28 ივნისს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა დახურულ კარს მიღმა დისკუსია თემაზე “საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ: რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები?”
ღონისძიების ფარგლებში ქართული ანალიტიკური და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან ერთად იმსჯელეს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ-მინიჭებასთან დაკავშირებით და დისკუსიის ფარგლებში უპასუხეს შემდეგ შეკითხვებს:
- როგორ შეიძლება შეფასდეს ევროკავშირის სამიტის შედეგები და მისი გავლენა საქართველოს შემდგომ ევროპეიზაციაზე?
- რა შეიძლება იყოს საუკეთესო სტრატეგია ევროკავშირის გადაწყვეტილების ფართო საზოგადოებისთვის მისაწოდებლად, როგორც ცვლილებებისკენ, ასევე პროცესის მოტივაციისა და საზოგადოების მხარდაჭერის შესანარჩუნებლად?
- რა შეიძლება იყოს შემდეგი წინგადადგმული ნაბიჯები საქართველოსა და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის დასაახლოებლად?
დახურულ კარს მიღმა დისკუსიას მოდერაცია გაუწია “ევროპის ფონდის” დირექტორმა, ქეთევან ვაშაკიძემ. Შეხვედრა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულება, ბ-ნმა დიეგო კოლასმა და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფ. კორნელი კაკაჩიამ გახსნეს.
Შეხვედრის განმავლობაში სიტყვით გამოვიდნენ მომხსენებლები: რენატა სკარჯუტე-კერესელიძე (საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი); თამარ ხულორდავა (ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტი); შოთა დიღმელაშვილი (მოძრაობა “სირცხვილია”); ივანე ჩხიკვაძე (ღია საზოგადოების ფონდი); ნიკა სიმონიშვილი (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია);
დოქტ. ეკა აკობია (მმართველობის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი); და მარიამ გოგოსაშვილი (საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია).
Სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ ქვეყნის მთავრობა არ თანამშრომლობს სამოქალაქო სექტორთან ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულების მიზნით. Სამოქალაქო სექტორი პესიმისტურად უყურებს იმის შესაძლებლობას, რომ ხელისუფლებაში გაჩნდება პოლიტიკური ნეტა არსებული სიტუაციის გამოსასწორებლად.
თავის მხრივ, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს შექმილი კრიზისული ვითარებიდან რეალური პროცესის დაწყების რამდენიმე სცენარი, მაგალითად, მოძრაობა “სირცხვილიას” ინიციატივა დროებითი ტექნიკური მთავრობის შექმნაზე. შეხვედრაზე, ასევე, ხაზი გაესვა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის მნიშვნელობას და მნიშვნელოვანი წინსვლის აუცილებლობას მომდევნო 6 თვის განმავლობაში.
ღონისძიება ჩატარდა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტ „საქართველოს ევროპეიზაცია: 2020 წლის შემდგომი პროგრესის შეფასება“ ფარგლებში.