2020 წლის 22 ივლისს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) გამართა რიგით მესამე ონლაინ სემინარი თემაზე “რამდენად ემთხვევა რადიკალი მემარჯვენე ნაციონალისტებისა და რელიგიური კონსერვატორების ხედვები ერთმანეთს აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში?”.
სემინარი გაიმართა საჯარო დისკუსიების სერიის “ანტი–ლიბერალური ტენდენციების ანალიზი საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდი ღია საზოაგდოების (OSGF) დაფინანსებული პროექტის ფარგლებში და მისი მიზანია საქართველოში მემარჯვენე რადიკალიზაციის გამომწვევი ფაქტორების გამოვლენა.
ონლაინ სემინარის დროს პანელისტებმა განიხილეს რელიგიური კონსერვატიზმი უტრამემარჯვენე ნაციონალიზმის პერსპექტივიდან. დისკუსია შემდეგი შეკითხვების ირგვლივ წარიმართა: რამდენად ემთხვევა ერთმანეთს ულტრამემარჯვენე ნაციონალისტებისა და რელიგიური კონსერვატორული ჯგუფების ნარატივები? გამოიყენება თუ არა რელიგიური გრძნობები და სენტიმენტები ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ, ქართულ საზოგადოებაში თავიანთი ავტორიტეტის გასაზრდელად?
დისკუსიას მოდერაციას უწევდა პროფ.კორნელი კაკაჩია, GIP-ის დირექტორი.
The first international key-note speaker of the panel was Prof. Zsolt Enyedi, Pro-Rector for Hungarian Affairs, Central European University
ჟოლტ ენიედი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) პრორექტორი. მისი კვლევითი ინტერესებია პარტიული პოლიტიკა, შედარებითი მთავრობები, ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობები და პოლიტიკური ფსიქოლოგია (განსაკუთრებით ავტორიტარიზმი, სტერეოტიპები და პოლიტიკური ტოლერანტობა). პროფესორმა ენიედიმ განიხილა რელიგიასა და ნაციონალიზმს შორის ურთიერთობების შესწავლის სხვადასხვა საშუალებები, ასევე რამდენად არის დაკავშირებული რელიგიური კონსერვატიზმი დასავლეთ ევროპის მემარჯვენე ჯგუფების თანამედროვე ნარატივებთან?
პროფესორმა ენიედიმ, გამოსვლის დასაწყისში აღნიშნა, რომ სხვადასხვა ისტორიულ კონტექსტში ღმერთი და ნაცია არათუ ერთ მთლიანობას, არამედ, სხვადასხვა განზომილებას წარმოადგენდა. მაგალითისთვის მან მოიყვანა კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგობა რადიკალი მემარჯვენეების გაძლიერების მიმართ. ნაციონალისტური ნარატივი ძალიან კონკრეტულია, რელიგიური კი – უნივერსალური. მომხსენებელმა ერთმანეთს კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიების სტრუქტურა შეადარა და აღნიშნა, რომ კათოლიკური ეკლესია უფრო ცენტრალიზებულია, ხოლო მართლმადიდებლური ეკლესია ეთნიკურ და სახელმწიფო ჩარჩოებში რჩება და შესაბამისად ნაკლებ წინააღმდეგობაში მოდის ნაციონალიზმთან. მეოცე საუკუნეში, ევროპაში რელიგიის როლი იმდენად შემცირდა, რომ ზოგს ეკლესიის როლი არარელევანტურად მიაჩნდათ. თუმცა დღეს, რიგი ფაქტორები არსებობს, რომლებიც ეკლესიის პოლიტიკურ მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. მაგალითად აღმოსავლეთ ევროპაში, კომუნისტური რეჟიმის ჩამონგრევის შემდეგ, დაიწყო რელიგიის აღორძინება და თითქოს გადაფარა კიდეც ეროვნული მოძრაობები.
