Author

16/03/2022 ნინო სამხარაძე

მთავრობა პრეზიდენტის პირისპირ: კიდევ ერთი კონფრონტაცია ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში?

ნინო სამხარაძე

2022 წლის 15 მარტს ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ დააანონსა, რომ საქართველოს მთავრობა პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო დავას წამოიწყებს. დავის საგანია სალომე ზურაბიშვილის მიერ მთავრობის თანხმობის გარეშე განხორციელებული ვიზიტები ევროპაში. ოპოზიციის შეფასებით, ამით ქართულმა ოცნებამ, ფაქტობრივად, პრეზიდენტის იმპიჩმენტი დააანონსა.

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოს ხელისუფლებამ თვალშისაცემი ინერტულობისთვის კრიტიკა დაიმსახურა ქვეყნის შიგნით და მის გარეთ. ამ ფონზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპულ ტურნეს ფართოსაზოგადოებრივი მოწონება ხვდა წილად, რადგან ის აღქმული იქნა, როგორც ერთგვარი სახის შენარჩუნების აქტი საქართველოს სახელმწიფოსთვის როგორც კიევის, ისე ბრიუსელის თვალში. ამ ფონზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფართო დისკუსია, თუ რა ხარვეზებზე მიუთითებს ქართულ პოლიტიკურ სისტემაში მმართველი პარტიის მოქმედება და რას ნიშნავს პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ კონფრონტაციული დამოკიდებულება საკმაოდ რთულ და დაძაბულ გეოპოლიტიკურ პერიოდში.

„მხარდაჭერა არ გამოიხატება დროშების გადმოფენაში“ – პრეზიდენტის მოქმედების ფასი

რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რეაგირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარდამტეხი მონაკვეთი იყო, რამაც მის გარშემო დადებითი საზოგადოებრივი განწყობების მობილიზება გამოიწვია. საპირისპიროდ, საზოგადოების თვალში უფრო გამოიკვეთა მმართველი პარტიის ინერტულობა და კონფრონტაციული ტონი, რომლითაც პარტიის ლიდერები უკრაინის შესახებ აკეთებდნენ თავდაპირველ კომენტარებს.

სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღესვე გამართა პრესკონფერენცია, სადაც დააფიქსირა, რომ, როგორც პრეზიდენტი, „მზად იყო, წარმოედგინა საქართველო ყველა იმ ფორმატში, სადაც მიმდინარეობს უკრაინის საკითხის განხილვა“. ამასთან, რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის რეკომენდაციაც გასცა, რასაც ქართულმა ოცნებამ უმოქმედობით უპასუხა. ამის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი არ დაკმაყოფილდა აქტიური სატელეფონო კომუნიკაციით ევროპელ და უკრაინელ ლიდერებთან და 28 თებერვლიდან რამდენიმედღიანი ვიზიტების სერია განახორციელა პარიზსა და ბრიუსელში. გარდა იმისა, რომ ის პირადად შეხვდა ევროპელ ლიდერებს, პრეზიდენტი ინტენსიურად ჩნდებოდა ავტორიტეტულ საერთაშორისო მედიაში.

ამგვარი აქტიურობა როგორც ევროპულ პოლიტიკურ ელიტასთან, ისე დასავლურ მედიასთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა, პერიოდულად, კრიტიკის საგანი ხდებოდა უკრაინული პოლიტიკური ელიტის მხრიდან „ამორალური“ უმოქმედობისთვის. ამავდროულად, ევროკავშირში გაწევრების თაობაზე განაცხადის შეტანის საკითხიც კი შესამჩნევი ყოყმანით იქნა გადაწყვეტილი, რაც საქართველოს ევროინტეგრაციული მისწრაფებების შესახებ დამატებით ეჭვებს ბადებდა ადგილობრივ და, სავარაუდოდ, საერთაშორისო საზოგადოებაშიც. ამ ფონზე, სალომე ზურაბიშვილმა 20-ზე მეტ გავლენიან დასავლურ მედია-სააგენტოში გააჟღერა გზავნილები იმის შესახებ, რომ საქართველო კვლავ იმ ერთიანი უნიკალური ფრონტის ნაწილია, რომელიც ევროპელებმა უკრაინის მხარდასაჭერად შექმნეს. მან ქართული საზოგადოების განწყობებისთვის თვალშისაცემად მისაღები აქცენტები დასვა ისეთ მნიშვნელოვან მედიასაშუალებებში, როგორიცაა France 24, Bloomberg, CNN, Dailymail, Financial Times და ა.შ.

