08/05/2023 GIP

საქართველოს არსებითი ევროპული პერსპექტივა

მაიკლ ემერსონი

მაიკლ ემერსონი

ასოცირებული უფროსი მკვლევარი, ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრი (CEPS)

2022 წლის ივნისიდან საქართველომ მიიღო ის, რასაც წლებია ესწრაფვის – ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებიდან წევრობაზე გადასვლის პერსპექტივა.

თუმცა, მან უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, რამაც ბევრი მწვავე კომენტარი და უთანხმოება გამოიწვია. პროევროპელებს იმედი გაუცრუვდათ, ხოლო ევროპული ინტეგრაციის იდეის მოწინააღმდეგეებს, მათ შორის ტრადიციონალისტ მართლმადიდებელ პროქართველებსა თუ პრორუსებს, იმის მტკიცების შესაძლებლობა მიეცათ, რომ ევროკავშირმა საქართველო მიატოვა.

ქართველმა საზოგადოებრივი აზრის ლიდერებმა უნდა ჩამოაყალიბონ მომავლის რეალისტური ხედვა, რომელიც, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ფორმალობებს მიღმა, საქართველოს მხრიდან ევროკავშირის და ფართო ევროპის რეგიონის მომავლის გარშემო არსებული დიდი გაურკვევლობის გააზრებას მოითხოვს.

შემდგომი ნაბიჯები

ზოგიერთი მომდევნო ნაბიჯი, ასე თუ ისე, ნათელია. შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში, ევროკომისია გაამჟღავნებს, თუ როგორ აფასებს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს პროგრესს 2022 წლის ივნისში მათთვის დაწესებული ათობით პირობის შესრულების გზაზე.  დიდი ალბათობით, მოსალოდნელია, რომ სამივე ქვეყნის შეფასება მსგავსი პათოსის იქნება: „შესამჩნევი პროგრესი იქნა მიღწეული, თუმცა ეს პროგრესი სრულად ყველა მიმართულებით ჯერ კიდევ არ ვრცელდება “.

აღნიშნულ პროცესში მომდევნო ნაბიჯი 2023 წლის ოქტომბერში კომისიის მხრიდან ყველა აპლიკანტ ქვეყანაზე დეტალურ ანგარიშის წარადგენა იქნება. მათ შორისაა დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყანა, აღმოსავლეთ ევროპის ტრიო და თურქეთი. შესაძლოა, რომ კომისიამ უკრაინაზე, და ალბათ მოლდოვაზეც, გაწევრების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცეს, რითაც ისინი კიდევ უფრო მეტს მიიღებენ, ვიდრე მათი ამჟამინდელი კანდიდატის სტატუსია.

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორს ოლიგარქიული მმართველობა წარმოადგენს, რომელიც საარჩევნო დარღვევებითა და ოპოზიციის ლიდერების, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილისა და კრიტიკული მედიის ჟურნალისტების, დაკავებით ხასიათდება.

შედარებისთვის, უკრაინასა და მოლდოვას ჰყავთ მთავრობა და პრეზიდენტი, რომელთა დემოკრატიული ლეგიტიმაციაც კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. არ არის გამორიცხული, ოქტომბერში კომისია ისე მოიხიბლოს საქართველოს მიერ მის მიმართ წაყენებული პირობების შესრულებით, რომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცეს. თუმცა, აქ ასევე გარკვეულ როლს თამაშობს საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგი, ვინაიდან 2024 წელს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი.

ევროკავშირმა შეიძლება დაცდა ამჯობინოს და დააკვირდეს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები სამი შესაძლო სცენარის გათვალისწინებით: 1. სამართლიანად ჩატარებულ არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება; 2. სამართლიანად ჩატარებულ არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვება; და 3. გაყალბებული არჩევნები, რომელშიც ქართული ოცნება იმარჯვებს. პირველ სცენარში, ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მას შემდეგ მიიღებს, რაც ახალი მთავრობა საკუთარ თავს კარგად ჩამოყალიბებულად წარმოაჩენს. მეორე სცენარი ევროკავშირისთვისაც გარკვეული გამოცდა იქნება. თუმცა, თუ დავუშვებთ, რომ ამგვარ სცენარში ხელისუფლება პოლიტიკურ კეთილ ნებას გამოხატავს და პოლიტიკურ პატიმრებს გაათავისუფლებს, შესაძლოა მოვლენების ამგვარ განვითარებას ევროკომისიის მხრიდან პოზიტიური პასუხი მოჰყვეს, რომელიც ამავდროულად „შექცევადობის“ პრინციპის კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს.

