12/09/2024 GIP

რეგიონში მცხოვრები ქალების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში

დემოკრატიულ საზოგადოებაში უმნიშვნელოვანესია მოქალაქეთა მონაწილეობა და ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თუმცა აუცილებელია, რომ ჩართულობის მექანიზმები მოქალაქეებს აძლევდნენ საშუალებას ეფექტური მონაწილეობა მიიღონ პროცესში და ეს არ იყოს ფორმალური ხასიათის, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პროცესი იყოს ინკლუზიური და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა იყოს უზრუნველყოფილი, აღნიშნულ პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ადგილობრივ თვითმმართველობას, როგორც ინსტიტუტს, რომელიც პასუხისმგებელია მოქალაქეთა ინტერესების შესაბამისად და მათი ჩართულობით მიიღოს გადაწყვეტილებები და ხელი შეუწყოს ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას.

წინამდებარე ბლოგში განხილულია ის დაბრკოლებები, რომლებიც ქალებს ექმნებათ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით. ეს ფაქტორები მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც ეკონომიკურ და სოციალურ, ასევე კულტურულ და ფსიქოლოგიურ ფაქტორებს. ანალიზი ეყრდნობა რელევანტური კვლევების თუ ანგარიშების დამუშავებას, ასევე  გურიის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში მცხოვრებ ქალებთან ჩატარებული ინტერვიუების შედეგებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის და გენდერული თანასწორობის საბჭოს როლი ქალთა ჩართულობის გაზრდის პროცესში

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, თვითმმართველობა არის საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.

გარდა ამისა, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს. ისეთი საკითხები, რომლებიც ყველაზე მეტად აწუხებთ ქალებს ბაღებზე, წყალზე, ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა სწორედ ამ უფლებამოსილებების ჩამონათვალში ექცევა. მუნიციპალიტეტი ასევე უფლებამოსილია განახორციელოს ღონისძიებები გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად.

ადგილობრივ დონეზე ქალების გაძლიერებაში მნიშვნელოვან რგოლს მუნიციპალიტეტის საკრებულოებთან შექმნილი გენდერული თანასწორობის საბჭოები წარმოადგენენ, რომელთა ერთ-ერთი ფუნქციაა განახორციელონ ადგილობირივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შესრულებული ან მიმდინარე მუშაობის მონიტორინგი და შეფასება გენდერული თვალსაზრისით, ასევე სამართლებრივი აქტების გენდერული ანალიზი და რეკომენდაციებით მიმართონ შესაბამის ორგანოს.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტს აქვს თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ჩართულობის არაერთი მექანიზმი, რომელთაგან ქალებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოფლის კრებებზე დასწრება და საკუთარი საჭიროების გაზიარებაა, თუმცა ისინი ამ კრებებში მონაწილეობას არ იღებენ, მათ შორის, მისი მხოლოდ ფორმალური ხასიათის, ინფორმაციის ან/და სურვილის არარსებობის (უმეტესწილად, ნიჰილიზმის) გამო. სახალხო დამცველის კვლევის თანახმად, სადაც ის აფასებს მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის პოლიტიკას ქალები უთითებენ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არა მხოლოდ ისინი, არამედ, ზოგადად მოსახლეობა არ მონაწილეობს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება მხოლოდ ვიწრო ჯგუფის ხელშია მოქცეული. ამ პრობლემას თან ერთვის უშუალოდ ქალთა საჭიროებები (აქ მნიშვნელოვანია ქალთა ყველა ჯგუფის სპეციფიური საჭიროებების გათვალისწინება: მარტოხელა დედების, შშმ ქალები, ხანდაზმული ქალების, რელიგიური/ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების და ა.შ.), დროის დეფიციტი, რაც, ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის მათ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

რას ნიშნავს იყო აქტიური ქალი თემში?

ქალისა და კაცის როლზე შექმნილი სტერეოტიპული წარმოდგენები, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს, ცხადია, გავლენას ახდენს ქალის თვითგამოხატვასა და აქტიურობაზე. საზოგადოების შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ ქალი ძირითადად უნდა ასოცირდებოდეს ოჯახის და ბავშვების მოვლასთან, ხოლო საზოგადოებრივ აქტივობაში და ოჯახის ეკონომიკურად უზრუნველყოფის საკითხში ძირითადად კაცი უნდა იყოს დომინანტი, ბუნებრივია ზეგავლენა აქვს ქალების ჩართულობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ დონეზე. ეს დამოკიდებულებები, განსაკუთრებით აქტუალურია რეგიონში მცხოვრები ქალებისთვის.

