19/07/2017 GIP

The DCFTA – აქვს თუ არა საქართველოს შანსი ისარგებლოს ევროკავშირის ტრანსფორმაციული ძალით?

Author

ირაკლი ჯღარკავა

ირაკლი ჯღარკავა

2004 წელს ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ ევროპაში გაფართოების შედეგად გამოწვეულმა გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა სათავე დაუდო ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ამბიციური პროგრამის დანერგვას, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირსა და მის აღმოსავლეთ და სამხრეთ მეზობლებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. ევროპის სამეზობლო პოლიტიკა გულისხმობს „გაუზიაროს ევროკავშირის ცოდნა და პრინციპები მეზობელ ქვეყნებს, როგორც სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განმტკიცების საშუალება ყველა პარტნიორისთვის, მათ შორის ევროკავშირის მოქალაქეებისათვის.”

სხვა საკითხებთან ერთად, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში ახალ ეტაპად იქცა, რომლითაც გაღრმავდა ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების პროცესი. თუმცა,  ევროპისკენ სწრაფვის მცდელობა მნიშვნელოვნად შეფერხდა 2008 წელს, ხოლო კულმინაციას აგვისტოს ხუთდღიანი ომის დროს მიაღწია. 2009 წლის მაისში აღმოსავლეთპარტნიორობის (EAP) ინიციატივით თანამშრომლობა ისევ განახლდა, რომელშიც ევროკავშირის ექვსი აღმოსავლელი მეზობელი შედის, საქართველო კი ერთ-ერთი მათგანია. 2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას (AA), შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს “საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და საქართველოს თანდათანობით ინტეგრირებას ევროკავშირის ბაზარზე – ყველაზე მასშტაბურ ბაზარზე მსოფლიოში.”

ასოცირების ხელშეკრულების ძირითადი კომპონენტია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ შეთანხმება,  რომელიც საქართველოს ქვეყნის შიდა ტრანსფორმირებისა და ევროპისკენ სავალ გზაზე პროგრესის შენარჩუნების საშუალებას აძლევს.

რაც შეეხება ევროკავშირს, „ტრანსფორმაციული ძალა“ მხოლოდ მაშინ მუშაობს, როდესაც ქვეყნები ნებაყოფლობით გამოთქვამენ სურვილს განამტკიცონ ურთიერთობა პროფესიულ კავშირებთან და გამოავლინონ გაწევრიანების ინტერესი. რამდენადაც ევროკავშირთან ინტეგრაცია საქართველოს ინტერეებში შედის, მან თავისი კანონმდებლობა მაქსიმალურად უნდა დაუახლოვოს (მიამსგავსოს) ევროკავშირის კანონმდებლობას. ამგვარად, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე განიხილება, როგორც ევროკავშირთან ხელშესახები კავშირების დამყარება, თუმცა დასკვნის გაკეთებამდე, უნდა განიხილონ, თუ რამდენად წარმატებულია DCFTA საქართველოში, როგორც ევროკავშირის ტრანსფორმაციული ძალის ინსტრუმენტი.

უფრო მეტიც, უნდა დაისვას შეკითხვა, რა ინტერესები აქვს ევროკავშირს პრობლემურ სამხრეთკავკასიასთან მიმართებაში. რატომ არის საქართველო ევროკავშირის ტრანსფორმაციული ძალის სამიზნე?  უფრო კონკრეტულად კი, რატომ სთავაზობს ევროკავშირი საქართველოს DCFTA-ს? თუ ეკონომიკური თვალსაზრისით განვიხილავთ, ვინაიდან საქართველო მცირე ბაზარს წარმოადგენს, ევროკავშირი მოტივირებულია პოლიტიკურ სარგებელზე და არაკომერციულ მოგებაზე. ამდენად, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ DCFTA არის ევროკავშირისთვის გლობალური აქტორის ამბიციების გაძლიერების საშუალება აღმოსავლეთ სამეზობლოში.

