დათო დოლაბერიძე
სტაჟიორი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
პოლონეთის დემოკრატიულმა სისტემამ ბოლო საპარლამენტო არჩევნების გამოცდა, შეიძლება ითქვას, წარმატებით ჩააბარა: 15 ოქტომბერს ევროკავშირში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არჩევნები გაიმართა, რომლის შედეგად პოლონეთის პოპულისტურმა მმართველმა პარტიამ „კანონი და სამართალი“ (PiS) უმრავლესობა დაკარგა. ბოლო წლების განმავლობაში, კაჩინსკის ნაციონალისტურ და კონსერვატიულ მთავრობასა და ბრიუსელს შორის ურთიერთობები გარკვეულწილად დაიძაბა. არჩევნების შემდეგ კი, საპარლამენტო უმრავლესობის მქონე გაერთიანებულმა ოპოზიციამ კოალიციური მთავრობის შექმნის სურვილი გამოაცხადა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დონალდ ტუსკი დაასახელა.
ტუსკის აღმასვლა პოლიტიკურ პროცესში დამაიმედებლად ჩანს ბრიუსელიდან და როგორც საერთაშორისო მედია იუწყება, პოლონეთი ევროკავშირში „დაბრუნდა“. ევროკავშირის ყოფილი ბიუროკრატის პრემიერ-მინისტრად მოვლინება მხოლოდ დადებით მოლოდინებს აჩენს საქართველოსთვის: თუ გავითვალისწინებთ მის „ქართულ პოლიტიკას“, პოლონური არჩევნები თბილისის ევროინტეგრაციულ პერსპექტივებს აშკარად ზრდის.
ამ ყოველივეს თან სდევს ოპოზიციური კოალიციის ხედვა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის შესახებ, რომელიც უკრაინის მხარდაჭერაზეა ორიენტირებული. ევროკავშირის მხრიდან გახსნილი ფანჯრის პარალელურად შექმნილი ტურბულენტობის ფონზე, კავშირში არსებული ევროსკეპტიკოსი მთავრობების ცვლილება და გაფართოების მომხრე ხელისუფლებების ფორმირება საქართველოსთვის ისედაც გართულებულ ინტეგრაციულ გზას, გაამარტივებს.
დემოკრატიის გამარჯვება – არჩევნების შედეგი
პოლონეთის 2023 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისტორიული აქტივობა დაფიქსირდა. უბანზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 74,25% გამოცხადდა, რაც აჭარბებს 1989 წელს (62,7%) საბჭოთა მარწუხებისგან გამათავისუფლებელ არჩევნებზე მისულ მოქალაქეთა რაოდენობას. აქტივობა განპირობებული იყო ქალი და ახალგაზრდა ამომრჩევლების გაზრდილი მონაწილეობით, რომლებმაც მმართველი პარტიის რეპრესიული რეფორმების ფონზე, უმეტესად, ოპოზიციურ პარტიას დაუჭირეს მხარი.
მართალია, პოპულისტურმა სახელისუფლებო პარტიამ არჩევნები მოიგო – ყველაზე მეტი ხმა დააგროვა, მაგრამ არა იმდენი, რამდენიც ახალი მთავრობის ფორმირებას სჭირდება. მოკლედ რომ ვთქვათ – არჩევნები მოიგეს, თუმცა მთავრობა დათმეს.
კონსტიტუციის მიხედვით პოლონეთი ნახევრად-საპრეზიდენტო ორ პალატიანი საპარლამენტო რესპუბლიკაა. ზედა პალატაში 460 ადგილია, აბსოლუტურ უმრავლესობას მიიღებს ის, ვინც 231 ადგილს დაიკავებს. PiS-ს კი მხოლოდ 194 მანდატი აქვს, მას საერთო ენის გამონახვა მხოლოდ 7,16%-იან (18 მანდატი) ულტრამემარჯვენე „კონფედერაციასთან“ (NN / RN) შეუძლია, თუმცა ამაოდ. პლურალისტურ ოპოზიცია – “სამოქალაქო კოალიცია”(KO), “მესამე გზა” (NL) და “მემარცხენეები” (PL2050 / PSL) კი 248 მანდატს მოიპოვებენ, რაც მთავრობის ჩამოსაყალიბებლად სრულად საკმარისია.
თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ არის, პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ, რომელიც PiS-ის ზეგავლენის ქვეშაა პარლამენტის პირველი სესია არჩევნებიდან 30 დღის განმავლობაში უნდა მოიწვიოს. მანვე უნდა წარადგინოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გამარჯვებული პარტიიდან, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების ნახევარზე მეტის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს, რისი შანსიც მმართველ პარტიას არ აქვს. ფაქტია მრავალპარტიული ოპოზიცია პროცესს უფრო ინკლუზიურს გახდის, 8 წლიან ერთპარტიულ პოპულიზმს მრავალი პარტიისგან შეკრული პლურალისტური ოპოზიცია შეცვლის, რომლის მიმართაც მოლოდინები დიდია. მაგრამ ვარშავაში მუსირებს აზრი 2024 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ.
წყარო: BBC News (https://www.bbc.com/news/world-europe-67123584)
პოლარიზებული საარჩევნო პროცესი – წარუმატებელი „ორბანიზაცია“?
ძლიერ პოლარიზებული უწოდა ეუთოსა და ევროსაბჭოს ერთობლივმა სადამკვირვებლო მისიამ პოლონურ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც, მართალია, კონკურენტუნარიანი იყო, მაგრამ გამოირჩეოდა საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენებით, საზოგადოებრივი მედიის მიკერძოებულობით, უაღრესად კონფრონტაციული და ნეგატიური პროცესით. წინასაარჩევნო გზავინილებმა, სახელმწიფოს კონტროლირებადმა კომპანიებმა, ფონდებმა და მედიამ – შექმნეს არაპროპორციული გარემო პარტიებს შორის, რაც ხასიათდებოდა ცილისმწამებლური კამპანიებითა და პოპულისტური ნარატივებით.
მმართველი პარტიის კამპანია ფოკუსირებული იყო მის მიღწევებზე სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯებესების კუთხით, მესიჯებზე ეროვნული სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების შესახებ. Pis-მა გამოიყენა ქსენოფობიური ანტიმიგრანტული ნარატივები. PiS-ის კონსერვატიულ პოპულისტურ დისკურსს აძლიერებდა კათოლიკური ეკლესიის სამღვდელოების წარმომადგენლების ჩარევა საარჩევნო პროცესში.
KO-ს კამპანია სასამართლოს რეფორმის გაუმჯობესებაზე, ევროკავშირთან ურთიერთობების გამყარებაზე, ჯანდაცვის, განათლების რეფორმასა და ქალთა უფლებების უზრუნველყოფაზე იყო ორიენტირებული, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა PiS-თან.
პოლონეთი ევროკავშირის და ვიშეგრადის წევრი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოა, უდიდესი ეკონომიკითა და მოსახლეობით. მით უფრო, იმ ფონზე, როცა ვიშეგრადის ქვეყნებში თვალნათლივ მიმდინარეობს დემოკრატიის ეროზია – 2022 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ფიდესმა“ გაიმარჯვა. ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით, წელს სლოვაკეთის არჩევნებში კი – ევროსკეპტიკოსმა რობერტ ფიცომ. პოლონურმა არჩევნებმა კი პოპულისტური ტრიო დაშალა და სიმყარე შესძინა ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგის დემოკრატიას.
საერთაშორისო მედია ალაპარაკდა პოლონეთის „ორბანიზაციის“ მცდელობაზე. იშველიებდნენ კაჩინსკის ფრაზას „ჩვენ გვინდა ბუდაპეშტი ვარშავაში“. PiS მართლაც მარტივად ნახულობდა საერთო ენას „ფიდესთან“. სწორედ აღნიშნულის გამოძახილი იყო საპარლამენტო არჩევნების პარალელური რეფერენდუმი, სადაც ოთხი საკითხი დაისვა – არაევროპელი მიგრანტების, პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე ბარიერის მოხსნის, საპენსიო ასაკის გაზრდის და სახელმწიფო საწარმოების შესახებ. ოპოზიციაც და სამოქალაქო საზოგადოებაც აქტიურად აკრიტიკებდა მმართველ პარტიას რეფერენდუმის მსგავსი ტიპით ფორმულირებას, იგი იმეორებდა უნგრული რეფერენდუმის პათოსს, რომლის მიზანსაც მთავრობის მხარდაჭერის გაზრდა წარმოადგენდა. თუმცა, იგი ვალიდური ვერ გახდა, რადგან მასში მოსახლეობის 50%-ზე ნაკლებმა მიიღო მონაწილეობა. რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველი პარტიის პოპულისტურმა გეგმამ არ გაამართლა.
პოლონეთის „დაბრუნება“ ევროკავშირში – ტუსკის ფაქტორი
„ევროკავშირმა შვებით ამოისუნთქა“ – ამ სიტყვებით აღწერა საერთაშორისო მედიამ მაღალი თანამდებობის ევროპელი ბიუროკრატის, დონალდ ტუსკის პარტიის წინსვლა არჩევნებში.
ბრიუსელსა და ვარშავას ურთიერთობები აშკარად დაძაბვის ფონზე, რომელიც კაჩინსკის მიერ „ორბანიზაციის“ მცდელობით – აბორტის ნების გაუქმებით, ანტი-ლგბტ+ კანონით, ევროკავშირის მხრიდან დაფინანსების გაყინვით და სასამართლო ხელისუფლებაში უხეშად ჩარევითაა გამოწვეული. მეტიც PiS-ის პოლიტიკის წყალობით 2017 წელს ევროკომისიამ თავისი არსებობის ისტორიაში პირველად აამოქმედა ევროპული ხელშეკრულების მე-7 მუხლი, რომელმაც პოლონეთს შეუჩერა ხმის მიცემის უფლება, სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმის გამო. ტუსკი საუკეთესო კანდიდატია ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ურთიერთობების დასალაგებლად.
პროევროპული კოალიციის გამარჯვება მართლაც დამაიმედებლად ჩანს ბრიუსელიდან, რაც სახავს იმედის ნაპერწკალს პოლონეთის ევროპულ პოლიტიკაში გაძლიერების შესახებ. მეტიც, ევროკავშირის შიგნით შეჩერებულმა ფრანკო-გერმანულმა ღერძმა, შესაძლოა, მოძრაობა განაგრძოს და ბიძგი მისცეს ახალ ევროპულ თანამშრომლობას ტუსკის მთავრობაში ე.წ ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში.
თუმცა, ოპოზიციის გამარჯვება არ ნიშნავს ევროკავშირთან ურთიერთობების პირდაპირ დალაგებას, რადგან საგარეო პოლიტიკის ცვლილება საშინაო პოლიტიკის რევიზიით იწყება, კერძოდ – სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, კანონის უზენაესობის აღდგენით, რაც ევროკავშირის პირობაა პოლონეთისთვის დაფინანსების აღსადგენად. ოპოზიციას შიდაპოლიტიკურ ველზე რეფორმების მხრივ სირთულეები ელის, რათა დაბრუნდეს სრულფასოვანი ევროპეიზაციის რელსებზე და დაუპირისპირდეს პრეზიდენტ ანჯეი დუდას ვეტოს, რომლის დაძლევის საკმარისი ხმებიც არ გააჩნია.
შესაძლებლობა საქართველოსთვის/ასოცირებული ტრიოსთვის
წინასაარჩევნოდ ვარშავაში რიტორიკა ასოცირებული ტრიოს ქვეყნებთან დაკავშირებით რადიკალურად შეიცვალა. პოლონეთმა მაისში დაბლოკა უკრაინაში აგროპროდუქტების შეტანა, რადგან აღნიშნული პოლონელი ფერმერების ხვედრით წილს ამცირებდა ბაზარზე. PiS-ის მსგავსი ნაბიჯი ორგვარად შეიძლება აიხსნას – 1. კაჩინსკის პარტია შეეცადა სოფლად მცხოვრები და ანტიუკრაინული, ულტრამემარჯვენე პარტია „კონფედერაციის“ ელექტორატის მიზიდვას; 2. „გადაიღალა“ უკრაინის, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხით. ოფიციალური პირები პოლონეთიდან იშვიათად ხვდებიან უკრაინელ პარტნიორებს, მეტიც ვარშავამ კიევს იარაღის დახმარება შეუწყვიტა. ფაქტია, რომ აღმოსავლეთით გაფართოების პოლიტიკა მორავეცკის მთავრობისთვის მაინცდამაინც პრიორიტეტული აღარაა.
