საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა 10 აპრილს მოაწყო ვირტუალური საჯარო დისკუსია სახელწოდებით – „გამჭვირვალობა, როგორც ინსტრუმენტი დემოკრატიის წინააღმდეგ: „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონი საქართველოში.“ დისკუსია ძირითადად ეხებოდა საქართველოს საშინაო პოლიტიკას და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოური აგენტების“ კანონის ხელახლა ინიცირებას. ეს კანონი ადრე უარყოფილი იყო საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ.
კანონით განსაზღვრული რეგულაციები მკაცრად შეზღუდავს დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებს, რაც გავლენას მოახდენს საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტზე. ეს ყველაფერი კი ხდება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე. შემოთავაზებული კანონპროექტის ნარატივი ასევე მიანიშნებს მის განზრახვებზე, რომლებიც მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ. მმართველი პარტიის განცხადებით, სამოქალაქო საზოგადოების აქტორებს შორის გამჭვირვალობის ნაკლებობა წარმოადგენს ერთ-ერთ „ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის“.
საზოგადოებისა და საერთაშორისო გამოხმაურების მიუხედავად კანონპროექტის განხილვა კვლავ გრძელდება . სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ევროპარლამენტარების ერთობლივი განცხადების თანახმად, „კანონი „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან, დემოკრატიულ პრინციპებთან და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს.”
შეხვედრის ფარგლებში პასუხი გაეცა შემდეგ კითხვებს:
- რას ამბობს ამ მეტად სადავო კანონპროექტის ხელახალი ინიცირება საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტზე? რას ნიშნავს ეს დამოუკიდებელი მედიისთვის?
- მიუხედავად ევროკავშირის ინსტიტუტების მკაფიო უარყოფითი დამოკიდებულებების, კანონის ხელახლა ინიცირება მოხდა „ევროპეიზაციის“ სახელით. რა გავლენას მოახდენს მმართველი პარტიის ეს ინიციატივა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე?
- კანონპროექტი „უცხოური აგენტების შესახებ“ წარმოადგენს ქეისს დასავლეთის რეაგირების შეფასებისთვის. რა ინსტრუმენტები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებს დღევანდელ კონტექსტში ქართული დემოკრატიის მხარდასაჭერად? რა არის მისი შეზღუდვები?
- არის თუ არა მიმსგავსებული სხვა ქვეყნის კანონმდებლობასთან, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი, რომელიც ქართული ოცნების თქმით, შეიქმნა სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით?
შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე რენატა სკარჯუტე-კერესელიძე. ღონისძიებაზე თავიანთი შეხედულებები გაგვიზიარეს ექსპერტებმა: სონია შიფერსი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასია; ჰანს გუტბროდი, Transparify, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლება და თომას დე ვაალი, Carnegie Europe.