Author
მარიამ გრიგალაშვილი
Author
ჯოზეფ ლარსენი
ჯოზეფ ლარსენი და მარიამ გრიგალაშვილი
5 ივნისს მონტენეგრო გახდა ნატოს 29-ე წევრი სახელმწიფო. ნატოს ისტორიაში ეს რიგით მეშვიდე გაფართოებაა. უკანასკნელად ალიანსი 2009 წლის აპრილში გაფართოვდა, მაშინ როდესაც ნატომ 27-ე და 28-ე წევრებად ალბანეთი და ხორვატია მიიღო. დღევანდელი შედეგის მისაღწევად მონტენეგრომ შემდეგი ეტაპები გაიარა: 2009 წელს მიიღო წევრობის სამოქმედო გეგმა; 2015 წელს მიიღო წევრობის ოფიციალური მიწვევა; 2016 წელს ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელი მოეწერა მონტენეგროს წევრად მიღების პროტოკოლს; ხოლო, 2017 წელს მონტენეგრო ოფიციალურად გახდა ნატოს 29-ე წევრი სახელმწიფო.
დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 11 წლის შემდეგ მონტენეგრო მსოფლიოს უდიდესი სამხედრო ალიანსის სრულუფლებიანი წევრი გახდა, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს სხვა ასპირანტ ქვეყნებზე და მათ შორის, საქართველოზეც.
რა დასკვნები შეიძლება გააკეთოს საქართველომ მონტენეგროს ნატოში გაწევრიანებით?
- ნატოს კარი კვლავ ღიაა: ალიანსის ბოლო გაფართოებიდან რვა წლის შემდეგ, ნატოს კარი კვლავ ღიაა. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა, იან სტოლტენბერგმა, ვაშინგტონში მონტენეგროს ნატოში გაწევრიანების ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა, აღნიშნული მოვლენა რეფორმატორი ქვეყნებისთვის იმის სიგნალია, რომ ალიანსის კარი ახალი წევრებისთვის კვლავ ღიაა: “ნატოს არსებობის ისტორიაში, ალიანსის მზაობა – მიიღოს ახალი წევრები საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში მის მიერ შეტანილი ერთ-ერთი უდიდესი წვლილია.”
- გეოგრაფიული ფაქტორი ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია. როგორც სტოლტენბერგმა განაცხადა, მონტენეგროს წევრობა “აღმოსავლეთ ბალკანეთის სტაბილურობაზე” დადებითად აისახება. მართლაც, ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც მონტენეგროა, ალიანსში მნიშვნელოვან სამხედრო წვლილს ვერ შეიტანს. თუმცა, ის იქნება ალიანსის კიდევ ერთი საყრდენი წერტილი აღმოსავლეთ ბალკანეთში, რეგიონში რომელთანაც ნატოს წარსული პრობლემები აკავშირებს. აღმოსავლეთ ბალკანეთი გეოგრაფიულად, უდავოდ, ევროპის ნაწილია. გარდა ამისა, რეგიონი არასდროს ყოფილა რუსეთის ან საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. ამრიგად, კრემლი ვერ იქნება დამაჯერებელი განცხადებებში, რომ ისტორიულად ევროპის ეს ნაწილი რუსეთის გავლენის სფეროა. სწორედ აღნიშნულმა ფაქტორმა განაპირობა რუსეთის შედარებით სუსტი რეაქცია და შემცირა მონტენეგროს წევრობით გამოწვეული რისკები. სამწუხაროდ, საქართველოს შემთხვევაში ამ ეტაპზე განსხვავებული ვითარებაა.
- ნატოში გაწევრიანების კრიტერიუმები არ ესადაგება პრინციპს – “ერთი ზომა ერგება ყველას”. ზოგიერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი საქართველოში, მონტენეგროს წევრობა დაბნეულობას იწვევს, რამდენადაც რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით მონტენეგრო არ წარმოადგენს სამაგალითო ქვეყანას. იგი ხასიათდება კორუფციის მაღალი დონით და პროცენტული განსხვავება ნატოს წევრობის მომხრე და მოწინააღმდეგე მოსახლეობას შორის მკვეთრად გამოხატული არ არის. მაგალითისთვის: 2016 წლის დეკემბრის გამოკითხვის თანახმად 39,5% მხარს უჭერდა ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას, ხოლო 39,7% ეწინააღმდეგებოდა მას. მონტენეგროსგან განსხავებით, საქართველოში კორუფციის დონე გაცილებით დაბალია. ამასთანავე, ნატოსადმი მოსახლეობის მხარდაჭერა უფრო მტკიცე და დამაჯერებელია. ქართულ შეიარაღებულ ძალებს კი წლების განმავლობაში შეჰქონდათ თავიანთი წვლილი საზღვარგარეთ ნატოს მიერ წარმოებულ მისიებში. ზემოაღნიშნული ფაქტები ბადებს კითხვებს, თუ რატომ ვერ მიიღო საქართველომ ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა, მაშინ, როცა ალიანსის წინაშე ნაკლებად დამსახურებული ქვეყანა ხდება მისი წევრი. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ სინამდვილეში სტრატეგიულ გათვლებსაც ისეთივე მნიშვნელობა ენიჭება (უფრო მეტი თუ არა), როგორც კანდიდატი ქვეყნის სურვილს – განახორციელოს რეფორმები.
