2020 წლის ნოემბერში, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) პროექტის #GEOYOUTH2020 – „ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში” ბენეფიციარებს საშუალება მისცა თავიანთი ინიციატივები განეხორციელებინათ ქვე-პროექტების სახით, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა პრობლემის გადაჭრას გულისხმობს.
პროექტი #GEOYOUTH2020 მაისი-სექტემბრის პერიოდში, გერმანულ პარტნიორ ორგანიზაცია POLIS180–თან თანამშრომლობითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
პროექტში 150-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო მთელი საქართველოს მასშტაბით. სწორედ მათ იდეებზე დაყრდნობით მომზადდა ახალგაზრდული მანიფესტი, რომელიც ასახავს 9 ძირითად გამოწვევას ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართულობის კუთხით და გვთავაზობს ახალგაზრდების რეკომენდაციებს ამ გამოწვევების დასაძლევად. მანიფესტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ძირითადი პოლიტიკური პარტიების ლიდერებს სექტემბერში წარედგინათ.
სწორედ ახალგაზრდულ მანიფესტში გამოკვეთილი ეს 9 პრობლემა დაედო საფუძვლად ქვე-საგრანტო პროექტებს. ამის შესახებ კონკურსი საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა პროექტ #GEOYOUTH2020-ის მონაწილეებისთვის გამოაცხადა. საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო იყო ინიციატივების წარდგენა არსებული 9 გამოწვევიდან ერთ-ერთის გადასაჭრელად. ასევე, საგრანტო კონკურსის მიზანი იყო, ამით წაეხალისებინა ახალგაზრდები თავიანთ თემსა თუ რეგიონში, სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში დამოუკიდებლად შეეტანათ წვლილი. ამასთან, პროექტის ავტორებმა შეიძინეს საჭირო უნარები და გამოცდილება პროექტების/ინიციატივების დამოუკიდებლად შემუშავებისა და რეალიზაციისთვის. სულ 4 ქვე-პროექტი დაფინანსდა:
- პროექტი 1: ციფრული სკოლა ახალგაზრდების დასაქმების ხელშესაწყობად
რეგიონი: ხონი, იმერეთი
ავტორები: მარიამ მანაგაძე, ნანა ჭრელაშვილი, გიორგი უგულავა
საქართველოში ახალგაზრდების უმუშევრობის პრობლემის მოგვარების მიზნით, პროექტი მხარს უჭერს ახალგაზრდა, განსაკუთრებით იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში მცხოვრებ ქალებს, დასაქმების ბაზარზე მათი შესაძლებლობების გაძლიერებას, მათთვის ონლაინ გრაფიკული დიზაინის ტრენინგ-კურსების შეთავაზებით. პროექტის ბოლოს, მოხდება აღნიშნული კურსის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა და მოეწყობა კონფერენცია, სადაც მონაწილეები შეხვდებიან ციფრულ სფეროში დასაქმებულ წარმატებულ ქალებს.
- პროექტი 2: საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის ზრდა დემოკრატიულ პროცესებში
რეგიონი: ზუგდიდი /წალენჯიხა, სამეგრელო-ზემო სვანეთი
ავტორები: ანა ცანავა, ლევან პაპავა, სოფიო ჭითანავა, თეკლე ჯღარკავა, ირაკლი ბერაია
პროექტი ორიენტირებულია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდების არაფორმალურ განათლებასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემის გადაჭრაზე. მისი მთავარი მიზანია ამ სოფლების უფროსკლასელთა წახალისება, რათა ისინი აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესებში. მათთვის პროექტის გუნდი ჩაატარებს ონლაინ ტრენინგებს სოციალური აქტივიზმის, ლიდერობის, ადგილობრივ თვითმმართველობაში ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობისა და სხვ. საკითხებზე. რაც ყველაზე მთავარია, პროექტში ჩაერთვებიან საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრები მოსწავლეები.
- პროექტი 3: გაიცანი მეზობელი
რეგიონი: რუსთავი, ქვემო ქართლი
ავტორები: გვანცა შიშინაშვილი, თამთა ჩხაიძე
პროექტის მიზანია გენდერული და ეთნიკური სტერეოტიპების მსხვრევა და ხელოვნების ენის საშუალებით საქართველოში ეთნიკური უმცირესობების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა. ამ მიზნით, ქალაქ რუსთავში, ერთ-ერთი საჯარო სკოლის ფასადი გრაფიტით მოიხატება. ქუჩის მხატვრობა და გრაფიტული ნამუშევრით გამოხატული მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა წაახალისებს უფრო მეტად გათვითცნობიერებული საზოგადოების ფორმირებას, რომელიც გმობს დისკრიმინაციას და პატივს სცემს სხვადასხვა ნიშნით განსხვავებულობას.
- პროექტი 4: ახალგაზრდები დემოკრატიის განვითარებისთვის
რეგიონი: ზუგდიდი, სამეგრელო-ზემო სვანეთი
ავტორები: ციცინო შენგელია, ქეთი ნაკანი, ჯილდა ხუბულია, ნათია სახოკია
პროექტის მიზანია გაზარდოს ადგილობრივ თვითმმართველობაში ახალგაზრდების მონაწილეობა მათთვის რიგი ტრენინგებისა და სემინარების ჩატარების საშუალებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად ლიდერობა, მედიაწიგნიერება, სოციალური ქსელების მართვა, მონაცემთა ანალიზი და ბავშვთა უფლებები. შედეგად, პროექტის მონაწილეებს საშუალება ექნებათ იმუშაონ თავიანთი თემისთვის აქტუალურ, მნიშვნელოვან საკითხებზე კამპანიების წამოწყებით, აუდიო-ვიზუალური მასალებისა და სოციალური მედია პლატფორმების შექმნით, ადგილობრივ საჭიროებებზე ორიენტირებული მასალების გასავრცელებლად.
ქვე-პროექტების საბოლოო შედეგებს, მოგვიანებით, აუცილებლად გაგაცნობთ. თვალი ადევნეთ GIP-ის საკომუნიკაციო პლატფორმებს!