19/10/2020 GIP

საპარლამენტო არჩევნები და ქართული დემოკრატიის ბედი პოსტსაარჩევნო პერიოდში

Author

გივი სილაგაძე

გივი სილაგაძე[1]

უარყოფითი ეკონომიკური ზრდის, მთიან ყარაბაღში აქტიური სამხედრო შეტაკებებისა და უპრეცედენტო მასშტაბის ჯანდაცვის კრიზისის ფონზე, საქართველო 2020 წლის უმნიშვნელოვანეს საპარლამენტო არჩევნებს უახლოვდება. გასული ერთი წელი, რომელიც, პოლიტიკური თვალსაზრისით, საკმაოდ დაძაბული იყო, განსაკუთრებით დრამატული მმართველი პარტიისთვის გამოდგა. ქართულმა ოცნებამ მათი პარტიის ლიდერის მიერ საარჩევნო სისტემის რეფორმის შესახებ გაცემული დაპირების განხორციელება ვერ შეძლო, რასაც ქუჩის საპროტესტო გამოსვლები, პოლიტიკური კრიზისი  და საქართველოს ზოგიერთი დასავლელი პარტნიორის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. პოლიტიკური კრიზისი, გარკვეულწილად, განიმუხტა, როდესაც 2020 წლის 8 მარტს ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიებმა, დიპლომატიური კორპუსის დახმარებით, მიაღწიეს შეთანხმებას  2020 წლის საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით. თუმცა, პოლიტიკური კრიზისის შერბილების პარალელურად, მთელი ყურადღება ახალი კორონავირუსის პანდემიამ მიიპყრო.    

იმის გათვალისწინებით, რომ მომავალი არჩევნები უჩვეულო გარემოებების ფონზე ჩატარდება, ბუნდოვანია, თუ როგორი შეიძლება, იყოს მისი შედეგი და რა გავლენა შეიძლება, მოახდინოს ამან ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესზე პოსტსაარჩევნო პერიოდში.

აქვს თუ არა ქართულ ოცნებას მესამე ვადით ხელისუფლებაში დარჩენის შანსი?

ექსპერტების უმეტესობა თვლის, რომ ქართული ოცნება 2020 წლის არჩევნების პროპორციულ ნაწილში უპირატესობას მოიპოვებს. თუმცა, კითხვის ნიშნები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მოახერხებს მმართველი პარტია მთავრობის დაკომპლექტებისთვის საჭირო ხმების რაოდენობის მიღებას. არსებობს სამი მეტ-ნაკლებად სავარაუდო სცენარი: პირველი, ქართული ოცნება მიიღებს საკმარისი ოდენობის მანდატებს იმისთვის, რომ ერთპარტიულად დააკომპლექტოს მთავრობა; მეორე, მთავრობის დასაკომპლექტებლად მმართველ პარტიას შედარებით მცირე პარტიასთან კოალიცია დასჭირდება და ბოლოს, ოპოზიციური პარტიები მიიღებენ საკმარის მანდატებს იმისთვის, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გარშემო გაერთიანდნენ და შექმნან მთავრობა. ქვეყანაში ამჟამად არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ეს უკანასკნელი სცენარი შედარებით ნაკლებსავარაუდოა შემდეგი მიზეზების გამო:

Covid-19: ალტერნატივების ნაკლებობა ოპოზიციიდან და მმართველი პარტიის მიერ პანდემიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია

Covid-19 პანდემია ახდენს და მომავალშიც მოახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას საქართველოში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებზე. მისი მნიშვნელობის მიუხედავად, ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ ვერ მოახერხა, რომ საზოგადოებისთვის შეეთავაზებინა ქართული ოცნების ვირუსთან გამკლავების ალტერნატიული ხედვა. ასევე, ზოგიერთი წამყვანი ოპოზიციური პარტია ნაკლებად ეხება პენდემიის თემას წინასაარჩევნო პროგრამაში.  

ქართულმა ოცნებამ შეძლო (ყოველ შემთხვევაში, ბოლოდროინდელი ყოველდღიური ახალი შემთხვევების დრამატულ ზრდამდე) საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის დარწმუნება იმაში, რომ მთავრობამ ვირუსთან გამკლავება მეტ-ნაკლებად წარმატებით მოახერხა. 2020 წლის ივნისსა და ივლისში, საქართველოს მოქალაქეების 83%-მა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საქმიანობა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში შეაფასა  „კარგად“ (49%) ან „ძალიან კარგად“ (34%). აგვისტოში, საქართველოს მოქალაქეების 53%-მა მთავრობისგან მიღებული დახმარება შეაფასა , როგორც „საკმარისი“ (11%) ან „ნაწილობრივ საკმარისი“(42%).

