17/01/2025 GIP

ბრძოლა ავტოკრატიზაციასთან: საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების ახალი ფორმის აღმოცენება საქართველოში?

წლებია, რაც „ქართული ოცნება“ ძირს უთხრის დემოკრატიზაციის დღის წესრიგს, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან.

თუმცა, ბოლო წლებში და განსაკუთრებით 2024 წელს, საქართველოში თავი იჩინა ავტოკრატიზაციის დაჩქარებულმა ფორმამ, რომელსაც თან ახლავს დემოკრატიული ფასადის სრული ჩამოშლა. სასამართლოზე პოლიტიკური კონტროლის დამყარებით, რეპრესიული კანონების მიღებითა და არჩევნების მანიპულირების გზით, „ქართული ოცნება“ თავს დაესხა დემოკრატიული ანგარიშვალდებულების თითქმის ყველა აქტორს  ქვეყანაში.

მნიშვნელოვანია, რომ დაჩქარებული ავტოკრატიზაცია ევროინტეგრაციის პროცესის უკუქცევის პარალელურად განვითარდა. ეს უპრეცედენტო ცვლილება საქართველოს საგარეო პოლიტიკაში, გასცდა „ქართული ოცნების“ ანტაგონისტურ და მტრულ რიტორიკას ევროკავშირის წარმომადგენლების მიმართ 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. ზემოთ აღნიშნული, ახლახან გამოვლინდა პოლიტიკის დონეზეც, როდესაც 2024 წელს „ქართულმა ოცნებამ“ უფლებების შემზღუდველი ორი კანონი მიიღო, ცნობილი როგორც „უცხოური აგენტის“ (ან „რუსული“) და „ანტი-ლგბტქ+“ კანონების სახელით. საბოლოოდ, ევროინტეგრაციის პროცესის უკუქცევამ კულმინაციას მიაღწია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით – შეწყვიტოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე.

დემოკრატიულ და ევროპულ მომავალთან დაკავშირებით ამ ორმაგი გაურკვევლობის პარალელურად, საქართველოში ჩნდება საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების ახალი ფორმა – მოქალაქეების ანგარიშვალდებულება თავიანთი ქვეყნის მომავლის წინაშე – რაც ბოლო წლებში წარმოშობს განსხვავებულ საპროტესტო ტალღებს. ეს საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულება ღრმად არის დაკავშირებული მოქალაქეებს შორის სოლიდარობისა და ევროპისადმი კუთვნილების განცდასთან.  მნიშვნელოვანია, რომ ის პირდაპირ ეწინააღმდეგება ანგარიშვალდებულების სხვა, გამრუდებულ ფორმას, რომელიც საქართველოში თავს იჩენს გასული ათწლეულის განმავლობაში – არაფორმალურ ანგარიშვალდებულებას, როდესაც ხელისუფლებაში ან მის სიახლოვეს მყოფი პირები, ნაცვლად თავიანთი მოქალაქეებისა, ანგარიშვალდებული არიან არაფორმალური გავლენიანი ლიდერის წინაშე.

საქართველოს გზა ავტოკრატიზაციისკენ: კლასიკური ანგარიშვალდებულების მექანიზმების ეროზია და ახლის აღმოცენება?