მოვლენათა ამგვარი განვითარების ერთგვარი კულმინაცია იყო სალომე ზურაბიშვილის მიმართვა თბილისში უკრაინის მხარდასაჭერად შეკრებილი საზოგადოების წინაშე და მისი ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენებით გამოსვლა. საბოლოოდ, მან დადებითი გამოხმაურება მიიღო საზოგადოებისგან და საშინაო და საგარეო არენაზე მთავრობის უკრაინის საკითხის გარშემო პოზიციონირება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ლოგიკურია, რომ ამ ფონზე, ქართული ოცნების მთავრობის რიტორიკა და მოქმედებები კიდევ უფრო უფერულად და ინერტულად აღიქმება. მმართველმა პარტიამ კი, ნაცვლად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილის ამგვარი წარმატებული სვლა საკუთარი უმოქმედობის საზიანო შედეგების გასაწონასწორებლად გამოიყენოს, მკვეთრად კონფრონტაციული გზა აირჩია და პრეზიდენტის წინააღმდეგ კონსტიტუციური ბრძოლა დააანონსა.

ისტორია თავის თავს იმეორებს: „ქართული ოცნების“ მუდმივი საპრეზიდენტო ჩიხი

პრეზიდენტის ინსტიტუტი იმ ფორმით, რა ფორმითაც ის 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში გარდაიქმნა, შეზღუდულ ინსტიტუტად იქცა და სახელმწიფოს მეთაურმა ერთგვარი „მთვლემარე პრეზიდენტის“ ფუნქცია შეიძინა. ამას ისიც ემატება, რომ სალომე ზურაბიშვილი პირდაპირი წესით არჩეული ბოლო პრეზიდენტია და მისი ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი ეყოლება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ფარგლებში, ინსტიტუტი მკაფიოდ ჩამოყალიბდეს და გამოიკვეთოს არა მხოლოდ მისი კონსტიტუციური იურისდიქციის ჩარჩოები, არამედ მისი ქმედითუნარიანობის და პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის რესურსები.

პრეზიდენტის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის მაჩვენებლები მაინცდამაინც სახარბიელო არაა (გრაფა 1). ამიტომ, საქართველოს პრეზიდენტს სწორედ ახლა მაქსიმალურად სჭირდება ძლიერი საზოგადოებრივი ნდობის შექმნა და ამაში მხარდაჭერა, რათა შემდგომში ლეგიტიმაცია კიდევ უფრო მეტად არ დაკარგოს.

 

გრაფა 1. დროითი მწკრივი: ნდობა: საქართველოს პრეზიდენტი.


წყარო: https://www.caucasusbarometer.org/ge/eu_ge/TRUPRES/

 

თუმცა, მმართველი ქართული ოცნების რიტორიკა, ბოლო პერიოდში, მკვეთრად შეიცვალა პრეზიდენტის საპირისპიროდ. განსაკუთრებით, საკმაოდ რთულ საგარეოპოლიტიკურ ვითარებაში: მმართველ პარტიას არ აქვს ფართოსაზოგადოებრივი მხარდაჭერა ერთგვარ „დაბალანსებულ“ და „ფრთხილ“ სტრატეგიაში რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ (გრაფა 2). ამ ფონზე, პრეზიდენტ ზურაბიშვილის შედარებით უფრო გამოკვეთილი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ასევე მისი ევროპული ვიზიტები მეტ თანხმობაში მოვიდა საზოგადოებრივ აზრთან.

 

გრაფა 2. საზოგადოებრივი აზრის კვლევა CRRC Georgia 2022წყარო: https://caucasusbarometer.org/en/downloads/

 

ამგვარად, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის მეოთხე წელს საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის რიტორიკა ერთმანეთთან აშკარა წინააღმდეგობაშია. ქართული ოცნების მმართველობის დროს ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი დაპირისპირებაში მოვიდა მმართველი პარტიის დღის წესრიგთან. გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობა დაახლოებით მსგავსი სცენარით წარიმართა. საბოლოოდ, ის იმდენად მკვეთრ წინააღმდეგობაში მოვიდა მმართველ გუნდთან, რომ, ზოგიერთი მოსაზრებით, 2017 წელს პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების ინიციატივა და მისი ძალაში შესვლა სწორედ მაშინდელ პრეზიდენტ მარგველაშვილისადმი პირადი დამოკიდებულებებიდან გამომდინარეობდა.

