Author

15/09/2019 ლევან კახიშვილი

საქართველო, ნატო და “გერმანული მოდელი”: რისი ცოდნაა საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად?

ლევან კახიშვილი[1]

თითქმის, ორი ათწლეულია, რაც საქართველო აქტიურად ცდილობს ნატო-ში გაწევრიანებას. თუმცა მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა თბილისმა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) ვერ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ამავე სამიტზე საქართველომ მიიღო მყარი ოფიციალური დაპირება, რომ ის აუცილებლად შეუერთდება ალიანსს[2], კონკრეტული სტრატეგია გაწევრიანების მიზნის სისრულეში მოსაყვანად ბუნდოვანი რჩება.

მთავარ წინაღობას კვლავ წარმოადგენს კონფლიქტური რეგიონები, აფხაზეთი და ე.წ. “სამხრეთ ოსეთი”, და რუსეთის წინააღმდეგობა იდეისადმი, რომ ნატო-ს ბაზები და ჯარი გამოჩნდეს მის საზღვრებთან. შესაბამისად, მოსკოვი ცდილობს ტერიტორიული კონფლიქტები გამოიყენოს ბერკეტის სახით იმისათვის, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ხელი შეუშალოს, რაც ოფიციალური მოსკოვისთვის სავსებით ბუნებრივი სტრატეგიაა საკუთარი ინტერესების რეალიზებისთვის. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ისეთი გზის გამონახვა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს წევრობას ალიანსში და რომელიც მისაღები იქნება იმ სკეპტიკურად განწყობილი ევროპული სახელმწიფოებისთვის, რომლებიც რუსეთთან საკუთარი ორმხრივი ურთიერთობების გამწვავებას ერიდებიან.

ამ ფონზე, გერმანიისა და კვიპროსის ერთგვარი მოდელის გამოყენება საქართველოსთან მიმართებაში, ერით მხრივ, საკმაოდ მიმზიდველი ჩანს, თუმცა, მეორე მხრივ, ეს იდეა ქართული საზოგადოების ნაწილში საფუძვლიან შიშს აღძრავს ოკუპირებული ტერიტორიების სამომავლო ბედთან დაკავშირებით. ამიტომ იდეის საზოგადოებისთვის სიღრმისეული განმარტება და მისი განხორციელებადობის შეფასება ქართული საექსპერტო და აკადემიური წრეებისა და პოლიტიკური ელიტის ვალია.

რას გულისხმობს იდეა?

ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების კონკრეტული სტრატეგია საჯაროდ იქნა შემოთავაზებული, იყო ამერიკელი მკვლევარის, ლუკ კოფის ავტორობით გამოცემულ ნაშრომში[3], რომელიც სხვა არაერთ რეკომენდაციასთან ერთად, აშშ-ისა და საქართველოს მთავრობებს სთავაზობდა, რომ ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება შეიძლება, მოხდეს 1949 წლის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-6 მუხლში დროებითი შესწორების შეტანის მეშვეობით.[4] მე-6 მუხლი აზუსტებს იმ გეოგრაფიულ არეალს, რომელზეც ვრცელდება ხელშეკრულების მე-5 მუხლი, რომელიც, თავის მხრივ, კოლექტიური თავდაცვის პრინციპს გულისხმობს. თუმცა 10 სექტემბერს, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის, მიერ თბილისში გამართულ კონფერენციაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, ამ იდეის განხილვა კვლავ გააქტიურდა ქართულ საზოგადოებაში. რასმუსენის განცხადებით, ამ იდეის განხილვა აქტიურად უნდა ხდებოდეს საქართველოში, რასაც ქართული მხარისგან ემოციური რეაქცია მოჰყვა.

