Authors

  • ნინო სამხარაძე
  • ნინო კვირიკაშვილი

    ნინო კვირიკაშვილი არის საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის უმცროსი პოლიტიკის ანალიტიკოსი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, სადაც ის კითხულობს აკადემიური წერის კურსებს. ნინოს მინიჭებული აქვს გლაზგოს უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი), ტარტუს უნივერსიტეტისა (ესტონეთი) და იაგელონიის უნივერსიტეტის (პოლონეთი) ერთობლივი საერთაშორისო მაგისტრის დიპლომი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის და ევრაზიის სწავლებებში. მას ასევე მოპოვებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2018-2020 წლებში ნინო სწავლობდა სამხრეთ ინდიანას უნივერსიტეტში (აშშ), Global UGRAD პროგრამის ფარგლებში და ოსლოს უნივეტსიტეტში (ნორვეგია), Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. იგი ასევე იყო “საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის” მმართველი გუნდის წევრი. მისი კვლევითი ინტერესები დაკავშირებულია ევროპის კვლევებთან, პოპულიზმსა და სოციალურ მოძრაობებთან.

07/03/2024 ნინო სამხარაძე

„არაფერია გამორიცხული“: რას ნიშნავს საქართველოსთვის საფრანგეთის ახალი პოზიციონირება აღმოსავლეთით?

ევროკავშირში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებებისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, საფრანგეთი უფრო და უფრო გამოკვეთილად აძლიერებს სტრატეგიულ ფოკუსს აღმოსავლეთით. თუკი წინა წლებში, საფრანგეთი გაფართოების მიმართულებით კლასიკურ სკეპტიკურ ქვეყნად მიიჩნეოდა, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ბოლოდროინდელ გზავნილებში, შესაძლებელია, ამ ხედვებში მნიშვნელოვანი ცვლილება, ერთგვარი ფრანგული  Europe puissance-ის[1] ნიშნები ამოვიკითხოთ.

ცხადი ხდება, რომ პარიზისთვის აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების მნიშვნელობა გაიზარდა, რაც საქართველოში ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს.

შესაბამისად, წარმოდგენილი ბლოგის მიზანია, საფრანგეთის ბოლოდროინდელი სტრატეგიული ხედვის გარდაქმნის ფონზე, იმის გაანალიზება, თუ რა შესაძლებლობები შეიძლება გაჩნდეს ამ მიმართულებით საქართველოსთვის და რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ თბილისმა დასავლეთთან ინტეგრირების მორიგი შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვას?

ფრანგული Europe puissance – რა იცვლება?

საფრანგეთის საგარეოპოლიტიკურ ხედვებში ცვლილება საქართველოსთვის მოვლენათა განსაკუთრებით საყურადღებო განვითარებას წარმოადგენს. წლების განმავლობაში, პარიზი ევროკავშირის გეოპოლიტიკურ კავშირად გარდაქმნის და ნატოს გაფართოების ტრადიციულ მოწინააღმდეგედ მიიჩნეოდა. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში, საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად ალაპარაკდა რევოლუციაზე საფრანგეთის საგარეო პოლიტიკაში, რაც ცენტრალური ევროპისთვის და გაფართოებისა და ასპირანტი ქვეყნებისთვის ახალ შესაძლებლობებზე საუბრის საშუალებას იძლევა. ევროპის აღმოსავლეთის მიმართ საფრანგეთის მზარდი ყურადღება ორი ძირითადი მიმართულებით იკვეთება: ფრანგული პოლიტიკური ელიტის რიტორიკაში და პარიზის ახალ საერთაშორისო სტრატეგიებში.

რიტორიკული თვალსაზრისით, განსაკუთრებით რეზონანსული იყო პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადება, რომ „გამორიცხული არაფერია“, როდესაც საქმე ნატოს ჯარების უკრაინის ტერიტორიაზე შეყვანას ეხება. მართალია, ნატოს ლიდერებმა ეს განცხადება მყისიერად უარყვეს, თუმცა ამ სცენარის ჰიპოთეტური დაშვებაც კი გამორჩეულად რევოლუციურია, თუ გავითვალისწინებთ საფრანგეთის ტრადიციულ სკეპტიციზმს გაფართოების ქვეყნების მნიშვნელობის მიმართ. საფრანგეთმა ასევე გააძლიერა პოზიცია რუსეთთან და ევროკავშირის მილიტარიზაციასთან მიმართებით. რუსეთის იმიჯის ამგვარმა ცვლილებამ პარიზის ხედვებში უკრაინა ევროკავშირის უსაფრთხოების არქიტექტურის ინტეგრალურ ნაწილად აქცია. ამავდროულად, 2023 წლის ვილნიუსის სამიტზე შესამჩნევი იყო პარიზის პოზიციის ცვლილება უკრაინის ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისითაც. საკუთრივ პრეზიდენტი მაკრონი X-ზეც წერს იმის შესახებ, რომ უკრაინას ევროპის მცველად ხედავს.