აშკარაა, რომ ამჟამინდელი ოპოზიციის არჩევნებში წარმატება ერთიანი საარჩევნო ალიანის შექმნის მიზნით რამდენიმე პარტიის გაერთიანებასა და საერთო ლიდერის არჩევაზეა დამოკიდებული. დღეის მდგომარეობით, ეს ასე არ ხდება. თუმცა, ზუსტად მსგავსი პროცესი მიმდინარეობს საქართველოს დიდ მეზობელ თურქეთში, სადაც გაერთიანებულ ოპოზიციას შანსი აქვს, ერდოღანი დაამარცხოს. თუ მოვლენები ამგვარად განვითარდა, ეს შეიძლება ქართული ოპოზიციური პარტიებისთვის შთაგონების წყაროდ იქცეს.

ამ პოზიტიური სცენარის შემდგომ ნაბიჯებს, შესაძლოა, გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება წარმოადგენდეს, იმის გათვალისწინებით, თუ როგორი იქნება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხარისხი. თუმცა, ამ ეტაპზე ყველაფერი ჯერ კიდევ ბუნდოვანია. მაგალითისთვის, პროცესი შესაძლოა  „ბალკანურ ხაფანგში“ გაიჭედოს, რაც იმას გულისხმობს, რომ 20 წლიანი დაპირებების მიუხედავად, სხვადასხვა მიზეზების გამო ბალკანეთის სახელმწიფოების ევროკავშირში გაწევრების პროცესი წინ არ მიდის (ბულგარეთის მხრიდან  ჩრდილოეთ მაკედონიის დაბლოკვა, სერბეთ-კოსოვოს მიმდინარე უთანხმოება, ბოსნიის დისფუნქციური მთავრობა და ა.შ.). გარდა ამისა, ნათელია ისიც, რომ ევროკავშირის წევრი ზოგიერთი სახელმწიფო, როგორც მინიმუმ, ორჭოფობს ევროკავშირის კიდევ უფრო გაფართოებაზე. განსაკუთრებით პრეზიდენტი მაკრონი, რომლის უკანაც სხვებიც დგანან და თითოეული მათგანი გაფართოების პროცესის ყველა შემდეგ ნაბიჯებზე ვეტოს ძალით არის აღჭურვილი.

ევროპული მომავლის სცენარები

ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის აზრის ლიდერები ევროპისა და უშუალოდ ევროკავშირის მომავლის და მისი გაფართოების გარშემო მიმდინარე დისკუსიას შეუერთდნენ. როგორც წევრობის პერსპექტივის მქონე ქვეყნები, ისინიც ევროპის მომავლით დაინტერესებულ აქტორებს წარმოადგენენ, რაც ბევრად უფრო ფუნდამენტალურ პოლიტიკურ საკითხებს მოიაზრებს, ვიდრე გაფართოების პროცესის მეთოდოლოგიაა.

სამართლიანია აღინიშნოს, რომ 2000-იან წლებში გაერთიანებაში მიღებულ წევრ ქვეყნებში, განსაკუთრებით პოლონეთში, უნგრეთსა და ბულგარეთში, მიმდინარე ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ევროკავშირის გაფართოების პროცესის მიმართ მხარდაჭერა საგრძნობლად დააზარალა. უფრო ძველი წევრი სახელმწიფოები აკვირდებიან, თუ როგორ გადაუხვია პოლონეთმა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გზიდან, ხოლო უნგრეთმა დემოკრატიული რეჟიმიდან და შესაბამისად, როგორ იყენებს ორივე ქვეყანა ვეტოს უფლებას საკუთარი დევიანტური პოლიტიკური ქმედებების დასაცავად, რაც ევროკავშირის ერთიანობასა და ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნის. რაც შეეხება ბულგარეთს, ის წლების განმავლობაში ვეტოს უფლებით ბლოკავდა ჩრდილოეთ მაკედონიის ინტეგრაციის პროცესს მიზეზებით, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკასთან საერთოდ არ არის კავშირში.

ევროკავშირში არსებულ რეალურ პოლიტიკურ და ინსტიტუციურ პრობლემებზე საპასუხოდ, მინიმუმ ოთხი მოსაზრების გამოკვეთა შეიძლება.