აღნიშნული იდეა გულისხმობს იმას, რომ ნატო და მისი წევრი ყველა სახელმწიფო აღიარებს საქართველოს საერთოაშორისოდ უკვე აღიარებულ საზღვრებს, თუმცა პასუხისმგებლობას არ იღებს საქართველოს სამხედრო დახმარებაზე იმ შემთხვევაში, თუ საქართველო, რუსეთი ან დე-ფაქტო ხელისუფლებები საომარ მოქმედებებს წამოიწყებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მეორე მხრივ, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას ნატო დაიცავს ზუსტად ისე, როგორც ნებისმიერი სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიასა და სუვერენიტეტს. შესაბამისად, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ფორმულირება “აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე” საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არასწორია. ეს იდეა არ ნიშნავს ავტომატურად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებასა თუ სამუდამო დაკარგვას. ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ თბილისი არ წამოიწყებს სამხედრო მოქმედებებს ამ რეგიონებში და თუ წამოიწყებს მას არ უნდა ჰქონდეს ნატო-ს დახამრების იმედი. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს ცალმხრივად უკვე აქვს ცეცხლის განუახლებლობის შესახებ ვალდებულება აღებული.[5] შესაბამისად, ნატო-ში მსგავსი წევრობა საქართველოს უკრძალავს ძალის გამოყენებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენას, რაც ისედაც არ იგეგმება თბილისის მხრიდან. რაც შეეხება საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას, თუ ნატო-ს წევრი ყველა სახელმწიფო დათანხმდება სქართველოს გაწევრიანებას აღნიშნული დათქმით, ეს ნიშავს იმას, რომ ნატო, როგორც სამხედრო ალიანსი, და მისი თითოეული წევრი საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას 1949 წლის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-6 მუხლში დაზუსტებული იმ გეოგრაფიული არეალის დაცვაზე, რომელზეც ვრცელდება კოლექტიური თავდაცვის პრინციპი.

პოტენციური შედეგები და ქართული საზოგადოების შიშები

ქართულ საზოგადოებაში ამ დათქმით საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების იდეას ემოციური გამოხმაურება მოჰყვა. ერთი მხრივ, არსებობენ ამ იდეის მხარდამჭერები, მეორე მხრივ – მისი მოწინააღმდეგეები, ხოლო საზოგადოების ნაწილი უბრალოდ სკეპტიციზმითაა განწყობილი იდეის რეალურობის მიმართ. საზოგადოებაში შიშსა და წინააღმდეგობას, ძირითადად, ორი შესაძლებლობა აღძრავს: პირველი, ოკუპირებული ტერიტორიების დისტანცირება დანარჩენი საქართველოსგან, რომელიც, შესაძლოა, მათ სამუდამო დაკარგვაში გადაიზარდოს; და მეორე, რუსეთის პრევენციული რეაქცია საქართველოს უშუალო გაწევრიანებამდე, რომელიც, შესაძლოა, იყოს აგრესიული ხასიათის.

ოფიციალური თბილისისთვის სამწუხაროდ, რუსი და ადგილობრივი სამხედროები ოკუპაციის ხაზის გასწვრივ და ხშრიად თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზეც კი უკვე აშენებენ გამყოფ “კედელს”, რაც ბორდერიზაციის პროცესის სახელითაა ცნობილი. ბორდერიზაციის პროცესი 2009-2010 წლებში დაიწყო და ინტენსიური ხასიათი 2013 წლიდან შეიძინა.[6] აღნიშული პროცესის შედეგად ოკუპაციის ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ადამიანებს ექმნებათ უამრავი პრობლემა და ხშირად ამ ყველაფრის შედეგია არა მხოლოდ გადაადგილების უფლების, არამედ საკუთარი საცხოვრებელი სახლისა თუ სახნავ-სათესი მიწების დაკარგვა. თუ საოკუპაციო ხაზის კონტროლი მოხდება ნატო-ს შეიარაღებული ძალების დახმარებით, რუსეთი დაკარგავს თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოჭრის სურვილს.

მეორე მხრივ, რუსეთის მხრიდან, შესაძლოა, მოხდეს პრევენციული ნაბიჯების გადადგმა, ვიდრე საქართველო უშუალოდ ალიანსის წევრის სტატუსს მიიღებს. მაგალითად, შესაძლებელია, რომ რუსეთისგან წამოვიდეს სიგნალები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უფრო მეტი ინტეგრაციის მცდელობის ან ანექსიის მუქარის შესახებ. რუსეთისგან მოულოდნელი არ უნდა იყოს უშუალოდ ანექსიის მცდელობაც კი, რადგან მოსკოვს ამის გამცოდილება უკვე აქვს უკრაინასთან მიმართებაში, როდესაც მოახდინა ყირიმის ანექსია. თუმცა, თუ ნატო-ს მხრიდან იქნება მტკიცე გზავნილი, რომ საქართველო არა მხოლოდ გახდება წევრი, არამედ კონკრეტული პროცესია დაწყებული, თუ როგორ და როდის უნდა მხოდეს ეს, მოსკოვი იმაზე მეტად დაფიქრდება საკუთარი სტრატეგიის შემუშავებისას, ვიდრე სხვა შემთხვევაში. გარდა ამისა, რუსეთს ვერაფერი შეაჩერებს იგივეს გაკეთება დღეს რომ მოისურვოს. საქმე ისაა, რომ ქართულმა საზოგადეობამ, შესაძლოა, იმედოვნოს, რომ რუსეთს ამის სურვილი არ გაუჩნდება მხოლოდ იმიტომ რომ ოფიციალური თბილისი მოიქცევა ისე, როგორც მოსკოვს სურს. ეს მოლოდინი წააგავს იდეას, რომელიც გულისხმობს საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებას რუსეთთან რეინტეგრაციის მეშვეობით, ამ იდეის მიხედვით, რუსეთთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან “ერთიან სივრცეში ყოფნის შედეგად ყოველთვის შესაძლებელია ყველაფრის შიგნიდან დარეგულირება.”[7]

