20/01/2022 keta

ქუთაისელი ახალგაზრდების დასაქმების ბარიერები: ბაზარზე არსებული დისკრიმინაციული პრაქტიკა

ლანა სვანიძე

ბოლო პერიოდში წარმოქმნილი დასაქმების კრიზისი და მისგან გამოწვეული სოციო-ეკონომიკური პრობლემები ყველა ასაკის მოსახლეობას ეხება, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია ახალგაზრდების დასაქმების საკითხებზე მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და რიგი მთავრობების დასაქმების პოლიტიკის მთავარ დღის წესრიგს წარმოადგენს. ახალგაზრდების დასაქმების კრიზისიდან თავის დაღწევის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ახალგაზრდების შრომის ღია ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლება.

იმერეთის რეგიონის გამოცდილება

ახალგაზრდების დასაქმების პრობლემები გამოიკვეთა 2020 წელს ქუთაისის  მუნიციპალიეტში ჩატარებული ახალგაზრდების საჭიროებების კვლევისას, სადაც ერთ-ერთ საკვანძო საკითხს სწორედ ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის საკითხები წარმოადგენდა. კვლევის თანახმად, გამოკითხული სრულწლოვანი ახალგაზრდების 53% დაუსაქმებელია.

ახალგაზრდები ძირითადად უმუშევრობის სამ მიზეზს ასახელებენ:

  • დასაქმების სერვისების არარსებობას – 42%;
  • ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის არ ქონას – 32%;
  • ისეთი ნაცნობების/ნათესავების არარსებობას, ვინც დასაქმებაში დაეხმარებოდნენ-26%.

                                                                                                           წყარო: [ https://youthagency.gov.ge/]

ახალგაზრდების საჭიროებების კვლევებზე დაყრდნობით დასაქმებული ახალგაზრდების სრული უმრავლესობა ან მომსახურების სექტორშია წარმოდგენილი ან თვითდასაქმებულია. ორივე სექტორი, როგორც წესი, განსაკუთრებით დაბალი ანაზღაურებით და ხშირ შემთხვევაში, დისკრიმინაციული პრაქტიკით (შრომის მძიმე პირობები) გამოირჩევა.

გამომდინარე იქიდან, რომ ბლოგის ფოკუსს შრომის ბაზარზე არსებული დისკრიმინაციის ანალიზი წარმოადგენს, მნიშვნელოვანია დისკრიმინაციის კონცეფციისა და არსის შესწავლა და შრომის ბაზარზე არსებული სიტუაციის აღწერა.

იმავე კვლევებზე დაყრდნობით, ახალგაზრდები აცხადებენ რომ ბაზარზე გრძელვადიანი და დროებითი სამუშაო ადგილების ნაკლებობაა. სამუშაო პირობები, დაბალი ხელფასები და ა.შ. აიძულებს ახალგაზრდებს ხშირად შეცვალონ სამუშაო; ასევე მაღალია არაფორმალური დასაქმების დონე, რაც გულისხმობს იმას, რომ დასაქმებული პირები და მათი დამსაქმებლები არ არიან ოფიციალურად რეგისტრირებული და არც მათი საქმიანობა იბეგრება სახელმწიფოს მიერ.

ახალგაზრდებთან საუბრისას, მათი პრაქტიკული გამოცდილებიდან ირკვევა, რომ არაკვალიფიციური მუშახელი ვერ ახერხებს ღირსეული სამუშაო ადგილის მოპოვებას და შრომის ბაზარზე თავის დამკვიდრებას, 16-18 წლის ახალგაზრდისთვის 2-წლიანი სამუშაო გამოცდილების მოთხოვნა ითვლება დისკრიმინაციად, რადგან ვერც თეორიულად და ვერც პრაქტიკულად ვერ მოხერხდება ამ ასაკში სამუშაო გამოცდილების  მიღება.

განსაკუთრებით რთულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც თანამშრომელი მოულოდნელად იღებს ინფორმაციას მისი გათავისუფლების. ეს ძირითადად ისეთ დაწესებულებებში ხდება, სადაც შეფასება – უკუკავშირის კულტურა სრულყოფილად არ არის დანერგილი. მნიშვნელოვანია თუ რას ფიქრობენ სხვა კოლეგები თანამშრომლის გათავისუფლებაზე. თუ არსებულ სიტუაციაში ისინი ამართლებენ თანამშრომელს, მაშინ კომპანიას საკმაოდ დიდი რისკები შეიძლება წარმოეშვას, რასაც მართვა სჭირდება. აუცილებელია, რომ ხელძღვანელმა კოლეგებისაგანაც მოისმინოს გათავისუფლებული თანამშრომლის შესახებ აზრი და მას შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება. საბოლოოდ კი, აუცილებლად გააცნოს მიღებული გადაწყვეტილება გუნდის სხვა წევრებს.

