დასავლელი პარტნიორებისგან საქართველოს ბოლოდროინდელი თანდათანობითი ჩამოშორების ფონზე, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები იმაზე უფრო მნიშვნელოვან ეფექტებს იქონიებს თბილისზე, ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. ავტორიტარიზმისკენ მიმავალი ქართული ოცნება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას უსაფრთხო სცენარად განიხილავს საკუთრივ პარტიისთვის. თუმცა, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას შედარებით უფრო მასშტაბური, ეროვნული დონის შედეგები ექნება საქართველოს სახელმწიფოსთვის.
აშშ-ის არჩევნების შედეგებს, უპირველესად, გავლენა ექნება საქართველოს შემდგომ დემოკრატიზაციაზე, რომელიც ქართული ოცნების მმართველობის ქვეშ, ბოლო რამდენიმე წელია, უკუსვლას განიცდის.
კონგრესში უკვე არსებობს ორპარტიული კრიტიკული აქტები – „მეგობარი აქტი“, ან „ქართველი ხალხის აქტი“. იმის მიხედვით, თუ რომელი ლიდერი ჩაიბარებს ადმინისტრაციას, საქართველოს შესახებ ამ დებატებს შესაბამისი გავლება ექნება თბილისზე. დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ ახალი ადმინისტრაცია ნაკლებ ენთუზიაზმს გამოამჟღავნებს ჰიბრიდულ ან ნახევრად-ავტორიტარულ მოკავშირე სახელმწიფოებში დემოკრატიის გაძლიერების პროექტების მიმართ. ქართული ოცნების ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ნაკლებად კრიტიკული დემოკრატიული უკუსვლის მიმართ საქართველოშიც, მათ შორის, მეტ ლოიალობას გამოიჩენს ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირების თვალსაზრისითაც. პარტიას მეტად გაეხსნება ხელ-ფეხი, დააიგნოროს კონგრესის კრიტიკა საქართველოში შემდგომი დემოკრატიული უკუსვლის მიმართ. თუკი აშშ-ში დემოკრატები გაიმარჯვებენ, საქართველოზე წნეხი მეტად ძლიერი იქნება. დიდი ალბათობით, ბევრად უფრო რეალისტური გახდება სხვადასხვა მაღალჩინოსნების სანქცირების საკითხიც.
არჩევნების შედეგი მნიშვნელოვნად გადაწყვეტს თბილისსა და ვაშინგტონს შორის ორმხრივი ურთიერთობების ბედსაც.
ბოლო დროს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაიძაბა. ორივე მხრიდან ხშირად ისმის ურთიერთობების „გადატვირთვის“ ან „საფუძვლიანი გადახედვის“ შესახებ განცხადებები, არ ხორციელდება მაღალი დონის შეხვედრები. დონალდ ტრამპი ქართული ოცნების მსგავსი პოპულისტური და კონსერვატიული რიტორიკით გამოირჩევა, შესაბამისად, მისი გამარჯვების შემთხვევაში, თბილისში ელიან, რომ მის ადმინისტრაციას, მიმდინარე ადმინისტრაციასთან შედარებით, უფრო ჰარმონიული ურთიერთობა ექნება საქართველოს მთავრობასთან, თუმცა, ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი განახლების გარეშე, რადგან ტრამპის ინტერესებში ვაშინგტონის გააქტიურება საზღვრებს მიღმა ნაკლებად შედის. მეორე მხრივ, თუკი დემოკრატები შეინარჩუნებენ მმართველობას და კამალა ჰარისი არჩევნებს მოიგებს, მოსალოდნელია, რომ ორ ქვეყანას შორის ბოლოდროინდელი კონფრონტაციის დინამიკა გაგრძელდება, რაც საბოლოოდ, შესაძლოა, სტრატეგიული ქარტიის პირობების ფუნდამენტური შეცვლით დასრულდეს. ეს შეიძლება მოხდეს, ერთი მხრივ, ვაშინგტონის ინიციატივით. თუმცა, გამორიცხული არც ქართული ოცნებისთვის აქამდე ნაცნობი სცენარი იქნება: შესაძლოა, პარტიამ თავად განაცხადოს, რომ მას აღარ სჭირდება სტრატეგიული ქარტიით გათვალისწინებული პროექტების უმრავლესობა და პროაქტიულად თქვას უარი სხვადასხვა თანამშრომლობებზე (როგორც ეს მოხდა ევროკავშირის მაკროსაფინანსო დახმარებაზე უარის თქმის ან ევროპის სოციალ-დემოკრატიული ევროგაერთიანებიდან გამოსვლის შემთხვევაში).
ბოლოს, აშშ-ის არჩევნების შედეგებს სერიოზული გავლენა ექნება საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემოსა და შესაძლებლობებზე.
მიმდინარე წელს აშშ-მ უკვე გადადო გაურკვეველი ვადით „ღირსეული პარტნიორის“ ყოველწლიური წვრთნები, რაც, თავის მხრივ, ქართული ოცნების მიერ აშშ-ის შესახებ დეზინფორმაციულ კამპანიას დაუკავშირდა. კამალა ჰარისის გამარჯვების შემთხვევაში, აშშ დარჩება ჩართული ლიდერი სახელმწიფოს სახით გლობალური უსაფრთხოების პროექტებში, მათ შორის, უკრაინის ბრძოლაში რუსეთის წინააღმდეგ. თუმცა კონკრეტულად საქართველოს მიმართ ამ მიმართულებით თანამშრომლობის ინტერესი, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო შემცირდება, რაც შეიძლება აისახოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამების შემცირებასა ან გაუქმებაში, თავდაცვის მიმართულებით ფინანსური დახმარების შემცირებაში და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების შეჩერებაში. დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, აშშ-ის გლობალური ჩართულობის ხასიათი საფუძვლიანად შეიცვლება და, სავარაუდოდ, აისახება ვაშინგტონის როლის შემცირებაში რუსეთის შეკავების კუთხით. შესაბამისად, მაშინაც კი, თუ დონალდ ტრამპი ქართული ოცნების მთავრობასთან ჰარმონიულ ურთიერთობას შეინარჩუნებს, საქართველოს უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზულ სარგებელს, თბილის, არ უნდა ელოდოს. განურჩევლად იმისა, თუ რომელი ადმინისტრაცია დააკომპლექტებს მმართველობას აშშ-ში, ვაშინგტონის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, სხვადასხვა მოტივაციებით, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში შესუსტდება.
ამგვარად, რამდენადაც აშშ-ის არჩევნების შედეგები დიდწილად განსაზღვრავს ვაშინგტონის საერთაშორისო ჩართულობის ხასიათსა და ინტენსივობას, ეს აისახება კიდეც საქართველოს მიმართ მისი ყველაზე დიდი სტრატეგიული პარტნიორის ფოკუსზეც. თავის მხრივ, აშშ-ის არჩევნები მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის იმ თვალსაზრისითაც, თუ რა მიმართულება მიეცემა უკვე დაზიანებული ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვას ერთპარტიული მმართველობისკენ მიდრეკილ ქართულ ოცნებასა და ახალ ადმინისტრაციას შორის.