დადებით მოლოდინებს აჩენს „სამოქალაქო კოალიციის“ გამარჯვება აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებისთვის. საარჩევნოდ პარტიების მთავარ პრიორიტეტს ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა და უკრაინისადმი დახმარების გაგრძელება წარმოადგენს. მათი პოზიცია ნათელია გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებით, რაც ასევე დამაიმედებელია ოფიციალური კიშინოვისა და თბილისისთვის.
- გაიხსნება თუ არა ვაშრშავაში შესაძლებლობის ფანჯარა საქართველოსთვის?
ევროკავშირის ქვეყნებში გაჩენილი ევროსკეპტიკოსი მთავრობების არსებობა საქართველოს ისედაც ბუნდოვან ევროინტეგრაციის პროცესს მეტად გაართულებს, ორბანის იმედად ყოფნა კი არასაიმედო და გარკვეულწილად რეპუტაციის შელახვებიცაა გაერთიანების ასოცირებული წევრობის კანდიდატისთვის, ამიტომაც რაც უფრო მეტი პროევროპული მთავრობები ჩამოყალიბდება, საქართველოს შანსებიც ევროინტეგრაციის გზით გაიზრდება. საყურადღებოა პოლონეთის როლი, რომელიც ვიშეგრადის წევრი ყველაზე დიდი ქვეყანაა და ბალტიის ქვეყნებთან ერთად საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერი იყო.
მომავალში პროცესზე მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს ტუსკის ფაქტორიც, რომლის ევროსაბჭოს პრეზიდენტობის დროს საქართველომ მიიღო ევროპაში უვიზოდ გადაადგილების უფლება, ხელი მოეწერა „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულებას“, იგი ლეხ კაჩინსკისთან ერთად საქართველოს აქტიური მხარდამჭერი იყო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, პრემიერ-მინისტრის რანგში. ამავე პერიოდში, სწორედ ოფიციალური ვარშავისა და შვედეთის ძლიერი მხარდაჭერით დაფუძნდა აღმოსავლეთ პარტნიორობა. საგულისხმოა მისი ვიზიტები და განცხადებები საქართველოზე. ის ყოველთვის უსვამდა ევროკავშირის მხრიდან არსებულ და პირად მხარდაჭერას ოფიციალური თბილისის მიმართ.
მართალია ტუსკი ევროსაბჭოში “ევროპელი სოციალისტების” კონკურენტი ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტია, რომელთანაც ქართული-ოცნება აფილირდებოდა, თუმცა ფაქტი ისაა, პოლონური „სამოქალაქო პლატფორმის“ (KO) ძირითადი პრიორიტეტი აღმოსავლეთ პარტნიორობის გაძლიერება და უკრაინის მხარდაჭერაა, სადაც საქართველოს როლიც მკვეთრად იკვეთება. ვინ იცის, ვაიმარის სამკუთხედის ფორმატის აღდგენა საფრანგეთთან და გერმანიასთან ერთად საქართველოსთვის პერსპექტივების მომტანი გადაწყვეტილების მიმღებიც შეიძლება აღმოჩნდეს.
შესაბამისად, სამთავრობო ცვლილება პოლონეთში დამაიმედებლად ჩანს საქართველოსთვის ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის. პროევროპული გაერთიანებული ოპოზიციის გაფართოების პოლიტიკის ხედვა, დახმარების სურვილი რუსული მარწუხებისგან გასათავისუფლებლად, მხარდამჭერს გაუჩენს ცენტრალურ ევროპაში, რაც ღია კარში შესვლის ბუნდოვან პოლიტიკას ნათელს მოჰფენს. თუმცა, მხოლოდ დონალდ ტუსკის მხარდაჭერა საქართველოს ვერც კანდიდატის სტატუს მისცემს და ვერც დააჩქარებს ინტეგრაციის პროცესს, მთავარი მაინც ქვეყნის მთავრობის კეთილი ნება და გეოპოლიტიკური კომპასის სრულად დასავლეთისკენ მიმართვაა.