თემატური სამუშაო ჯგუფის “ახალგაზრდების როლი საგარეო პოლიტიკაში” წევრებმა საავტორო პოლიტიკის დოკუმენტი საგარეო საქმეთა სამინისტროში წარადგინეს.
20 ივნისს გამართულ დახურულ შეხვედრაზე ახალგაზრდებმა დიასპორის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად დოკუმენტის “ახალგაზრდების მონაწილეობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში: გამოწვევები და შესაძლებლობები” მთავარი მიგნებები განიხილეს და სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელეს.
შეხვედრის მონაწილეებმა გამოკვეთეს დოკუმენტში აღწერილი გამოწვევები, დაბრკოლებები და შესაძლებლობები, რომლებიც ახალგაზრდებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ხვდებათ. გარდა ამისა, შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი გამოითქვა საზღვარგარეთ მცხოვრები ახალგაზრდა ელჩებისთვის ტრენინგების ორგანიზების მიმართულებით. სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, უწყება მზადაა კომპეტენტურ ოგრანიზაციებთან თანამშრომლობით, ახალგაზრდა ელჩებისთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევებისა და საპრეზენტაციო უნარების სასწავლო კურსები მოაწყოს. როგორც დიასპორის დეპარტამენტში აღნიშნეს, ახალგაზრდა ელჩებს მეტი მუშაობა სჭირდებათ საკუთარი თავისა და ქვეყნის უფრო ეფექტურად წარსადგენად.
თემატური სამუშაო ჯგუფის წევრებმა პოლიტიკის დოკუმენტი, ასევე, წარუდგინეს თბილისის ახალგაზრდულ ცენტრს (PITA). ძირითადი მიგნებების განხილვის შემდეგ ონლაინ რეჟიმში გამართული შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და ნაყოფიერი დისკუსიით დასრულდა.
შეხვედრებზე წარდგენილი პოლიტიკის დოკუმენტი მომზადდა “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო თემატური ჯგუფის – “ახალგაზრდების როლი საგარეო პოლიტიკაში” წევრების მიერ. პროექტი ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, USAID/Georgia-ის ფინანსური მხარდაჭერით.