მმართველობის პერიოდის ორივე პრეზიდენტთან ასეთ კონფრონტაციაში შესვლა მიუთითებს იმაზე, რომ პარტიას სერიოზული პრობლემები აქვს იმ სახელმწიფო ინსტიტუტებთან, რომლებიც ცდილობენ ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში ალტერნატიული ხედვები შემოიტანონ. შედეგად, კონსტიტუციის და კონსტიტუციურობის სახელით იწყება შეურიგებელი ბრძოლა, რაც თანდათან აზიანებს მრავალფეროვან პოლიტიკურ გარემოს ქვეყანაში და საკუთრივ პრეზიდენტის ინსტიტუტს.

რას გვეუბნება მთავრობის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ ინიციირებული პროცესი?

ფუნდამენტური გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, ქართულ პოლიტიკაში მოვლენათა ამგვარი განვითარება ავლენს ხარვეზებს, რაც დღეს ქართულ პოლიტიკურ ველზე არსებობს და საფრთხისშემცველია შემდგარი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე.

პირველ რიგში, შედარებით მოკლევადიან პერიოდში, მთავარი პრობლემაა ის, რომ საქართველოს პრეზიდენტის პროევროპული და უკრაინის მხარდამჭერი მოქმედებების დისკრედიტაციით მთავრობა, ფაქტობრივად, საპირისპირო პოზიციას აფიქსირებს. იმის მიუღებლობა, რომ სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინის მხარდამჭერი და საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისი მნიშვნელოვანი მოქმედებები განახორციელა, საშიშ მოქმედებად შეიძლება აღვიქვათ ომში მყოფი უკრაინის და განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი საქართველოს ევროპული მომავლის საწინააღმდეგოდ. ეს საფრთხე პოლიტიკურ საფრთხედ რჩება მაშინაც კი, როდესაც ის კონსტიტუციური სტაბილურობის არგუმენტითაა გაჯერებული ქართული ოცნების მხრიდან.

გარდა ამისა, დასავლეთში ამ დონის ვიზიტების დისკრედიტაცია საქართველოს სახელმწიფოს არასტაბილურობის იმიჯს ბრიუსელში კიდევ უფრო გაუსვამს ხაზს. ქართული ოცნების მმართველობის ბოლო პერიოდში ბრიუსელთან ურთიერთობების შენელების მომსწრე ისედაც ვართ. ამ ფონზე, კავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის სპონტანურ პირობებში გაკეთების კვალდაკვალ პრეზიდენტის ამ რანგის ვიზიტები მეტ პოლიტიკურ მხარდაჭერას იმსახურებს ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტის მხრიდან. თუმცა, ბრიუსელი დღეს საქართველოში ამის საწინააღმდეგო პროცესს ხედავს.

და ბოლოს, კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა რამდენიმე სახიფათო მახასიათებელი საკუთრივ ქართული ოცნების მმართველობაში: პარტიის მიდგომები საზოგადოებრივ კეთილგანწყობას ვერ იმსახურებს, რადგან მმართველი ძალა საკუთარი ამომრჩევლის და უფრო ფართო მოსახლეობის განწყობებთან თანხვედრაში ვერ მოდის და დადებით გამოხმაურებას სხვა აქტორები უფრო იმსახურებენ. ამ ფონზე, მმართველი პარტია მზადაა, რადიკალურ კონფრონტაციაში შევიდეს არა მხოლოდ ტრადიციულად მოწინააღმდეგე პარტიულ ძალებთან, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებთანაც კი, თუკი ისინი პარტიის დღის წესრიგს არ პასუხობენ.

მთავრობა პრეზიდენტის პირისპირ:  კიდევ ერთი კონფრონტაცია ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში?

ამგვარად, მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება საქართველოს პრეზიდენტს დაუპირისპირდა ევროპაში განხორციელებული ვიზიტების გამო, საქართველოში პოლიტიკური კონფრონტაციის კიდევ ერთი კერა გაჩნდა. მაშინ, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ მოქმედების საკმაოდ შეზღუდული რესურსები აქვს, მთავრობისთვის უფრო გონივრული იქნებოდა, პრეზიდენტის დასავლური ტურნე სახელმწიფოს სასარგებლოდ გამოეყენებინა (თუნდაც ისინი პროცედურულად შეუთანხმებელი იყოს). ეს ნაბიჯი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნებოდა იმ ფონზე, რომ ევროკავშირში გაწევრების განაცხადის გაკეთების შემდეგ საქართველოსთვის ევროპასთან კომუნიკაციის ნებისმიერი გზა ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სანაცვლოდ, ქართულმა ოცნებამ მოქმედების კონფრონტაციული მეთოდი აირჩია და კონსტიტუციური ბრძოლაც კი დააანონსა, რაც როგორც სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის, ისე საქართველოს ევროპული მომავლისთვის შესაბამის შიდაპოლიტიკურ გარემოს ნამდვილად ვერ ქმნის.

, , ,