონმდებლო პროცესებზე.  როდესაც  პოლიტიკურ პროცესებში ქალები არიან ჩართულები ეს პირდაპირ აისახება იმ საკითხების გააქტიურებაზე, რასაც შესაბამისი  გამოცდილების არქონის გამო მამაკაცები პრიორიტეტად ვერ ან არ აქცევენ, ეს კი ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკის ფორმირების პროცესებში ინფორმირებული მონაწილეობა.

როდესაც მსჯელობა კვოტირებაზე მიდის, როგორც ინსტრუმენტზე, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მოქალაქეებში გაიზარდა მოთხოვნა, მეტი ქალი იყოს ჩართული პოლიტიკაში. მაგალითად, 2014 წლის შემოდგომაზე ჩატარებული კვლევის ფარგლებში დაისვა კითხვა პარლამენტში არსებული გენდერული გადანაწილების მიხედვით და აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტისთვის 17% ქალი პარლამენტარი ძალიან ცოტაა.

სტატისტიკურად საქართველოს მოსახლეობის 53% ქალები შეადგენს, მაგრამ პარლამენტში მათი რაოდენობა 20%-ია და მაინც რას შეცვლიან ქალები თუ პარლამენტში 20-ის ნაცვლად 40% -ით იქნებიან წარმოდგენილი? ქალთა პოლიტიკაში მომუშავე ორგანიზაციის წარმომადგენლები თვლიან, რომ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდით, ქვეყანა არაერთ ისეთ საკანონმდებლო ცვლილებას მიიღებს, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყანაში ქალთა მდგომარეობას ჯანდაცვის, განათლების და ეკონომიკური მდგომარეობის მხრივ.

2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში, პარტიებს უკვე სამ კანდიდატში ერთი განსხვავებული სქესის კანდიდატის წარდგენის ვალდებულება ექნებათ, ხოლო 2032 წლის არჩევნებისთვის სავალდებულო გენდერული კვოტა გაუქმდება. ის პარტიები, რომელთა სიებშიც ქალთა წარმომადგენლობა არსებული კვოტებით გათვალისწინებულ მინიმალურ რაოდენობას აჭარბებს და არჩეულები არიან პარლამენტში, დამატებით სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებენ. პარტიებს ეკისრებათ ვალდებულება, რომ დამატებითი დაფინანსება პარტიის ქალთა ორგანიზაციის მხარდასაჭერად დაიხარჯოს, თუმცა მისი აღსრულების მექანიზმები არ არის დადგენილი.  მიუხედავად ამისა ქალთა და მამაკაცთა თანასწორი პოლიტიკური უფლებების ფორმალურ აღიარებას პოლიტიკურ პროცესში – მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებში გაწევრიანებასა და ჩართულობას წინ უძღვის მთელი რიგი ფაქტორები. კანდიდატის  სტატუსით კენჭისყრის, შერჩევისა და საკანონმდებლო თუ ადმინისტრაციულ ორგანოებში თანამდებობათა დაკავების მხრივ – კვლავ მამაკაცები პირველობენ.  არსებობს ევროპის საბჭოს რეკომენდაცია, სადაც  გარკვევით წერია,  რომ  პოლიტიკური და საზოგადოებრივი გადაწყვეტილების მიღებისას ქალთა და მამაკაცთა დაბალანსებული  მონაწილეობა  მნიშვნელოვანია,  რომ  მამაკაცები  არ უნდა აწესებდნენ  პოლიტიკურ პრიორიტეტებს  და პოლიტიკური კულტურა ორიენტირებული არ უნდა იყოს მამაკაცებზე.

რატომაა კვოტირება მისაღები?

გენდერული კვოტები არის მცდელობა იმისა, რომ არათანაბარი შესაძლებლობები, რომლებიც კაცების სასარგებლოდაა მომართული, მეტ-ნაკლებად გათანაბრდეს. შესაძლებლობის მიხედვით აღმოიფხვრას  აღნიშნული ბარიერი და გაიზარდოს ქალების წარმომადგენლობა პარლამენტში.

არსებობს არგუმენტი იმისა, რომ პოლიტიკური პარტიები არაკომპეტენტურ ქალებს შეარჩევენ კაცების ნაცვლად და ისინი მხოლოდ „ღილაკზე თითის დამჭერები“ იქნებიან. ეს არგუმენტი დასაშვებია, რადგან პარტიული სიის შედგენისას კომპეტენციასა და პროფესიონალიზმზე უფრო მნიშვნელოვანი სხვა ფაქტორებია, მაგალითად ლოიალურობა, ფული, გავლენა და თუნდაც ნეპოტიზმი. თუ კაცების არაკომპეტენტურობა მისაღებია, ქალების კი მიუღებელი, მაშინ საქმე სექსიზმს ეხება. სხვა შემთხვევაში ეს არგუმენტი არ აზიანებს კვოტებს და იძლევა მიმართულებას პროფესიონალიზმი, ცოდნა, გამოცდილება გახდეს მნიშვნელოვანი ნომინირების პროცესში, რაც სრულიად სხვა პრობლემაა და არ მოდის კვოტებთან წინააღმდეგობაში.

დასკვნა

ამგვარად, ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის კუთხით შენელებულმა პროცესებმა ცხადყო, რომ იგი რთულად მისაღწევია. პოლიტიკაში ქალებს უწევთ დიდი ბარიერების გადალახვა. კვოტირება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს პოლიტიკაში ქალების როლის გაზრდა, რჩება მიუღებელ ფორმად და ბევრისთვის ის დღემდე „პოზიტიურ“ დისკრიმინაციად რჩება. რაც ცხადია არასწორია.

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ზრდადი ტემპის შენარჩუნება და პროცესის დამატებითი გაძლიერება/ხელშეწყობა. ეს გამოიწვევს არა მხოლოდ ქალების რაოდენობის გაზრდას არჩევითი მმართველობის ყველა დონეზე, არამედ მათი გავლენების განვითარებისთვის გარანტიების შექმნასაც. ასევე დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია სოციალური და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას  ქალისა და მამაკაცის პარტნიორობა. პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა და მონაწილეობა პოლიტიკის სუბიექტების ფუნდამენტალური მახასიათებელია, ხოლო მისი ნაკლებობა კი – სოციალური მოწყვლადობის მთავარი პროდუქტი.

 

[ბლოგი მომზადდა “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო თემატური ჯგუფის – „ქალთა პოლიტიკური ჩართულობა“  წევრის, ლიკა ჩახუნაშვილის მიერ. პროექტი ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, USAID/Georgia-ის ფინანსური მხარდაჭერით]. 

Image Credit

, , , , ,