20-01-2022
2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. აზერბაიჯანს და სომხეთს შორის რუსეთის მედიაციის შედეგად გაფორმებული სამმხრივი შეთანხმებით გაიზარდა რუსეთის და თურქეთის გავლენა, ხოლო ირანმა რეგიონში ახალი როლის ძებნა დაიწყო. შესაბამისად, უსაფრთხოების გარემომ გარკვეული ცვლილებები განიცადა საქართველოსთვისაც. ამ თვალსაზრისით, ყველაზე საყურადღებო საკითხია თურქეთის მიერ ინიცირებული 3+3 ფორმატი,[1] რომლის მიხედვით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში პოსტკონფლიქტური გარემოს გაუმჯობესება უნდა მოხდეს სამი პატარა სამხრეთკავკასიური ქვეყნის – აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის – და სამი დიდი რეგიონული მოთამაშის – თურქეთის, ირანის და რუსეთის – ერთობლივი თანამშრომლობით. საქართველომ ინიციატივაში მონაწილეობაზე უარი თქვა და დარჩენილმა ხუთმა ქვეყანამ მოსკოვში 3+3-ის ნაცვლად 3+2 ფორმატის შეხვედრა გამართა. მიუხედავად ამისა, შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშაც. ეს, შესაძლოა, იმაზე მიუთითებდეს, რომ ამ ინიციატივით დაინტერესებულ სახელმწიფოებს ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით ამის ნიშნები არ არსებობს, საქართველო ფორმატში მონაწილეობასთან დაკავშირებით პოზიციას შეიცვლის.
თუმცა, აღნიშნულ ინიციატივას საქართველოსთვის არაერთი წინააღმდეგობრივი ფაქტორი ახლავს თან. არსებობს რისკი, რომ, იდეის განხორციელების შემთხვევაში, არალიბერალური რეგიონული აქტორების მიერ თავსმოხვეული წესრიგისა და დასავლეთის ნაკლები ჩართულობის ფონზე, ქვეყანა ერთგვარ იზოლაციაში მოექცევა. ამასთან, რუსეთს დამატებითი საშუალება ეძლევა, კიდევ უფრო განამტკიცოს ჰეგემონობა სამხრეთ კავკასიაში და გაზარდოს რეგიონის, და, მასთან ერთად, საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ თბილისმა და დასავლელმა აქტორებმა განავითარონ საკუთარი ხედვა იმ რისკების მაქსიმალურად შესამცირებლად, რასაც აღნიშნული ინიციატივა წარმოშობს. თბილისმა 3+2 პლატფორმასთან დაკავშირებული ყველა საფრთხის საპასუხოდ შესაბამისი სისტემური მექანიზმი უნდა შეიმუშაოს, რათა საკუთარი ეროვნული ინტერესისა და რეგიონში თავისი როლის გათვალისწინებით, თავიდან აიცილოს მსგავს გაერთიანებებში შესვლა. ამის პარალელურად, აუცილებელია, რომ საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა გადახედონ საკუთარ სტრატეგიას სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რათა თბილისს მარტო არ მოუწიოს რეგიონულ გამოწვევებთან გამკლავება, და საქართველოსთან მეტი ჩართულობით მოხდეს იმ რისკების მინიმიზაცია, რაც საფრთხის შემცველია საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის.
საკვანძო სიტყვები: საქართველო; დასავლეთი; სამხრეთ კავკასია; ყარაბაღის კონფლიქტი; 3+2 ინიციატივა; არალიბერალური აქტორები.