ინტერპარტიულმა საბჭომ 2024 წელი პირველი კვარტალური შეხვედრით გახსნა, რომელიც 6 მარტს გაიმართა. შეხვედრას ფასილიტაცია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა გაუწია.
ინტერპარტიული საბჭო რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდა და ქალ პოლიტიკოსებს აერთიანებს და პარტიათაშორისი თანამშრომლობის ახალი ფორმატის ხელშეწყობასა და კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური კულტურის განვითარებას ისახავს მიზნად. საბჭო ორი სამუშაო კომიტეტისგან შედგება, რომელშიც, შესაბამისად, ახალგაზრდა პოლიტიკოსები და ქალი პოლიტიკოსები არიან წარმოდგენილი. 2024 წლის პირველ კვარტალურ შეხვედრაზე სწორედ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ახალგაზრდა ლიდერები და ქალი პოლიტიკოსები შეიკრიბნენ და მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმაზე ერთობლივად იმსჯელეს.
დისკუსიის დაწყებამდე ინტერპარტიული საბჭოს ახალმა წევრებმა თავი წარადგინეს და კოლეგებს თავიანთ ხედვებზეც ისაუბრეს. ინტერპარტიული საბჭოს ახალგაზრდა და ქალ პოლიტიკოსთა კომიტეტებმა ბოლო აქტივობების შეაჯამების შემდეგ, ახალ იდეებზე იმსჯელეს და მათთვის საჭირო რესურსების მობილიზებაზე გაამახვილეს ყურადღება. ინტერპარტიული საბჭოს წევრებმა ერთობლივად განიხილეს მათ პოლიტიკურ საქმიანობაში არსებული გამოწვევები და საბჭოს ფორმატში აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
ინტერპარტიული საბჭოს ახალგაზრდა და ქალ პოლიტიკოსთა კომიტეტები ჩამოყალიბდა პროექტის „საქართველოში პოლიტიკური კულტურის გაძლიერება ინკლუზიური პარტიული პოლიტიკის გზით“ ფარგლებში. პროექტი ორ წელზე მეტია, ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ, საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს მხარდაჭერით.