რაში მდგომარეობს ევროკავშირის პოლიტიკური სარგებელი? უპირველესად, იმაში, რომ ევროკავშირი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს მის საზღვრებთან და მთელ სამეზობლოში მშვიდობის შენარჩუნებას. ევროკავშირი “ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მიმართულებით მიზნად ისახავს ბენეფიციარ ქვეყნებში ”მეზობლების“ „მეგობრებად“ ქცევას – ღრმა ინსტიტუციური ცვლილებების სტიმულირების გზით.  ამგვარი მიდგომა გულისხმობს ევროკავშირის მეზობელი ქვეყნებისთვის მშვიდობის, სტაბილურობის, სოციალური და ეკონომიკური განვითარების პრაქტიკულ განხორციელებას. ამდენად, ევროკავშირის პირველი პოლიტიკური სარგებელი, რომელსაც იგი DCFTA-სგან იღებს, რეგიონში უსაფრთხოების გარანტიაა.

გარდა ამისა, ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა DCFTA ევროკავშირს აძლევს შესაძლებლობას გაზარდოს თავისი გავლენის სფერო აღმოსავლეთით, მათ შორის კავკასიაში, რომელიც მრავლად ფლობს სხვადასხვა ბუნებრივ რესურსებს. ეს რეგიონი მგრძნობიარე სივრცედ რჩება ევროპისთვის,  რადგანაც დღესდღეობით იგი დამოკიდებულია რუსეთზე ენერგეტიკული საჭიროებების თვალსაზრისით. რუსეთი თავის ენერგორესურსებს პოლიტიკური ვაჭრობისთვის იყენებს, რეალურად კი სამხრეთ კავკასიის რეგიონი ენერგო-მდიდარი კასპიის რეგიონია. ეს ხელსაყრელია ევროპისთვის, რათა მოახდინოს ენერგორესურსებისა და ენერგოპარტნიორების დივერსიფიკაცია. ეს სასარგებლო იქნება საქართველოსთვისაც, რომელიც ითამაშებს ენერგოუსაფრთხოების გარანტის როლს ევროკავშირისთვის, ისევე როგორც რეგიონში მომუშავე სხვა დასავლელი სუბიექტებისთვის.  თუმცა,  ევროკავშირის ინტერესების და რეგიონის კონტროლის მონოპოლიზებასთან დაკავშირებულ ამბიციებს ხელს უშლის რუსეთის ფედერაცია, რომელიც მიიჩნევს,  რომ ტერიტორია მისი გავლენის სფეროში ექცევა.  მოლდოვის ბოლოდროინდელი რიტორიკა რუსეთის სასარგებლოდ და უკრაინაში რუსეთის შეჭრა შეიძლება განიხილებოდეს, როგორც აღმოსავლეთ სამეზობლოში ევროკავშირის გავლენის შესუსტება, საქართველოსთან ურთიერთობების შენარჩუნების მცდელობები არის შესაძლებლობა, ევროკავშირმა უზრუნველყოს რეგიონში სანდოობის შენარჩუნება. ამრიგად, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ევროკავშირს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის წარმატებული მაგალითი სჭირდება.

ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. იგი აქტიურად უწყობს ხელს კონფლიქტების მოგვარების მცდელობებს სამხრეთ კავკასიაში არსებულ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიებში სპეციალური წარმომადგენლის მუშაობით. ამჟამად, საქართველო უზრუნველყოფს ევროკავშირის სამხედრო და სამოქალაქო ოპერაციებს, რომელიც მიზნად ისახავს გააძლიეროს ევროკავშირის, როგორც გლობალური უსაფრთხოების პროვაიდერის როლი და გაზარდოს ქვეყნის მდგრადობა მსოფლიო მასშტაბით. საქართველოს პროგრესის აღიარების მიზნით, 2017 წლის 2 თებერვალს, ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას შენგენის ტერიტორიაზე მხარი დაუჭირა.” ეს ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს გეზი ევროპისკენ აქვს აღებული. უფრო მეტიც, საქართველოსთვის ასეთი მნიშვნელოვანი და ისტორიული  გადაწყვეტილება შეიძლება შეფასდეს ამგვარად: საქართველოს ძალისხმევას და ევროკავშირის რეფორმების გატარებას უკვალოდ და აღიარების გარეშე არ ჩაუვლია. 

