თამარ ოგანოვი – მომავალ ლიდერთა სკოლა (ELS) 2020/2021-ის ბლოგების კონკურსში გამარჯვებული
დღეს ქალთა უფლებების დაცვა და გენდერული თანასწორობისკენ სწრაფვა თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი გამოწვევაა. ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიის ერთ-ერთი საზომი სწორედ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობა და მათი უფლებების დაცვის ხარისხია.
მიუხედავად ქალთა უფლებადამცველების დაუღალავი შრომისა, კიდევ უამრავი გამოწვევა რჩება ქალთა უფლებების დაცვის კუთხით. ბლოგში მიმოხილულია ქალთა უფლებრივი მდგომარეობა ქართულ პოლიტიკაში, კერძოდ, ამ მიმართულებით არსებული მიღწევები და გამოწვევები.
როდესაც პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობაზე ვსაუბრობთ, უნდა დავსვათ კითხვები, რატომ არის მნიშვნელოვანი ქალების ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში? რამდენად იციან კაცმა პოლიტიკოსებმა, რა სჭირდებათ ქალებს?
ქალების პოლიტიკაში მონაწილეობის მნიშვნელობა
პატრიარქალური სისტემისათვის დამახასიათებელი იერარქია მოქმედებს პოლიტიკაშიც და სწორედ ის განაპირობებს ქალთა მიმართ უთანასწორობას პოლიტიკურ პარტიებში. თვალსაჩინოა შრომის გენდერული დაყოფა, ქალების მიერ შედარებით დაბალანაზღაურებადი საქმიანობის შესრულება, ქალთა რეპროდუქციული ფუნქცია, როგორც ბარიერი დაწინაურებისთვის, შიდაპარტიული დემოკრატიის არარსებობა და სხვა. გარდა ამისა, საყურადღებოა პოლიტიკოსი ქალების სექსუალობის და სხეულის კონტროლი, პირადი ცხოვრება, როგორც კონტროლის იარაღი, რაც განსაკუთრებით აქტიურ პოლიტიკოს ქალებზე ზემოქმედებისთვის გამოიყენება. აღნიშნულზე საუბრობს სახალხო დამცველი 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში. თვალშისაცემია ქალების მიმართ პროტექციონისტული დამოკიდებულება, ფსევდომზრუნველობა. კაცი პოლიტიკოსების მხრიდან პოლიტიკა აღქმულია, როგორც პირადი სივრცე, რომელშიც ქალების მონაწილეობა მათ გადაწყვეტილებაზე ან კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
ქალების წარმომადგენლობამ პარლამენტში ე. წ. კრიტიკულ მასას (დაახლ. 30%) უნდა მიაღწიოს, რათა პოლიტიკაში ქალებისათვის მორგებული გარემო შეიქმნას. გარდა ამისა, უახლესი ისტორია აჩვენებს, რომ პარლამენტში, რომელიც, როგორც წესი, კაცი პოლიტიკოსებით არის დაკომპლექტებული, ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების სურვილი არ გამოიკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო სივრცეში დღეს უკვე არსებობს როგორც სექსუალური შევიწროების ცნება, ისე გენდერული კვოტები, მნიშვნელოვანია ამ ცვლილების წინა პერიოდის ანალიზი. სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტი და გენდერული კვოტები დიდხანს იყო მსჯელობის საგანი. საწყის ეტაპზე ვერცერთმა კანონპროექტმა ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ დააგროვა. საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო ქალთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა თუ ქალების ჩართულობისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში, აქტივისტი და უფლებადამცველი ქალების ხანგრძლივი და რთული ბრძოლის შედეგად აისახა საკანონმდებლო ცვლილებებში: საარჩევნო კოდექსში, რომელიც ითვალისწინებს სავალდებულო გენდერულ კვოტებს, კანონში დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, რომელშიც გაჩნდა სექსუალური შევიწროების რეგულირება, რასაც, წლებია, ითხოვდნენ ქალთა უფლებადამცველები. თუმცა დღემდე მოუწესრიგებელია დეკრეტული შვებულების ანაზღაურების საკითხი შრომის კოდექსში, ასევე – სხვა საკითხები.
აქვე, მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ქალებს აქვთ განსხვავებული გამოცდილება და ხედვა რიგი საკითხების მიმართ მათი გენდერული როლებიდან გამომდინარე. ქალებისთვის უფრო ხილვადია მარტოხელა მშობლების პრობლემები, ესმით ქალთა ეკონომიკური გაძლიერების აუცილებლობა, სახელმწიფოს მხრიდან ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის მნიშვნელობა, საბავშვო ბაღების და ბავშვთა მოვლის სერვისების მისაწვდომობა, ძირითადი სოციალური ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა სოფლად მცხოვრები ქალებისთვის და სხვა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საკითხს გენდერული განზომილება აქვს, რაც აუცილებლად უნდა აისახოს, როგორც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის დროს, ასევე – საკანონმდებლო საქმიანობაზე.
გენდერული კვოტები და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
პოლიტიკურ პროცესებში ქალთა მონაწილეობაზე საუბრისას აუცილებელია იმ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილების განხილვა, რომელიც საარჩევნო კოდექსში შევიდა. ეს ცვლილება შეეხება სავალდებულო გენდერულ კვოტებს და უზრუნველყოფს პარლამენტში ქალთა 20%-იან წარმომადგენლობას. აქვე მნიშვნელოვანია იმ არგუმენტების განხილვა, რომლებზე დაყრდნობითაც საზოგადოების ნაწილი ეწინააღმდეგებოდა ამ საკანონმდებლო ცვლილებას და მიუთითებდა, რომ გენდერული კვოტების მიღება არის ხელოვნური ჩარევა პოლიტიკურ პროცესში და მიზნად ისახავს სქესის ნიშნით ქალებისთვის უპირატესობის მინიჭებას, ეს კი ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს. ამ არგუმენტის საპასუხოდ, პირველ რიგში განსახილველია კონსტიტუციის მე-11 მუხლი.
როგორც ცნობილია, 2018 წელს ძალაში შევიდა კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც მიზნად ისახავს ფაქტობრივი თანასწორობიდან არსებით თანასწორობაზე გადასვლას. ეს გულისხმობს არამხოლოდ საკანონმდებლო დონეზე გენდერული თანასწორობის პრინციპების აღიარებას და ყველა სფეროში ქალებისა და კაცებისთვის თანაბარი უფლებებით სარგებლობის ფორმალური გარანტიების შექმნას, არამედ უფრო ფართო კონტექსტის შეფასებას, სტატისტიკურ მონაცემებსა და პრაქტიკაზე დაფუძნებულ ანალიზს.
კანონის მიღმა არსებულ უთანასწორობაზე მნიშვნელოვან განმარტებებს აკეთებს საკონსტიტუციო სასამართლო. ერთი მხრივ, გადაწყვეტილებაში განხილულია კონსტიტუციის მე-11 მუხლი როგორც ნორმა, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნის მიხედვით, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება მიუთითებს თანასწორობის პრინციპზე, როგორც ერთ-ერთ ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპზე. სამოტივაციო ნაწილში განმარტებულია, რომ კონსტიტუციური ნორმა-პრინციპის მიზანი არ არის ყველასთვის ავტომატურად თანაბარი პირობების შექმნა.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სამართალი მოქმედებს კონკრეტულ საზოგადოებაში, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ საზოგადოების თავისებურებების გათვალისწინება. შესაძლოა არსებობდეს ე. წ. გენდერულად ნეიტრალური სამართლებრივი ბაზა, თუმცა პრაქტიკაში არსებული ხელოვნური ბარიერების გამო კონკრეტული ჯგუფები ვერ ახდენდნენ საკუთარი შესაძლებლობების სხვებთან თანასწორად რეალიზებას. სწორედ სამართლის მიღმა არსებული უთანასწორობის წინააღმდეგ და შესაძლებლობების გათანაბრებისკენ არის მიმართული კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი და არა შედეგების ხელოვნური გათანაბრებისკენ.
სქესთა შორის უთანასწორობის უკეთ წარმოსაჩენად გადაწყვეტილებაში საუბარია იმ შემთხვევებზე, რომლებიც ქალებსა და გოგოებზე არაპროპორციულად ნეგატიურ გავლენას ახდენს, მაგალითად ოჯახში ძალადობა, ადრეულ ასაკში (ბავშვთა) ქორწინება და სხვა. მართალია, ფორმალურად, საკანონმდებლო დონეზე გარანტირებულია კანონის წინაშე თანასწორობა, მაგრამ პრაქტიკაში ქალების და კაცების საწყისი პირობები განსხვავებულია. ისტორიულად ჩამოყალიბებული სტრუქტურული უთანასწორობიდან გამომდინარე, კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტმა სახელმწიფოს დააკისრა ვალდებულება, შექმნას დამატებითი გარანტიები სქესთა შორის თანასწორობის მისაღწევად. გარდა ამისა, ფინანსური წახალისების მექანიზმი სასამართლომ შეაფასა, როგორც არაეფექტიანი, ვინაიდან ეს მექანიზმი არის ნებაყოფლობითი, რომლითაც, ძირითადად, არ სარგებლობენ პოლიტიკური პარტიები. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე კი, საკონსტიტუციო სასამართლო ამბობს, რომ სპეციალური, დროებითი ღონისძიება გენდერული კვოტების სახით, არათუ ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს, არამედ, პირიქით, გამომდინარეობს კიდევაც ამ პრინციპიდან.
