30 მაისს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით, რიგით მე-7 დემოკრატიის კონფერენცია #GEODEM2022 გაიმართა, სახელწოდებით: ინტერპარტიული პოლიტიკა, ახალგაზრდების ჩართულობა პოლიტიკაში და კოალიციური მმართველობის გამოწვევები საქართველოში.
GIP-ის დემოკრატიის კონფერენცია თბილისში ყოველწლიურად ტარდება, სადაც საქართველოში დემოკრატიასთან დაკავშირებული ყველაზე აქტუალური თემები განიხილება. GEODEM 2022 საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით, საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოსა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით გაიმართა. წლევანდელი კონფერენცია მოიცავდა სამ პანელურ სესიას:
- პანელი 1: არიან თუ არა ქართული პოლიტიკური პარტიები მზად კოალიციისთვის?
- პანელი 2: შიდაპარტიული დემოკრატია. რატომ არ გვყავს ახალი ლიდერები?
- პანელი 3: საზოგადოებრივი მონაწილეობის განვითარება და მისი წახალისების გზები
კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნეს შვეიცარიის კონფედერაციის ელჩმა საქართველოში, ქალბატონმა ჰაიდი გრაუმ და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ. ქალბატონმა ჰაიდი გრაუმ ისაუბრა საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგზე და შინაარსზე ორიენტირებული პოლიტიკური დისკუსიის აუცილებლობაზე. მან მწუხარებით აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში პოლიტიკური დისკუსიის ტონი საკმაოდ დესტრუქციული ხასიათისაა, რაც მოიცავს პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმას, რისი გამოსწორებაც აუცილებელია. ელჩმა პარალელები გაავლო შვეიცარიულ პოლიტიკურ სისტემასთან და აღწერა, თუ რამდენად არის იქ პოლიტიკური კლასი ხიდების გაბმაზე ორიენტირებული იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიონ. მან, ასევე, ისაუბრა მედიის როლზე და აღნიშნა, რომ მედიის თავისუფლება და ამავდროულად მოსახლეობამდე ობიექტური ინფორმაციის მიტანა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა ხალხს ელექტორალურადაც ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცეს.
თავის მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ ხაზი გაუსვა ეფექტიანი კომუნიკაციის აუცილებლობას როგორც სხვადასხვა პარტიებს შორის, ისე პარტიების მხრიდან მათ ამომრჩევლებთან. როგორც პროფესორმა კაკაჩიამ აღნიშნა, მსგავსი ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად ახალი გზებია მოსაძიებელი.
I პანელი
ქვეყანაში მზარდი პოლიტიკური და მედია პოლარიზაციის პირობებში, კონფერენციის პირველი პანელი მიზნად ისახავდა კოალიციური თანამშრომლობისთვის ქართული პოლიტიკური პარტიების მზაობის განხილვას. პანელზე მოხსენებით წარსდგნენ დოქტ. ფერნანდო კასალ ბერტოა (ნოტინგემის უნივერსიტეტი), გიორგი ვაშაძე (პარტია, სტრატეგია აღმაშენებელი), ნათია მეზვრიშვილი (პარტია, გახარია- საქართველოსთვის), დისკუსიას კი მოდერაციას უწევდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და კონრად ადენაუერის ფონდის პროექტის მენეჯერი, პროფ. დავით აფრასიძე.
პირველი პანელი გახსნა ნოტინგემის უნივერსიტეტის პროფესორმა, დოქტ. ფერნანდო კასალ ბერტოამ, რომელმაც აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკური სისტემების ანალიზისას მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით უფრო ფართო ჭრილში ისაუბრა კოალიციური მმართველობის პრინციპებზე. მისი თქმით, საქართველოს კოალიციის შექმნის ძალიან მცირე გამოცდილება აქვს, რის მიზეზადაც ორი მთავარი ფაქტორი დაასახელა: 1) ნაციონალური მოძრაობის მმართველობის შემდეგ კოალიციური ფორმატის დელეგიტიმაცია; 2) საარჩევნო სისტემა, კერძოდ კი, არაპროპორციულობის მაღალი დონე; მან აღნიშნა, რომ ბოლო ას ოთხმოცი წლის განმავლობაში საქართველოს საარჩევნო სისტემა ევროპაში რიგით მეორე ყველაზე არა პროპორციული სისტემაა. როგორც პროფესორმა ახსნა, კოალიციის შექმნის ალბათობა უფრო დიდია საპარლამენტო მმართველობის პირობებში, ვიდრე საპრეზიდენტო მმართველობისას. თუმცა, მან ამავდროულად ახსენა, რომ ამ მხრივ საარჩევნო სისტემის რაობას მაინც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო სისტემა პროპორციულზე გადადის, პარტიები მზად უნდა იყვნენ კოალიციის პოტენციური კონფიგურაციების დასაგეგმად.
პროფესორმა ბერტოამ აუდიტორიას და მათ შორის კონფერენციაზე მყოფ პოლიტიკოსებს შეახსენა, რომ დემოკრატია ნულოვან-ჯამოვანი თამაში არ არის და ძალიან მნიშვნელოვანია პარტიების მიერ ერთმანეთთან თანამშრომლობა და ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე შეთანხმება.
“მიუხედავად კონკურენციისა, სხვადასხვა პარტიის წევრები ერთი ქვეყნის მოქალაქეები არიან და საბოლოო ჯამში, ქვეყნის ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია” – აღნიშნა მან.
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ეჭვქვეშ დააყენა პროფესორი ბერტოას მოსაზრება, რომ ქართული პარტიების იდეოლოგიები მეტნაკლებად მსგავსია. ვაშაძის თქმით, პარტიებს შორის, პირიქით, არსებობს ღირებულებითი შეუთავსებლობა, რაც მათ ხელს უშლის ერთიან ფორმატში ღირებულებითი ბმა გააბან სხვადასხვა პარტიების მხარდამჭერებთან. გარდა ამისა, ვაშაძემ ისაუბრა პარტიების შიგნით მობილიზაციისა და პარტიებს შორის კონსოლიდაციის აუცილებლობაზე არა მხოლოდ არჩევნებამდე, არამედ არჩევნების შემდეგაც.
“სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერის აზრით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის 5%-დან 2%-მდე დაწევის შემთხვევაში კოალიციური მმართველობის შექმნა უფრო რეალისტური იქნება, თუმცა, ეს დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე თუ როგორ პარტიებთან ერთად მოხდება კოალიციის შეკვრა.
როგორც პანელის მეორე მომხსენებელმა, პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, კოალიციური მმართველობა გარდაუვალია, რაც, მისი აზრით, ავტორიტარული მმართველობის პრევენციის ერთადერთი გზაა. მეზვრიშვილმა თავის მოხსენებაში სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა გამოყო: 1) ძალაუფლების არასწორი გადანაწილება – ყველაფერი კონვერტირებულია ერთი პარტიის ხელში; 2) არჩევნები, რომელიც, მისი თქმით, ჯერ კიდევ შავ ფულთან, მოსყიდვასთან და ზოგადად კორუფციულ ელემენტებთანაა დაკავშირებული; 3) მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა – მოსამართლეთა ლოიალობა მმართველი კლასისადმი. ამ პრობლემების გადაჭრის გზად მას ძალაუფლების გადანაწილება, ძლიერი საპარლამენტო მმართველობა და კონსენსუსით გადაწყვეტილებების მიღება ესახება, როგორც მოკლევადიანი პერსპექტივა. თუმცა, მან აქვე დასძინა, რომ მანამ სანამ კომპრომისების მიღწევა შეუძლებელია, ერთობაზე და კოალიციაზე საუბარი ზედმეტია.
II პანელი
მეორე პანელი შიდაპარტიული დემოკრატიისა და ახალი პოლიტიკური ლიდერების შესახებ დისკუსიას დაეთმო. აღნიშნულ პანელზე მოხსენებით წარსდგნენ თეონა ზურაბაშვილი (საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი), დავით შერვაშიძე (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი), ზაზა ბიბილაშვილი (ჭავჭავაძის ცენტრი) და დავით ბერძენიშვილი (რესპუბლიკური პარტია), ხოლო დისკუსია რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა, ნინო გელაშვილმა წარმართა.
მეორე პანელი გახსნა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა. მან დამსწრე საზოგადოებას ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ელიტის განვითარებისა და პარტიათა შორის თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ მისეული ხედვა გააცნო. ბერძენიშვილის აზრით, ორ პოლუსიანობა ხელისუფლების წარმატების გარდაუვალი საწინდარია და უკრაინაში მიმდინარე ომის და რუსეთის მარცხის ფონზე, გამოსავალი შედარებით მცირე ელექტორალური მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიების პარტიების ერთ ან ორ საარჩევნო ალიანსში გაერთიანებაა. მისი აზრით, აღნიშნულ პარტიები ერთმანეთთან კონკურენციაში კი არ უნდა იყვნენ, არამედ ერთმანეთთან უნდა ითანამშრომლონ. მომხსენებელმა განსაკუთრებული ხაზი გაუსვა, იმ ამომრჩეველთა მნიშვნელობაზე, რომელიც თავს არც ნაციონალური მოძრაობის და არც ქართული ოცნების ამომრჩევლად არ მოიაზრებს. დავით ბერძენიშვილის აზრით, ასეთ ამომრჩეველს განსაკუთრებული როლი აკისრია შედარებით მცირე ელექტორალური მხარდაჭერის მქონე პარტიების მიერ ბარიერის გადალახვის პროცესში.
პანელის შემდეგმა მომხსენებელმა, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის უმცროსმა ანალიტიკოსმა, თეონა ზურაბაშვილმა წარმოადგინა ანალიზი თემაზე, თუ რა განაპირობებს პარტიებში ახალგაზრდების დაწინაურებას და მათ წვდომას პარტიული პოლიტიკის შემუშავებაზე. ანალიზი მომზადდა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პარტიების საარჩევნო სიების პირველი ათეულების და პარტიათა ახალგაზრდა წევრებთან ინტერვიუების საფუძველზე. თეონა ზურაბაშვილმა დაასახელა სამი ფაქტორი, რომლებიც პარტიებს განასხვავებს ახალგაზრდა ლიდერების დაწინაურებისა და პარტიული პოლიტიკის შემუშავებაზე მათი წვდომის ხარისხის მიხედვით: 1.ფინანსური რესურსი – იმ პარტიებში, რომლებიც მსხვილ დონორებზე არიან ფინანსურად დამოკიდებულები, ახალგაზრდები უფრო მეტად აქტივისტებად არიან აღქმულნი, განსხვავებით იმ პარტიებისგან, რომელთა დაფინანსების წყაროს ფანდრაიზინგი წარმოადგენს; 2.იდეოლოგია – ფინანსური რესურსებით მდიდარ პარტიებში უფრო იმ ახალგაზრდების დაწინაურებაა ხშირი, რომლებიც პარტიული აქტივიზმით გამოირჩევიან. ფინანსურად შედარებით ნაკლებად უზრუნველყოფილ პარტიებში კი, პარტიის იდეოლოგიასთან თავსებადობაა ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია პარტიაში დაწინაურებისთვის; 3. ქართულ პოლიტიკურ პარტიებში, რომლებსაც ახალგაზრდული ფრთა ჰყავთ, უფრო ხშირია ამ ახალგაზრდების როგორც პარტიული აქტივის გამოყენებისა და ,,ზევიდან ქვევით“ დავალების მიცემის პრაქტიკა, რაც პარტიის შიგნით ახალგაზრდების კარიერული ზრდის შესაძლებლობას აფერხებს.
პანელის მესამე მომხსენებელის, ზაზა ბიბილაშვილის აზრით, ქართულ პოლიტიკურ პარტიებში არ არსებობს ინსტიტუციური მექანიზმი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია იდეოლოგიის წინ წაწევა; ამასთან, არ არსებობს დაწინაურების ისეთი მექანიზმი, როგორიცაა პრაიმერისი და არ არსებობს დებატების ინსტიტუტი, რომელიც პარტიის ამომრჩეველს საშუალებას მისცემს გადაწყვიტოს, აირჩიოს, თუ ვინ იქნება მისი პარტიის სახე. ნაცვლად კი, მისი აზრით, პარტიებში დაწინაურების მთავარი ფაქტორია პარტიების ლიდერებთან ნაცნობობა და რამდენად შეძლებენ ახალგაზრდები ლიდერებისთვის თავის მოწონებას. ზაზა ბიბილაშვილის განმარტებით, პარტიებში შიდა დემოკრატიული პროცესების დასაწყებად საჭიროა, არსებული ხელმძღვანელების დარწმუნება, რომ მათთვისვე უკეთესია, ისინი ვინმემ ჩაანაცვლოს. თუმცა, მისი აღნიშვნით, ასე არ ხდება, რადგან ახალგაზრდა ან უკვე წინასწარ შეგუებულია პარტიაში არსებულ კონიუნქტურას ან მოტივაცია უქრება, რომ ამ კონუნქტურას თავისი რესურსი შესწიროს.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენელმა, დავით შერვაშიძემ კვლევებზე დაყრდნობით ისაუბრა იმაზე, თუ რა სურს ამომრჩეველს. მისი აღნიშვნით, ხალხს უნდა არა მხოლოდ ახალი სახეები, არამედ ახალი პოლიტიკოსები, ახალი შინაარსი და შეხედულებები. შერვაშიძის აღნიშვნით, გამოკითხულ მოქალაქეთა 93% (ვეთანხმები და ნაწილობრივ ვეთანხმები) ამბობს, რომ პოლიტიკურ პარტიებში ახალგაზრდების ხილვა სურთ. მისი აზრით, საზოგადოებაში არის მზაობა (რომელიც წლებთან ერთად იზრდება) და ასევე მოთხოვნა, რომ იმაზე უფრო მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული პოლიტიკაში, ვიდრე ახლაა.
III პანელი
კონფერენციის მესამე პანელზე მოხდა ინტერპარტიული მანიფესტის „რას ითხოვს ქართველი ამომრჩეველი: გზავნილი საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის“ პრეზენტაცია, რომელიც შემუშავდა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ფასილიტაციით, ათი პარტიის წევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ. პროექტისა და ინტერპარტიული მანიფესტის შემუშავების მეთოდოლოგიის შესახებ ისაუბრეს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა, ნინო სამხარაძემ და შოთა კაკაბაძემ. პანელის მომხსენებლები იყვნენ პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების წევრი გოგა ჭკადუა, პარტია სტრატეგია აღმაშენებელის წევრი, ელისაბედ ბრეგვაძე, პარტია გახარია საქართველოსთვის წევრი, მიხეილ წვერავა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი, თამუნა მანველიშვილი. კონფერენციის მესამე პანელს მოდერაციას უწევდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი, ფელიქს ჰეტი.
ახალგაზრდა მომხსენებლებმა პოლიტიკური პარტიებიდან, როგორც მანიფესტოს თანაავტორებმა, წარადგინეს დოკუმენტის ძირითადი მიგნებები: ამომრჩეველთა მოლოდინები პოლიტიკური პარტიების მისამართით და მათი პასუხები აღნიშნულ მოლოდინებზე. პანელის პირველმა მომხსენებელმა, პარტია “გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრმა, გოგა ჭკადუამ ისაუბრა კვლევის ორ მიგნებაზე, რომელიც ამომრჩეველში პარტიების მიმართ მოლოდინების სახით არსებობს: როგორც პარტიებს შიგნით, ისე პარტიებს შორის ეროვნულ საკითხებზე ფართო შეთანხმების მიღწევა და პარტიების მხრიდან ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულების გაძლიერება. პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, ელისაბედ ბრეგვაძემ ისაუბრა მოლოდინებზე, რომლებიც მეტწილად შეეხებოდა ინტერპარტიული თანამშრომლობის პრინციპების ჩამოყალიბებას, პარტიების იდენტობის ფორმირება-გაძლიერებას და პროგრამულ საკითხებზე მეტად ორიენტირებას. Მოლოდინების წარდგენა დაასრულა მიხეილ წვერავამ, პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, რომელმაც ხაზი გაუსვა ამომრჩეველში არსებულ მოლოდინებს პარტიების შიდა დემოკრატიების გაძლიერების, ინსტიტუციური დეცენტრალიზაციის და ამომრჩევლის პოლიტიკურ ცნობიერებაზე მუშაობის შესახებ.