პირველი პოზიცია გულისხმობს, რომ ვეტოს ძალის გადამეტებულად ან არამიზნობრივად გამოყენება საბჭოში ვეტოს უფლების საგრძნობლად შემცირების, ან კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპით მისი სრულად ჩანაცვლების გზით უნდა გადაწყდეს. ამგვარი გამოსავალი წინაპირობას შექმნის მომავალი გაფართოებისთვის. აღნიშნულ პოზიციას დიდწილად ევროპელი „ფედერალისტები“ უჭერენ მხარს, რომლებიც  გარკვეულწილად ბერლინითა და პარიზით, ხოლო ევროპულ პარლამენტში კი უმრავლესობით არიან წარმოდგენილი. მეორე მხრივ, კვალიფიციური უმრავლესობით ხმის მიცემის გაფართოებას ათზე მეტი სახელმწიფო ეწინააღმდეგება, ძირითადად პატარა წევრი ქვეყნები, რომლებსაც  გერმანიისა და საფრანგეთის პოლიტიკური დომინირება აშინებთ.

მეორე პოზიცია, რომელსაც ავტორიც იზიარებს, იმაში მდგომარეობს, რომ ვეტოს პრობლემა არსებული გაფართოების მეთოდოლოგიის რეფორმის საფუძველზე უნდა დაიძლიოს, რაც პროგრესული ინტეგრაციის ოთხი ეტაპის საფუძველზე „ეტაპობრივი გაწევრების“ პროცესს გულისხმობს. ამ შემთხვევაში, ბოლოს წინა ეტაპზე, ინტეგრაციის პროცესში მყოფი ქვეყნები საბჭოში ვეტოს ძალის მინიჭების გარეშე გაივლიან საფუძვლიან ტრანზიციას და ევროკავშირში სრულ ინტეგრაციას მიაღწევენ. საუკეთესო შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზიციის პერიოდი ასევე შესაძლებელს გახდის ზემოთ ნახსენები პირველი გამოსავლის პრაქტიკაში განხორციელებას, კერძოდ, ევროკავშირის მმართველობაში ვეტოს შემცირებასა თუ საერთოდ მოშორებას.

მესამე პოზიციის მიხედვით, ზემოთ განხილული სცენარები რეალური იმპლემენტაციისთვის ზედმეტად პრობლემურია. ამიტომ, საჭიროა ახალი კატეგორიის – „აფილირებული წევრობის“ შექმნა, რომელიც არსებულ ასოცირების ხელშეკრულებებს დაეფუძნება და „ეტაპობრივი გაწევრების“ ფორმატით გათვალისწინებულ მთელ რიგ ინტეგრაციის პრაქტიკულ ზომებს მოიცავს. თუმცა, ამ შემთხვევაში, აღნიშნული ქვეყნები საბჭოში გადაწყვეტილების მიღების პროცესის მიღმა დარჩებიან. პრაქტიკაში ეს ძალიან ჰგავს ნორვეგიის პოზიციას, რომელიც ერთიანი ბაზრისა და შენგენის ზონის წევრობასთან ერთად, ევროკავშირის მთელ რიგ სექტორულ ინიციატივებშიც არის ჩართული.

მეოთხე პოზიცია, რომელიც პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივას წარმოადგენს, ახალი ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის ფორმირებას გულისხმობს, რომელიც, ბელარუსისა და რუსეთის გარდა, ყველა ევროპული ქვეყნის ფართო თანამშრომლობას მოიცავს და ყველა ნახევარ წელიწადში ერთხელ სამიტების ფორმატის სახით უკვე დაიწყო. თუმცა, ჯერ კიდევ გაურკვეველია, რამდენად ქმედითი იქნება ეს ახალი ორგანო. აღნიშნული ფორმატი დასაწყისში უკვე გახდა კრიტიკის ობიექტი, როგორც გაფართოების სანაცვლოდ შექმნილი ალტერნატივა, რაც, მართალია, მაშინვე უარყვეს, თუმცა ეჭვები სრულად არ გამქრალა.

საქართველო, როგორც წევრობის აპლიკანტი ყველა სხვა ქვეყანა, ამ დიდ დებატში დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს და მასში აქტიურად უნდა ჩაერთოს. აპლიკანტი ქვეყნების ოფიციალური პოზიცია, როგორც ჩანს, არის ის, რომ ევროკავშირმა უბრალოდ რაც შეიძლება სწრაფად უნდა განახორციელოს პრაქტიკაში გაფართოების არსებული მიდგომა იმისთვის, რომ აღნიშნულ სახელმწიფოებში ევროპული საგარეო კურსი და ღირებულებების მიმართ ერთგულება შეინარჩუნოს. ეს მიდგომა შესაძლოა აიგნორებდეს ან ცდილობდეს დააიგნოროს ის რეალური პრობლემები, რომლებმაც ზემოთ ნახსენები ოთხი პოზიციის გარშემო დებატები გამოიწვია. თუმცა, ძალიან რეალური არგუმენტია ისიც, რომ აუცილებელია ინტეგრაციის გზაზე ხელშესახები და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი პროგრესი იმისთვის, რომ იმედგაცრუება არ გაიზარდოს და ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერა არ ჩამოიშალოს.

მეორე მხრივ, ასევე შეიძლება ითქვას, რომ აპლიკანტი ქვეყნის აზრის ლიდერებს უფრო მყარი პოზიცია ექნებათ, თუ ისინი მეტად ნიუანსურ მიდგომას აირჩევენ და ხაზს გაუსვამენ, რომ ესმით და იზიარებენ როგორც ევროკავშირის, ასევე აპლიკანტი ქვეყნებისთვის გაფართოების გარშემო არსებულ დიდ პოლიტიკურ საკითხებს. ამგვარი მიდგომა თანხვედრაში იქნება იმ ევროპული ღირებულებების ერთგულებასთან, როგორიცაა დემოკრატია, ფუნდამენტური თავისუფლებები და კანონის უზენაესობა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ღირებულებები არ არის ექსკლუზიური მხოლოდ ევროკავშირისთვის და ასევე მოიცავს ნორვეგიას, შვეიცარიას და გაერთიანებულ სამეფოს. აპლიკანტი სახელმწიფოების ლიდერებს შეუძლიათ იდებატონ როგორც ქვეყნის შიდა, ასევე ევროკავშირის ინსტიტუტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან სხვადასხვა ვარიანტის დადებით და უარყოფით მხარეებზე, მათ შორის უკვე ნახსენებ ოთხ ალტერნატივაზე, ისევე, როგორც არსებულ სისტემაში სწრაფი პროგრესის ტრადიციულ პოზიციაზე.

ამ დებატებში მომგებიან საწყის პოზიციას წარმოადგენს იმის აღნიშვნა, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ და კვლევითმა ორგანიზაციებმა პოლიტიკური და ტექნიკური ანალიზის ექსპერტიზის მაღალ დონეს მიაღწიეს ასოცირების ხელშეკრულებებზე მუშაობის შედეგად, რომლის შინაარსიც ძალიან ახლოსაა გაწევრების მოლაპარაკებებთან. საქართველოს შემთხვევაში, პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებული მაღალი პოლარიზაციის მიუხედავად, აღნიშნული პროცესი მაინც წარიმართა. ბუნებრივია, საზოგადოებრივი აზრისთვის არ არის მარტივი ასეთ რთულ დებატებში შესვლა, მათ შორის დასავლეთ ევროპის უძველეს დემოკრატიებშიც (მაგალითად ბრექსიტი, რომელიც პოპულისტური ემოციებით უფრო მეტად იყო განპირობებული, ვიდრე რაციონალური გათვლებით, რასაც საზოგადოებრივი აზრი მხოლოდ ახლა აცნობიერებს).

არსებითი და მძლავრი შემოთავაზება შეიძლება ასეთი იყოს. საქართველოში, ისევე, როგორც უკრაინასა და მოლდოვაში, საზოგადოებრივი აზრი გასცდა პოსტსაბჭოთა მდგომარეობას. ახალგაზრდა თაობა აღარც კი სწავლობს რუსულს, როგორც მეორე ენას. ამის სანაცვლოდ, ისინი ინგლისურს სწავლობენ, რომელიც თანამედროვე ევროპის lingua franca-ს წარმოადგენს. ახალგაზრდა თაობას არ აქვს ტოტალიტარული რეჟიმების პირობებში მცხოვრები ადამიანების აზროვნება და შესაბამისად, თანამედროვე ევროპის ფუნდამენტურ თავისუფლებებს ბუნებრივად აღიქვამს.

პრაქტიკული თვალსაზრისით რომ შევხედოთ, საქართველოს მიერ ევროპული პერსპექტივის მიღება ნიშნავს, რომ ის ახლა თანამედროვე ევროპაში დაინტერესებული მხარეა. ამ გაწევრების პროცესის სრული მოწიფულობა ევროკავშირის საკუთარი სისტემის მომწიფების პარალელურად უნდა ჩამოყალიბდეს. მანამდე კი, პრაქტიკული და პროგრესული ინტეგრაციისთვის ყველა კარი ღიაა, ისეთ სისტემაში, რომელიც იმაზე უფრო მეტად მრავალფეროვანია, ვიდრე ამას „შიგნით“ და „გარეთ“ არგუმენტები წარმოაჩენს.

, , , , , , , , , , , , , ,