ზოგიერთ შემთხვევაში, სათემო საქმეებით დაკავებულ ქალს ეჭვის თვალით უყურებენ, ხოლო მათ შეხედულებებს ამ საკითხების გარშემო, კაცების შეხედულებებთან შედარებით, იგივე ღირებულება არ გააჩნია. მოცემულ სოციოკულტურულ გარემოში ქალის მიერ პრობლემის დასმაც არაერთგვაროვნად ფასდება. ითვლება, სათემო საქმეებზე გადაწყვეტილებები კაცმა უნდა მიიღოს, ქალების მხრიდან პრობლემაზე საუბარი თემში ცუდ ტონად ითვლება.

ქალთა ჩართულობასთან დაკავშირებულ არსებულ გამოწვევებზე ინტერვიუები ჩატარდა იმერეთში, გურიასა და აჭარაში მცხოვრებ 10 ქალთან და შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. ინტერვიუს დროს ერთ-ერთი ქალი (რესპოდენტი 1, 2024), რომელიც ცხოვრობს და მოღვაწეობს გურიის რეგიონში აღნიშნავდა, რომ პოზიციის დაფიქსირებისას ყოველთვის გიწევს დაასაბუთო რატომ გაქვს უფლება შენი ხმა იყოს მოსმენილი, რა გიკეთებია და რით დაიმსახურე ეს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ქალებს საჯარო შეხვედრების დროს, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისას ეკითხებიან ვისი ცოლია, ვისი შვილია, ან ვისი რძალია (და აქ ყოველთვის კაცზე კეთდება აქცენტი). არის შემთხვევები, როდესაც აქტიური ქალებზე ამბობენ, რომ მათ მიმართ ინტერესია არა იმიტომ, რომ საკმარისი ცოდნა და კომპეტენცია აქვთ კონკრეტულ სფეროში, არამედ ინტერესის საგანია მათი გარეგნული მონაცემები.

ქალები ერთხმად აღნიშნავენ იმას, რომ მათი მოსაზრება ხშირ შემთხვევაში შესაძლოა არ იყოს აღქმული სერიოზულად, მხოლოდ იმიტომ რომ ქალია, რაც თავის მხრივ სურვილს უკარგავს სხვა ქალებს სამომავლოდ მიიღონ მონაწილეობა მსგავს პროცესებში.

იმერეთის რეგიონში მცხოვრები ქალი აღნიშნავს, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ძირითადად კაცები აქტიურობენ, კრებებზე ქალთა დასწრებაც კი პრობლემაა, ვინაიდან არ არის შერჩეული შესაბამისი დრო. კერძოდ, შეხვედრები ინიშნება ძირითადად შუადღეზე, როდესაც ქალებს სხვა საოჯახო საქმეები აქვთ გასაკეთებელი, ან შესაძლოა ბავშვები მიჰყავდეთ სკოლასა თუ ბაღში. ცალკე პრობლემად დასახელდა თვითონ სოფლის კრებების ფორმალური ხასიათი, ის არ არის ორიენტირებული მოქალაქეთა რეალური ჩართულობისკენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კრებებიდან რესპოდენტმა გამოყო ერთი საგულისხმო ფაქტი, როდესაც სოფლის კრებაზე დამსწრე ქალის მიერ დაყენებულ ინიციატივას კრებამ მხარი დაუჭირა, თუმცა კრების ოქმში საერთოდ სხვა პროექტი ჩაიწერა გამარჯვებულად, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ქალების ჩართულობა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს. გარდა ამისა, მსგავსმა შემთხვევებმა, შესაძლოა, იქონიონ მსუსხავი ეფექტი სხვა ქალებზე და მათ დაეკარგოთ სურვილი მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

სოფლად მცხოვრები ქალების გამოწვევები

სოფლად მცხოვრები ქალებისთვის განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს დროითი სიღარიბე, რომელიც ხელს უშლის მათ აქტიურად ჩაერთონ საზოგადეობრივ საკითხებში. დროითი სიღარიბე გენდერული უთანასწორობის კომპლექსური ბუნების ერთ-ერთი ნიშანია.

საოჯახო საქმეები დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს ქალების მხრიდან, თუმცა სოფლად, სადაც ხელმისაწვდომი არ არის წყალი, ტრანსპორტი, ჯანდაცვის სერვისები, სკოლამდელი სააღმზრდელი დაწესებულებები/ბაღები, კიდევ უფრო ართულებს საქმეს, ქალებს უფრო მეტად უჭირთ თავისუფალი დროის გამონახვა.

  1. პრობლემა წყალზე ხელმისაწვდომობა. წყლის (მათ შორის სასმელი) არარსებობა ნიშნავს იმას, რომ ქალებს თავად უწევთ შორი მანძილიდან წყლის მოტანა საოჯახო საქმეების შესასრულებლად.
  2. პრობლემად ქალები ასახელებენ ასევე ვეტ. ექიმების არარსებობას სოფლებში. ძირითადად ქალებს უწევთ შინაური ცხოველების თუ ფრინველების მოვლა, რაც დაავადების გავრცელების შემთხვევაში უფრო მოწყვლად ხდის მათ, შესაბამისად ამ პრობლემასაც აქვს გენდერული განზომილება.
  3. ბაღების ნაკლებობა (როგორც წესი, თემში, რომელიც რამდენიმე სოფელს აერთიანებს, ბაღი მხოლოდ თემის ცენტრში მდებარეობს, რაც ქალებისთვის ტრანსპორტირების პრობლემას ქმნის) ქალებისთვის დამატებით დაბრკოლებას წარმოადგენს, ვინაიდან დედების ცხოვრება ხშირად შვილების ცხოვრებასთან არის გადაჯაჭვული და მათი მუშაობა, თვითრეალიზაცია ან აქტიურობა დამხმარის გარეშე ნამდვილად შეუძლებელია.
  4. ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა. სოფლად მცხოვრები ქალებისთვის ტრანსპორტი ბმაშია სამუშაო ადგილებზე, ჯანდაცვის სერვისებზე, განათლებაზე ხელმისაწვდომობასთან. უნდა გამოიყოს ტრანსპორტზე წვდომის პრობლემა, როგორც შეხვედრებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის ბარიერი. ეს საკითხი განსაკუთრებული სიმწვავით ჩანს ორი ფაქტორის გათვალისწინებით:
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტი სოფლებს არ ემსახურება ან არასაკმარისად ემსახურება;
  • ავტომობილები საკუთრებაში ჰყავს ქალების მცირე ნაწილს.

გენდერული როლების განაწილების შედეგია ოჯახის შიგნით საშინაო საქმის უთანასწორო გადანაწილება, რაც ასევე აფერხებს ქალების მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სოფლად მცხოვრებ ქალებთან მიმართებაში კი ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას, რაც ნიშნავს იმას, რომ ქალებს უფრო ნაკლები დრო რჩებათ საკუთარი თავის რეალიზებისთვის.

  1. ფსიქოლოგიური ფაქტორებიქალებისთვის განსაკუთრებით რთულია ისეთ საკითხებზე საუბარი და აზრის დაფიქსირება, რომელიც განსხვავებულია საზოგადოებაში უკვე ჩამოყალიბებული შეხედულებებისგან. ამ შემთხვევაში ქალებს განსაკუთრებული გამბედაობა მოეთხოვებათ. გარდა ამისა, აზრის დაფიქსირებამდე ქალები ყოველთვის ფიქრობენ, რომ მათი აქტიურობა არ აღმოჩნდეს პრობლემური მათი ოჯახის წევრებისთვის. ამ კუთხით განსაკუთრებით საინტერესო და საყურადღებოა ქალი საჯარო მოხელეები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ თავი შეიკავონ განსხვავებული პოზიციის დაფიქსირებისგან.

ქალები ერთხმად აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილების  მიღების პროცესში მათ ჩართულობას ხელს უშლის ისეთი ფაქტორი, როგორიც არის თავდაჯერების ნაკლებობა, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა გამოწვეული იყოს კომპეტენციის, ცოდნის თუ გამოცდილების ნაკლებობით.

საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ჩატარებულ კვლევაში მონაწილე რესპოდენტი ქალებიც ადასტურებენ, რომ მათთვის  კარიერული წარმატების გზაზე ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი თავდაჯერების ნაკლებობაა.

 

 

საზოგადოების დამოკიდებულებები აქტიური ქალების მიმართ

რეგიონში მცხოვრები ქალებისთვის დამატებით ბარიერს წარმოადგენს საზოგადოების, თემის დამოკიდებულება აქტიური ქალების მიმართ, რომელიც გაჯერებულია სტერეტიპებით.

