ნინო სამხარაძე[1]
საქართველოში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ ამინდს, ძირითადად, ორი დიდი პარტია – ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა – ქმნის. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერამ და პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ ქართული პოლიტიკური დღის წესრიგის შეფასებისას, ელექტორალური თვალსაზრისით მცირე პარტიების ფაქტორი ქართულ პოლიტიკურ პროცესებში გარდამტეხი შეიძლება იყოს.
მეათე მოწვევის პარლამენტში საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს შორის არ არის ყველაზე დიდი და გამოცდილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. როგორც მოიაზრებოდა, სწორედ ენმ-ის ქოლგის ქვეშ ერთიანდებოდნენ შედარებით პატარა ოპოზიციური პარტიები რამდენიმეთვიანი საპარლამენტო ბოიკოტის დროს. რამდენიმე პარტიის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებამ საზოგადოებისთვის ცხადი გახადა, რომ მათ პოლიტიკურ არენაზე ენმ-ისგან დამოუკიდებლად თამაში შეუძლიათ, როცა ისინი ამას საჭიროდ თვლიან. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური აქტორები, საბოლოო მიზნების თვალსაზრისით, მეტნაკლებად ერთიან პოზიციაზე რჩებიან, ამ ეტაპზე, პატარა პარტიებს ბრძოლის განსხვავებული მექანიზმი აქვთ არჩეული, რითაც, გარკვეული თვალსაზრისით, ახერხებენ, რომ გავლენა მოახდინონ როგორც მმართველი, ისე წამყვანი ოპოზიციური პარტიის პოლიტიკურ დღის წესრიგზე. ამ კონტექსტში, უნდა ვიმსჯელოთ, რაში მდგომარეობს პატარა პარტიების ძალა ქართულ პოლიტიკაში და რატომ არის მათი აქტივობა მნიშვნელოვანი პოსტკრიზისულ პერიოდში?
პატარა პარტიები ქართულ პოლიტიკაში
ცესკოს მიერ გაცხადებული ბოლო საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით, მეათე მოწვევის პარლამენტში მანდატი ცხრა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო. მათგან შვიდმა, მიუხედავად იმისა, რომ 1%-იანი ბარიერი გადალახა, 5 საპარლამენტო მანდატზე მეტის მოპოვება ვერ შეძლო. ამგვარი აქტორები, შეიძლება, პატარა პარტიებად მოვიაზროთ. ასეთ სუბიექტებს შორის არიან, ერთი მხრივ, საკმაოდ გამოცდილი მოთამაშეები (საქართველოს ლეიბორისტული პარტია, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, ევროპული საქართველო, გირჩი), ხოლო, მეორე მხრივ, მეტნაკლებად ახალი პოლიტიკური გაერთიანებები (ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, მოქალაქეები).
ოპოზიციური სპექტრის ამგვარმა მრავალფეროვნებამ, მნიშვნელოვნად გაზარდა წარმომადგენლობითი დემოკრატიის პერსპექტივები საქართველოში, თუმცა ამ სისტემის გამართული მუშაობისთვის ოპოზიციის მრავალფეროვნება საკმარისი არ არის.
თითქმის ექვსთვიანი ბოიკოტის შემდეგ, ამ ეტაპზე, რამდენიმე ოპოზიციური პარტია აქტიურ კანონშემოქმედებით საქმიანობაშია ჩართული და საქართველოს პარლამენტში მსჯელობს ისეთ ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა, მაგალითად, მიშელის შეთანხმების ერთ-ერთ ყველაზე საკამათო – 20 ივნისის მოვლენების საერთო ამნისტიის შესახებ პუნქტი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერის პარლამენტში შესვლის თაობაზე სამოქალაქო საზოგადოებაში შესამჩნევი აზრთა სხვადასხვაობაა, და ამავდროულად, მცირე პარტიებიდან, ევროპულმა საქართველომ საბოლოოდ თქვა უარი პარლამენტში მუშაობაზე, მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ იმ პერსპექტივებს, რომლებიც ასეთ პარტიებს ქართულ პოლიტიკურ არენაზე საპარლამენტო ტრიბუნებიდან შეიძლება გაუჩნდეთ.
გაძლიერებული ფოკუსი პარტიულ პოლიტიკურ მიზნებზე
პირველი ფაქტორი, რაც ოპოზიციურ პარტიების ნაწილს მკაფიო პერსპექტივას უჩენს ქართულ პოლიტიკაში, არის ის, რომ კრიზისის, მეტნაკლებად, სტაბილურ ეტაპზე, ისინი ახერხებენ მეტად მობილიზებას სამომავლო პოლიტიკური მიზნების გარშემო: პატარა პარტიებმა დაიწყეს საკუთარი დღის წესრიგის კანონშემოქმედებით საქმიანობაში შეტანა, საკუთარი ხედვების ტრიბუნებთან ოფიციალურად გახმოვანება, რაც მათ აქტივობას, დროთა განმავლობაში, ბევრად საგნობრივს გახდის.
თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ზოგიერთი პატარა ოპოზიციური პარტიის მხრიდან ენმ-ისგან გამიჯვნაზე ან დამოუკიდებელ კანდიდატებზე საუბარი მიუთითებს იმაზე, რომ საპარლამენტო ოპოზიცია უფრო დამოუკიდებლად იმოქმედებს, ვიდრე 2020 წლის პოსტ-საარჩევნო პერიოდში მოქმედებდა. შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ კოორდინირებულ ოპოზიციაშიც კი წინასაარჩევნო კონკურენციას ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებს შორისაც უნდა ველოდოთ. ეს ლოგიკა, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს კონკრეტული პარტიების პოლიტიკური დღის წესრიგის წინ წამოწევას, შესაბამისად, ამ პარტიების იმიჯი და იდენტობა ამომრჩევლის თვალში კიდევ უფრო გამყარდება. თუმცა, წინასაარჩევნოდ, ოპოზიციის საერთო მიზნებისთვის, ამგვარი მიდგომა, შესაძლოა, რისკიანი სტრატეგია იყოს.
იმიჯი დასავლეთის თვალში
პატარა პარტიების გადაწყვეტილებამ – მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერამ და შემდეგ პარლამენტში შესვლამ, მათ მოუტანა გარკვეულწილად რაციონალური აქტორის იმიჯი დასავლელი პარტნიორების თვალში. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მოვლენის შეფასებისას აქცენტს აკეთებს „საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარების მნიშვნელოვან პროგრესზე“ და „პოლიტიკურ გამბედაობაზე“. ამასთან, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ „ჩვენ მივდივართ ევროკავშირი-საქართველოს უფრო მტკიცე პარტნიორობისკენ“. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილის კონკრეტულმა გადაწყვეტილებამ ხელი შეუწყო საქართველოსადმი დასავლეთის ტონის შერბილებას კრიზისის კონტექსტში.
ეს კონტექსტი საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს, სავარაუდოდ, დასავლური ნდობის გარკვეულ ხარისხს მიანიჭებს. მათ ახლა უჩნდებათ დამატებითი შანსი, რომ ევროპული კონტაქტები უფრო მეტად გააძლიერონ – განსაკუთრებით, დაგეგმილი გაღრმავებული ევროინტეგრაციული პროცესების ფონზე, რაც მათ წონას შესამჩნევად გაზრდის ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. საპარლამენტო ოპოზიციას მეტი შესაძლებლობა ეძლევა, რომ დაუახლოვდეს მსგავსი იდეოლოგიების ევროპული პარტიების გაერთიანებებს და ნიადაგი მოამზადონ ასოცირებული წევრობისთვისაც კი.
თავისთავად, ამ შემთხვევაში, იზრდება შანსი, რომ პატარა პარტიების მიმართ ევროპული პოლიტიკური ელიტის კონტექსტის ამგვარი შეცვლა პროდასავლურად განწყობილი ამომრჩევლის კეთილგანწყობის ზრდაზეც იქონიებს გავლენას.
