28/05/2024 GIP

საჯარო პოლიტიკის ანალიზის კურსის დახურვის ცერემონია სემინარი

25 მაისს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებითა და USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, პროექტის „საჯარო პოლიტიკის საპილოტე ინიციატივები ახალგაზრდების ჩართულობისა და მენტორობის გაძლიერებისთვის“ ფარგლებში გაიმართა საჯარო პოლიტიკის სემინარი და საჯარო პოლიტიკის ანალიზის კურსის (PPA Course) დახურვის ცერემონია.

პროექტ საჯარო პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (PPAHub) ფარგლებში GIP-იმ ჩაატარა საჯარო პოლიტიკის ანალიზის ორთვიანი კურსი ჯამში 27 სტუდენტისა და ახალგაზრდა მკვლევარისათვის და დაეხმარა მათ კიდევ უფრო მეტად გაეღრმავებინათ ცოდნა საჯარო პოლიტიკისა და ანალიზის მიმართულებით. ორი თვის განმავლობაში პროექტის მონაწილეები დაესწრნენ 16 სესიას, რომლებიც ერთობლივად მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს. აღნიშნულ სესიებს ქართულ და ინგლისურ ენებზე უძღვებოდნენ ცნობილი ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. კურსის ფარგლებში მონაწილეებმა იმუშავეს საჯარო პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკვლევ თემებზე. მათ დაწერეს პოლიტიკის ნარკვევები და საბოლოოდ, მათგან ოთხი საუკეთესო ნაშრომის ავტორი გაემგზავრა ბრიუსელის მმართველობის სკოლის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 27-31 მაისს.

ღონისძიების ფარგლებში, საჯარო პოლიტიკის ანალიზის შემაჯამებელი ვორქშოფი ჩაატარა ნოდარ ტანგიაშვილმა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (საქართველო) საჯარო პოლიტიკის მრჩეველმა. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, რენატა სკარჯუტე-კერესელიძემ ისაუბრა განვლილი სესიებზე და შეაფასა PPA ტრენინგ-კურსები. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) პროექტის მენეჯერმა სალომე კანდელაკმა მონაწილეებთან ერთად განიხილა სამომავლო გეგმები. ხოლო ღონისძიებაზე შემაჯამებელი სიტყვა წარმოთქვეს და მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) დირექტორმა კორნელი კაკაჩიამ და USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის სამოქალაქო ჩართულობის მიმართულების ხელმძღვანელმა ანი ახალკაცმა. 

საჯარო პოლიტიკაში ახალგაზრდების ეფექტური ჩართულობა მოითხოვს საქართველოში ახალგაზრდა თაობის პოლიტიკის ეფექტური ანალიზისთვის საჭირო ცოდნითა და უნარებით უზრუნველყოფას. ამ მიზნით, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP), USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, დააარსა საჯარო პოლიტიკის ანალიზის ცენტრი (PPAHub).  PPA Hub არის ერთობლივი პლატფორმა სწავლისთვის, უნარების განვითარებისა და ცოდნის გაცვლისთვის ახალგაზრდა მკვლევრებს, ექსპერტებსა და აკადემიკოსებს შორის. ცენტრი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს კვლევასა და ანალიზს მმართველობის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორიცაა გამჭვირვალობა, საჯარო მმართველობის რეფორმა (PAR) და კარგი მმართველობა.

ბროშურა

, , , , , , , , , ,