7 დეკემბერს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა, “ევროპული პოლიტიკისა და რეფორმების ინსტიტუტთან”, ასევე, “გლობალიზაციისა და რეგიონალური თანამშრომლობის ანალიტიკურ ცენტრთან” ერთად გამართა ონლაინ სემინარი, სახელწოდებით “პოლარიზაციის შეფასება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: შერეული ჩანაწერი.”
სემინარს ესწრებოდნენ ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და მედია საშუალებები საქართველოდან, მოლდოვადან და სომხეთიდან. მათ განიხილეს პოლარიზაციის დაძლევის წარმატებული მაგალითები, გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება დემოკრატიის მშენებლობის გამოწვევებსა და პერსპექტივებზე.
სპიკერებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ისაუბრეს მათთან არსებულ პოლიტიკურ გარემოსა და პროცესებზე. მომსხსენებლებმა განიხილეს პოლარიზაციის გამოწვევები და მისი დაძლევის გზები.
საქართველო, მოლდოვა და სომხეთი – აღმოსავლეთ პარტნიორობის სამივე სახელმწიფო განიცდის პოლარიზაციის უარყოფით გავლენას ქვეყნის პოლიტიკურ გარემოზე. აღნიშნულმა გარემოებამ შეარყია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკის, კოალიციის მშენებლობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მცდელობები. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის საკონსტიტუციო ცვლილებებმა შექმნა პირობები მრავალპარტიული პარლამენტისთვის, საქართველო აღმოჩნდა გაფართოებული პოლიტიკური კრიზისის ქვეშ, რაც აზიანებს ქვეყნის რეფორმიზაციასა და ევროინტეგრაციის პროცესს.
მოლდოვაში გეოპოლიტიკა იყო გამყოფი ფაქტორი, რომელიც ხშირად ბოროტად გამოიყენებოდა პოპულისტური ჯგუფების მიერ. ეს ყოველივე აფერხებდა ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას. ბოლო პერიოდში, პოპულისტური ჯგუფები აქტიურად იყენებენ ეთნიკური სეგმენტაციის საკითხებს პოპულარობის გაზრდის მიზნით. მოლდოვის საზოგადოებამ ბოლო არჩევნებში მხარი არ დაუჭირა ეთნიკური განხეთქილების ბოროტად გამოყენების მსგავს მცდელობებს, თუმცა მეტი ძალისხმევაა საჭირო ეთნიკური ნიშნით პოლარიზაციის წინააღმდეგ საბრძოლველად.
რაც შეეხება სომხეთს, 2018 წლის ხავერდის რევოლუციის შემდეგ სომხურ საზოგადოებას ცვლილებებისა და რეფორმების იმედი ჰქონდა. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ 2018 წლის დეკემბერში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ძველი საარჩევნო კოდექსით, სომხეთმა აირჩია პარლამენტი მხოლოდ სამი ფრაქციის შემადგენლობით, სადაც საკონსტიტუციო უმრავლესობა მმართველ პარტიას აქვს. ძალაუფლების ასეთმა გადანაწილებამ შექმნა გამოწვევები პლურალისტური და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაუარესდა მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ.
სემინარი არის ნაწილი პროექტისა სახელწოდებით: „აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობა უფრო ძლიერი დემოკრატიისთვის: საქართველო, მოლდოვა და სომხეთი.“ პროექტი სარგებლობს ნიდერლანდების რეგიონული პარტნიორობის ფონდის MATRA-ს მხარდაჭერით აღმოსავლეთ პარტნიორობაში (EaP) რეგიონული თანამშრომლობისთვის.