09-02-2024
წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტში განხილულია ნატო-საქართველოს პარტნიორობის არსებული დინამიკა და სამომავლო პერსპექტივები იმ გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, რომლებიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ წარმოიშვა. 2008 წლის ნატო-ს სამიტის შემდეგ საქართველოსა და ალიანსს შორის ურთიერთობა ხასიათდება ორმხრივი თავშეკავებითა და სტრატეგიული ბუნდოვანებით, რომელიც შემოიფარგლება პრაქტიკული თანამშრომლობის სფეროებში პრაგმატული პარტნიორობით. წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტში ნაჩვენებია საქართველოში დემოკრატიისა და საზოგადოების მედეგობის გაძლიერების გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. ასევე აღნიშნულია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია რომ საქართველოსთვის შესაძლებლობების ფანჯრის გახსნამდე ალიანსთან პარტნიორობის გასაღრმავებლად ქვეყანა სკანდინავიური ქვეყნების მაგალითს მიჰყვეს: გააძლიეროს დემოკრატია და საზოგადოების მედეგობა და, ასევე, შექმნას შეკავების ქმედითი მექანიზმი უსაფრთხოების სექტორის ყოვლისმომცველი რეფორმირების მეშვეობით. შესაბამისად, პოლიტიკის დოკუმენტი ასკვნის, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია დამოკიდებულია ქვეყნის უნარზე, შექმნას მძლავრი დემოკრატიული მმართველობა, გამჭვირვალე უსაფრთხოების სექტორი და გააძლიეროს საზოგადოებრივი და სამხედრო-სამოქალაქო მედეგობა. ასეთ შემთხვევაში, საქართველო შეძლებს იმ გეოპოლიტიკური გამოწვევების მეტ ნაკლებად განეიტრალებას, რომლებიც ალიანსის არაერთი წევრისთვის საქართველოს ნატო-ში გაწევრების პერსპექტივას არამიმზიდველს ხდის. მათ შორისაა, ოკუპირებული ტერიტორიები, რუსეთის გეოპოლიტიკური დომინაცია და ნატო-ს წამყვანი წევრებისგან გეოგრაფიული დაშორება. საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება, მათ შორის სამხედრო შეკავების ეფექტიანი შესაძლებლობებისა და მედეგი საზოგადოების ჩამოყალიბება, შესაძლებელს გახდის ქვეყანა დაუცველი და უსაფრთხოების მაძიებელი სახელმწიფოდან ალიანსის ღირებულ წევრად და უსაფრთხოების პოტენციურ მიმწოდებლად იქცეს.
საკვანძო სიტყვები: ნატო, საქართველო, დემოკრატია, მედეგობა, შავი ზღვის უსაფრთხოება