თავისუფალი სავაჭრო სივრცის დადებითი ზეგავლენის შესაფასებლად შეგვიძლია დავეყრდნოთ ევროკომისიის ანგარიშს სახელწოდებით „საქართველო წინ მიიწევს ასოციაციის გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით”. ანგარიშში ხაზგასმულია ის ხელსაყრელი გარემოებები ორივე მხარისთვის, რომელიც დაფიქსირდა 2014 წლის სექტემბერში თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ :

ევროკავშირი დღეს საქართველოს საერთო ვაჭრობის მეოთხედს ითვლის, ხოლო DCFTA- მ საბაჟო ტარიფებისა და კვოტების მოხსნა გამოიწვია და დეტალურად მიმოიხილა საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების რეგულირების პროცესი ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო წარმატებით შეხვდა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა ნიშნულს, რაზეც მეტყველებს 2017 წლის მარტში ევროკომისიის საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება  სავიზო ვალდებულებების გაუქმების შესახებ საქართველოს მოქალაქეებისთვის. ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგი აღმოჩნდა მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს ისეთი რეფორმების გატარებას, რომელთა განხორციელება აქამდე შეუძლებელი იყო.

ეს ნათელი მტკიცებულებაა იმისა, რომ ევროკავშირის ტრანსფორმაციული ძალა, ამ შემთხვევაში DCFTA-ს მიერ განხორციელებული დადებითად აისახება საქართველოზე.  გარდა ამისა, 2015 წლის თებერვალში, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ, ქართული მედია აღიარა, როგორც მესამე ყველაზე სანდო ინსტიტუტი, ეკლესიისა და სამხედრო ინსტიტუციის შემდეგ.  გარდა ამისა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ადამიანის უფლებათა დამცველის ანგარიშში ხაზგასმულია რომ “კონკურენტუნარიანი, კარგად ადმინისტრირებული და ფუნდამენტური თავისუფლებები დაცულია.”

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ კორუფციის აღქმის ინდექსის 2016 წლის მონაცემებით, საქართველომ გლობალურ რეიტინგში 176 ქვეყნიდან 44-ე ადგილი დაიკავა და გაუთანასწორდა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას. სხვა ENP ქვეყნები, როგორიცაა ბელარუსი (79), მოლდოვა (123), უკრაინა (131), სომხეთი (113) და აზერბაიჯანი (123) კვლავ განიცდიან კორუფციას და სახელისუფლებო ინსტიტუტებში გამჭვირვალობის ნაკლებობას.

საქართველოს აქვს ღრმა კულტურული და სოციალური ფესვები ევროპაში და მთავრობამ არაერთხელ მიუთითა თავისი პოლიტიკური ნება ევროკავშირთან დაახლოების შესახებ.  2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველო აქტიურად ახორციელებდა რეფორმებს ევროკავშირის სტანდარტებისა და პოლიტიკის დაცვით. მოკლევადიან პერსპექტივაში საქართველო იმედოვნებს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე შესვლას, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირის წევრობას.  

მრავალრიცხოვანი „პროგრესის ანგარიშების“ შეფასებებზე დაყრდნობით, აშკარად ჩანს, რომ ევროკავშირის ტრანსფორმაციულმა ძალამ დიდი გავლენა იქონია საქართველოზე და მის კურსზე, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციას მოიაზრებს. საქართველომ შეძლო ადამიანის უფლებებისა და თავისუფალი სიტყვის დაცვა, კარგი მმართველობის მოდელების დანერგვა და გამჭვირვალობის გაზრდა, კორუფციასთან ბრძოლა და ქვეყანაში დემოკრატიის საერთო დონის ამაღლება. ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების გავლენა არ შეიძლება იყოს გადაჭარბებული, განსაკუთრებით მმართველობისა და გამჭვირვალობის და პოლიტიკური ინსტიტუტების ფუნქციონირების სფეროში. პოზიტიური შედეგები უკვე აშკარაა, რადგან DCFTA დაეხმარა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის მოდერნიზებაში და მან დაიწყო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ამდენად, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ევროკავშირის ტრანსფორმაციულმა ძალამ საქართველოში წარმატებულად იმუშავა.


*ირაკლი ჯღარკავა – ევროპის კოლეჯის სამაგისტრო პროგრამის “ევროპის საჯარო მმართველობა და პოლიტიკა“ სტუდენტი

**პუბლიკაცია მომზადდა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” და ფონდი “ღია საზოგადოება–საქართველოსა” შეხედულებებს.

, , , , , , , , , , , , , ,