28/06/2024 GIP

KAS-GIP საგარეო პოლიტიკის საუბრები- სამხრეთ კავკასიის რეგიონული დინამიკა

2024 წლის 20 ივნისს თბილისში, KAS-GIP საგარეო პოლიტიკის საუბრების ფარგლებში  გაიმართა მრგვალი მაგიდის დისკუსია თემაზე “სამხრეთ კავკასიის რეგიონული თანამშრომლობა და საგარეო  პოლიტიკური გამოწვევები.”

ბოლოდროინდელმა ომმა მთიანი ყარაბაღის გამო მნიშვნელოვნად შეცვალა გეოპოლიტიკური რელიეფი, რამაც გამოიწვია ფართო დებატები სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამომავლო პერსპექტივების შესახებ. არასტაბილური, ცვალებადი ფონის მიუხედავად, პირველად ბოლო წლების განმავლობაში, დისკურსი რეგიონული თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ დაბრუნდა საჯარო დღის წესრიგში.

გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა და ექსპერტთა საზოგადოებამ საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან აღიარეს შესაძლებლობები და რისკები, რომლებიც დაკავშირებულია რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებთან. ცოტა ხნის წინ საქართველომ ხელი მოაწერა სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმს სომხეთთან, გააძლიერა ორმხრივი შეხვედრები სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან და თბილისში უმასპინძლა ბაქო-ერევნის მოლაპარაკებებს. თუმცა, შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა და გარე ზეწოლა კვლავაც წარმოადგენს მნიშვნელოვან დაბრკოლებას თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

სამხრეთ კავკასიაში რეგიონული ინტეგრაციის იდეა დროთა განმავლობაში აპრობირებული მეთოდებითა და შეზღუდული წარმატებით ხორციელდებოდა. XX საუკუნის დასაწყისის ამიერკავკასიის ფედერაციის საბჭოთა ინტეგრაციის პროცესებიდან დაწყებული, 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან მოყოლებული „კავკასიის ბენილუქსის“ მოდელამდე, ინტეგრაციული პროექტები ძირითადად ხანმოკლე იყო. თუმცა, საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიული და კულტურული კავშირები მყარ საფუძველს იძლევა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. საერთო გეოპოლიტიკურ გამოწვევების პარალელურად, რომელზეც გავლენას ახდენს სხვადასხვა საერთაშორისო აქტორები და ასევე, რუსეთის რეგიონული ინტერესები,  სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალი იმედისმომცემია. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გრძელვადიანმა სამშვიდობო შეთანხმებამ შესაძლოა მართლაც გაუხსნას გზა ახალ შესაძლებლობებს რეგიონული თანამშრომლობისა და სტაბილურობისთვის. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ყველა ჩართულმა მხარემ რეგიონის სრული პოტენციალის გამოსავლენად მდგრადი მშვიდობისა და კონსტრუქციული დიალოგისთვის იმუშაოს. თუ აზერბაიჯანი და სომხეთი მიაღწევენ გრძელვადიან სამშვიდობო შეთანხმებას, ამან შეიძლება ახალი შესაძლებლობები გახსნას რეგიონული თანამშრომლობისთვის. ევროკავშირის განახლებულმა ინტერესმა სამხრეთ კავკასიის მიმართ ასევე აჩვენა ძალისხმევა ინიციატივების მხარდაჭერისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობენ რეგიონთაშორის ინტეგრაციას, მათ შორის დაგეგმილ ინვესტიციებს სექტორულ თანამშრომლობასა და დაკავშირების პროექტებში. თუმცა, ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე მოვლენები მიანიშნებს დემოკრატიულ უკუსვლასა და  ევროკავშირში ინტეგრაციის სერიოზულ რეგრესზე, რამაც შესაძლოა რეგიონში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. განსხვავებული პოზიციები საერთაშორისო ფორმატებში, მათ შორის 3+3 ფორმატში თანამშრომლობისას, ასევე მიუთითებს სამხრეთ კავკასიის, როგორც პოლიტიკური რეგიონის დაუცველობაზე.

რჩება კითხვა, არის თუ არა საკმარისი გეოპოლიტიკური რეალობის შეცვლა და შიდა ზეწოლა რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის. მრგვალი მაგიდის დისკუსიამ, რომელმაც შეკრიბა ექსპერტები სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, განიხილა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ინფორმირებული დებატების არსებობის აუცილებლობა.

დისკუსია გახსნა სამხრეთ კავკასიაში კონრად-ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელმა სტეფან მალერიუსმა. დისკუსიის მოდერატორი იყო საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი კორნელი კაკაჩია.

სამხრეთ კავკასიის მომავლის შესახებ საჯარო დისკუსიის ფარგლებში, პროფესორმა ტრეისი ჯერმანმა წარადგინა თავისი ნაშრომი „სამხრეთ კავკასია: რეგიონული თანამშრომლობის განახლება თუ ავტორიტარული რეგიონალიზმის ხელშეწყობა?“

ასევე, პანელური დისკუსიის მონაწილეები იყვნენ ნაირა სულთანიანი, დემოკრატიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი; მურად ნასიბოვი, გიესენის იუსტუს-ლიბიგის უნივერსიტეტი; და სამოქალაქო საბჭო თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში  დამფუძნებელი და გამგეობის წევრი შორენა ლორთქიფანიძე.

 

, , , , , , , , , , , , , , , , ,