კოალიციური პოლიტიკური კულტურის მომწიფება
უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში, პატარა პოლიტიკური პარტიების სტაბილური პოლიტიკური აქტივობა, შესაძლოა, რეალური საფუძველი გახდეს საქართველოში ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებული პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ კონკრეტულ ლიდერებზე მორგებული პოლიტიკის დაბალანსება დასავლელ აქტორებს შორისაც მნიშვნელოვანი საკითხია, არადომინანტი ოპოზიციური პარტიების შესაძლო ერთობას უჩნდება შანსი, რომ, ამ მიმართულებით, დასავლეთიდანაც მოიპოვოს ერთგვარი პოლიტიკური მხარდაჭერა.
ურთიერთთანამშრომლობის ნებისმიერი შესაძლო პლატფორმის გაძლიერების შემთხვევაში, პატარა პოლიტიკური პარტიების ხელში მოექცევა მნიშვნელოვანი რესურსი: განსხვავებული ხედვების მქონე სპექტრი, რომელსაც ურთიერთთანამშრომლობითი მოღვაწეობის პოლიტიკური გამოცდილება ექნება, დიდი შანსია, ძლიერი ხელშემწყობი ფაქტორი აღმოჩნდეს პარტიებს შორის ძალთა გადანაწილების პროცესისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში.
პატარა პარტიების დიდი ძალა: საპარლამენტო ოპოზიციის პერსპექტივები საქართველოში
ფართოდ გავრცელებული აზრია, რომ დიდი მოთამაშეების დაპირისპირების ფონზე, დანარჩენი პოლიტიკური პარტიები მათ ჩრდილქვეშ იყვნენ და, ძირითადად, მათი დღის წესრიგით მოქმედება უწევდათ. მიუხედავად ამისა, პარლამენტში შესვლით, პატარა პარტიებმა მოახერხეს და ქართულ პოლიტიკურ პროცესებს დამოუკიდებლად მისცეს გარკვეული მიმართულება (ერთგვარ game changer-ებად იქცნენ). შესაბამისად, ამგვარი პოლიტიკური აქტორების რეალურ პოლიტიკურ ძალაზე საუბარი არაერთი ფაქტორის გამოა შესაძლებელი.
ერთი მხრივ, მათი პერსპექტივების რეალურობა მდგომარეობს იმაში, რომ პატარა ოპოზიციურ პარტიებს პოლიტიკური კრიზისის მეტნაკლები დასტაბილურების შემდეგ, აქვთ მეტი შესაძლებლობა, თავიანთი ძალისხმევა მიმართონ უახლოესი არჩევნებისთვის საკუთარი (ერთობლივი ან ინდივიდუალური) სტრატეგიის დამუშავებისკენ და ამომრჩევლის უფრო აქტიური მობილიზებისკენ.
გარდა ამისა, თავიანთი გადაწყვეტილებით, ჩაბმულიყვნენ ოფიციალურ საკანონმდებლო საქმიანობაში, პატარა პარტიებმა გაზარდეს საკუთარი, როგორც სანდო პოლიტიკური მოთამაშის იმიჯი დასავლეთის თვალში, რაც მათ პოლიტიკურ წონას მნიშვნელოვნად ზრდის.
და ბოლოს, საპარლამენტო კულტურამ, რომელიც, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ამ კონკრეტულ ეტაპზე, პატარა პარტიების ურთიერთთანამშრომლობითი საქმიანობით შეიძლება ჩამოყალიბდეს, უნდა მოამზადოს წარმატებული საფუძველი და გამოცდილება იმისთვის, რომ გარკვეული ხნის შემდეგ ქვეყანაში სტაბილური კოალიციური მთავრობები შეიქმნას, რაც საქართველოს პოლიტიკური კულტურის განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
[1] საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) უმცროსი ანალიტიკოსი.