ხოლო სტრატეგიული ქმედების თვალსაზრისით, საფრანგეთმა უკვე დაიწყო აქტიური მუშაობა სხვადასხვა შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების დონეზე ევროკავშირის აღმოსავლეთით. უსაფრთხოების შეთანხმება და თავდაცვის პარტნიორობა უკრაინასთან, თავდაცვის თანამშრომლობის შეთანხმება მოლდოვასთან და შეიარაღების შეთანხმება სომხეთთან ის მნიშვნელოვანი პრაქტიკული ნაბიჯებია, რომლებიც ადასტურებს საფრანგეთის პოტენციურ გააქტიურებას აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნებში, ევროკავშირის უსაფრთხოების უზრუნველყოფის არქიტექტურის კონტექსტში.

როგორც საერთაშორისო ანალიტიკოსები მიიჩნევენ, საფრანგეთის საგარეოპოლიტიკური ხედვების ამგვარი ცვლილება აუცილებლად დააახლოვებს პარიზს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პოზიციებთან, ერთი მხრივ, აღმოსავლეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ხოლო მეორე მხრივ, ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით.

აღნიშნულ კონტექსტში, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, თუ რა შესაძლებლობები იხსნება საქართველოსთვის და როგორ შეუძლია თბილისს მათი ეფექტურად გამოყენება.

Tournant historique: საქართველო ფოკუსში თუ ფოკუსს მიღმა

მიმდინარე ცვლილებების ფონზე, შესამჩნევია, რომ საფრანგეთის ახალ ფოკუსში, ფაქტობრივად, არსად ჩანს საქართველო მაშინ, როდესაც გაფართოების ფორმატის სხვა სახელმწიფოებმა პარიზთან მნიშვნელოვან შეთანხმებებს მიაღწიეს. საფრანგეთის რიტორიკაში იკითხება, რომ ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, რუსეთსა და ევროპას შორის რუხი ზონები (Grey Zones) არსებობდეს და შესაბამისად, კოლექტიური დასავლეთი, თანდათან გეოპოლიტიკურ ბანაკებს შორის მკვეთრ საზღვარს გაავლებს. აღნიშნულ პროცესში, საქართველოს მსგავსმა პატარა სახელმწიფომ, პრობლემატური გეოგრაფიული მდებარეობით და უსაფრთხოების შეზღუდული რესურსებით, აქტიურად უნდა იმუშაოს იმაზე, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკურ გადალაგებაში დასავლურ ერთობაში მოექცეს.

თბილისს განსაკუთრებით სჭირდება საფრანგეთთან პროაქტიული მუშაობა საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ხაზგასასმელად, იმის გათვალისწინებით, რომ ემანუელ მაკრონისთვის საქართველო უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად რეგიონულ ჭრილში არ განიხილება.

კერძოდ, მაშინ, როდესაც „უკრაინისა და მოლდოვის განცალკევება არ უნდა მოხდეს, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი გეოპოლიტიკურად და გეოგრაფიულად იმავე მდგომარეობაში არ იმყოფებიან.“  საქართველოს საკითხის პრობლემატურობას ემატება ქვეყნის შიდაპოლიტიკური დაპირისპირებებიც, რომლებიც პარიზის ფოკუსში რამდენჯერმე მოექცა. მათ შორის, ყველაზე რეზონანსული აღმოჩნდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი, რომელსაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგანგებო განცხადებაც კი მიუძღვნა. პარიზის ოფიციალური პოზიციის მიხედვით, შიდა დაპირისპირებების ნაცვლად, საქართველოს სჭირდება მეტი კონცენტრირება რეფორმებზე, რაც თავისთავად სიგნალია იმის შესახებ, რომ საფრანგეთს საქართველოსგან ევროინტეგრაციის გზაზე მეტი ინიციატივის მოლოდინი აქვს.

დასავლეთში გახსნილი არაერთი შესაძლებლობის ფონზე, საქართველო უნდა შეეცადოს, რომ მსგავსი პრობლემები მაქსიმალურად აღმოფხვრას, ერთი მხრივ, ინტენსიური და პროაქტიული დიპლომატიის გზით, რათა პარიზი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის თბილისის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაში დაარწმუნოს. მეორე მხრივ კი, ქვეყანამ არ უნდა შექმნას დამატებითი ხელოვნური ბარიერები შიდაპოლიტიკური არასტაბილურობის სახით, რომელსაც ხშირად მმართველი პარტია, სხვა სახელმწიფო თუ პოლიტიკურ აქტორებთან ერთად, პოლარიზებული დაპირისპირების გზით ხელს უწყობს. ამგვარად, მიმდინარე ცვლილებების პარალელურად, თბილისმა უნდა გადაწყვიტოს, ევროპულ ფოკუსში ექცევა, თუ მის მიღმა რჩება.

რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს?

იმისთვის, რომ მაკრონის ახალ ინიციატივებს საქართველო მომზადებული შეხვდეს, და, ამავდროულად, მათგან რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღოს საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად, საჭიროა, რომ თბილისმა გაააქტიუროს უკვე არსებული ორმხრივი ფორმატი – 2019 წელს დაფუძნებული „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგი“. მართალია, აღნიშნული ფორმატი უკვე მოიცავს თანამშრომლობის სფეროებს უსაფრთხოების და პოლიტიკის საკითხებში, თუმცა, ახლა მნიშვნელოვანი იქნება, თუ ის თანამშრომლობაში მნიშვნელოვანი გარღვევებისთვის იქნება გამოყენებული. მაგალითისთვის, დღის წესრიგში დადგება ორმხრივი შეთანხმების გაფორმება თავდაცვისა თუ სამხედრო სფეროში თანამშრომლობის მიმართულებებით, როგორც ეს ხდება მოლდოვასთან, სომხეთსა და უკრაინასთან.

გარდა ამისა, საქართველოს სტრატეგიულ ამოცანებს შორის მთავრობას გაჟღერებული აქვს „ქართულ-გერმანულ-ფრანგული“ სამკუთხედის რეგულარული ფორმატით ამუშავება, თუმცა ამ მიმართულებითაც საქართველოს საკითხი ჯერ კიდევ ბუნდოვანია. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფორმატის ფარგლებში კონსულტაციების ოთხი რაუნდი გაიმართა, თანამშრომლობას რაიმე ხელშესახები შედეგი არ მოჰყოლია. ევროპის აღმოსავლეთით უსაფრთხოების გაძლიერების მიმართ საფრანგეთის ბოლოდროინდელი ინტერესის ფონზე, „ქართულ-გერმანულ-ფრანგული“ ფორმატში უფრო მეტად პრაქტიკული და სტრატეგიული დიალოგისა და თანამშრომლობის გააქტიურებამ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში ქვეყნის ადგილის განსაზღვრას.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ უფრო აქტიურად გამოიყენოს პრეზიდენტის ინსტიტუტი და პრეზიდენტის როლი საფრანგეთთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გასაძლიერებლად. საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის ურთიერთობის პოზიტიური დინამიკის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის მხრიდან მეტი კეთილი ნების გამოჩენა და მისი როლის აქტიურად გამოყენება საფრანგეთთან ორმხრივი ურთიერთობების ფორმატებში, შესაძლოა, ქვეყნისთვის მნიშნელოვან სარგებელში გადაითარგმნოს. სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობა და საერთო ძალისხმევის ევროინტეგრაციისკენ მიმართვა დადებითად აისახება როგორც ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე, ასევე ქვეყნის შიგნით პოლარიზაციის შემცირებასა და დემოკრატიული პროცესების გაძლიერებაზე.

დასკვნა

სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში, საკვანძო მნიშვნელობისაა, რომ საქართველომ იპოვოს თავისი ადგილი ევროპის უსაფრთხოების კონფიგურაციაში და არ დარჩეს მნიშვნელოვანი ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატების მიღმა. ემანუელ მაკრონის მცდელობა, რომ საფრანგეთი ევროპის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში წამყვან აქტორად აქციოს, ამ მიმართულებით ქვეყნისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ხსნის.

თუმცა, ამ პროცესში თბილისი იშვიათად ხვდება პარიზის ფოკუსში.  შესაბამისად, სწორედ ახლა, როდესაც ერთ-ერთმა ყველაზე სკეპტიკურმა საფრანგეთმაც კი გახსნა შესაძლებლობის ფანჯარა თანამშრომლობების გააქტიურებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ პროცესს არ ჩამორჩეს. ამისთვის, თბილისმა პროაქტიულად უნდა იმუშაოს პარიზთან ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანისა და ევროინტეგრაციისა და თავდაცვის შესაძლებლობების მაქსიმალურად გაძლიერების მიმართულებით.

[1] აღნიშნული მიდგომა ხაზს უსვამს ძლიერი ევროპის იდეას

 

©️ Photo Credit: Sky News
, , , , , , , ,