ავტორი
შტეფან მაისტერი
შტეფან მაისტერი, გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭო (DGAP)
საქართველოს დედაქალაქ თბილისში ორი ღამის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შემდეგ, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ გაიწვევს კანონპროექტს „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების“ შესახებ, რომელიც შემუშავებულია საქართველოს ორგანიზებული სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაციის მიზნით. ხსენებული გადაწყვეტილება იყო თბილისის ქუჩებში გამართული მასობრივი დემონსტრაციების – რომლების დიდ ნაწილსაც ქართველი ახალგაზრდობა შეადგენდა – და ევროკავშირისა და აშშ-ს მხრიდან გარე ზეწოლის ერთობლივი შედეგი. მიუხედავად ამისა, ეს გადაწყვეტილება ნაწილობრივი გამარჯვებაა, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, დამოუკიდებელი მედიისა ან რომელიმე მათგანის უცხოური დაფინანსებისთვის ძირის გამოთხრა. ეს კანონი, ქართულ პოლიტიკაში მზარდი ავტორიტარიზმის, ასევე ევროკავშირის მხრიდან ევროინტეგრაციის ინტერესის არმქონე მთავრობასთან წარუმატებელი ურთიერთობის ფართო კონტექსტში უნდა იქნეს განხილული.
ხელისუფლების შენარჩუნების შემაფერხებელი ბარიერების თავიდან მოშორება
2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველო გახდა ევროკავშირისა და აშშ-ს მთავარი პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში და სრულიად პოსტსაბჭოთა სივრცეში. მიუხედავად მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალი ნაკლოვანებისა და მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში მზარდი ავტორიტარული ტენდენციებისა, მან წარმატებით გაატარა რეფორმები, ებრძოდა კორუფციას და მოახდინა ქვეყნის მოდერნიზება. საქართველოს გზა ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციისაკენ წარმოადგენდა ძირითად პოლიტიკურ ნარატივს, რომელმაც, სამოქალაქო ომისა და სუსტი მმართველობის წლების შემდეგ, ქვეყანას კონკრეტული მიზანი მოუტანა. მაშინ, როდესაც საქართველო რეფორმების კურსს მისდევდა, ევროკავშირმა მას წევრობის პერსპექტივა ვერ შესთავაზა და ამის გამოსწორებას ახლა (უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ფონზე) ცდილობს, როცა საქართველოს მთავრობა ავტორიტარიზმისკენ მიიწევს. ამჟამინდელმა მმართველმა ძალამ, „ქართულმა ოცნებამ“ მეოთხე ვადის გარანტირების მიზნით, ნებისმიერი კონკურენციის ან კრიტიკის თავიდან მოშორების გადაწყვეტილება მიიღო. დაჩქარებულად მიღებული კანონი უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ წარმოდგენს მხოლოდ ერთ, მაგრამ სანიშანსვეტო ეტაპს ავტორიტარული სახელმწიფოსკენ მიმავალ გზაზე. მმართველი პარტია წინააღმდეგობას აწყდება არა მხოლოდ გაყოფილი მთავარი ოპოზიციური პარტიისგან (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა), არამედ საქართველოს პროევროპული სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისგანაც. ორივე მათგანი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ, როგორც ავტორიტარული ტენდენციების წინააღმდეგ სადარაჯოზე მდგომი აქტორებს და ასრულებენ დასავლელ პარტნიორებთან კრიტიკულად მნიშვნელოვანი მაკავშირებელი რგოლის ფუნქციას.