კონფერენციაზე განხილული მოლოდინების პასუხად, ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა განიხილეს ახალი სტრატეგიები, რომლებიც შესაძლებელია გამოიყენონ ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, განსაკუთრებით არჩევნებს შორის პერიოდში, იმისთვის რომ კიდევ უფრო დაუახლოვდნენ საკუთარ ელექტორატს.
პანელზე მანიფესტის პრეზენტაცია დაასრულა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტმა თამუნა მანველიშვილმა, რომელმაც შეაჯამა დოკუმენტში მოცემული მოლოდინები პარტიების ამომრჩეველთან კომუნიკაციის და უმცირესობების საკითხების წინ წამოწევის კონტექსტში. მისი აზრით, ამომრჩევლის მოლოდინებს შორის აღნიშნულ ორ ფაქტორზე რეაგირების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია არჩევნებს შორის პერიოდში უშუალო კომუნიკაციის დამოუკიდებელი სტრატეგიების შექმნა პარტიების რესურსების გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რეგიონებში, სადაც პოლიტიკური კომუნიკაციის განსაკუთრებული ნაკლებობა იგრძნობა. მანველიშვილმა, ასევე, ხაზი გაუსვა რომ მნიშვნელოვანია პარტიებს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეთ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებთან, მათი პრობლემების სწორად გასააზრებლად და პარტიულ დღის წესრიგში დასაყენებლად.
წარმოდგენილი მოხსენებების შემდეგ მოდერატორმა ფელიქს ჰეტმა დასკვნითი პანელი გახსნა დისკუსიისთვის. მან გამოყო პარტიების დეცენტრალიზაცია და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, როგორც ორი საკვანძო საკითხი, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ერთგვარი პარადოქსია, როდესაც ამომრჩეველში დეპოლარიზაციის მაღალი მოთხოვნა არსებობს მაშინ, როცა მათთვის პოლიტიკური პარტიების იდენტობა გამოკვეთილი არ არის და პარტიები ერთმანეთს ჰგვანან.
მოხსენებებს მოჰყვა კომენტარები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მოწვეული სტუმრების მხრიდან, რომლის ფარგლებში შეფასდა მანიფესტის როგორც შინაარსი, ასევე მნიშვნელობა პარტიებისთვის. მიხეილ ქუმსიშვილმა (ლეიბორისტული პარტია), ზურაბ ჯაფარიძემ (გირჩი-მეტი თავისუფლების), ფიქრია ჩიხრაძემ (ლელო) და თეონა ჭალიძემ (სტრატეგია აღმაშენებელი) თავიანთ მოხსენებებში გამოკვეთეს ის სიძნელეები, რომლის წინაშეც ქართული პარტიები, განსაკუთრებით კი ოპოზიციური პარტიები დგანან, მანიფესტოში ასახული შეთავაზებების მათ სამოქმედო სტრატეგიებში დაინტეგრირების გზაზე.
კონფერენციის თითოეული პანელის შემდეგ ღონისძიების დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ კითხვები დაესვათ მომხსენებლებისთვის და თავადაც ჩართულიყვნენ დისკუსიაში. სამივე პანელი საკმაოდ ინტენსიური და დატვირთული კითხვა-პასუხის რეჟიმით დასრულდა. GEODEM 2022-ის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად შეგიძლიათ წაიკითხოთ კონფერენციის ანგარიში ან უყუროთ ღონისძიების ჩანაწერს ჩვენს იუთუბ არხზე.
2022 წლის დემოკრატიის კონფერენცია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით, საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოსა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით გაიმართა.