Author

08/07/2024 ნინო სამხარაძე

ქართული ფეხბურთი და საქართველოს ევროპული მომავალი: არსებობს თუ არა გამმიჯნავი ხაზები სპორტსა და პოლიტიკას შორის?

საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლამ და შემდეგ წარმატებულმა ასპარეზობამ მკაფიოდ დაადასტურა ფეხბურთის უზარმაზარი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მნიშვნელობა. ევრო 2024-ზე თავბრუდამხვევი ასპარეზობა ქართული საზოგადოების შთამბეჭდავი (თუმცა დროებითი) კონსოლიდაციის ძლიერ კატალიზატორად იქცა. საფეხბურთო ეიფორია ქვეყნისთვის განსაკუთრებით უნიკალურ პოლიტიკურ კონტექსტში წარმოიშვა.

საყოველთაო დაკვირვებით, საქართველო დგას გზაჯვარედინზე მოახლოებულ ავტოკრატიასა და დასავლურ დემოკრატიას შორის. საზოგადოება ემზადება ოქტომბრის არჩევნებისთვის, რომელიც, მიიჩნევა, რომ არის ერთგვარი რეფერენდუმი ქვეყნის მომავლის განსასაზღვრად. გასაკვირი არაა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ნაკრების გარშემო ხალხის არნახული მობილიზება მნიშვნელოვან საზოგადოებრივ კომპონენტებს მოიცავს. წარმოდგენილი ბლოგი არის მცდელობა, ვიმსჯელოთ, თუ რა პოლიტიკური და საზოგადოებრივი გავლენის მოხდენა შეუძლია ამ ფენომენს ქვეყნის ისტორიის ასეთ მნიშვნელოვან ეპიზოდში.

ქართული ფეხბურთი ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენის საქმეში

როდესაც საუბარია ფეხბურთის პოზიტიურ გავლენაზე საქართველოს ევროპული მომავლის გადარჩენაში, შეიძლება მინიმუმ ორი მსხვილი განზომილების დანახვა: ევროპასთან დაახლოების იდეა და პროევროპელი საფეხბურთო ავტორიტეტების სახალხო გმირებად ჩამოყალიბება.

  • – სად მივდივართ? ევროპაზე!

ეს არის ლოზუნგი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ გააჟღერა 26 მარტს, რესპუბლიკის მოედანზე ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის სახალხო აღნიშვნისას. მას შემდეგ, თბილისის და დიდი ქალაქების ქუჩებში მრავალათასიანი აქციები გაიმართა ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ, რომელიც ქართულმა ოცნებამ 26 მარტიდან რამდენიმე დღეში დააინიცირა და საბოლოოდ მიიღო კიდეც. ეს მოვლენა საქართველოს ევროინტეგრაციის მთავარ შემაფერხებელ ნაბიჯად მიიჩნევა, ამიტომ რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარე აქციების ერთ-ერთი მთავარი სულისკვეთება ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა იყო.

ხვიჩა კვარაცხელიას ცნობილი ლოზუნგი თანდათან იქცა აქციების ერთ-ერთ ლოზუნგადაც, რომელიც 14 მაისს თბილისის დემონსტრაციაზე ევროპელ კოლეგებთან ერთად მისულმა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმაც გააჟღერა.  მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას თავად არასდროს გამოუყენებია ეს შეძახილი უშუალოდ დემონსტრაციების მხარდასაჭერად, ამ ლოზუნგის ქვეშ ფეხბურთი და ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრება ერთმანეთს თავისთავად დაუკავშირდა.

გარდა ამისა, საფეხბურთო ფორმულა „საქართველო ევროპაზე“ ადვილად შეიძლება საზოგადოებამ აღიქვას ქვეყნის საერთო მომავლის ფორმულადაც. ამ მიმართულებითაც ნაკრების ევროპაზე ასპარეზობამ ერთგვარი ეგზისტენციალური როლი შეიძინა. ცხადად გამოჩნდა, რომ ნაკრების ნახვამ მოწინავე ევროპულ გუნდებს შორის, შესაძლოა, უფრო ფართო პოზიტიური დატვირთვა შეიძინოს ქართული საზოგადოების პროევროპულ მობილიზაციაში; იმის გააზრებაში, რომ საქართველოს ევროპული მომავალი  რეალურია და ინტეგრაციის იდეა ილუზია არ არის.

  • საზოგადოებრივი აზრი და „სახალხო ფეხბურთელები“

ეროვნული ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელმა, ე.წ. „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების ფარგლებში, მკაფიოდ გამოხატა საკუთარი კრიტიკული პოზიცია მოვლენათა იმგვარი განვითარების მიმართ, რაც საზოგადოებას „ქართულმა ოცნებამ“ შესთავაზა. ასეთებად შეიძლება მოვიაზროთ, პირველ რიგში, გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც იყო პირველი, რომელმაც გამოაქვეყნა ოჯახის წევრების ფოტო დემონსტრაციებიდან. საზოგადოება ინტენსიურად აკავშირებდა ამ ნაბიჯს ერთა ლიგის ფინალური მატჩის პენალტების სერიასთან, სადაც ეროვნულ ნაკრებს ისტორიაში პირველი პენალტების სერიის გახსნა სწორედ ქოჩორაშვილმა აიღო თავის თავზე. ამავე ბანაკში მოიაზრებიან გამორჩეულად მნიშვნელოვანი ფიგურები, როგორიც არიან ნაკრების ყოფილი კაპიტანი ჯაბა კანკავა თავისი შესამჩნევად ხისტი რუსეთის საწინააღმდეგო პოზიციით, და გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც კონკრეტულად კანონის მიმართ გამოხატა კრიტიკა.

ამ დინამიკის კულმინაცია იყო ბუდუ ზივზივაძის შემთხვევა. ნაკრების ფორვარდი საზოგადოების განსაკუთრებული სიყვარულით და მადლიერებით მას შემდეგ სარგებლობს, რაც ერთი მხრივ, ერთა ლიგის ნახევარფინალში ლუქსემბურგის წინააღმდეგ შესრულებული დუბლით ქვეყანას ევროზე კვალიფიკაციის შანსი შეუნარჩუნა, მეორე მხრივ კი, სოციალურ მედიაში საკუთარი გამორჩეულად ქარიზმატული ხასიათითა და იუმორით ფართო საზოგადოების ყურადღება მიიზიდა. ზივზივაძემ კრიტიკული მოსაზრება გამოთქვა იმის შესახებ, რომ დემონსტრაციებზე ადამიანებს არ უნდა სცემდნენ. მეორე დღეს მან მოითხოვა ამ ფრაზის წაშლა ყველა პლატფორმიდან. შედეგად, დაგროვდა კონსპირაციების ნაკადები იმასთან დაკავშირებით, რომ ნაკრების ერთ-ერთ გამორჩეულ ფორვარდს მმართველი ელიტა სჯიდა, მათ შორის, მისთვის ევროპის ჩემპიონატზე მოულოდნელად ცოტა სათამაშო დროის მიცემის გზით.  ცხადია, ამ მტკიცების თვალსაჩინოება არ არსებობს, თუმცა კამპანია „ბუდუ არ ხარ მარტო“ და საზოგადოებრივი აზრის ბუდუს გარშემო ძლიერი საპროტესტო კონსოლიდაცია თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ იქცა ეროვნული ნაკრების ფორვარდი „სახალხო ფეხბურთელად“. ამგვარად, საქართველოში კონკრეტული ფეხბურთელების სამოქალაქო პოზიციები მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი კატალიზატორია მაშინაც კი, როდესაც ისინი არ არიან პროტესტის ან პოლიტიკური მოვლენების უშუალო სახეები ან აქტივისტები.

ფეხბურთის პოლიტიკური ტოქსიკურობა: პროპაგანდა ხელისუფლების სამსახურში

ცხადია, თითქმის ეროვნულ ზეიმად ქცეულ საფეხბურთო წარმატებას ახლავს უამრავი რისკი, რომ ეს ფენომენი იქცევა პროპაგანდის ინსტრუმენტად არადემოკრატიული ძალის ხელში. განსაკუთრებით, საქართველოში, სადაც ფეხბურთის მმართველ ორგანოს – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ყოფილი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი უდგას სათავეში და ლოგიკურია, მას ხშირად უწევს საფეხბურთო და პოლიტიკური მოვლენების ინტერპრეტირება. საქართველოს შემთხვევაში, პროპაგანდასთან დაკავშირებული საფრთხეები ფეხბურთის ქოლგის ქვეშ რამდენიმე მიმართულებით გაიშალა.

ფეხბურთელების პოზიციების ინტერპრეტირება ან დემონიზება: გიორგი ქოჩორაშვილის და მისი მამის პრო-სადემონსტრაციო პოსტებზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი სახის, კახა კალაძის პასუხი იყო ოჯახის „გახარიას პარტიასთან“ დაკავშირება და მანიპულაციურად „ნაცის“ იარლიყის მიკერება; ბუდუ ზივზივაძის რეზონანსული შემთხვევაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ასევე ყოფილი სპორტსმენის შოთა ხაბარელის სიტყვიერი თავდასხმის საგანი გახდა. გარდა ამისა, სხვადასხვა ფეხბურთელების დემონსტრაციის მხარდამჭერი პოსტები „ქართული ოცნების“ ინტერპრეტაციის საგანი გახდა, რაც ძირითადად გულისხმობდა იმას, რომ ფეხბურთელების პრო-დასავლური პოზიციები სრულებით თავსებადია „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულ და ანტიევროპულ ნაბიჯებთან.

პარტიის პოზიტიური წვლილი: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ნაკრები 30 მილიონით დააჯილდოვა. რამდენიმე ფეხბურთელის, მათ შორის, კაპიტან გურამ კაშიას საჯარო მადლობამ ივანიშვილის მიმართ საზოგადოებაში, ერთი მხრივ, ავტორიტეტების მიმართ გარკვეული იმედგაცრუება, მეორე მხრივ კი, აზრთა და განწყობათა დაპირისპირება გამოიწვია. ფაქტი ისაა, რომ როდესაც „ქართული ოცნების“ ნარატივი დიდწილად პერსონალურად  ბიძინა ივანიშვილის „პოლიტიკურ ქველმოქმედებაზე“ დგას, ლოგიკურია, რომ საფეხბურთო წარმატების ერთგვარი მიტაცებაც და საფეხბურთო საზოგადოების ლოიალობის წარმოჩენაც ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია შეიძლება იყოს ისეთი მმართველი პარტიის ხელში, რომელსაც ძალაუფლების, რაც შეიძლება, დიდ ხანს შენარჩუნება აქვს მიზნად.

მოწინააღმდეგე ელიტების წინააღმდეგ ბრძოლა: ლოგიკურია, რომ პროპაგანდის საფეხბურთო განზომილებას ვერ გადაურჩნენ ოპოზიციურად განწყობილი ფიგურები – პარტიები და პრეზიდენტი. ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემულ ჯილდოს შესახებ საზოგადოების ნაწილის მიერ გამოთქმულ კრიტიკაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თქვა, „ფეხბურთში წარმატების ეიფორიამ გარეთ გამოიტანა ყველა თვისება, რომლის დაფარვასაც „ნაციონალები“ გულმოდგინედ ცდილობენ – ფეხბურთელები „მოღალატეებად“ იქცნენ მხოლოდ იმიტომ, რომ მათი სულისკვეთება არ გაიზიარეს“. რითაც მან საზოგადოების ანგარიშგასაწევი ნაწილი კვლავ „ნაციონალებთან“ გაათანაბრა. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ კი კამპანია ნაკრების ღირსების ორდენით დაჯილდოების კონტექსტში დაიწყო, როდესაც „ქართული ოცნების“ განცხადებით პრეზიდენტმა მედლების კანდიდატების სია შეამცირა. თუმცა, საბოლოოდ, სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენზე წარდგენილი ყველა პირი დააჯილდოვა.

ქართული ფეხბურთი საქართველოს ევროპული მომავლის სამსახურში

ქართული ფეხბურთის ბოლო თვეების ისტორიამ ცხადად დაუსვა წერტილი იმაზე კამათს, დაკავშირებულია თუ არა ფეხბურთი და პოლიტიკა ერთმანეთთან. რადგანაც ორივე ფენომენი მნიშვნელოვნადაა საზოგადოების განწყობებთან მიბმული, წარმოუდგენელია, რომ ისინი ერთმანეთის გარეშე არსებობდნენ. ევრო2024-ის ეპიზოდი ქართველებისთვის განსაკუთრებით უნიკალურია, რადგან ეროვნული ნაკრების გარშემო საზოგადოების მძლავრი კონსოლიდაცია ქვეყნისთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვან ისტორიულ ეპოქაში მოხდა  – როცა საქართველო იბრძვის ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენისთვის. 2 ივლისს, ეროვნული ნაკრების შინ დაბრუნების ცერემონიაზე, როდესაც სცენაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოჩნდა, მას საზოგადოება სტვენით და პროტესტით შეეგება. მართალია, „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტები ფიქრობენ, რომ ეს პროტესტი ხელოვნურად იყო დაორგანიზებული, თუმცა თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ადამიანების რეაქცია, შეიძლება, მივიჩნიოთ ერთგვარ არაფორმალურ რეფერენდუმად, თუ როგორია განწყობა მმართველი ძალის მიმართ, რომელიც ქვეყნის დემოკრატიის უკუსვლასთან ასოცირდება.

მაშინ, როდესაც ფეხბურთი ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი მმართველი ძალების ხელში ხშირად ხდება ინსტრუმენტი, საქართველოს ნაკრების ევრო2024-ზე ასპარეზობის პერიოდში, ის საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის სამსახურში ჩადგა. ცალკეული ავტორიტეტული ფეხბურთელების ძლიერი სამოქალაქო პოზიცია, თუ ქართული ნაკრების ევროპულ საფეხბურთო გიგანტებს  შორის წარმატებით ასპარეზობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროპული და დემოკრატიული გარდაქმნებისთვის  მებრძოლი ქართული საზოგადოების კონსოლიდაციაში.

, , , , , , ,