ამჟამინდელი ხელისუფლება წლების განმავლობაში ცდილობდა ძირი გამოეთხარა ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის, მოეხდინა მათი დისკრედიტაცია და საფრთხე შეექმნა მათთვის. 2021 წლის 5 ივლისს, თბილისში მემარჯვენე ჯგუფების ძალადობა „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ წარმოადგენდა საკვანძო მომენტს მმართველი პარტიის, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა და მემარჯვენე ჯგუფების თანამშრომლობის მხრივ. „ქართული ოცნებისთვის“ ეს წარმოადგენდა მნიშვნელოვან საცდელ პლატფორმას დასავლელი პარტნიორების რეაქციის მოსასინჯად, რომლებმაც, ვერ მოახდინეს საკმარისად ძლიერი რეაგირება, რათა შეეჩერებინათ საქართველოს სვლა ავტორიტარიზმისკენ. მთავარი მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოებისთვის დამუქრება და საზოგადოების პროგრესულ ნაწილსა და ტრადიციულ, აპოლიტიკურ ნაწილს შორის არსებული უფსკრულის გაღრმავება. უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ, რომელიც ამჟამად განიხილება, მთავრობას და მმართველ პარტიას სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციის, დაჯარიმებისა და ნგრევის სამართლებრივ ინსტრუმენტს მოუტანს. „უცხო ქვეყნის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიზანია უცხო ქვეყნის აგენტად მოიხსენიოს ყველა არაკომერციულ ორგანიზაცია, რომელიც დაფინანსების მინიმუმ 20 პროცენტს საზღვარგარეთიდან იღებს. კანონით გავრცელდება დემოკრატიის, არჩევნების, ანტიკორუფციული და კანონის უზენაესობის სადარაჯოზე მდგომი არასამთავრობო ორგანიზაციების მთელ სპექტრზე, ასევე დამოუკიდებელი მედიაზეც. ამ ტიპის ორგანიზაციების უმრავლესობისთვის არ არსებობს გარე დამფინანსებლების შიდა ალტერნატივა. ეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს დაუცველს გახდის სახელმწიფოსთან და აწ უკვე ქართული ოცნების კონტროლქვეშ არსებულ სასამართლო სისტემასთან მიმართებით. გარდა ამისა, ეს დააზიანებს ორგანიზაციების სანდოობას საზოგადოების თვალში და გადაუჭრის მათთვის საჭირო დაფინანსების არხებს, რაც გამოიწვევს ორგანიზებული სამოქალაქო საზოგადოების მოსპობას. არგუმენტები, რომ ეს ეხება გამჭვირვალობას და კანონი არის მარტოოდენ აშშ-ში მოქმედი კანონის ასლი, ნამდვილი მიზნებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება. აშშ-ში 1930-იანი წლებში მიღებული კანონი კონცენტრირდება პოლიტიკურ ლობირებაზე, ხოლო ქართული კანონი ეხება ქვეყანაში არსებულ სამოქალაქო საზოგადოებას.
ევროინტეგრაციის მხარდაჭერისთვის ძირის გამოთხრა
ეს კანონი დანახული უნდა იქნას იმ კონტექსტში, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია საქართველო ჩამოაშოროს ჩრდილოატლანტიკურ და განსაკუთრებით, ევროპული ინტეგრაციის კურსს. თუ საქართველო მართლაც შეასრულებს კანდიდატის სტატუსის კრიტერიუმებს, მაასტრიხტის ხელშეკრულების თანახმად, საჭირო იქნება რეფორმები ისეთ სფეროებში, როგორიცაა გამჭვირვალობა, პოლიტიკური კონკურენცია, დამოუკიდებელი მედია და სასამართლო სისტემა, ისევე როგორც კანონის უზენაესობა. ყველა ეს რეფორმა აზიანებს მთავრობის მთავარ მიზნებს: ხელისუფლების შენარჩუნებას, ეკონომიკის საუკეთესო მიმართულებების და ქვეყნის ბუნებრივი რესურსების მოკავშირეებს შორის განაწილებას და პოლიტიკური კონკურენციის დასრულების წინაპირობის სახით, ავტორიტარული მმართველობის შემოღებას. საქმე ეხება მმართველი პარტიის და პირველ რიგში, მისი მფარველის, ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლებას და უსაფრთხოებას. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არ შედის მმართველი ელიტის ინტერესებში. ვინაიდან, საზოგადოების საყოველთაო უმრავლესობა ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრეა, (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ 2022 წლის მიწურულს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 85% მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას), მთავრობა პირდაპირ ვერ დაუპირისპირდება ამ კურსს. თუმცა, ის სისტემატურად ცდილობს ევროინტეგრაციის წამყვანი დამცველის, ორგანიზებული სამოქალაქო საზოგადოების სანდოობის შერყევას. ამავდროულად, საქართველოს დასავლელი პარტნიორების დისკრედიტაციისთვის ხელისუფლება იყენებს რუსეთის ომს უკრაინაში. დეზინფორმაციული კამპანია, რომ დასავლეთს სურს საქართველოს ომში ჩათრევა, არცთუ შორეულ წარსულში არსებული შიშებით მანიპულირებს.
საბოლოო ჯამში, მმართველ პარტიას სურს ძირი გამოუთხაროს ქართული საზოგადოების პროევროპულ ორიენტაციას, მოახდინოს დასავლეთის დისკრედიტაცია და იმდენად შეარყიოს ევროკავშირის ინსტიტუტების და წევრი ქვეყნების სანდოობა, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მოეხსნას. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას სურს ვინმემ დაადანაშაულოს გაწევრიანების პერსპექტივის დაკარგვაში და მის ნაცვლად ეს ევროკავშირს უნდა დაბრალდეს. გაწევრიანების პერსპექტივის დაკარგვის შედეგად გამოწვეული საზოგადოების დეზორიენტაცია საქართველოს ხელისუფლებას გაუადვილებს საზოგადოების მანიპულირებას და რუსეთთან დაახლოების შემდგომ ნაბიჯებს, რაც შეიძლება ეკონომიკურად მომგებიანიც იყოს ზოგიერთი ქართველი აქტორისთვის.
რა რეაქცია ექნება ევროკავშირს?