გენდერული კვოტების მოწინააღმდეგეთა არგუმენტები
კვოტირების კანონპროექტის მიღებამდე საზოგადოებაში იყო გავრცელებული აზრი, რომ კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში პარლამენტი არაკომპეტენტური ქალებით დაკომპლექტდებოდა. დაუსაბუთებლად, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, ქალების არაკომპეტენტურებად შეფასება ცხადია, არასწორია, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც არ ყოფილა კვოტირების შედეგების გაზომვის ან შეფასების შესაძლებლობა. აღნიშნული არგუმენტიც ნასაზრდოებია ქალების მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულებით.
გენდერული კვოტების მოწინააღმდეგეთა არგუმენტს ასევე წარმოადგენდა ამომრჩევლის მიერ უპირატესობის მინიჭება კაცი კანდიდატებისთვის. თუმცა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ერთობლივი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, მეტი ქალის ჩართულობა პოლიტიკაში ქვეყანას სიკეთეს მოუტანს(1), იმავეზე მიუთითებს NDI-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევა(2) გენდერულ კვოტებთან დაკავშირებით, რომელიც 2019 წლის ივლისში ჩატარდა, ჯამში გამოკითხულთა 65% მხარს უჭერდა სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღებას.
უთანასწორობა
როდესაც ვსაუბრობთ ქალთა მონაწილეობაზე პოლიტიკაში, ცალსახად დადებითად უნდა შევაფასოთ საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები და სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღება. აქვე აღსანიშნავია, რომ ხშირად ყურადღება არ ექცევა ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა უთანასწორობა ქალებს შორის. ერთი მხრივ, არის წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც იძლევა საშუალებას პარლამენტის წევრთა არანაკლებ 20% იყოს ქალი (ეს არ არის წარსულში ინიცირებული კანონპროექტების საუკეთესო ვარიანტი, თუმცა პროგრესს ხაზი უნდა გაესვას) და, მეორე მხრივ, ამ შედეგით ვერ სარგებლობს ქალების დიდი ნაწილი, მაგალითად, მარტოხელა დედები, შშმ ქალები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები, სოფლად მცხოვრები ქალები და ა. შ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქალების პოლიტიკაში ჩართულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბარიერი არის ფინანსებზე მიუწვდომლობა, რაც გამოწვეულია სტრუქტურული უთანასწორობით. აქ გადამწყვეტია სახელმწიფოს როლი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით, ყველა ქალისთვის მეტ-ნაკლებად თანაბარი საწყისი პირობების შესაქმნელად. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, დავინახოთ იმ ქალების საჭიროებები, რომელთა ხმა ქართულ პოლიტიკაში ჯერ კიდევ არ ისმის.
ქალები შეადგენენ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტს, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, მათ აქვთ უფლება პროპორციულად იყვნენ წარმოდგენილები პოლიტიკაში, მოახდინონ ზეგავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, რაც პარლამენტში ქალთა ე. წ. კრიტიკული მასის არსებობის გარეშე შეუძლებელი იქნება. ქალების რაოდენობის გაზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანი იქნება ცნობიერების ტრანსფორმაცია იმისათვის, რომ ქალი პოლიტიკოსების მიმართ არსებული დისკრიმინაციული დამოკიდებულებები შეიცვალოს, აღმოიფხვრას აქტიური პოლიტიკოსი ქალების პირადი ცხოვრებით კონტროლის მანკიერი პრაქტიკა. ორივე სქესის თანაბრად წარმოდგენა პოლიტიკაში გაზრდის ქვეყნის დემოკრატიის ხარისხს, ქალთა გამოცდილებისა და ცოდნის რეპრეზენტაცია პოლიტიკური პროცესების წარმართვისას მნიშვნელოვანი იქნება, – ხელს შეუწყობს საქართველოში გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას. „მეტი ქალი პოლიტიკაში“ ნიშნავს ქალთა საჭიროებების გააქტიურებას პოლიტიკის დღის წესრიგში.