„მომავალ ლიდერთა სკოლაში“ (ELS) უკვე მეორე თვეა ტრენინგების სერია ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს. ELS-ის მონაწილეები ტრენერებისგან იღებენ დავალებებს, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად. თავიანთ პრეზენტაციებს კი ტრენინგზე ონლაინ დისკუსიის სახით განიხილავენ. ELS-ის დღიურების ამ გამოცემაში შევაჯამოთ აპრილის თვეში განხილული თემები, რომლებიც უკვე მოისმინეს „მომავალ ლიდერთა სკოლის“ მონაწილეებმა თბილისსა და საქართველოს სამ რეგიონში – ქვემო ქართლი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და აჭარა. აპრილის თვის განმავლობაში, ტრენინგ-პროგრამამ სულ 5 თემა და 12 სესია მოიცვა.
გარდა ტრენინგებისა, ერთი სიახლე, რომელიც „მომავალ ლიდერთა სკოლამ“ შესთავაზა ახალგაზრდებს, არის შეხვედრების ახალი სერია – სივრცე დისკუსიისთვის. სივრცე დისკუსიისთვის არის დამატებითი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის შეხვდნენ სხვადასხვა სფეროს ექსპერტებს – საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებს. მონაწილეები თავად განსაზღვრავენ დისკუსიის თემას და უშუალოდ მოწვეული პროფესიონალებისგან/გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან იღებენ პასუხებს იმ შეკითხვებზე, რომლებიც აინტერესებთ.
აპრილის თვეში, სივრცე დისკუსიისთვის უკვე მოეწყო ზუგდიდსა და ბათუმში. ადგილობრივი პერსპექტივა: Covid-19-ის გავლენა სამეგრელო – ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონებზე – ეს იყო პირველი თემა, რომელიც დისკუსიაში მოწვეულმა სამთავრობო, არასამთავრობო და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა ერთად განიხილეს.
ზუგდიდში დისკუსიაში მონაწილეობდნენ: ალექსანდრე მოწერელია – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებული; მალხაზ ჯალაღონია – კლინიკების „ევექსისა“ და „კურაციოს“ ექიმი; ნანა ოდიშარია – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებირვი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ეპიდემიოლოგი; ხათუნა ბეჭვაია – არასამთავრობო ორგანიზაცია “თანაზიარის” ხელმძღვანელი. [შეხვედრის მიმოხილვა]
დისკუსიაში კი, რომელიც მომდევნო დღეს ბათუმში გაიმართა ჩაერთნენ: მამუკა ბერძენიშვილი – ტურიზმის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი; პაატა აროშიძე – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულების პროფესორი, თამარ კაიკაციშვილი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე; დათო მურვანიძე – ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი; ვახტანგ გველებიანი – გურიის გუბერნიაში რეგიონული პროექტების კოორდინატორი.
მაისში ტრენინგები, რომლებიც ასევე ონლაინ ფორმატში გაგრძელდება, შემდეგ თემებს შეეხება:
- საქართველოს ეკონომიკური გამოწვევები და მათი დაძლევის გზები – კოტე სულამანიძე
- საჯარო გამოსვლა – ანდრო დგებუაძე
- მდგრადი განვითარების მიზნები და მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა საქართველოში – ნინო ჯანელიძე
- განათლების პოლიტიკა საქართელოში – სიმონ ჯანაშია
- ახალგაზრდობის პოლიტიკა – ნინა გოგოლაძე
- პოლიტიკური კომუნიკაცია – ნინო აბზიანიძე
მომავალ ლიდერთა სკოლა არის ინიციატივა, რომელიც GIP-ის მიმდინარე პროექტის „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება USAID/Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერითა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC Georgia) თანამშრომლობით.
პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას პოლიტიკური პროცესებისა და დემოკრატიზაციის შესახებ, მათი ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას, პოლიტიკური და სოციალური ჩართულობის წახალისებას და ასევე, მათ პროფესიულ ზრდას.
ტრენინგების სერია, რომელიც ELS-ში თვეში ორჯერ, ყოველ მეორე შაბათ–კვირას იმართება, კიდევ 3 თვეს გაგრძელდება და ივლისში მისი პირველი ფაზა დასრულდება.