18/09/2020 magda

დემოკრატიის მე-5 ყოველწლიური კონფერენცია (#GEODEM): არჩევნები COVID-19-ის პირობებში: ახალი გამოწვევა საქართველოს მყიფე დემოკრატიისთვის? – კონფერენციის ანგარიში

გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
18-09-2020

მიმდინარე წელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება ერთგვარი ტესტი, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ დინამიკას განსაზღვრავს შემდეგი ათწლეულის განმავლობაში. მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესისა, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც აზიანებს საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ გარემოს. ასეთი ფაქტორებია საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული სირთულეები, მწვავე პოლიტიკური და საზოგადოებრივი პოლარიზაცია, მოსახლეობის ნიჰილისტური განწყობები, მმართველი პარტიების მიერ ადმინისტრაციული რესურსების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების ხანგრძლივი ტრადიცია და შესამჩნევი დისბალანსი პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებს შორის. გარდა ამ ფაქტორებისა, COVID-19 წარმოადგენს მნიშვნელოვან ტექნიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ საფრთხეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

აღნიშნული გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) დემოკრატიის მე-5 ყოველწლიური კონფერენცია გამართა თემაზე “არჩევნები COVID-19-ის პირობებში: ახალი გამოწვევა საქართველოს მყიფე დემოკრატიისთვის?“ პანდემიური პირობების გათვალისწინებით კონფერენციის სამი პანელი გაიმართა 17 ივნისს, 1 და 14 ივლისს ონლაინ რეჟიმში.

კონფერენცია გახსნა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) დირექტორმა პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ. კონფერენციაში მონაწილეობდნენ მოდერატორები – შტეფან მაისტერი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის ხელმძღვანელი; ჯონ დიპირო, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენელი; ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და მომხსენებლები – თამარ ჟვანია, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე; გიორგი წერეთელი, „ევროპული საქართველოს“ წევრი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი; მამუკა ხაზარაძე, „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე; სალომე სამადაშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი; მისი აღმატებულება კელი დეგნანი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში; მისი აღმატებულება ჯასტინ მაკენზი სმიტი, გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში; ვიოლა ფონ კრამონი, ევროპარლამენტის წევრი, ევროპის მწვანეთა პარტია; კრისტიან ურსე, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში; თამარ ჩუგოშვილი, დამოუკიდებელი დეპუტატი; შოთა დიღმელაშვილი, მოძრაობა “სირცხვილიას” და “ფლანგვის დეტექტორის” თანადამფუძნებელი, ჟურნალისტი, Forbes-ის აღმასრულებელი რედაქტორი; მიხეილ ბენიძე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) წარმომადგენელი და თამარ კინწურაშვილი, მედიის განვითარების ფონდის (MDF) აღმასრულებელი დირექტორი.

წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს კონფერენციის თითოეული სესიის ფარგლებში გაკეთებული მოხსენებების მნიშვნელოვან აქცენტებსა და მიგნებებს.

, , , , , ,