31/03/2021 keta

რა პერსპექტივა აქვს „ეროვნულ ანტიკორუფციულ სააგენტოს“ საქართველოში?

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2021-03-31 11:32:25
კვლევითი ნაშრომი, მარტი 2021 / #14

2020 წლის სექტემბერში საქართველოს პარლამენტს წარედგინა ,,ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს“ დაარსების შესახებ კანონპროექტი. კანონპროექტი საქართველოში პოლიტიკური კორუფციის გამოწვევის საპასუხოდ ხუთმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან თანამშრომლობით შეიმუშავა. კანონპროექტით გათვალისწინებული სააგენტოს მოდელი ეყრდნობა სინგაპურის, სლოვენიის, პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის გამოცდილებას და წარმოდგენილია, როგორც ელიტურ კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური მექანიზმი. საქართველოში პოლიტიკური კორუფციის საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ნაშრომში შეფასებულია ,,სააგენტოს“ სამომავლო ეფექტიანობა შესაბამისი თეორიული მიმოხილვის და კანონპროექტში ელიტურ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით წარმატებულ მაგალითებად მოხსენიებული ქვეყნების პოლიტიკურ და  ინსტიტუციურ გარემოს ანალიზზე დაყრდნობით. საერთაშორისო გამოცდილების საქართველოს პრაქტიკასთან შედარების საფუძველზე, ნაშრომში განვითარებულია მოსაზრება, რომ საქართველოს პოლიტიკური კონიუნქტურა მნიშვნელოვნად შეამცირებს სისტემური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო  პოლიტიკური ნებისა და ძლიერი სასამართლო ხელისუფლების მქონე კონტექსტიდან დუბლირებული ,,სააგენტოს“ ეფექტიანობას. ნაცვლად, ნაშრომში წარმოდგენილია პოლიტიკურ კორუფციასთან ბრძოლის ალტერნატიული მეთოდი – ქვეყანაში პოლიტიკური კონკურენციის გაძლიერების ხელშეწყობა. გარდამავალი დემოკრატიების მაგალითზე, სადაც დაბალი პოლიტიკური კონკურენციის პირობებში, მმართველი პარტიები არჩევნებში ხელისუფლების დაკარგვის შიშის გარეშე აგრძელებენ კორუფციულ საქმიანობას, ნაშრომში გამოთქმულია ვარაუდი, რომ ახალი, ინსტიტუციონალიზებული პარტიების ჩამოყალიბების და განვითარების ხელშეწყობამ და პოლიტიკური კონკურენციის შესაბამისმა გაუმჯობესებამ, შესაძლოა, პოზიტიურად იმოქმედოს ქვეყანაში ელიტური კორუფციის შემცირებაზე.

, , , , , ,