კანონი უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნებისთვის არის იმის მაჩვენებელი ლაკმუსის ტესტი, თუ რამდენად სერიოზულად უყურებენ ისინი თავიანთ სამეზობლოს, რუსული აგრესიისა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ძალთა ბალანსის და უსაფრთხოების გარემოს შეცვლის ფონზე. ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირის ტრანსფორმაციული და ნორმატიული პოლიტიკის წარმატებას მის სამეზობლოში. საქართველო 15 წელზე მეტია არის თავისუფალი და ღია სივრცე მათთვის, ვინც არ ეთანხმება ავტორიტარულ მმართველობას. ის თავშესაფრით უზრუნველყოფს ბევრ რუსს, რომლებიც არ ეთანხმებიან პუტინის შეჭრას უკრაინაში და რჩება მოლაპარაკებების ძირითად პლატფორმად სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის, რომლებიც მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ მშვიდობის დამყარებას ცდილობენ. მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო იყო წარმატებული რეფორმებისა და კორუფციასთან ბრძოლის მაგალითი. ამიტომ, გაუგებარია, რატომ ჰქონდათ ევროკავშირს და მისი წევრ ქვეყნებს ასეთი რბილი რეაქცია საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელიც ევროკავშირს მისივე ინსტრუმენტების გამოყენებით უწყობს ოინებს. მაშინ, როცა ევროკავშირის წლიური ანგარიში საქართველოს წარმოაჩენს, როგორც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გატარებული რეფორმების ტექნიკურად კარგ შემსრულებელს, მაგრამ სინამდვილეში ეს მთავრობა სისტემატურად უთხრის ძირს კანონის უზენაესობას, არღვევს ძალთა ბალანსს, ზიანს აყენებს დამოუკიდებელ მედიას და არღვევს ევროკავშირის ნორმებს და სტანდარტებს.
როდესაც ევროკავშირმა წარმოადგინა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო 12 პუნქტი, დეოლიგარქიზაციისა და დეპოლარიზაციის შესახებ მოთხოვნებმა ინტერპრეტაციისა და მანიპულაციისთვის სივრცე წარმოშვა. ეს ტერმინები იმდენად ბუნდოვანია, რომ ნებისმიერ მხარეს შეუძლია მათი ინტერპრეტაცია თავიანთი ინტერესების შესაბამისად. პოლარიზაცია ქართული პოლიტიკური სისტემის მთავარი მახასიათებელია. ყველა ძირითადი აქტორი იყენებს პოლარიზაციას ამომრჩევლის მობილიზებისთვის. როგორ მივაღწიოთ წინსვლას იქ, სადაც პოლარიზაცია პოლიტიკური კულტურის ნაწილია? იგივე ითქმის დეოლიგარქიზაციაზეც. როგორ გავზომოთ წინსვლა ისეთ სფეროებში, რომლებიც კრიტერიუმებით მკაფიოდ არ არის განსაზღვრული? ამიტომ, კანდიდატის სტატუსისთვის ევროკავშირმა უნდა განსაზღვროს მკაფიო, გაზომვადი პირობები. წევრი ქვეყნები, მათ შორის გერმანია, საკმარისად მკაფიო არ იყვნენ საქართველოს მთავრობის მიმართ განცხადებებში. საჭიროა ნათელი გზავნილი იმის შესახებ, თუ რა კეთდება არასწორად საქართველოში და რატომ აღარ დგას ეს ხელისუფლება პროევროპულ გზაზე. არასათანადო ქცევის საპასუხოდ საჭიროა მკვეთრი შედეგები, სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ფინანსური მხარდაჭერის შემცირების სახით და იმ პირების აქტივებისა და მოგზაურობის შესაძლებლობის სანქცირების სახითაც კი, ვისაც პარლამენტში ანტიდემოკრატიული კანონებს შეაქვს ან მხარს უჭერს მათ. და ბოლოს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ევროკავშირის დელეგაციასა და აშშ-ს ელჩსა და მთავრობას შორის კომუნიკაცია უკეთ უნდა იყოს კოორდინირებული. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და ინსტიტუტებმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ საქართველოს პროევროპულ კურსზე და აწარმოონ მეტი პოლიტიკური კომუნიკაცია, თუკი ეს ქართველი საზოგადოების სურვილიც იქნება. ამაში გადამწყვეტ როლს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება თამაშობს.
საქართველოს ყოველთვის უნდა ჰქონოდა წევრობის პერსპექტივა, რადგან ის ევროპული ქვეყანაა. მაგრამ სანამ მთავრობა ამისთვის მზად არ არის, ბრიუსელმა უნდა გაარკვიოს, რატომ არის ეს პროცესი შეჩერებული. თუ ევროკავშირი ამას არ გაარკვევს, ამასობაში რუსეთმა შეიძლება წააგოს ომი უკრაინაში, მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ გაიმარჯვოს, ან შეინარჩუნოს თავისი გავლენა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში თავისი მმართველობის მაგალითის მეშვეობით.
შტეფან მაისტერი – გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭო (DGAP)