თუმცა ამ უკანასკნელ იდეას ერთი მთავარი პრობლემა აქვს. საქართველოს მოსახლეობა უკვე შეჯერებულია იმაზე, რომ ნატო-ში გაწევრიანება მათთვის სასურველია: NDI-ის ივნისის გამოკითხვის შედეგად გამოკითხულთა 75% მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას.[8] გარდა ამისა, გამოკითხული მოსახლეობის 40% საქართველოს ნომერ პირველ მტრად ასახელებს რუსეთს, რომელსაც მოსდევს თურქეთი და აშშ მხოლოდ 3-3%-ით.[9] შესაბამისად, თამამად შეიძლება, ითქვას, რომ მოსახლეობისთვის გაცილებით უფრო მისაღებია ნატო, ვიდრე რუსეთი და რუსეთისგან შემოთავაზებული უსაფრთხოების გარანტიები. უფრო მეტიც, უკრაინის მაგალითი აჩვენებს, რომ რუსეთის მიერ მიცემულ უსაფრთხოების გარანტიას თავად რუსეთივე არღვევს. საქმე ეხება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინაში არსებული ბირთვული არსენალის რუსეთისთვის გადაცემის პროცესის შედეგად ურკაინისთვის რუსეთისა და დასვლეთის რამდენიმე ქვეყნის მიერ მიცემულ უსაფრთხოების გარანტიებს, რომელბიც რუსეთმა თავადვე დაარღვია და შედეგად დადგა ყირიმის ანექსია და შეიარაღებული კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში.

აქედან გამომდინარე, საქართველოს მიზანი უნდა იყოს არა რუსეთისგან უსაფრთხოების გარანტიების მოპოვება, არამედ იმ სამხედრო ალიანსში გაწევრიანება, რომელიც ქმედითია და მყარ გარანტიებს შესთავაზებს საქართველოს. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ნატო-ს წევრობა საქართველოსთვის უნდა იყოს საშუალება და არა თვითმიზანი. ნატო-ში გაწევრიანების პროცესი უკვე სასარგებლოა საქართველოსთვის,[10] თუმცა წევრობა იქნება თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე სტაბილურობის, დაცულობისა და მშვიდობის გარანტი. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, თბილისი ისედაც არ გეგმავს მათზე კონტროლის აღდგენას ომის გზით, შესაბამისად, უმჯობესია სამშვიდობო პროცესის დაცული სივრციდან წარმოება, ვიდრე გაურკვეველი მომავალი და შიში იმისა, თუ რა შეიძლება იყოს რუსეთის შემდეგი ნაბიჯი.

რამდენად რეალურია ამ იდეის განხორციელება?

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოფიციალურად არ მიუღია მსგავსი შემოთავაზება ნატო-ს მხრიდან. იდეას 2018 წელს ამერიკელმა მკვლევარმა გაუწია რეკომენდაცია ხოლო მიმდინარე წელს – ყოფილმა დიპლომატმა იდეის გარშემო დისკუსიის წახალისება სცადა. ორივე შემთხვევაში ნატო-ს ოფიციალური წარმოამდგენლის სამხრეთ კავკასიაში, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, იდეის განხილვა ილუზიის ტოლფასია.[11] აპატურაის განცხადება გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან მსგავსი იდეების მხარდაჭერა, შესაძლოა, მიჩნეულ იქნეს მისივე უფლება-მოვალეობების გადაჭარბებად. გარდა ამისა, აპატურაი არ არის გადაწყვეტილების მიმღები პირი ალიანსში. გადაწყვეტილების მიღება ხდება წევრი სახელმწიფოების მიერ კონსენსუსის წესით, რაც ყველა წევრის თანხმობას გულისხმობს. თავის მხრივ, ევროპული დედაქალაქების, განსაკუთრებით, ბერლინისა და პარიზის, დარწმუნება ცალკე საკითხია, რადგან მათი მხარდაჭერის გარეშე საქართველო ალიანსის წევრი ვერანაირი სცენარით ვერ გახდება. ბერლინსა და პარიზს კი ორი რამ შეიძლება აფიქრებდეთ. პირველი, ხშირად ნახსენები გერმანიის მოდელის შედარებადობის საკითხი საქართველოსთან და მეორე, რუსეთთან საკუთარი ორმხრივი ურთიერთობები.

აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ დიპლომატიაში არ არსებობს ორი ერთმანეთის იდენტური შემთხვევა. შესაბამისად, ის რომ დასავლეთ გერმანიის შემთხვევა 1955 წელს და საქართველოს შემთხვევა 2019 წელს ერთმანეთისგან განსხვავებული კონტექსტებია, გასაკვირი არ არის. საქმე ის გახლავთ, რამდენად შესაძლებელია, გერმანიის შემთხვევამ ქართული რეალობის განვითარების სცენარების ინფორმირება მოახდინოს. მაგალითად, ის განსხვავება, რომ გერმანია ორად გახლეჩილი ერთი ერი იყო, ხოლო საქართველოს შემთხვევაში აფხაზები და ოსები არ ელოდებიან დანარჩენ საქართველოსთან რეინტეგრაციას, არაფერს ცვლის, რადგან აფხაზებისა და ოსების განწყობა არ იცვლება იმის მიხედვით თბილისის კონტროლირებადი ტერიტორია ნატო-ს მიერ იქნება დაცული თუ არა. ის რაც მნიშვნელოვანია, არის შემდეგი: ნატო-ს ისტორიაში ყოფილა შემთხვევა, როდესაც ქვეყნის ერთი ნაწილი გაწევრიანდა ალიანსში და სათანადო შესაძლებლობის დადგომის შემდეგ მეორე ნაწილი ავტომატურად მოექცა ალიანსის სამხედრო ქოლგის ქვეშ, როგორც კი მოხდა გაყოფილი ქვეყნის გაერთიანება. სწორედ ეს უნდა იყოს საქართველოსთვის მნიშნელოვანი – აფხაზებისა და ოსების სურვილის შემთხვევაში ქართველებს არ მოუწევთ რეინტეგრაციაზე უარის თქმა მხოლოდ იმიტომ, რომ თბილისის კონტროლირებადი ტერიტორია იქნება ნატო-ს კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპით დაცული.

რაც შეეხება, რუსეთის ორმხრივ ურთიერთობებს ევროპულ სახელმწიფოებთან, ამ შემთხვევაში საჭიროა დიპლომატიური მოლაპარაკებები, ნიადაგის მოსინჯვა და იმის გარკვევა, თუ რას ფიქრობენ ამ იდეის შესახებ ნატო-ს წევრი სახელმწიფოები. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ის, რომ დისკუსია დაიწყოს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში და ყველა იმ სხვა წევრ სახელმწიფოში, რომელიც შეიძლება, სკეპტიკურად იყოს განწყობილი საქართველოს ნატო-ში წევრობის მიმართ.


[1] ლევან კახიშვილი არის საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ანალიტიკოსი.

[2] აღნიშნული დაპირება ყოველი მომდევნო სამიტის რეზოლუციაში მეორდება.

[3] https://www.heritage.org/defense/report/nato-membership-georgia-us-and-european-interest

[4] ამავე თემაზე იხილეთ ინტერვიუ ლუკ კოფისთან. https://gip.ge/gip-interview-w-luke-coffey-nato-georgia-relations/

[5] https://jam-news.net/no-non-use-of-force-agreement-at-geneva-tbilisis-perspective/

[6] დეტალიურად ამ პროცესის შესახებ, გაეცანით საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევას: https://gip.ge/mitigating-russias-borderization-georgia-strategy-contain-engage/

[7] Kakhishvili, L. 2016. “Georgia – the choice: perceived west-Russia dichotomy in Georgian politics”. In: Knodt, M. and S. Urdze (eds.), Caucasus, EU and Russia – Triangular cooperation? Baden-Baden: Nomos. p. 181.

[8] https://www.ndi.org/sites/default/files/NDI_June_2018_Presentation_Public_ENG_vf.pdf

[9] https://caucasusbarometer.org/en/cb2017ge/MAINENEM/

[10] ამ თემაზე იხილეთ: https://gip.ge/geotan-blog/

[11] http://georgiatoday.ge/news/17266/James-Appathurai-on-Georgia%E2%80%99s-NATO-Membership-

, , , , , , ,