26/07/2017 magda

GIP-იმ საერთაშორისო საზაფხულო სკოლას უმასპინძლა

20-26 ივლისს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შავი ზღვის საზაფხულო სკოლას უმასპინძლა. „ევროკავშირი და შავი ზღვის რეგიონი: ახალი რეალობები და ცვალებადი გეოპოლიტიკური კონტექსტი“ – ასეთი იყო აკადემიური პროგრამის მთავარი თემა, რომლის ირგვლივაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილებოდა, მაგალითად: შავი ზღვის რეგიონი გლობალურ კონტექსტში, ევროკავშირი და შავი ზღვის გეოპოლიტიკა, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროინტეგრაციის გამოწვევები, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონში და სხვ. პროექტი განხორციელდა ევროპის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის (Centre international de formation européenne (CIFE)) და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებითა და ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით.

 

შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი ერთი კვირის მანძილზე მაღალი დონის სასწავლო კურსს სთავაზობდა პოლიტიკის მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სხვა მონათესავე სფეროების სტუდენტებს. კურსი მოიცავდა ლექციებს, დისკუსიებს, საგანმანათლებლო ვიზიტს “საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ” და კულტურულ პროგრამას.

ქართველ და საერთაშორისო სტუდენტებს ევროკავშირისა და შავი ზღვის რეგიონის შესახებ ლექციებს უკითხავდნენ ექპერტები სხვადასხვა უნივესიტეტებიდან. როგორც პროფ. ანდრეი მაკარიჩევმა (ტარტუს უნივერსიტეტი, ესტონეთი) აღნიშნა, საზაფხულო სკოლის თემატიკა შავი ზღვის რეგიონზე იყო ფოკუსირებული და მოიცავდა, როგორც აკადემიური ლექციებს, ასევე პრაქტიკული მეცადინეობებს.

სტუდენტებთან საერთაშორისო საზაფხულოს სკოლის მნიშვნელობაზე მსჯელობისას, პროგრამის მონაწილემ – ალექსანდრუ კლიპიმ (სტუდენტი, მოლდოვეთი) ისაუბრა პროექტის შედეგად მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებაზე, რომელიც მომავალში პროფესიულ წინსვლაში გამოადგება:

„მე პირადად შავი ზღვის რეგიონის ქვეყნიდან – მოლდოვეთიდან – ვარ. ისეთ საზაფხულო სკოლებში მონაწილეობა, როგორიც წელს თბილისში, შარშან კი ბათუმში გაიმართა, მეხმარება იმის გაანალიზებაში, თუ როგორაა შესაძლებელი დანარჩენ მსოფლიოს უკეთ გააცნო შენი ქვეყანა, დააინტერესო მისით, მოიზიდო ინვესტორები და ტურისტები.“

სალექციო პროცესებში სტუდენტები საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართულნი. თითოეული აქტივობა მიზნად ისახავდა სალექციო თემის უკეთ აღქმასა და აზრთა გაცვლას. მონაწილეებს ასევე საშუალება ჰქონდათ ერთად დაეთვალიერებინათ თბილისი და მისი მიმდებარე ტერიტორია. საზაფხულო სკოლა ყველა მონაწილემ წარმატებით დაასრულა და მონაწილეობის სერთიფიკატით დაჯილდოვდა.

განრიგი

, , , , , , , , , , , , , ,