საქართველოს მაგალითი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ავტოკრატიზაცია შესაძლოა განვითარდეს ნელი ტემპით, თანდათანობით, ხშირად დემოკრატიზაციის ფასადის ქვეშ, რასაც შესაძლოა, თან მოჰყვეს დაჩქარებული, სრულფასოვანი ავტოკრატიზაცია. ისევე როგორც სხვა ავტოკრატები, „ქართული ოცნება“ თავს დაესხა ყველა დემოკრატიული ანგარიშვალდებულების აქტორს ერთი მეორის მიყოლებით. მისი პირველი სამიზნე სასამართლო სისტემა აღმოჩნდა, რომლის მიტაცების პროცესიც თანდათანობით, მრავალწლიანი რეფორმის პროცესის შენიღბვის ქვეშ მიმდინარეობდა. რომლის დროსაც ინსტრუმენტალიზებული იყო თავად რეფორმის დღის წესრიგი, იმისათვის, რომ  პოლიტიზირებულად ექციათ და დაეკომპლექტებინათ სასამართლოები რეჟიმის ერთგული პირებით. დღეს, ეს სასამართლოები და მათი ხელმძღვანელი მოსამართლეები არიან ავტოკრატიზაციის მნიშვნელოვანი აგენტები, რადგან სწორედ ისინი სჯიან რეჟიმის მოწინააღმდეგეებს.

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმატებით დაიმორჩილა სასამართლო სისტემა, ის გადავიდა ორგანიზებული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დამორჩილების მცდელობაზე. სამოქალაქო საზოგადოება და მედია მნიშვნელოვან, „ვოჩდოგის“ ფუნქციას ასრულებენ საქართველოში, ავლენენ რა არადემოკრატიული განზრახვების ადრეულ ნიშნებსა და ავტოკრატიზაციის მცდელობებს. ქვეყანაში სამოქალაქო სივრცის შეზღუდვის პირველი არსებითი ნიშნები 2023 წელს გამოჩნდა, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ პირველად სცადა „უცხოელი აგენტის“ კანონის მიღება, რომელიც საბოლოოდ 2024 წელს, მიიღო, მიუხედავად საზოგადოების ფართო მასშტაბიანი წინააღმდეგობისა. გარდა ამისა, ახლახან მიღებული „ანტი-ლგბტქ+“ კანონის სამიზნეს წარმოადგენს არა მხოლოდ ლგბტქ+ თემი, არამედ ის არსებით საფრთხეს უქმნის წინააღმდეგობისათვის სასიცოცხლოდ საჭირო თავისუფალ სივრცეებს.

დღეს ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და კრიტიკული მედია კვლავ რჩება ავტოკრატიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზში, მაგრამ ისინი არიან ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე და აწყდებიან დამაბრკოლებელ გარუკვევლობას იმის შესახებ, თუ როდის და რა ფორმით ამოქმედდება სრულად რეპრესიული კანონები მათ წინააღმდეგ.

დემოკრატიული ანგარიშვალდებულების ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმი – მოქალაქეები, რომლებიც პასუხისმგებლობას აკისრებენ ხელისუფლებაში მყოფ პირებს ხმის მიცემის გზით – არამყარია საქართველოში, რადგან ამ მექანიზმმა მხოლოდ ერთხელ გამოსცადა ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარება არჩევნების შედეგად. თუმცა, 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა მას საბოლოო დარტყმა მიაყენა. „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა ხმების ფართომასშტაბიანი მანიპულირების ორკესტრირება და ამით მოქალაქეებისთვის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უფლების წართმევა.

ახალი საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულება „ქართული ოცნების“ არაფორმალური ანგარიშვალდებულების წინააღმდეგ?

მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ავტოკრატიზაციის მთავარი მამოძრავებელი ძალა არჩეული თანამდებობის პირები არიან, ჰიბრიდულ რეჟიმებში დემოკრატიული ანგარიშვალდებულება შეიძლება ჩანაცვლდეს არაფორმალური ანგარიშვალდებულებით – როდესაც ხელისუფლებაში მყოფი პირების პასუხისმგებლობა მიმართულია არაფორმალური ავტორიტეტული ფიგურებისადმი და არა მათ ამომრჩევლებისადმი. საქართველოში, მილიარდერი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და დამფუძნებელი, დიდი ხანია პოლიტიკის ჩრდილშია და ფარდის მიღმიდან მოქმედებს. ასეთი არაფორმალური გავლენიანი აქტორების არსებობის კონტექსტში ავტოკრატიზაცია შეიძლება განსხვავებულად განვითარდეს, რადგან ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური პარტია მოკლებულია პასუხისმგებლობას თავისი მოქალაქეების მიმართ და, შესაბამისად, მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტიტუციური არხები ნელ-ნელა კარგავს ნამდვილ მნიშვნელობას, რადგან რეალურ ძალაუფლებას არ არჩეული პირები ფლობენ.