ბევრ ევროპულ ქვეყანაში რადიკალი მემარჯვენე პარტიები, განსხვავებული რელიგიის მქონდე ინდივიდებს უმეტესად მტრებად წარმოგვიდგენენ და ხშირად რელიგიას მიიჩნევენ, როგორც თვითიდენტიფიცირების ერთ-ერთ მახასიათებელს. ირონიულია, რომ დასავლეთში ეკლესიები და რელიგიური ადამიანები არ უჭერენ მხარს რადიკალურ მემარჯვენე პარტიებს. დასავლეთ ევროპაში რადიკალი მემარჯვენეების ზოგი განშტოება თვლის, რომ საერთოდ ურწმუნოა და რელიგია არ არის მნიშვნელოვანი. ალბათ ეს პრე-ქსრისტიანული გამოცდილებიდან გამომდინარეობს, რაც თავის მხრივ, ეწინააღმდეგება ქრისტიანული რელიგიის სწავლებებს. ზოგადად, რადიკალი მემარჯვენეები ეწინააღმდეგებიან სოციალურ ელიტებს, ხოლო რელიგიური ადამიანები ამ ელიტების მიმართ პატივისცემით გამოირჩევიან. პარადოქსულია, რომ ზოგიერთი კონსერვატორი ქრისტიანი უფრო მეტად უახლოვდება მუსულმანურ ხედვებს, ვიდრე ლიბერალურს, სოციალისტურს ან უკიდურეს რადიკალ-მემარჯვენეებს. მაგრამ, როგორც პროფესორმა ენიედიმ თქვა, რელიგიურ კონსერვატიზმს და რადიკალ მემარჯვენეებს მაინც აქვთ რაღაც საერთო ხაზები, – მაგალითად, ერთის მხრივ, არიან მუსულმანი მიგრანტები და ლიბერალები, რომლებსაც საერთო მტრად აღიქვამენ, ხოლო მეორე მხრივ, არის ზოგიერთი ქრისტიან-დემოკრატი, რომელიც პოპულისტებს მიიჩნევს მტრად. ამიტომაც, თვითონ ამ ქრისტიან-დემოკრატიულ ალიანსებს შიგნით არის გახლეჩა. ეს იდეოლოგიური ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია ანტილებერალიზმისთვის. თუკი ქრისტიან-დემოკრატები ცენტრისტულ-მემარჯვენე პოლიტიკურ პოლუსზე აღმოჩნდებიან და დისტანცირდებიან რადიკალური მიდგომების მქონე ადამიანებისგან, მაშინ ევროკავშირი შეიძლება გახდეს ლიბერალური დემოკრატიის წამყვანი ძალა. პროფესორ ენიედის აზრით, მთელი ერის ერთ კონკრეტულ რელიგიურ ტრადიციასთან იდენტიფიცირება, ლიბერალური დემოკრატიის გაძლიერებას არ უწყობს ხელს. Ამას ბევრი კონსერვატორი რელიგიური ადამიანი იაზრებს, მაგრამ როცა რელიგიური კონსერვატიზმი ავტორიტარულ ნაციონალიზმთან არის შერწყმული და ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფა ხდება, პრობლემაც სწორედ მაშინ ჩნდება.
ონლაინ დისკუსიის მეორე სმომხსენებელი გახლდათ იაკობ შვურერი, ლუნებურგის ლოფანას უნივერსიტეტის მკვლევარი. მისი კვლევითი ინტერესებია რადიკალი მემარჯვენე პოპულიზმი და რელიგია, რელიგიის როლი პარტიულ კომუნიკაციაში. ბატონმა შვურერმა ისაუბრა დასავლეთ ევროპის რადიკალური და მეინსტრიმული მემარჯვენეობისა და მათი დამოკიდებულების შესახებ სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების მიმართ. მან მოკლედ წარადგინა თავისი ნაშრომის ძირითადი მიგნებები, რომელიც იკვლევს ანტიისლამური და პროქრისტიანული მესიჯების გავლენას ცენტრალურ-მემარჯვენე სპექტრზე.
მის მოხსენებაში მთავარი აქცენტი გაკეთებული იყო დასავლეთის რადიკალი მემარჯვენეებისთვის რელიგიის როლზე. იაკობ შვურერის თქმით, 9/11-ის მოვლენების შემდეგ, ისლამი ყველაზე მნიშვნელოვანი არა-ნატივისტური რადიკალი მემარჯვენეებისთვის გახდა. თავის კვლევაში ის ემპირიულად აკვირდებოდა, თუ როგორ გამოიხატებოდა რელიგიური განზომილებები არჩევნებისას პოლიტიკური პარტიების ნარატივებში. კვლევის შედეგად, გამოიკვეთა, რომ 21-ე საუკუნეში ისლამი გახდა რადიკალი მემარჯვენეების მხრიდან ყველაზე ნეგატიური შეფასებების სამიზნე. 2007-10 წლამდე ტენდენცია საკმაოდ ერთგვაროვანი იყო, 2011 წლიდან კი რადიკალი მეარჯვენეები ქრისტიანობის პოზიტიურ კონტექსტში მოხსენიებას იწყებენ. რაც შეეხება სეკულარიზმს, 21-ე საუკუნეში, ისლამისტური მიდგომისგან განსხვავებით, დასავლეთში რადიკალი მემარჯვენე პარტიები სეკულარიზმით ხასიათდებიან. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, პროსეკულარული ნარატივები იმ კონტექსტებში იკვეთება, სადაც ის დაპირისპირებულია ანტი ისლამურ ნარატივებთან და ჰარმონიაშია პროქრისტიანულ მიდგომებთან.