დისკრიმინაციის აკრძალვის ამოსავალი პრინციპია – ყველა ადამიანის თანასწორუფლებიანობა, განურჩევლად მათი სქესისა, სოციალური მიკუთვნებულობისა, ეთნიკური წარმომავლობისა, კანის ფერისა, რელიგიური აღმსარებლობისა თუ სექსუალური ორიენტაციისა. თანასწორობის პრინციპი და იდეა ევროკავშირთან და მსოფლიოს ცივიზილებულ ნაწილთან დაახლოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

 

საერთაშორისო გამოცდილება და საქართველოს რეალობა მსოფლიო ფონზე

დისკრიმინაციის და მისი შედეგების წინააღმდეგ საბრძოლველად ბევრმა სახელმწიფომ  მიიღო არაერთი საკანონმდებლო აქტი და საერთაშორისო შეთანხმება/კონვენცია. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მნიშნელოვანი ინიციატივა, რომელსაც შემდგომ დაეფუძნა სხვადასხვა სამართლებრივი პრაქტიკა და პოლიტიკა.

  • გაეროს 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;
  • რასობრივი დისკრიმინაციის ყოველგვარი ფორმის აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენცია;
  • ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია;
  • გაერო-ს საერთაშორისო შეთანხმება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ;
  • 2010 წლისთანასწორობის აქტი.

გერმანიაში, შვეიცარიაში, შვედეთსა და დანიაში დუალური განათლება წარმატებით ინერგება მთავრობის მხარდაჭერით და ამ ქვეყნებისთვის დიდი სარგებლობა მოაქვს. მისი წყალობით გერმანიაში ახალგაზრდების უმუშევრობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. გერმანული ეკონომიკის წარმატებასაც – ის ერთ–ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკაა ევროპაში – სწორედ დუალური პროფესიული განათლების პოლიტიკას უკავშირებენ.

დუალური განათლება პროფესიული განათლების ფორმაა. სტუდენტი ორ ადგილას სწავლობს: პროფესიულ სასწავლებელში, სადაც ის მომავალ პროფესიასთან დაკავშირებულ თეორიულ მასალას შეისწავლის, და ამავდროულად, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს იძენს კონკრეტულ საწარმოსა თუ კომპანიაში. ამ მიდგომის შედეგად სტუდენტი თეორიულთან ერთად პრაქტიკულ ცოდნასაც იღებს და კონკურენტუნარიანი ხდება შრომის ბაზარზე.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD)  განსაზღვრავს ახალგაზრდების პრიორიტეტულ ჯგუფებს:

  1. NEET ახალგაზრდები, რომელთაც პრობლემები აქვთ სწავლიდან სამუშაოზე გადასვლაში. ისინი გრძელვადიანი უმუშევრობის, უმოქმედობისა და სოციალური გარიყულობის მაღალი რისკის ქვეშ არიან (OECD, 2010). მეტი ყურადღება ექცევა NEET პირებისთვის სასწავლო-საგანმანათლებლო, ან გააქტიურების ღონისძიებების განხორციელებას, ასევე, სარეაბილიტაციო პროგრამებს, ინტეგრირებულ სერვისებსა და საინფორმაციო საქმიანობას, ზოგადად, NEET პირების იდენტიფიცირებას, ხელახალი რეგისტრაციასა და პროგრამებში ჩართვას.
  2. “არასათანადოდ ინტეგრირებული დამწყებები” – ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ დიპლომი, მაგრამ აწყდებიან სტაბილური დასაქმების პრობლემებს. დასაქმების უფრო ხელმისაწვდომი გზების შექმნა, დამსაქმებლებთან თანამშრომლობა ახალგაზრდებისთვის მეტი სამუშაო ადგილის შესაქმნელად ან სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად, ხელს შეუწყობს ამ პრობლემის მოგვარებას.

განათლების მაღალი დონე ახალგაზრდებში ბუნებრივად განაპირობებს დისკრიმინაციის დაბალ დონეს.  არც თუ ისე იშვიათია ახალგაზრდების დისკრიმინაცია ქუთაისშიც, მათ შორის: ორიენტაციის, სქესობრივი/გენდერული, რელიგიური, ასაკობრივი დისკრიმინაცია/ეიჯიზმი, გამომდინარე აქედან ქუთაისელი ახალგაზრდების 6% მუნიციპალიტეტიდან წასვლის სურვილის მთავარ მიზეზად ჩაგვრას და დისკრიმინაციას ასახელებენ, რეალურად ხშირ შემთხვევაში ეს არის ახალგაზრდა თაობის გადინება ქალაქიდან და ქვეყნიდან.

იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა/სტუდენტებმა თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ, აუცილებელია მათთვის ღირსეული სამუშაო და რაც მთავარია მოსახერხებელი სამუშაო გრაფიკი იქნას შეთავაზებული. 2020 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ახალგაზრდებს დასაქმებაში შემდეგი ორი შესაძლებლობა დაეხმარებათ:

  • სტაჟირება (51%);
  • პროფესიული ცოდნისა და უნარების გაუმჯობესება (49%).

ამ კუთხით 16-29 წლამდე ახალგაზრდებისთვის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების სუბსიდირებას სამუშაოს მაძიებლებისთვის, დამსაქმებლებთან შეთანხმების მიღწევის გზით, ახალ ან არსებულ თავისუფალ სამუშაო ადგილებზე დასაქმებულ ბენეფიციართა შრომის ანაზღაურების სუბსიდირებას 50%-ის ოდენობით, არაუმეტეს თვეში 470 (ოთხას სამოცდაათი) ლარისა, 4 (ოთხი) კალენდარული თვის განმავლობაში. სუბსიდირების დასრულების შემდეგ, დამსაქმებელი გაუგრძელებს შრომით ხელშეკრულებას ბენეფიციარს არანაკლებ 6 თვის ვადით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

სუბსიდირების კომპონენტით სარგებლობა შეუძლიათ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებულ, სამუშაოს მაძიებელ საქართველოს მოქალაქეებს: 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით ახალგაზრდებს მოწყვლადი ჯგუფებიდან, (დევნილები, სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი და სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსული პირები); შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) პირებს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის ან/და ექსპერტთა გუნდის დასკვნას და გამოხატავენ დასაქმების სურვილს.

სტაჟირების საკითხი ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა დასაქმების მაძიებელი პირებისათვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის, რომლებსაც აქვთ სურვილი ფეხი მოიკიდონ შრომით ბაზარზე, მაქსიმალურად მოკლე დროში გაიარონ გადამზადება, აქტიურად ჩაერთონ შრომით ურთიერთობებში, რათა უზრუნველყონ საკუთარი მომავალი. იმ ფონზე, როდესაც კანონმდებელი იძლევა სტაჟირების ცნების დეფინიციას, სტაჟირების ცნება და მისი არსი აბსოლუტურად არასწორად არის აღქმული დამსაქმებლებისთვის როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში.

სტაჟირების იდეა, რომ ადამიანმა შეიძინოს უნარები კარიერის განვითარებისთვის, არ გამორიცხავს უთანასწორობის წახალისებას, ვინაიდან მხოლოდ იმ პირებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რომელსაც აქვთ მატერიალური საშუალება, ანაზღაურების გარეშე სტაჟირება გაიარონ, შესაბამისად, სოციალური უფლებების ევროპული კომიტეტის განმარტებით, ანაზღაურების გარეშე სტაჟირება წარმოადენს იმ ახალგაზრდების მიმართ დისკრიმინაციას, რომელთაც არ აქვთ ფინანსური ხელშეწყობა, რაც მათ უსასყიდლოდ მუშაობის ფუფუნებას მისცემდა[1]. ასევე, დისკრიმინაციული არის მიდგომა, როდესაც არ ხდება იმ პირობების/მახასიათებლის გათვალისწინება, რომელიც ხელს უშლის მათი უფლებების ეფექტიან რეალიზებას.

ზოგადად ქვეყანაში და მათ შორის ქუთაისში უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება ხანგრძლივი და ანაზღაურებადი სტაჟირება. სახელმწიფო სექტორში სტაჟირების გავლის შემთხვევაში, როგორც წესი, აღნიშნული საკითხი რეგულირდება შიდა უწყებრივი დოკუმენტით, შრომითი ურთიერთობის მთავარი კომპონენტი გახლავთ პირის მიერ სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

მნიშველოვანია ასევე მეორე ფაქტორი – პროფესიული ცოდნისა და უნარების გაუმჯობესება. პროფესიული უნარების გაუმჯობესება ადამიანებს აძლევს საშუალებას, თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ და რაც მთავარია მოიპოვონ დამოუკიდებლობა.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ დისკრიმინაციის აღმოფხვრა აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა ადამიანს, მიუხედავად მათი ფიზიკური და კულტურული მახასიათებლებისა და შეხედულებებისა, ჰქონდეს შესაძლებლობა თავისუფლად აირჩიოს თავისი პროფესიული გზისა და მუშაობის მიმართულება, სრულად განავითაროს თავისი ნიჭი და შესაძლებლობები და ასევე მიიღოს ანაზღაურება დამსახურების შესაბამისად.

[1] დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ: ECSR, European Youth Forum v. Belgium, Complaint No. 150/2017, 12/06/2017, V., გვ. 16.

, ,