ამ კონტექსტში, ჩვენ ვხედავთ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ახალი ფორმის აღმოცენების პროცესს საქართველოში, სადაც მოქალაქეები პასუხისმგებლობის ძლიერი გრძნობით თვითორგანიზდებიან, რათა გამოხატონ პროტესტი და იბრძოლონ თავიანთი ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლის გადასარჩენად.

მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო აქციები საქართველოში ახალი არ არის, ისინი ყოველთვის ატარებდნენ საკმაოდ ცენტრალიზებულ ფორმას, რომლის წინა პლანზეც პოლიტიკური ლიდერები იდგნენ. ამის საპირისპიროდ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, 2023 წელს და 2024 წლის დასაწყისში „უცხოური აგენტების“ კანონის წინააღმდეგ გამართულმა პროტესტებმა და ასევე, ახლახანს – მუდმივი პროტესტის ახალი ტალღის აღმოცენებამ 2024 წლის ბოლოს, აჩვენა, რომ ჩვენ მოწმენი ვართ ინდივიდუალური მოქალაქეების, როგორც დემოკრატიული ანგარიშვალდებულების მთავარ წყაროდ აღმოცენების.  ეს კი, ცდება მხოლოდ ახალი ტიპის დეცენტრალიზებულ, დედაქალაქის მიღმა გაფართოებულ საპროტესტო ტალღას და შესაძლოა, არსებითად ახალ მოვლენას წარმოადგენდეს საზოგადოების განვითარების თვალსაზრისით.

საპროტესტო აქციების ბოლო ტალღები აჩვენებს, რომ ისინი სცდება მოქლაქეების მიერ უბრალოდ უკმაყოფილების გამოხატვას და მოიცავს მათი ქვეყნის მომავლის მიმართ პასუხისმგებლობის ძლიერ გრძნობასაც. სხვადასხვა ინიციატივები მათ შორის ე.წ crowdfunding, ონლაინ სოლიდარობის კამპანიები, უახლეს ისტორიაში პირველი ეროვნული გაფიცვა, თუ ყოველდღიური მარშები მიუხედავად სახელმწიფოს მზარდი რეპრესიული ტაქტიკისა – მიუთითებს მოქალაქეების შეუპოვრობაზე – დააკისროს „ქართულ ოცნებას“ პასუხისმგებლობა მის ქმედებებზე.

ახალ საზოგადოებრივ ანგარიშვალდებულებას საქართველოში თან ახლავს ევროპელობის ძლიერი განცდა, რომელიც არ გამოიხატება მხოლოდ ევროკავშირის დროშების დიდ რაოდენობაში საპროტესტო მანიფესტაციების დროს. ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ  ქართული ოცნების გადაწყვეტილებამ – 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, გამოიწვია კიდევ ერთი უზარმაზარი საპროტესტო ტალღა. თუმცა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველები ქუჩაში გამოდიან თავიანთი ევროპული არჩევანის დასაცავად. ქართველები გამოხატავდნენ პროტესტს საქართველოს მთავრობის მიმართ 2022 წელსაც, როდესაც ისინი მოითხოვდნენ, რომ მთავრობას განაცხადი გაეკეთებინა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე და მოგვიანებითაც, როდესაც ევროკომისიამ საქართველოს მიანიჭა ევროპული პერსპექტივა, ნაცვლად კანდიდატის სტატუსისა, როგორც ეს მოხდა უკრაინასა და მოლდოვის შემთხვევაში.  საქართველოში კიდევ ერთხელ ერთმანეთთან გადაიჯაჭვა ბრძოლა დემოკრატიის მომავლისა და ევროინტეგრაციისთვის.