- რუსეთი ნატოს გაფართოებას განიხილავს, როგორც მისი სტრატეგიული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველ მოვლენას. მიუხედავად მონტენეგროს მოსახლეობის (700,000-ს არ აღემატება) და წლიური სამხედრო ბიუჯეტის (5 მილიონი ევრო) სიმცირისა, ასევე, იმ ფაქტისა, რომ ქვეყნის დედაქალაქი – პოდგორიცა – მოსკოვიდან დაახლოებით 2,000 კილომეტრითაა დაშორებული, რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მონტენეგროს ნატოში გაწევრიანება ძვირი დაჯდომოდა. მაგალითად, გასულ წელს, შეთქმულების მოწყობისა და პარლამენტში შეჭრის, ქვეყნის პრემიერ მინისტრის მილო დუკანოვიჩის მკვლელობისა და პრორუსულ კოალიციას ხელისუფლებაში მოყვანის მცდელობაში კავშირის ბრალდებით, პოლიციამ 20 სერბი და მონტენეგროელი მოქალაქე დააკავა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მთავრობამ ამ მოვლენებში რაიმე სახით მონაწილეობა უარყო, მონტენეგროს მთავარი პროკურორის თვალსაზრისით “რუსეთის სახელმწიფო ორგანოებს” აღნიშნულთან კავშირი ჰქონდათ. უფრო მეტიც, იმ დღეს, როდესაც მონტენეგრომ ნატოში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურად განაცხადა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყანას ღიად დაემუქრა: “მონტენეგროს ხელისუფლების მიერ შერჩეული მტრული კურსის ფონზე რუსეთის მხარე საპასუხო ზომების მიღების უფლებას იტოვებს. პოლიტიკაში, ისევე, როგორც ფიზიკაში, ყველა ქმედებას აქვს უკურეაქცია.” ამდენად, აღნიშნული ქმედებებით რუსეთმა ნატო-ს წევრობის მსურველ სხვა სახელმწიფოებს მკაცრი გზავნილი გაუგზავნა. საკითხავია: თუკი, ნატოს წევრობისთვის რუსეთს დასავლეთ ბალკანეთში მდებარე ქვეყნის დასჯა სურდა, საქართველოს ალიანსში გაწევრიანების თავიდან ასაცილებლად რა ნაბიჯებს უნდა ველოდეთ მისგან?
- ნატოს წევრი სახელმწიფოები ალიანსის გაფართოებას რისკის და სარგებლის ლინზიდან უყურებენ. ეს დასკვნა ყველა ზემოაღნიშნული მოსაზრებიდან გამომდინარეობს. ქვეყანა (ამ შემთხვევაში მონტენეგრო) ნატოს წევრობას მხოლოდ გაწეული ძალისხმევის შესაბამისად კი არ იღებს, არამედ ალიანსის წევრები გაფართოებაზე გადაწყვეტილების მიღებისას იმასაც ითვალისწინებენ, რომ გაფართოებიდან მიღებული პოტენციური მოგება უნდა აღემატებოდეს პოტენციურ დანაკარგებს. მონტენეგროს შემთხვევაში ეს უკანასკნელი მიღწეულ იქნა, რამდენადაც ალიანსში მისი მიღებით გამოწვეული პოტენციური ზარალი დაბალი იყო. რაც შეეხება სარგებელს, აღნიშნული გაწევრიანებით ალიანსს შესაძლებლობა მიეცა გაფართოებულიყო მისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ზონაში, და ამავდროულად დადებითი გზავნილები გაეგზავნა მომავალი წევრებისთვის.
*მარიამ გრიგალაშვილი და ჯოზეფ ლარსენი – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსები