12/07/2021 GIP

ძალადობა ტრადიციებისა და რელიგიის სახელით: რატომ ვერ ახერხებს სახელმწიფო მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას?

Author

ერეკლე გოზალიშვილი

ერეკლე გოზალიშვილი[1]

2021 წლის ივლისის მოვლენებმა ცხადყო, რომ  საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა სერიოზულ გამოწვევად რჩება. რადიკალურად განწყობილი ჯგუფები, რომლებიც თბილისის ქუჩებში გამოჩდნენ ძირითადად ულტრანაციონალისტები არიან და ეროვნული ტრადიციებისა და რელიგიის დაცვის სახელით მოქმედებენ. რადიკალი მემარჯვენე ჯგუფების მიერ მიზანმიმართულმა აგრესიამ ჟურნალისტებს ფიზიკური და მორალური ზიანი მიაყენა. შედეგად, ღირსების მარში, რომელიც საქართველოში  ქვიარ თემის უფლებების დასაცავად უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდა. ეს ცხადჰყოფს იმ დაუცველობის შეგრძნებას, რომელიც საქართველოში ადამიანებს გააჩნიათ.  საფრთხე ექმნებათ არა მხოლოდ LGBTQ ადამიანებს, არამედ სხვა მოქალაქეებსაც, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია გაანალიზდეს, თუ რატომ ვერ ხდება საქართველოში მოქალაქეების და მათ შორის უმცირესობების უფლებების დაცვა და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვლევების თანახმად მოსახლეობის  80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, ულტრამემარჯვენე ჯგუფების ძალადობრივი ქმედებები ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას. ამრიგად, ბლოგში ახსნილია თუ რა არის ის მთავარი მიზეზები, რაც იწვევს ადამიანის უფლებების დარღვევას და რა შეიძლება იყოს გამოსავალი.

მართლმადიდებელი ეკლესიის ფაქტორი LGBTQ ადამიანების უფლებების დაცვის კონტექსტში

ღირსების მარშის ჩაშლამ ცხადჰყო, რომ საქართველოში კვლავ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ თანამოქალაქეებისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეების უფლებები მათი განსხვავებული შეხედულებების და ინტერესების გამო დაარღვიონ. საქართველოში ერთ-ერთმა გავლენიანმა ინსტიტუტმა, საპატრიარქომ 4 ივლისს გაკეთებული განცხადებით ირიბად მოუწოდა მრევლს და მათ შორის ბავშვებს, რომ “მშვიდობიანი პროტესტით” გამოეხატათ საკუთარი პოზიცია. მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქო პრაიდის კონტრ-დემონსტრაციის დაგეგმვაში მონაწილეობას უარყოფს, საზოგადოების ნაწილმა მათი განცხადებები და მაინც და მაინც დედაქალაქის ცენტრში მდებარე ეკლესიაში პარაკლისზე დასასწრებად ხალხის შეკრება აღიქვა როგორც ირიბი მოწოდება ძალადობისაკენ, რომელმაც  ხელი შეუწყო სიტუაციის ესკალაციას.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება და პოლიტიკური ჯგუფების დიდი ნაწილი გვიან ან საერთოდ არ გამოხატავენ მხარდაჭერას LGBTQ ადამიანების მიმართ. ისინი, როგორც ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები პირები, ვერ უზრუნველყოფენ მათი თავისუფლების გარანტიას და პირიქით, გარკვეულწილად შესაძლოა რადიკალი მემარჯვენე ჯგუფების წახალისებასაც კი ახდენდნენ. ქართველი პოლიტიკოსები ხშირად თავს არიდებენ არაპოპულარული თემების მხარდაჭერას, რაც შესაძლოა მათი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარეობდეს. გარდა ამისა, მათი მხრიდან LGBTQ ადამიანების ღიად მხარდაჭერა უარყოფითად იმოქმედებს მათ ელექტორალურ მხარდაჭერაზე, რადგან ეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განაწყენებას გამოიწვევს, რომლის მიმართ საზოგადოების ნდობა მაღალია და დაახლოებით 80%-ია. საზოგადოებაში საპატრიარქოს მაღალი რეიტინგიდან გამომდინარე,  ხელისუფლება ხშირად ცდილობს მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც არ იქნება ეკლესიის პოზიციის საწინააღმდეგო. ამის ნათელი გამოხატულება იყო თბილისი პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით, ნეიტრალური ან ნეგატიური პოზიციების ღიად დაფიქსირება. ასეთ პოზიციას ულტრანაციონალისტები საკუთარი მიზნებისათვის იყენებენ. ეს მათთვის ქმნის შესანიშნავ გარემოს, რომ ძალადობრივი პროტესტით შეზღუდონ ადამიანის უფლებები.

პოტენციური რისკები – რეაგირება საქართველოს პარტნიორების მხრიდან

საქართველოსათვის ძალადობრივი ქმედებები, რომლებიც ქმნის სამოქალაქო დაპირისპირების რისკებს, საფრთხის შემცველია. მიმდინარე დღეებში, როდესაც პირველად მოხდა სიტუაციის ესკალაცია, საზოგადოებაში შეიქმნა დაუცველობის განცდა, რაც სახელმწიფო ინსტიტუტების უმოქმედობიდან და მემარჯვენე რადიკალი ჯგუფების მოქმედებიდან გამომდინარეობდა.

საქართველოში მწვავე პოლიტიკური პოლარიზაციიდან გამომდინარე,  ევრო-ატლანტიკურ გზაზე საქართველოს იმიჯი  გარკვეულწილად ისედაც შეილახა და ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ახალი კითხვის ნიშნები გააჩინა,  კერძოდ კი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.  საყურადღებოა, საქართველოს მხრიდან ევროკავშირის ოჯახის წევრობისთვის აუცილებლად შესასრულებელი ვალდებულებები. კერძოდ, ადამიანის უფლებების,  მათ შორის უმცირესობათა უფლებების დაცვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის უზრულველყოფაზე დგას, რისმა უგულვებელყოფამაც შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საქართველოს ევროპული მომავალი. რადიკალი მემარჯვენე ჯგუფების მიერ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა და მისი დაწვა უფრო მეტად ამწვავებს საკითხს და ამან შესაძლოა გააცივოს საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობა. როგორც მოსალოდნელი იყო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების რეაგირება საკმაოდ მწვავე გახლდათ. სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობებმა ერთობლივი განცხადებით დაგმეს ძალადობრივი ქმედებები და ხელისუფლებას მოუწოდეს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოქალაქეთა უფლებების დასაცავად. რაც მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებაზე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან წნეხი გაიზრდება.

რამ განაპირობა რადიკალი ჯგუფების აგრესია ჟურნალისების მიმართ?

ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ რადიკალი ჯგუფების აგრესია ჟურნალისტებისკენ იყო მიმართული. ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად დაზარალდა 50-მდე ჟურნალისტი, რამაც საერთაშორისო პარტნიორების გაოცება და ორმაგი კრიტიკა გამოიწვია. ეს მიუთითებს იმაზე, თუ როგორი მნიშვნელოვანია დასავლეთისათვის ჟურნალისტების უფლებები და მათი დაცვა.

ჟურნალისტებზე აგრესიის შესაძლო მიზეზები სავარაუდოდ მათი პროდასავლური პოზიციისა და ქვიარ ადამიანების მიმართ საჯარო მხარდაჭერის გამოვლინებაა. სავარაუდოდ, ულტრამემარჯვენეები მიიჩნევენ, რომ ამით ჟურნალისტები ავრცელებენ “უზნეობასა” და “უწესობას”, რაც მათი ხედვით, ქართულ ტრადიციებსა და რელიგიურ მსოფლმხედველობას ეწინააღმდეგება. ასევე, შესაძლოა ულტრამემარჯვენეებს არ სურდათ, რომ საზოგადოებას ენახა მათი ძალადობრივი ქმედებები. აღსანიშნავია ისიც, რომ დაშავებული ჟურნალისტები ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლები არიან. ამის პარალელურად, ჟურნალისტები რეალურად ცდილობდნენ, რომ შეესრულებინათ საკუთარი პროფესიული მოვალეობა. მათ სურდათ, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალედ გაეშუქებინათ მოვლენები, რაც საზოგადოებისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფდა.

იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტებზე ძალადობასა და სხვადასხვა ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე პირები კანონის შესაბამისად არ დაისჯებიან, ამან დასავლეთისგან შესაძლოა უფრო უარყოფითი რეაქცია გამოიწვიოს. ევროპული ტიპის სახელმწიფოში აუცილებელია, რომ ჟურნალისტების უსაფრთხოება პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაცული იყოს. იმ შემთხვევაში, თუ ეს ასე არ მოხდება, ქვეყანაში შესაძლოა შეიქმნას დაუსჯელობის სინდრომი. ამან კი, თავის მხრივ, შესაძლოა გამოიწვიოს რადიკალი ჯგუფების წევრების წახალისება.

შედარება აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან

საქართველო ერთადერთი ქვეყანა არ არის, სადაც ჰომოფობიური ჯგუფები ადამიანებს გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავს. მაგალითად, ბულგარეთში ხშირად ტარდება ქვიარ ადამიანების მხარდამჭერი ღონისძიებები, თუმცა, განსხვავებაა ის, რომ ისინი შედარებით მშვიდობიანად ტარდება. საინტერესოა  უკრაინის შემთხვევაც, სადაც 2019 წელს ჩატარდა მშვიდობიანი მარში, რომლის დროსაც რადიკალურად განწყობილი ადამიანების გარკვეული რაოდენობა დააკავეს, თუმცა უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო. ე.წ. პრაიდი  თავისუფლად ტარდება საბერძნეთში. მიუხედავად რელიგიური მრწამსისა, საბერძნეთი უმცირესობებისათვის ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყანად მიიჩნევა. უმცირესობების უფლებები მეტ-ნაკლებად დაცულია, რუმინეთშიც, სადაც 2019 წელს ათასობით ადამიანი შეუერთდა LGBTQ ღონისძიებებს. ამ ქვეყნებში, ქვიარ ადამიანების უფლებები საქართველოსთან შედარებით უფრო დაცულია, რადგან რელიგიური ინსტიტუტების ჩართულობა შედარებით ნაკლები ან ნეიტრალურია. გარდა ამისა, შესაძლოა ამ ქვეყნების ხელისუფლებები უფრო მეტად ცდილობენ, რომ უზრუნველყონ უსაფრთხოების ნორმები და მკვეთრი მხარდაჭერა დააფიქსირონ ქვიარ მოქალაქეების მიმართ. საქართველოს აქვს შესაძლებლობა და რესურსი იმისათვის, რომ მოქალაქეების დასაცავად პოლიციის მობილიზება მოახდინოს. აღსანიშნავია, რომ 6 ივლისს გამართულ აქციაზე ულტრამემარჯვენეები აგრესიულად იყვნენ განწყობილნი და საფრთხეს უქმნიდნენ სხვა ადამიანებს. გაჩნდა მოსაზრება, რომ რომ პოლიციის სპეციალურმა ქვედანაყოფებმა პროპორციული ძალა არ გამოიყენეს. მნიშვნელოვანია პარალელი გავავლოთ 2019 წლის 20 ივნისთან, როდესაც პოლიციამ სპეციალური  დანიშნულების რაზმი გამოიყვანა მოსახლეობის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ რადიკალური ჯგუფები არ იყვნენ აქციაზე წარმოდგენილნი. გარკვეულწილად ფიქსირდებოდა გადაწყვეტილების მიმღები პირების  სელექციური განწყობა სხვადასხვა ტიპის დემონსტრაციების მიმართ, რაც სწორედ უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებულ ქმედებებში ვლინდება.

იმისთვის, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები სრულად იყოს დაცული, მნიშვნელოვანია პოლიტიკული კლასის მტკიცე მხარდაჭერა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, ამ პროცესში მნიშვნელოვანია, მართლმადიდებელი ეკლესიის როლი, რადგან ეკლესიის სოციალური ფუნქციიდან გამომდინარე, სასურველია, რომ სწორედ ის იყოს შუალედური რგოლი, რომელიც შეძლებს და დაპირისპირებულ მხარეებს ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვაში დაეხმარება.


[1] ერეკლე გოზალიშვილი არის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

, , , , , , ,