25/06/2021 keta

GIP-იმ „კარიერის კვირეულში“ მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) მონაწილეობა მიიღო ამსტერდამის უნივერსიტეტის მიერ გამართულ „კარიერის კვირეულში“, რომელიც პოლიტიკის, ფსიქოლოგიის, სამართლისა და ეკონომიკის მიმართულების სტუდენტებისათვის მოეწყო (PPLE პროგრამა). ღონისძიებამ, რომელიც 21-24 ივნისს ონლაინ ჩატარდა, სტუდენტები და მონაწილე ორგანიზაციები ერთმანეთს შეახვედრა. 2021 PPLE „კარიერის კვირეული“ მიზნად ისახავდა, ხელი შეეწყო ამსტერდამის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა პროფესიულ და სტაჟირების პროგრამებში, კარიერის განვითარებისთვის. მოწვეულმა მომხსენებლებმა განიხილეს, თუ როგორ მუშაობენ მათი კომპანიები და ორგანიზაციები სხვადასხვა სფეროში და როგორ მოახერხეს მუშაობის გაგრძელება Covid-19 პანდემიის პირობებში.

კვირეულზე, GIP-ის სახელით, მონაწილეობა ორგანიზაციის დირექტორის მოადგილემ, რენატა სკარჯუტე-კერესელიძემ მიიღო. მან ისაუბრა ანალიტიკური, კვლევითი ორგანიზაციების (think tank) სხვადასხვა ტიპებზე, მათზე, როგორც ორგანიზაციის ფორმაზე, ასევე, მათ როლსა და ფუნქციებზე. მან ხაზი გაუსვა მსგავსი ტიპის ორგანიზაციების მნიშვნელობას დემოკრატიის განვითარების, ინფორმირებული პოლიტიკის შემუშავებისა და გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ.

სტუდენტები დაინტერესდნენ, თუ რა არის საჭირო ასეთ ორგანიზაციაში მუშაობისთვის და როგორ უნდა განავითარონ თავიანთი კარიერა მათი ინტერდისციპლინარული სწავლების გათვალისწინებით. სტუდენტები, ასევე, დაინტერესდნენ GIP-ის ორგანიზაციული სტრუქტურის, მისი გუნდისა და ორგანიზაციის მისიის შესახებ; ასევე, პანდემიის პირობებში, როგორ მოახერხა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა მუშაობის განსხვავებულ რეჟიმში გაგრძელება. ბოლოს, რენატა სკარჯუტე-კერესელიძემ ისინი მოიწვია GIP- ის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საზაფხულო უნივერსიტეტში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ევროპის საერთაშორისო სასწავლო ცენტრთან – CIFE (ნიცის უნივერსიტეტი) ერთად ტარდება.

,