სემინარის ადგილობრივი და კიდევ ერთი მომხსენებელი იყო ეკა ჭითანავა, საქართველოს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) დირექტორი. მისი კვლევითი ინტერესებია რელიგია, დემოკრატია და უმცირესობების უფლებები. მან განიხილა საქართველოში ნაციონალიზმსა და რელიგიას შორის ურთიერთობები ფართო კონტექსტში; ასევე, გაანალიზა როგორ ხდება მემარჯვენე ჯგუფების მიერ სხვადასხვა ნაციონალისტური ნარატივის ინტერპრეტირება საქართველოში.
ეკა ჭითანავამ აღნიშნა, რომ როდესაც ის საქართველოს კონტექსტს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკურ მდგომარეობას ადარებს, საქართველო მაინც ცალკე სამსჯელო არის ხოლმე, მისი პოსტსაბჭოთა კონტექსტისა და პარტიების გადღაბნილი იდეოლოგიური კონტურებიდან გამოდინარე. ეკა ჭითანავამ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე ისეთ ულტრა-კონსერვატიულ, რადიკალ მემარჯვენე თუ სხვა არალიბერალურ ჯგუფზე საქართველოში, რომელიც მეტად აქტიურობით გამოირჩევა. აქვე მან განმარტა, რომ ეს ჯგუფები არ არიან ჰომოგენურები. იგი შეეცადა, პარალელები გაევლო ამ ჯგუფების ნარატივებსა და საქართველოს დომინანტი მართლმადიდებელი ეკლესიის ნარატივებს შორის. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა, ბოლო პერიოდში, საჯარო და ვირტუალურ სივრცეში ძალადობრივი ჯგუფების აქტიურობაზე, იქნება ეს ქართული მარში, პრიმაკოვის ფონდის წარმომადგენლები თუ სხვა ჯგუფები, რომლებიც ლიბერალური დემოკრატიის იდეას უპირისპირდებიან. მისი აზრით, დღეს, სახელმწიფოს ამ ძალადობრივი ჯგუფების წინააღმდეგ სტრატეგია არ გააჩნია, პირიქით ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ხშირად ხელისუფლებაც ამ ჯგუფებს თავისი მიზნებისთვის იყენებს. ეკა ჭითანავას განმარტებით, ამ ჯგუფებს ევროსკეპტიკური განწყობები ახასიათებთ და დასავლეთი წარმოჩინდება, როგორც გარყვნილების ერთგვარი დამკანონებელი. მიგრაციიდან გამომდინარე, თითქოს არსებობს დემოგრაფიული საფრთხე, თითქოს ეთნიკური ქართველები შეიძლება უმცირესობაში აღმოჩნდნენ. ამ კონტექსტში მისთვის საინტერესოა ნატივისტური განწყობების ანალიზი, რადგან ის მიიჩვენს, რომ ამ მხრივ, ისინი ევროპის ულტრა მემარჯვენე პარტიებს ჰგვანან. Მიუხედავად ამისა, ეკა ჭითანავა თვლის, რომ დასავლეთ ევროპაში ულტრა მემარჯვენე ძალების ანტი-მიგრანტული რეაქციული გამოსვლები ბუნებრივი არ არის საქართველოს კონტექსტში. მისი აზრით, ქართველმა ულტრა ნაციონალისტებმა ეს ხელოვნურად გადმოიტანეს ქართულ რეალობაში, რათა ის იდეოლოგიური ნიშა, რომელიც თავისუფალი იყო დაეკავებინათ. მისი განმარტებით, საფრთხედ ეს ჯგუფები მიიჩნევენ “კულტურულად სხვას”, იქნება ეს რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური თუ სხვა უმცირესობები.
მომხსენებლების გამოსვლების შემდეგ, ონლაინ სემინარი კითხვა-პასუხის სესიით დასრულდა. ღონისძიება ონლაინ პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით ჩატარდა ინგლისურ ენაზე და უზრუნველყოფილი იყო სინქრონული თარგმანი ქართულ ენაზე.