საქართველოს მმართველობის ინდექსი 2022

2023 წლის 1-ელ თებერვალს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა საქართველოს მმართველობის ინდექსი 2022-ის პრეზენტაცია გამართა. 

საქართველოს მმართველობის ინდექსი (GGI) ქვეყნის საქმიანობის კომპლექსური ანგარიშია მმართველობის ოთხ ძირითად სფეროში: დემოკრატია და ადამიანის უფლებები (დემოკრატიული მმართველობა), სახელმწიფოებრიობა და სახელმწიფო ინსტიტუტები (ეფექტიანი მმართველობა), სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა (სოციალურ-ეკონომიკური მმართველობა) და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა (საგარეო მმართველობა). 

ქვეყნის 2022 წლის საქმიანობის შეფასების დოკუმენტი უკვე რიგით მეორე ინდექსია, რომელიც Საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა საზოგადოებას წარუდგინა. პრეზენტაციის მიზანი ქართული და საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება და საქართველოში მმართველობისა და დემოკრატიზაციის გამოწვევების შესახებ ფართო დისკუსიის გამართვა გახლდათ. ანგარიშის პრეზენტაცია მოიცავდა ძირითადი დასკვნების წარდგენას, რეკომენდაციების განხილვასა და ღია დისკუსიას აუდიტორიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში.

საქართველოს მმართველობის ინდექსის შესახებ

GGI მიზნად ისახავს გაზარდოს მთავრობის ანგარიშვალდებულება და მმართველობის გამჭვირვალობა, ასევე, უზრუნველყოს პლატფორმა სამოქალაქო საზოგადოებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ გამოხატონ თავიანთი პოზიცია და კონსტრუქციული წინადადებები შესთავაზონ ოფიციალურ მმართველობას. თავისმხრივ, GGI ღირებული ინსტრუმენტია საქართველოში გადაწყვეტილების მიმღებთათვის, რადგან ანგარიში უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ და ცალსახად ქართულ პერსპექტივას ქვეყნის მართვასა და დემოკრატიზაციის პროცესებზე. ის ხაზს უსვამს როგორც არსებულ გამოწვევებს, ისე წარმატებულ რეფორმებსა და გაუმჯობესებულ სფეროებსაც. 

მართალია, საქართველო მრავალი ინდექსის და რეიტინგის მსოფლიო თუ რეგიონულ ანალიზში გვხვდება, საქართველოს საქმიანობას ყოველწლიური სიღრმისეული კვლევა ქვეყნის კონტექსტის გათვალისწინებით და ქვეყანაზე ფოკუსირებით კვლავ მწირია. ქვეყანაში მოქმედ არცერთ ორგანიზაციას დღემდე არ უცდია ამის გაკეთება. GGI-ს ნაწილობრივ აქვს კვეთა საერთაშორისო ინდექსებთან როგორც მეთოდოლოგიის, ასევე ემპირიული თვალსაზრისით, მაგრამ ის ასევე გვთავაზობს ორიგინალურ, საქართველოს პრიზმიდან დანახულ ანალიზს და ინოვაციურ მეთოდოლოგიურ ინსტრუმენტებს. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ინდექსი საქართველოს საზოგადოებას და დაინტერესებულ მხარეებს გააცნობს საქართველოს საქმიანობას მულტიპროფილური კუთხით, რადგან არსებობდა მზარდი მოთხოვნა ამ საკითხზე სრულფასოვანი ადგილობრივი ანგარიშის შექმნის შესახებ.

მეთოდოლოგიური თვალსაზრისით GGI ეყრდნობა კვლევის რაოდენობრივ და თვისებრივ მეთოდებს და ეპისტემოლოგიას. შეფასების სისტემა ეფუძნება GGI ექსპერტთა გამოკითხვას, რომელშიც სხვადასხვა სფეროში მომუშავე 40 ექსპერტი მონაწილეობდა. რაოდენობრივი კვლევა შეივსო თვისებრივი ანალიზით, რომელიც საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის გუნდმა ჩაატარა.

ძირითადი მიგნებები

საქართველოს საქმიანობა საშუალოზე დაბალი შეფასებით ფასდება მმართველობის ოთხივე მიმართულებით. ქვეყნის მონაცემები განსაკუთრებით სუსტია დემოკრატიული მმართველობის კატეგორიაში, თუმცა დაბალია ქულები ეფექტიანი და საგარეო მმართველობების მიმართულებებითაც. თავის მხრივ, სოციალურ-ეკონომიკურმა მმართველობამ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო და ინდექსის სათავეში მოექცა, თუმცა მისი ქულებიც საშუალოზე დაბალია.

მთლიანობაში, 2022 წლის GGI ანგარიშსა და ექსპერტთა გამოკითხვაში დომინირებს საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხები, რაც არ არის გასაკვირი იმ მთავარი გეოპოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებით, რომლებიც საქართველოს გეოგრაფიულ სამეზობლოსა და ზოგადად, ევროპაში ვითარდება. ეს მოიცავს რუსეთთან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკების მართვას და დასავლელ პარტნიორებსა და უკრაინასთან ურთიერთობების გაციებას. 

ინდექსი 2022-ის სრული დოკუმენტი შეიცავს დეტალურ ძირითად მიგნებებს, შედეგებსა და რეკომენდაციებს, რაც უზრუნველყოფს ერთგვარ საგზაო რუკას შემდგომი განვითარებისთვის, ქვეყნის ოთხივე ძირითად მმართველობაში.  

სრული ანგარიში

წინამდებარე დოკუმენტი მომზადებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. დოკუმენტის შინაარსი არის საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის პასუხისმგებლობა და არცერთ შემთხვევაში არ ასახავს USAID-ის პოზიციას.

 

ფოტო გალერეა 👇

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,