მომავალ ლიდერთა სკოლის (ELS) კურსდამთავრებულები აქტიურ საქმიანობას აგრძელებენ თავიანთ რეგიონებში და ცდილობენ მათ ხელთ არსებული რესურსებით დადებითი ცვლილებები განახორციელონ.
ამჯერად გიზიარებთ ზუგდიდში, ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებული ELS 2020-ის კურსდამთავრებულების ისტორიებს.
თამარ ჩიქავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი სპეციალისტია. აქვს მუნიციპალური პროგრამების/სერვისების დანერგვისა და კოორდინირების გამოცდილება, მაგ. ხანდაზმულთა შინმოვლის სერვისი, „ქალთა ოთახი” და სხვ. ამჟამად მუშაობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაციაზე და არის სხვადასხვა თემატური კომისების, საბჭოებისა და სამუშაო ჯგუფების წევრი. თამარი წარმოადგენს საჯარო სექტორს ზუგდიდის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის Zugdidi LAG აღმასრულებელ საბჭოში. თამარი, ასევე ეწევა მოხალისეობრივ საქმიანობას – საქველმოქმედო ასოციაცია “ქართველები საფრანგეთში, Géorgiens en France,” სადაც არის სამეგრელოს წარმომადგენელი.
„ჩემი საქმიანობა საჯარო სექტორში მუნიციპალური სერვისებისა და პროგრამების შემუშავების პროცესში ხელს უწყობს ინოვაციური მიდგომების დანერგვას; ჩემი მიზანი, ამ ეტაპზე, არის ეფექტურთან ერთად ეფექტიანი სერვისების შემუშავება და მათი კოორდინირება, რათა შესაბამის მოწყვლად ჯგუფამდე მივიდეს ხარისხიანი მუნიციპალური მომსახურება.“
ნინო სიჭინავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსია.
“ყველაზე მნიშვნელოვანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რათა ახალგაზრდებმა თვითონ მიიღონ მონაწილეობა მათი მუნიციპალიტეტის უკეთესი მომავლის შენებაში. ჩემს როლს სწორედ აქ ვხედავ, გავაძლიერო ახალგაზრდებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის ურთიერთთანამშრომლობა და ნდობის ფაქტორი. მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს სჯეროდეთ რომ მათ სიტყვას გადამწყვეტი ძალა აქვს. ჩემი მთავარი მიზანი არის ფართოდ გავაღო მათთვის ყველა კარი და ერთად მოვახდინოთ სასიკეთო საქმეების კეთება. Აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, უწყებათაშორისი თანამშრომლობა არის ერთ-ერთი წარმატების საწინადარი.”
ნინო გვაგვალია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის “ქალთა ოთახის” კოორდინატორია და ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობს.
“უმუშვერობა კვლავაც რჩება ქვეყნის წინაშე მდგარ მთავარ სოციალურ გამოწვევად. ამასთან, ქალთა უმუშევრობა ხასითდება დამატებითი ბარიერებითა და ფაქტორებით, როგორებიცაა კულტურული დამოკიდებულებები, ბავშვის მოვლა-პატრონობის ტრადიციული ვალდებულება, განსხვავება ხელფასებში და ა.შ. აღნიშნული გარემოებები კიდევ უფრო ართულებს ქალთა დასაქმების შესაძლებლობებს რეგიონში. ჩვენი სამსახურის მიზანი და სამომავლო გეგმებიც სწორედ უკავშირდება ადგილობრივ დონეზე, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და დასაქმების ხელშწყობას.”
მომავალ ლიდერთა სკოლა ELS2022 განხორციელდა პროექტ „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, USAID/Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით. იგი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას პოლიტიკური პროცესებისა და დემოკრატიზაციის შესახებ, მათი ჩართულობის წახალისებისა და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარების გზით.