საფუძველი გრძელვადიანი დემოკრატიული ცვლილებისთვის?

საქართველოში სამოქალაქოდ მოაზროვნე, აქტიური მოქალაქეობის ფორმირებისკენ მიმართული ეს თვალსაჩინო ცვლილება მკვეთრად ეწინააღმდეგება „ქართული ოცნებისა“ და მასთან დაახლოებული პირების ბრმა ერთგულებას ივანიშვილის მიმართ, რომელიც დამანგრეველ გავლენას ახდენს ქვეყნის შიდა საქმეებზე და კიდევ უფრო იზოლირებულს ხდის მას მსოფლიოს დემოკრატიული ნაწილისგან. ამდენად, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგობის გამოხატვის ინდივიდუალური და კოლექტიური ქმედებები აწყდება სულ უფრო რეპრესიულ, მიტაცებულ სახელმწიფოს, რომლის რესურსებიც არათანაბარია მათ რესურებთან, ვინც მას წინააღმდეგობას უწევს. ამ კონტექსტში, ნებისმიერი გარე დემოკრატიული მხარდაჭერა ფოკუსირებული უნდა იყოს ძირეული სამოქალაქო ინიციატივების გაძლიერებაზე, ამავდროულად ორგანიზებული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერასა და ავტოკრატიზატორებზე მიმართული ზეწოლის სასწრაფოდ დაჩქარებაზე.

იმისათვის, რომ საქართველომ აღადგინოს თავისი ფორმალური დემოკრატიული ინსტიტუტები და უზრუნველყოს მათი გამძლეობა და მედეგობა, საჭიროა მოქალაქეების პირდაპირი და აზრიანი მონაწილეობა მათ ჩამოყალიბების პროცესში. თუ სახალხო პროტესტი და წინააღმდეგობა გაიმარჯვებს ავტოკრატიზაციის წინააღმდეგ, ამ ახალ საზოგადოებრივ ანგარიშვალდებულებითობას აქვს პოტენციალი, გახდეს მომავალში საქართველოს ქვემოდან ზევით დემოკრატიული ტრანსფორმაციის საფუძველი.

თუმცაღა, აღნიშნული შესაძლოა, საწყის ეტაპზეა და ჯერ კიდევ გასარკვევია, გადაიქცევა თუ არა იგი საქართველოში გრძელვადიანი დემოკრატიული ცვლილებების ქვაკუთხედად. სხვადასხვა ფაქტორები განსაზღვრავს მის მომავალს, მათ შორის დემოკრატიული მოკავშირეები, რომლებიც უკან არ დაიხევენ და უზრუნველყოფენ სწრაფ მხარდაჭერას. მსოფლიოს ახსოვს არაერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ გამქრალა მსგავსი დემოკრატიული პოტენციალი შეზღუდული მხარდაჭერისა ან დაგვიანებული რეაქციების გამო მათი მხრიდან. მან არ უნდა დაუშვას მსგავსის გამეორება კიდევ ერთ ქვეყანაში.

 

ანა ანდღულაძე

ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის (ULB) მკვლევარი. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს წინააღმდეგობას დემოკრატიულ უკუსვლასთან, სამოქალაქო საზოგადოებას, ევროკავშირის გაფართოებასა და აღმოსავლეთ პარტნიორობას. მისი აკადემიური ნაშრომები გამოქვეყნებულია European Politics and Society-სა და Palgrave Macmillan-ში. იგი არის მრავალი პუბლიკაციის ავტორი სხვადასხვა ანალიტიკური ორგანიზაციისთვის და ფლობს მრავალფეროვან აკადემიურ და პრაქტიკულ გამოცდილებას.

© Photo Credit: Dato Koridze/Radio Tavisupleba
, , , , , , , ,