Author

26/04/2021 შოთა კაკაბაძე

GIP კომენტარი: ესკალაცია უკრაინაში და მისი შესაძლო გავლენები საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკაზე

შოთა კაკაბაძე[1]

ბოლო ერთ თვეზე მეტია რაც უკრაინა მსოფლიო მედიისა თუ პოლიტიკოსების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 22 აპრილს განაცხადა ჯარების დისლოკაციის ადგილზე დაბრუნების პროცესის დაწყების შესახებ, რომელიც პირველი მაისისთვის უნდა დასრულდეს, უკრაინის საზღვართან რუსული შენაერთების კონცენტრაცია საკმაოდ საყურადღებოა. პენტაგონის ინფორმაციით, მისი მასშტაბი ბევრად აღემატებოდა 2014 წლის მოვლენებისას. პარალელურად, რუსეთის ფედერაციამ შავი ზღვის ნაწილი  უცხო ქვეყნის სამხედრო თუ ოფიციალური გემებისათვის ექვსი თვით ჩაკეტა.

ზოგიერთი ექსპერტისა და პოლიტიკის მიმოხლილველის აზრით, რუსეთი უკრაინაში ინტერვენციისათვის ემზადებოდა. არაერთი ანალიტიკოსის შეფასებით კი სიტუაცია იქამდე მივიდა, რომ ახალი საბჭოთა კავშირის შექმნის საფრთხე რეალური გახდა. თუმცა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ასეთი აგრესიული ქმედებები, შეიძლება, სულაც კარს მომდგარ საპრალამენტო არჩევნებს, მართველი პარტიის რეიტინგის გაუმჯობესებას და ნავალნის თემის გადაფარვას უკავშირდებოდეს.

უკანასკნელ ხანებში განვითარებულმა ამ ამოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო თუ რაოდენ მოწყვლადია რეგიონი რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიის მიმართ. ეს უკანასკნელი, ხშირ შემთხვევაში გულისხმობს უკრაინისა თუ საქართველოს მუდმივი საფრთხის პირობებში არსებობას რაც თავის მხრივ ხელს უშლის მათი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე წარმატებას.

მოვლენების განვითარების ქრონოლოგია და უფრო ფართო სურათზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ პრობლემა ცდება მხოლოდ აღმოსავლეთ უკრაინის საკითხს და გლობალურ ევრო-ატლანტიკურ ალიანსსა და რუსეთს შორის დაპირისპირების კუთხით უნდა განიხილებოდეს.  პრეზიდენტ ბაიდენის ინაუგურაციიდან მალევე გამოიკვეთა მისი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები – მოკავშირეებთან დაზიანებული ურთიერთბების აღდგენა და მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების მხარდაჭერა. ეს უკანასკნელი, ასევე, გულისხმობს ჩინეთის მზარდი ამბიციისა და რუსეთის დემოკრატიისათვის ძირგამომთხრელი აქტივობების შეკავებას. რამდენიმე დღის წინ აშშ-მ ქვეყნიდან გააძევა ათამდე რუსი დიპლომატი და სანქციები დაუწესა კონკრეტულ ინდივიდებსა და კომპანიებს ამერიკულ არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო, რასაც ოფიციალურმა მოსკოვმა ქვეყნიდან იმავე რაოდენობის ამერიკელი დიპლომატების გაძევებით უპასუხა. პარალელურად, მსგავსი პროცესები მიმდინარეობს ჩეხეთშიც, საიდანაც 18 რუსი დიპლომატი იქნა გაძევებული 2014 წელს სამხედრო არსენალის საწყობში მომხდარ აფეთქებასთან კავშირის გამო. პრაღასთან სოლიდარობის ნიშნად მსგავს ნაბიჯს მიმართა სლოვაკეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ და ლიტვამ.

მიმდინარე მოვლენები საქართველოსთვის საყურადღებოა რამდენიმე მიმართულებით:

  • საქართველო-უკრაინის ურთიერთობები

უკრაინაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს შეუძლია, საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში მაკონსოლიდირებელი როლი ითამაშოს. ამის პირველი ნიშნები უკვე გამოიკვეთა, როდესაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მის ყოველწლიურ მიმართვაში ხაზი გაუსვა საქართველოს ელჩის კიევში დაბრუნების მნიშვნელობას, რასაც მალევე მოჰყვა დიპლომატის უკრაინაში დაბრუნება. ასევე, შედგა პრეზიდენტისსაგარეო საქმეთა მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სატელეფონო საუბრები უკრაინელ კოლეგებთან. ზოგადად, მნიშვნელოვანია რომ შეიდაპოლიტიკურმა პრობლემებმა აღარ შეუშალოს ხელი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავებას და საერთო საფრთხის წინაამღდეგ თუ საერთო მიზნისათვის კონსოლიდაციას.

  • ევროატლანტიკური მომავალი

მიმდინარე კრიზისი და უკრაინის უსაფრთხოების დასავლეთის ყურადღების ცენტრში დაბრუნება ქართულ მხარეს აძლევს დამატებით არგუმენტებს კიდევ უფრო წინ წაწიოს და გააძლიეროს საკუთარი პოზიცია ნატოსთან დაახლოებისა და წევრობის გზაზე.  თუ ევროკავშირის წევრობის საკითხში ორი ქვეყნის ერთმანეთზე მიბმა შეიძლება ნაკლებ სასარგებლო იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინის მოსახლეობის და ეკონომიკის ზომის გათვალისწინებით, ბრუსელი ბევრად უფრო ფრთხილად ეკიდება მის ინტეგრაციას, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრობა განსხვავებული შემთხვევაა. ამ ორი სახელმწიფოს უსაფრთხოების ერთ ჭრილში განხილვა საერთო გამოწვევის წინაამღდეგ ბევრად უფრო წონადს გახდის ოფიციალური თბილისის არგუმენტს. პრეზიდენტ ზელენკსკის მიერ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ტვიტის გაზიარება და დათანხმება, რომ დროა საქართველომ და უკრაინამ მიიღონ კონკრეტული წინადადები ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმასა და ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე, მხოლოდ სიტყვებად არ უნდა დარჩეს. აუცილებელია, ოფიციალურ კიევსა და თბილისს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და მოცემული მომენტის გამოყენება.

  • შავი ზღვის უსაფრთხოება

უკრაინის კრიზისის გამძაფრების ფონზე, მოიმატა შავი ზღვის მიმართ დასავლეთის ინტერესმა და, შესაბამისად, რეგიონის უსაფრთხოებაში მისმა ჩართულობამ. საქართველომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს შესაძლებლობების ის ფანჯარა, რომელიც ჩნდება პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის რუსეთის მიმართ უფრო ხისტი საგარეო პოლიტიკისა და ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო შენაერთების შავი ზღვის რეგიონში გამოჩენის შედეგად. არც ის არის შემთხვევითი, რომ როდესაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ულოცავდა ქართველ პოლიტიკოსებს კომპრომისულ შეთანხმებას, მან ახსენა რთული რეგიონალური კონტექსტი და უკრაინის აღმოსავლეთსა და ყირიმის ნახევარკუნძულზე სამხედრო შენაერთების მობილიზაცია. ევროკავშირის საქართველოს შიდა კრიზისში ასეთ მაღალ დონეზე ჩართულობა და ქვეყნის სტაბილურობით დაინტერესება მიუთითებს, რომ შესაბამისი პოლიტიკური ნებისა და აქტიურობის შემთხვევაში, შესაძლებელია საქართველოს უფრო ფართო, შავი ზღვის რეგიონალურ უსაფრთხოების კომპლექსთან მიბმა და შედეგად თავის დაღწევა ე.წ. 3+3 ფორმატიდან, რომელიც რუსეთის მონაწილეობით საქართველოს გარშემო იკვრება.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აღმოსავლეთ ურკაინაში ბოლო ხანებში განვითარებულ მოვლენებს რამდენიმე გაზომილება აქვს და მიუხედავად დროებითი დეესკალაციისა, რთულია იმის განჭვრეტა, თუ რა იქნება კრემლის შემდეგი ნაბიჯი. ეს იყო პრეზიდენტ ბაიდენის ხისტი საგარეო პოლიტიკის საპასუხოდ ოფიციალური მოსკოვის მხრიდან მხოლოდ კუნთების თამაში თუ მართლაც უკრაინაში შეჭრისთვის მზადება, რაც არ გამორიცხა ამ უკანასკნელის საგარეო საქმეთა მინისტრმა მობილიზებული სამხედრო ძალის რაოდენობიდან გამომდინარე, მხოლოდ დრო გვიჩვენებს. თუმცა ამასობაში, საქართველოს ხელისუფლება უფრო უნდა გააქტიურდეს და მაქსიმალურად აითვისოს უკანასკნელი კრიზისის ფონზე შავი ზღვის მიმართ დასავლეთის მზარდი ინტერესი თუ ჩართულობა.


[1] საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის უმცროსი ანალიტიკოსი.

, , , ,