28 იანვარს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) გამართა პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია სახელოდებით – „ფსიქოლოგიური მედეგობა საქართველოში: როგორ ვუმკლავდებით ინფორმაციულ საფრთხეებს.“ ღონისძიებას ესწრებოდნენ მედიისა და უსაფრთხოების ექსპერტები, საელჩოს წარმომადგენლები, აკადემიკოსები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.
პრეზენტაციის დროს ავტორებმა განიხილეს საქართველოს მედეგობა საინფორმაციო საფრთხეების მიმართ და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დეზინფორმაცია და მანიპულირება ხშირად მიმართულია პოლიტიკურ ოპონენტებზე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიაზე. გარდა ამისა, კოორდინირებული კამპანიები ცდილობენ შეარყიონ ნდობა დასავლური ინსტიტუტების მიმართ და ხელი შეუწყონ საზოგადოების პოლარიზებას.
ღონისძიება სიტყვით გახსნა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა (ბრიტანეთის საელჩო თბილისში), პროფესორ კორნელი კაკაჩიასთან (დირექტორი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი) და ბეატა პატასოვასთან (პროგრამის ოფიცერი, ნატო-ს სახალხო დიპლომატიის ოფისი) ერთად. ასევე, აუდიტორიას სიტყვით მიმართა ალექსანდრე ვინნიკოვმა (საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი), რომელმაც ისაუბრა ნატოს მუდმივად განვითარებად მიდგომებზე საინფორმაციო საფრთხეებთან მიმართებაში.
ღინისძიების ფარგლებში, პოლიტიკის ნარკვევის ავტორებმა წარადგინეს კვლევის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები: დოქტორი ბიძინა ლებანიძე (უფროსი პოლიტიკის ანალიტიკოსი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი); მარეკ კოვი (უსაფრთხოებისა და მედეგობის პროგრამის ხელმძღვანელი, თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრი, ესტონეთი); სალომე კანდელაკი (პოლიტიკის ანალიტიკოსი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი); შოთა კაკაბაძე (პოლიტიკის ანალიტიკოსი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი).
დისკუსიას უძღვებოდა ნათია სესკურია (დირექტორი, უსაფრთხოების კვლევების რეგიონული ინსტიტუტი), ძირითადი აქცენტით თემებზე:
- როგორ განსაზღვრავს საქართველოს გეოპოლიტიკური პოზიცია და რუსეთთან ურთიერთობის ისტორიული გამოცდილება მის მოწყვლადობას ინფორმაციული საფრთხეების მიმართ და როგორ შეიძლება ამის შედარება სხვა პატარა სახელმწიფოებთან , მაგალითად ესტონეთთან?
- რა როლს თამაშობს სოციალური ფაქტორები, როგორიცაა პოლიტიკური პოლარიზაცია და ღირებულებებზე დაფუძნებული განხეთქილება, დეზინფორმაციისა და მავნე გავლენის მიმართ საქართველოს ფსიქოლოგიურ მედეგობაზე?
- როგორ შეუძლია საქართველოს მიიღოს უფრო ეფექტიანი ერთიანი საზოგადოებრივი მიდგომა საინფორმაციო საფრთხეებთან საბრძოლველად და რა შეიძლება ისწავლოს მან ესტონეთის მაგალითიდან საზოგადოების მედეგობის გასაძლიერებლად?
ღონისძიება ჩატარდა პროექტის „საქართველოს ფსიქოლოგიურ მედეგობაზე ინფორმაციული მანიპულაციის ზემოქმედების მართვა“ ფარგლებში, რომელიც თანადაფინანსებულია ნატოს საჯარო დიპლომატიის განყოფლებისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ.