26/03/2021 keta

ევროსკეპტიციზმი და რელიგია ქართველი ულტრამემარჯვენეების პოლიტიკურ დღის წესრიგში

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
26-03-2021
კვლევითი ნაშრომი, მარტი 2021 / #13

საქართველოში, სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად, ჩამოყალიბდა ულტრამემარჯვენე მოძრაობები, რომელთაც გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგები გააჩნიათ. განსაკუთრებით მსგავსი რიტორიკითა და მესიჯებით გამოირჩევა სამი ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტია, რომელთაც ახასიათებთ საჯარო დემონსტრაციები და რადიკალიზმი. მათი ძირითადი მესიჯები აგებულია ნეგატივზე, კერძოდ ქართველი ერის გადაგვარებისგან და ქრისტიანობის საფრთხისგან დაცვის რიტორიკაზე. ასეთ პარტიებს შორის შეიძლება მოვიაზროთ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, ქართული იდეა და ქართული მარში – ეროვნული მოძრაობა. მათი საერთო ნიშანია ქრისტიანული რელიგიის აპოლოგია და ამ გზით ამომრჩეველთა მხარდაჭერის მოპოვების წარუმატებელი მცდელობა. თუმცა, მათი განწყობები ევროპისა და ევროინტეგრაციისადმი არ არის ჰომოგენური.  წინამდებარე კვლევა ცხადყოფს, რომ მათ აქვთ არსებითად განსხვავებული ევროსკეპტიკური დამოკიდებულებები. კერძოდ, აღნიშნული პარტიების საარჩევნო პროგრამების, წესდებების, ინტერვიუებისა და მათი ოფიციალური გვერდების ანალიზი ცხადყოფს, რომ  მათი ხედვები ევროსკეპტიციზმის სხვადასხვა ტიპებს განეკუთვნება. მაგალითად, “პატრიოტთა ალიანსი” განეკუთვნება სერბიაკისა და ტაგარტის “რბილი ევროსკეპტიციზმის” ბანაკს, რომელიც ილაშქრებს ევროპული ინტეგრაციის იდეის წინააღმდეგ, თუმცა სრულყოფილად არც ევროკავშირის არსებული ინსტიტუტების და პოლიტიკების მომხრეა. “ქართული იდეა” ვასილოპულოს “პირობითი ევროსკეპტიცზმის” ბანაკში შეგვიძლია მოვიაზროთ, რომელიც უარყოფს პოლიტიკურ ინტეგრაციას, მაგრამ არ უარყოფს საერთო ევროპული მახასიათებლების მატარებელ ერთა შორის თანამშრომლობას. ხოლო, “ქართული მარში” სერბიაკისა და ტაგარტის “მყარი ევროსკეპტიციზმის” კატეგორიას განეკუთვნება, რის მიხედვითაც ევროპული ცივილიზაცია აღმატებული და მისაღებია, მაგრამ, ევროპული კავშირის მიერ წარმოებული პოლიტიკური ლიბერალიზმი და თანასწორობის პოლიტიკა მიუღებელია და არ არის თავსებადი ევროპული ცივილიზაციის შენარჩუნებასთან. გარდა ამისა, ევროსკეპტიკურად განწყობილი ასეთი პარტიების მცირე ელექტორალური მხარდაჭერის ასახსნელად წინამდებარე კვლევა ეყრდნობა მონტგომერის მიერ ევროპის ცამეტ ქვეყანაში ჩატარებული კვლევის შედეგად ჩამოყალიბებულ თეორიას, რომ რაც უფრო ძლიერია ადამიანის რელიგიურობა, მით უფრო ნაკლებია ალბათობა, რომ იგი რადიკალ მემარჯვენე-პოპულისტურ პარტიას აირჩევს.

, , ,