რესპოდენტები აღნიშნავენ, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც ქალებს, რომლებიც ცდილობენ ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ აჩუმებენ ქმრების ან მამების მეშვეობით. ცალკე სტერეოტიპები არსებობს დასაოჯახებელი ქალები მიმართ, აქტიურობის შემთხვევაში მათ იმას ეუბნებიან, რომ მათი ზედმეტი აქტიურობა სწორედ მათი სტატუსიდან გამომდინარეობს.

ერთ-ერთი რესპოდენტის თქმით, ყოფილა შემთხვევები, როცა შეკრებებზე მოუსმენიათ დისკრიმინაციული კომენტარები: „ისტერიკებს იმიტომ აწყობთ, რომ გაუთხოვრები ხართ, გათხოვდით და დაწყნარდებით“ – ქალი იმერეთიდან, 33 წლის.

„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი დონეზე ქალები მხოლოდ ქალთა სივრცეებში რეალიზდებიან, ისეთ სივრცეებში, სადაც დომინირებენ ქალები.“ – რესპოდენტი ქალი, იმერეთი.

ქალთა ჩართულობას ხელს უშლის უნარების, კომპეტენციის, განათლების, სოციალური კავშირების ნაკლებობა. დაახლოებით 22-დან 35 წლამდე ქალები, სწორედ იმ ასაკში, როდესაც ქალებმა უნდა მიიღონ განათლება და სამუშაო გამოცდილება, თუ ისინი არიან დაოჯახებულები ძირითადად უწევთ საოჯახო საქმეების შესრულება, რაც ართმევთ მათ რეალიზების შესაძლებლობას, რასაც ასევე ადასტურებს კვლევა, რომლის თანახმად, რესპონდენტების მონაყოლიდან იკვეთება, რომ განათლების სხვადასხვა საფეხურზე ქალები უკეთეს აკადემიურ მიღწევებს აჩვენებენ, მაგრამ როგორც კი შრომის ბაზარზე ხვდებიან, მათი პროგრესი ფერხდება და წარმატებისკენ სვლა აკადემიური მაჩვენებლების შესაბამისად არ ხდება. გარდა ამისა, რესპონდენტების ნარატივში გამოვლინდა, რომ ქალს ოჯახი და საზოგადოება სამუშაო სივრცეში წარმატებას დიდად არ სთხოვს.

დასკვნა

გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობასთან დაკავშირებული გამოწვევები განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენს რეგიონში მცხოვრებ ქალებზე, ვინაიდან რეგიონებში კონსერვატიული განწყობები უფრო მეტად არის აქტუალური, ვიდრე დედაქალაქში.

რეგიონში მცხოვრები ქალებისთვის პრობლემურია, არათუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიური ჩართვა, არამედ ისეთი საკითხის აქტუალიზაციაც კი, რაც მათ აწუხებთ. ეს განპირობებულია სტერეოტიპული განწყობებით საზოგადოების მხრიდან. ქალების აქტიურობა რეგიონში, განსაკუთრებით სოფლად, ცუდ ტონად აღიქმება.

ქალთა ჩართულობის ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს დროითი სიღარიბე, რაც თავის მხრივ ისეთ საყოფაცხოვრები საკითხებთან არის დაკავშირებული, როგორიცაა წყალზე, ტრანსპორტზე, ბაღებზე ხელმისაწვდომობა, ვეტ. ექიმების არარსებობა სოფლებში. ქალებს უჭირთ თავისუფალი დროის გამონახვა საკუთარი თავის რეალიზებისთვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად. ასევე საყურადღებოა  თავდაჯარების ნაკლებობა, რაც ცოდნის, უნარების, განათლების, სოციალური კავშირების, გამოცდილების ნაკლებობით და თემის მხრიდან სტერეოტიპული დამოკიდებულებით არის გამოწვეული. ამ ფაქტორების კუმულაციურად ზემოქმედება საბოლოო ჯამში ქალებს ტოვებს გადაწყვეტილების მიღების პროცესის მიღმა.

გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ დონეზე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის და გენდერული თანასწორობის საბჭოს ეფექტიან მუშაობას. ქალთა საჭიროებების კვლევაზე (სადაც ჩართული იქნებიან შშმ ქალები, ეთნიკური/რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, ხანდაზმულები და სხვა) დაფუძნებული პოლიტიკის გატარებას. თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ჩართულობის არსებული მექანიზმების ინკლუზიას.

ბლოგი მომზადდა „საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს“ მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ და „საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს“ შეხედულებებს.
© Cover Photo – Newsvibesofindia.com

ავტორი

თამარ ოგანოვა – სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის წარმომადგენელი

, , ,