ქართული ოცნება აქტიურად ცდილობს, წარმოაჩინოს თავი, რომ იგი „წარმატებით უმკლავდება პანდემიას“. ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენელი პირები, რომლებიც ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე დგანან, დაესწრნენ პარტიის პოლიტიკურ ღონისძიებებს და ზოგიერთმა მათგანმა ღიად გამოუცხადა მხარდაჭერა ქართულ ოცნებას. ეს შესაძლოა, ნიშნავდეს, რომ მმართველი პარტია ცდილობს ჯანდაცვის კრიზისის პოლიტიკურ სარგელებში  გადათარგმნას.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა  დაინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გაზაფხულზე რამდენიმე ათეული დღიური შემთხვევის საპასუხოდ მთავრობამ  კომენდანტის საათი დააწესა, მისი ამჟამინდელი, უფრო მსუბუქი რეაქცია ასობით ყოველდღიურ ახალ შემთხვევაზე შეიძლება, აიხსნას მკაცრ შეზღუდვებთან დაკავშირებული პოტენციურად დიდი ეკონომიკური ზიანით და, ასევე, მოახლოებული არჩევნებით. თუ ქართული ოცნება არჩევნებს გადადებს, ეს შესაძლოა, მისთვის პოლიტიკურად წამგებიანი აღმოჩნდეს იმის გამო, რომ ქვეყანაში სწრაფად უარესდება მოსახლეობის დიდი ნაწილის სოციალურ-ეკონომიკური პირობები. თუ 31 ოქტომბრამდე, გადატვირთული საავადმყოფოების გამო, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა სრულ კრახს არ განიცდის, ქართული ოცნება, სავარაუდოდ, მოახერხებს პანდემიის პოლიტიკური ქულებისთვის გამოყენებას.

ოპოზიციის მიდრეკილებები მიმზიდველი პოლიტიკური ალტერნატივების ნაკლებობა, დანაწევრებულობა და კვლავ ორპოლუსიანობისკენ სწრაფვა

ქართველ და საერთაშორისო ექსპერტებს უჭირთ  ოპოზიციის მხრიდან არსებითი პოლიტიკური ალტერნატივების იდენტიფიცირება. თუმცა, იმის მტკიცება, რომ ოპოზიცია არ სთავაზობს საზოგადოებას არანაირ ალტერნატივას, არასწორი იქნება. ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელიც ღიად ცდილობს, დაუპირისპირდეს ქართული პოლიტიკის ორპოლუსიან სტრუქტურას, წარმოადგინა ფართომასშტაბიანი ეკონომიკური რეკონსტრუქციის გეგმა, თუმცა მათ, ჯერჯერობით, ვერ მოახერხეს პოზიციების განმტკიცება ქართულ პოლიტიკაში. ამასთან, ცოტა ხნის წინ მთავარ ოპოზიციურ პარტიებს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად მიღწეულ იქნა ორი ერთობლივი შეთანხმება საქართველოში მართლმსაჯულების, ეკონომიკის და განათლების სისტემების რეფორმებთან დაკავშირებით. თუმცა, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია სათანადო მნიშვნელობას არ ანიჭებს ამ შეთანხმებებს ან ძირითად  აქცენტს სხვა საკითხებზე აკეთებს საზოგადოებასთან კომუნიკაციისას. და ბოლოს, ამომრჩეველთა უმეტესობისთვის პარტიის ლიდერის მიმართ დამოკიდებულება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საარჩევნო დაპირებები და პლატფორმა.

2020 წლის პირველი ნახევრისგან განსხვავებით, როდესაც ოპოზიცია, პრაქტიკულად, ერთსულოვანი იყო, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ოპოზიციური პარტიები ხშირად ესხმიან ერთმანეთს თავს. მაგალითად, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დაარღვია შეთანხმება ოპოზიციური პარტიების თანამშრომლობის შესახებ. ასევე, მას შემდეგ, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ექსპრეზიდენტი, მიხელ სააკაშვილი დაასახელა, ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ გააკრიტიკა ეს გადაწყვეტილება და მკაფიოდ განაცხადა,  რომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს მხარს არ დაუჭერდა. შეიძლება ითქვას, რომ დღეს, მიხეილ სააკაშვილი ნაკლებად არის ოპოზიციის გამაერთიანებელი ფაქტორი.

და ბოლოს, ნაციონალური მოძრაობისა და კოალიცია „ძალა ერთობაშიას“ მცდელობა, რომ სააკაშვილი ოპოზიციის უპირობო ლიდერად წარმოაჩინონ, საბოლოო ჯამში, ორპულუსიანი წინასაარჩევნო გარემოს შექმნას უწყობს ხელს, რომლის დროსაც პოლიტიკური დისკურსი, ძირითადად, ორი პიროვნების (სააკაშვილისა და ივანიშვილის) გარშემო ტრიალებს. წინა წლების გამოცდილების მიხედვით, ამგვარი პოლარიზებული პოლიტიკური და მედია დისკურსი მმართველ პარტიას არჩევნებში გადამწყვეტ უპირატესობას აძლევს. იმის მიუხედავად, რომ ოქტომბრის არჩევნები არსებითად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რომელიც უფრო მეტად პლურალისტური პოლიტიკური ლანდშაფტის შექმნას უწყობს ხელს, მოსალოდნელია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მაინც მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ზემოხსენებული ორი ლიდერის დაპირისპირება.

