5 დეკემბერს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტსა (GIP) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (TSU) შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
მემორანდუმს ხელი მოაწერა – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა – კორნელი კაკაჩიამ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ. მემორანდუმი მოიცავს ორმხრივ თანამშრომლობასა და სტუდენტების ჩართულობას სხვადასხვა ღონისძიებაში.მემორანდუმის ფარგლებში თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ, სტაჟირება გაიარონ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტში. მნიშვნელოვანია, რომ GIP-ისა და უნივერსიტეტის ერთობლივი ძალებით, ხელი შეეწყობა სტუდენტების სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას.
მხარეთა შორის ურთიერთთანაშრომლობა მოიცავს:
- საჯარო ლექციების მეშვეობით სამეცნიერო-კვლევითი ხარისხის გაუმჯობესებას;
- სტუდენტთათვის საჯარო დისკუსიებში ჩართულობის ხელშეწყობის უზრუნველყოფას, სტაჟირებას;
- მემორანდუმის მხარეების ცნობადობის გაზრდა.
მემორანდუმის გაფორმება ერთნაირად მნიშვნელოვანი მოვლენაა ორივე მხარისთვის. დოკუმენტით გათვალისწინებული საკითხების შესრულება ხელს შეუწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას.