Photo: IPN • Interpressnews
ნინო სამხარაძე[1]
საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ხუთ თვეზე მეტია გრძელდება. ქვეყნის პოლიტიკური პროცესების მიმართ ევროკავშირმა სამეზობლოსთვის უპრეცედენტო ინტერესი გამოიჩინა და კრიზისის დაძლევის პროცესში მნიშვნელოვნად მაღალ დონეზე ჩაერთო: ინტერპარტიული დიალოგის შუამავლობა ევროპული პარლამენტის პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აიღო საკუთარ თავზე და მოლაპარაკებების გარკვეულ ეტაპზე მედიაციაში სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ჩართო. თუმცა, ევროკავშირის მხრიდან ამ მასშტაბის მცდელობაც კი უშედეგო გამოდგა: ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ შეთანხმებას ვერ მიაღწია და ევროკავშირის მედიაციამ, ამ ეტაპზე, მარცხი განიცადა.
ზოგიერთი მოსაზრებით, ევროკავშირის „მარცხი“ საქართველოს პოლიტიკური კრიზისში მედიაციის პროცესში, გარკვეულწილად, ლოგიკურია, რადგან თავად ევროკავშირი არ ქმნის გაწევრების მსურველი სახელმწიფოებისთვის რეალისტური პერსპექტივის მოლოდინებს. შესაბამისად, მისი მნიშვნელობა პოლიტიკური ელიტებისთვის, შეიძლება, მცირდებოდეს. თუმცა, აუცილებელია იმაზე მსჯელობა, თუ რას ელოდა თავად ევროკავშირი საქართველოს პოლიტიკური ლიდერებისგან და როგორ შეიძლებოდა, ეს კონკრეტული მედიაციის პროცესი, როგორც ერთგვარი პრივილეგია, საქართველოს თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა.
რას ელოდა ევროკავშირი საქართველოში მედიაციის პროცესისგან?
ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია კომპრომისისა და თანხმობის მიღწევის გზით სტაბილურობის და განვითარების შენარჩუნება, რასაც ადასტურებს ისეთი ბოლოდროინდელი კრიზისული მოვლენები, როგორიცაა ბრექსიტის თითქმის ერთწლიანი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმება ან ბიუჯეტის დამტკიცების უჩვეულოდ გაჭიანურებული პროცესი. კრიზისების მოგვარების ამგვარი ტრადიცია გადამწყვეტ როლს თამაშობდა დანიელსონის ქართული მისიის ფორმირებაშიც. მისივე სიტყვებით, ევროკავშირს ჰქონდა მცდელობა, პრაქტიკაში გაეტარებინა მიდგომა „ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინების შესახებ“, რაც, ქართული პოლიტიკური ელიტის შემთხვევაში, უშედეგო აღმოჩნდა.
ევროკავშირის უსაფრთხოების სტრატეგიულ მიზნებს შორის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია აღმოსავლეთ სამეზობლოში სტაბილური სახელმწიფოების წრის შექმნა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივასაც ბრიუსელი სწორედ ამ კონტექსტში უყურებს: სტაბილურ გარემოში კარგი მმართველობის ხელშეწყობა მნიშვნელოვანი ფაქტორია საგარეო პოლიტიკის დაგეგმვისას, განსაკუთრებით, ისეთ სახელმწიფოებთან ურთიერთობისას, რომლებსაც კავშირში გაწევრების ამბიცია აქვთ. ასეთი ქვეყნებისგან ბრიუსელი მოელის შეუქცევად დემოკრატიულ გარდაქმნებს, თუმცა საქართველოში პოლიტიკურ ლიდერებს უნდა ახსოვდეთ, რომ, ამავე დროს, აქტიურად მუშაობს „მკაცრი და სამართლიანი პირობითობის“ პრინციპი.
ამ კონტექსტში, საქართველოს ხუთთვიანმა პოლიტიკურმა კრიზისმა წარმოშვა საფრთხე, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყანა თანდათან კარგავს სტაბილური განვითარების ფოკუსს და პოლიტიკურ ჩიხში შედის. საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის და პანდემიური გამოწვევების ფონზე, ქვეყანას რეფორმებზე ორიენტირების და სტაბილური გარემოს შენარჩუნების ნაკლები შანსი აქვს. შესაბამისად, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი ამოცანა გახდა საკუთარი რბილი ძალის დამტკიცება კრიზისულ პოლიტიკურ სიტუაციაში უპრეცედენტოდ მაღალი კალიბრის მედიაციის ჩარევით.
ბრიუსელში არსებობდა გარკვეული ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ შეეძლოთ ქართულ პარტიებს, დიალოგის პროცესი უფრო ეფექტიანად წარემართათ. ამ ხედვაში პასუხისმგებლობა ეკისრებოდა როგორც მმართველ, ისე ოპოზიციურ პარტიებს. ევროპულ მოლოდინებს შორის იყო, ასევე, ისიც, რომ განსაკუთრებით სენსიტიურ პოლიტიკურ კრიზისში პროცესები დაცლილი უნდა ყოფილიყო, ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილის, მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილის პერსონალიზებული გავლენებისგან. ამასთან, შარლ მიშელის ექვსპუნქტიანი დოკუმენტი, ასახავდა არა მხოლოდ კონკრეტულ კრიზისში შეუთანხმებელ საკითხებს, არამედ ზოგადად იმ პრობლემებს, რომელთა ძირეულმა გადაჭრამაც, წესით, საქართველო ევროინტეგრაციულ პროცესებში მნიშვნელოვნად უნდა წაწიოს წინ. მათ შორის არის სასამართლო რეფორმა, რომლის ძირეული განხორციელების გარეშე შეუძლებელი იქნება დემოკრატიზაციის პროცესის ბოლომდე მიყვანა და, შესაბამისად, მეტი წარმატების მიღწევა ევროინტეგრაციის გზაზე. დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოწერაზე უარის თქმით, ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ, პრაქტიკულად უარყო, ასევე, ჟან მონეს დიალოგის ფორმატის გამოყენების შესაძლებლობა, რომელიც პარტიებს ევროპარლამენტთან გრძელვადიანი კომუნიკაციის რეჟიმში ეროვნული პოლიტიკის პრიორიტეტულ საკითხებზე თანხმობის მიღწევის საშუალებას მისცემდა.
ყველა ეს მოლოდინი ეფუძნება ევროპული პოლიტიკის გამოცდილებას, რომელსაც, როგორც ზემოთ ითქვა, თავისი წესები აქვს, თუმცა საქართველოს პოლიტიკურ აქტორებს ჯერ კიდევ უჭირთ, ამ საერთო წესებში ჩაერთონ და ისწავლონ, როგორ შექმნან ევროპული მმართველობის სტილის სახელმწიფო. იმ ფონზე, რომ საქართველოს საპარლამენტო დემოკრატიად ჩამოყალიბების და კონსენსუსზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობის ამბიცია აქვს, პარტიებისთვის, როგორც ჩანს, გაცილებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ერთი მხრივ, ის, რომ კონკრეტულ მხარეს, რაც შეიძლება, ნაკლებ დათმობაზე მოუწიოს წასვლა მოლაპარაკებების პროცესში და მონდომებით დაიცვას საკუთარი წითელი ხაზები, მეორე მხრივ კი, ეს ისე გააკეთოს, რომ კრიზისის გამწვავება აუცილებლად და მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარეს დაბრალდეს. აქედან გამომდინარე, როგორც მოლაპარაკებების პირველი ეტაპის ჩაშლის შემდეგ ქრისტიან დანიელსონმა განაცხადა, პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება პარტიებს. შეიძლება ითქვას, რომ ამ განცხადებით დანიელსონა მიანიშნა, რომ საქართველოს პარტიულ პოლიტიკაში არის შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის რესურსი, თუმცა ამისთვის პოლიტიკურ ლიდერებს შორის კეთილი ნება ნაკლებად არსებობს და მთავარი პრობლემა სწორედ ეს არის.
ევროკავშირის მედიაცია, როგორც პრივილეგია საქართველოსთვის
“მიზეზი, პრეზიდენტმა მიშელმა რატომ აიღო ეს როლი და გამომგზავნა აქ, არის ის, რომ მას სჯერა საქართველოს მნიშვნელობის ევროკავშირისთვის“ – დანიელსონის ეს განცხადება არის ერთგვარი ილუსტრაცია, თუ რა მასშტაბის პრივილეგიასთან აქვს საქართველოს საქმე. ერთი მხრივ, საქართველო ევროპასთან მჭიდრო თანამშრომლობის გზაზე ჯერ კიდევ ევროკავშირის განსაკუთრებულ ფოკუსშია. ევროკავშირის ამ დოზით ჩართულობა საყურადღებოა იმ ფონზეც, რომ ბრიუსელი საკმაო ინერტულობას იჩენდა და იჩენს ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენების შემთხვევაში სამეზობლოში, როგორიცაა ბელარუსის კრიზისი და მთიანი ყარაბაღის ომი აღმოსავლეთ პარტნიორობის ორ ქვეყანას – აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. თუ უფრო შორსაც წავალთ, ევროკავშირის ამ კალიბრის ჩართულობა არ ახსოვს არც უკრაინას მისი კრიზისების სხვადასხვა – შიდაპოლიტიკურ და რუსული ინტერვენციის – ეტაპებზე. საქართველოში პოლიტიკური პროცესების მიმართ ევროკავშირის განსაკუთრებულ ინტერესს, ასევე, ადასტურებს, ერთი მხრივ, ევროპარლამენტში გამართული დებატები საქართველოს საკითხის შესახებ, მეორე მხრივ, დანიელსონის მისიის სპონტანური გახანგრძლივება ინტერპარტიული მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების მიზნით.
ამგვარად, საქართველოსთვის შარლ მიშელის მედიაციის ინიციატივა და დანიელსონის პირადი მოღვაწეობა თბილისისთვის ძლიერი პოლიტიკური გზავნილი იყო ევროკავშირის სტრატეგიული ურთიერთობების კონტექსტში, თუმცა, ქართულმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ვერ გაიაზრეს, ამ პრივილეგიის წონა ქვეყნის ევროპასთან დაახლოების გრძელვადიან კონტექსტში და მედიაციის პირობების ორმხრივი უარყოფით საფრთხის ქვეშ დააყენეს ამ მიმართულებით სამომავლო პერსპექტივებიც, რითაც ძლიერი დარტყმა მიაყენეს საქართველოს დიდი ხნის შეთანხმებულ საერთო ეროვნულ ინტერესს – ხელშესახებ და წარმატებულ ევროინტეგრაციას.
ამასთან, ქართულ პოლიტიკურ ელიტას ჰქონდა შანსი, უშუალოდ მაღალი რანგის გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის ეჩვენებინა, რომ პოლიტიკურად საქართველო საკმარისად მომწიფებული სახელმწიფოა, რათა დაამტკიცოს, რომ 2024 წელს კავშირში გაწევრებაზე ოფიციალური განაცხადი საფუძველს მოკლებული არ არის. ქრისტიან დანიელსონი გაფართოების საკითხებში მოქმედი გენერალური დირექტორის სტატუსით (Acting Director-General for Neigbourhood and Enlargement Negotiations) ჩართული იყო ხორვატიის ევროკავშირში გაწევრებაში. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრებისთვის მომზადებაში იმ კონკრეტული ნაბიჯების და გეგმის დასახვით, რომლის შესრულებაც ხორვატიას მოუწია, რათა წარმატებით დაესრულებინა გაწევრების რამდენიმეჯერ გადადებული პროცესი. ამგვარად, ევროკავშირის გაფართოების საკითხებში დანიელსონს მაშინაც კი დიდი როლი შეიძლება ჰქონდეს, როდესაც ბრიუსელი „გაფართოებით გადაღლილობის“ გამოწვევის წინაშე დგას, როგორც ეს ხორვატიის გაწევრების შემთხვევაში მოხდა. ამასთან, ის 2015 წლიდან სამეზობლო საკითხების და გაფართოების თაობაზე მოლაპარაკების საქმეთა გენერალური დირექტორია, რაც ნიშნავს, რომ სწორედ მისი მისიის ფარგლებში საქართველოს პოლიტიკური მოწიფულობის ჩვენება საკვანძოდ მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო წამყვანი პოლიტიკური პარტიებისთვის ევროინტეგრაციული ამბიციების გათვალისწინებით. თუმცა, ამ რანგის მედიატორის ჩართულობა ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ საკმარისად ვერ დააფასა და მისი ორმაგი მცდელობა, ფაქტობრივად, არაფრისმომტან მისიად იქცა, რაც განსაკუთრებით არალოგიკურია 2024 წელს ევროკავშირში გაწევრების ოფიციალური განაცხადის გაკეთების გეგმის ფონზე.
მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პოლიტიკური აქტორები აცნობიერებდნენ, რომ მოლაპარაკებების საკმაოდ „მტკივნეული“ პროცესის შედეგად, ცალსახად გამარჯვებული მხარე არ იარსებებდა, მოლაპარაკებების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, საერთო ჯამში, ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ ვერ ისწავლა მთავარი პოლიტიკური გაკვეთილი, რომ, როგორც დანიელსონი ამბობს, „კომპრომისი სისუსტის ნიშანი არ არის, სიძლიერის ნიშანია. ეს არის ქართული დემოკრატიის სიძლიერე და ევროპული გზა.“
საბოლოო ჯამში, ევროკავშირმა საკმარისად ნათლად გამოამჟღავნა თავისი ინტერესი საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის და შეუქცევადი დემოკრატიზაციის მიმართ. ევროინტეგრაციის გზაზე ეს ჟესტი სასიცოცხლოდ აუცილებელი გზავნილი იყო, რომელიც ქართულ პოლიტიკურ ელიტას აუცილებლად უნდა გამოეყენებინა, როგორც ევროპასთან პოლიტიკური დაახლოების შანსი. ევროკავშირის მოლოდინები, უმეტესად, უკავშირდებოდა კომპრომისსა და თანამშრომლობაზე კონცენტრირებულ პრაგმატულ ინტერპარტიულ დიალოგს, პოლიტიკური ნების რესურსს თანამშრომლობისთვის, რასაც, უფრო გრძელვადიან პერიოდში, საქართველო ევროპული ყაიდის ქვეყნად უნდა ექცია. ევროკავშირს სურდა, დაენახა სხვაობა „რეალურ და იმიტირებულ დემოკრატიას შორის“ ქვეყანაში. თუმცა, ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ვერ შეძლო, ალღო აეღო ინტერპარტიული დიალოგის წარმოების ევროპული მეთოდისთვის. შესაბამისად, კიდევ უფრო გამძაფრდა ევროპელი პარტნიორების ერთგვარი „გადაღლის საფრთხე“, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც გამოჩნდა, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები საფრთხის ქვეშ დადგა. იმ ამბიციების ფონზე, რაც თბილისს ევროინტეგრაციის გზაზე გააჩნია, აუცილებელია, რომ პოლიტიკურმა ელიტამ, როგორც ხელისუფლების ისე ოპოზიციის მხრიდან, ფუნდამენტურად გადააფასოს საკუთარი წითელი ხაზები და მთელი თავისი რესურსი მიმართოს ევროკავშირის უკვე დასრულებული მედიაციის მისიის გადააზრებისკენ და სტაბილურობის მიღწევის ახალი გზების ძიებისკენ.
[1] საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) უმცროსი ანალიტიკოსი.