შესაძლო შედეგები საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესისთვის

ამ ეტაპზე მაინც გაურკვეველი რჩება, თუ როგორ გადანაწილდება ძალთა ბალანსი პოლიტიკურ ძალებს შორის არჩევნების  შედეგად. იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება გაიმარჯვებს, ეს იქნება ახალი ფენომენი ქართულ პოლიტიკაში, რადგან პარტია ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩება. ეს შესაძლოა, მნიშვნელოვანი პრობლემა გახდეს საქართველოს დემოკრატიზაციის გრძელვადიანი პროცესისთვის, რადგან ოპოზიციურმა პარტიებმა შეიძლება, დაკარგონ რწმენა, რომ მმართველი პარტიის დამარცხება არჩევნების გზით არის შესაძლებელი; განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ქართული ოცნება ადმინისტრაციულ რესურსს, ზოგჯერ, პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და მათ, სხვა პარტიებთან შედარებით, თვალსაჩინო ფინანსური უპირატესობა აქვთ.

ამასთან, ქართული ოცნების მმართველობა უკანასკნელ წლებში დემოკრატიული უკუსვლით ხასიათდება. 2016 და 2017 წლებში Freedom House-მა საქართველო შეაფასა 64 ქულით (სადაც 0 ქულა აღნიშნავს ყველაზე ცუდს, ხოლო 100  – საუკეთესოს), 2019  წელს იმავე ორგანიზაციამ საქართველოს 61 ქულა მიანიჭა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში „ბოლო წლებში აღინიშნა რეგრესი“. ამასთანავე, ქართული ოცნების მესამე ვადა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუციებზე არაფორმალური კონტროლის პრაქტიკის გაგრძელებას, რომელიც 2012 წლიდან საქართველოს შიდა პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი დაეს წინააღმდეგობაშია ქვეყნის მართვის დემოკრატიულ პრინციპებთან.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ოცნების მიდგომა სასამართლო სისტემის მიმართ  მწვავე კითხვებს წარმოშობს. ევროკავშირმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე კომენტარის გაკეთებისას, გამოხატა სინანული, რომ საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიის აზრი არ გაითვალისწინა. ამასთან, 2013 წლიდან დღემდე მნიშვნელოვნად იზრდება საზოგადოების უნდობლობა სასამართლო სისტემის მიმართ (გრაფიკი 1).

გრაფიკი 1. საქართველოს მოსახლეობის მზარდი უნდობლობა სასამართლო სისტემის მიმართ

წყარო: კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი. კავკასიის ბარომეტრი. იხ.: https://caucasusbarometer.org/en/cb-ge/TRUCRTS/

შენიშვნა: გრაფიკზე მოცემულია იმ რესპონდენტთა პროცენტული მაჩვენებელი, რომელთაც გამოხატეს უნდობლობა სასამართლოების მიმართ.

თუ პანდემიის გამო არ მოხდება საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ფართომასშტაბიანი კოლაფსი, ან ოპოზიცია დიამეტრულად არ შეცვლის საარჩევნო სტრატეგიას ან არ გამოჩნდება მოულოდნელი სკანდალი მმართველ პარტიასთან დაკავშირებით (2012 წლის ციხის კადრების მსგავსი), როგორც ჩანს, ქართული ოცნება საკმაოდ ახლოსაა ხელისუფლებაში დარჩენასთან. ქართული ოცნების მესამე ვადა საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესისთვის იმედისმომცემად არ გამოიყურება, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ქართული ოცნების მმართველობა სულ უფრო მეტად ხასიათდება დემოკრატიული უკუსვლითა“ და არაფორმალური მმართველობით. ხოლო, იმის რაიმე ნიშანი, რომ ეს ტენდენცია უკეთესობისკენ შეიცვლება ქართული ოცნების გამარჯვების შემთხვევაში, ჯერჯერობით არ ჩანს. ქართულ კონტექსტში პარტიის ორ საარჩევნო ვადაზე მეტი ხნით ხელისუფლებაში დარჩენა დემოკრატიზაციის პროცესის გამოწვევას წარმოადგენს. ერთპარტიული მმართველობა ისეთ ჰიბრიდულ რეჟიმებში, როგორიც საქართველოა ხშირად იწვევს დემოკრატიის ზოგადი სტანდარტების შესუსტებას, რაც ურთიერთშეკავებისა და ურთიერთგაწონასწორების სისტემის კიდევ უფრო მეტად მოშლაში და გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების შემდგომ გაუარესებაში შესაძლოა, გამოიხატოს.

 


[1] გივი სილაგაძე საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) უმცროსი ანალიტიკოსია.

, , , ,