აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგი სამშვიდობო შეთანხმება შედგა პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის ფარგლებში. ამ მოლაპარაკებას ბევრად დიდი პოლიტიკური და პრაქტიკული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს, ვიდრე ორ ქვეყანას შორის აქამდე მიღწეულ შეთანხმებებს, მათ შორის, საქართველოსთვისაც. გეოპოლიტიკურად იქმნება სასურველი წინაპირობები სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის გაძლიერებისა და, ამავდროულად, მრავალმხრივი ურთიერთობების თვალსაზრისით. ცხადია, შეცვლილ კონფიგურაციაში თბილისს მაქსიმალური სარგებლის მისაღებად სხვადასხვა მიმართულებით გააქტიურება დასჭირდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია დისკუსია, თუ რა განაპირობებს პრაღის შეთანხმების მნიშვნელობას და რა ფუნქცია შეიძლება შეიძინოს საქართველომ ცვალებად გეოპოლიტიკურ რეალობაში.
პრაღის შეთანხმება და მისი მნიშვნელობა
აზერბაიჯანს და სომხეთს შორის აქამდე განხორციელებული სამშვიდობო პროცესების ფონზე, 2022 წლის 6 ოქტომბრის პრაღის შეთანხმება ისტორიულად მნიშვნელოვანია.
პოლიტიკური თვალსაზრისით, შუამავალი ევროპელი ლიდერებისთვის ოთხმხრივი მოლაპარაკებები ღირებულია ორი თვალსაზრისით: საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონისთვის მნიშვნელოვანია ევროპული პოლიტიკური გაერთიანების, როგორც მისი ინიციატივის, ფუნქციონირება იმ კალიბრის წარმატებით დაიწყოს, როგორიცაა მშვიდობის მიღწევა რთულ და პერიოდულად განახლებად კონფლიქტში ევროპის სამეზობლოში. განსაკუთრებით, იმ ფონზე, რომ გაერთიანების ოფიციალური მიზანია „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის მშენებლობა რუსეთის გარეშე“. ყარაბაღის კონფლიქტში ინიციატივის ხელში აღება მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია მოსკოვისთვის. გარდა ამისა, ბრიუსელისთვის სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროკავშირის ენერგო-დივერსიფიკაციის გეგმისთვის, რომელმაც რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა ბოლო თვეებში განსაკუთრებით გაზარდა.
პრაქტიკული თვალსაზრისით შეთანხმების ღირებულება ასევე დიდია. სექტემბერში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გამწვავდა მდგომარეობა მას შემდეგ, რაც ერევნის განცხადებით, აზერბაიჯანმა სამხედრო შეტევა სომხეთის ტერიტორიაზე განახორციელა. ნათელია, რომ რუსეთის შუამავლობით წარმოებულმა მოლაპარაკებებმა გრძელვადიანი მშვიდობა ვერ უზრუნველყო. პრაღაში ბაქო და ერევანი დათანხმდნენ ორი ქვეყნის საზღვართან სომხეთის ტერიტორიის მხრიდან ევროკავშირის ორთვიანი სამოქალაქო მისიის განთავსებაზე „ნდობის განმტკიცების და სასაზღვრო კომისიების მუშაობაში წვლილის შეტანის“ მიზნით. ეს კონკრეტული შეთანხმება განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან შედეგად ევროკავშირს აქვს უნიკალური შანსი, საქართველოში 10-წელზე მეტხნიანი მონიტორინგის მისიის შემდეგ, სამხრეთ კავკასიის დანარჩენ არეალშიც განავრცოს თავისი ყოფნა. მართალია, დე-ფაქტო, აზერბაიჯანი ერთადერთი ქვეყანა იქნება, სადაც რაიმე ფორმატის ევროპული სამუშაო ჯგუფები არ იქნება წარმოდგენილი, თუმცა, გეოპოლიტიკურად, ეს სიახლე ისტორიულად მნიშვნელოვან რეალობას ქმნის ევროკავშირის რბილი ძალის გასაძლიერებლად სამხრეთ კავკასიაში.
მეტი ევროკავშირი და ნაკლები რუსეთი საქართველოს სამეზობლოში
2020 წლის სამმხრივი შეთანხმების შედეგად, სამხრეთ კავკასიაში უპირატესობა რუსეთმა მოიპოვა და რეგიონში თავისი გავლენა გაზარდა, თუმცა ევროკავშირის გააქტიურება აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო პროცესში მოსკოვის აქამდე მოპოვებული დომინაციის შესუსტების წინაპირობაა. ამასთან, საქართველოს ორივე მეზობელი ქვეყნის დამოკიდებულება რუსეთთან აქტიური თანამშრომლობის მიმართ იმედგაცრუებით იცვლება, რაც მეტ სივრცეს ტოვებს ევროკავშირისთვის რეგიონში გასააქტიურებლად.
სომხეთში ცხადი გახდა, რომ უკრაინასთან ომის წამოწყების შემდეგ ვლადიმერ პუტინი არაა დაინტერესებული, სომხეთის მოკავშირე იყოს, როცა მას ეს სჭირდება. აზერბაიჯანშიც რუსეთის მიმართ უკმაყოფილება არსებობს იმის თაობაზე, რომ მოსკოვი ყარაბაღში თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. პარალელურად, მკვეთრად გაიზარდა თავად ევროკავშირის ინტერესი სამხრეთ კავკასიის რეგიონში. უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე ბრიუსელისთვის ენერგოდივერსიფიკაცია ერთ-ერთი მთავარი და გარდაუვალი პრიორიტეტია, რაც აზერბაიჯანის სტრატეგიულ მნიშვნელობას ზრდის. ბრიუსელი და ბაქო ოფიციალური შეთანხმებებით აფორმებენ მზარდ თანამშრომლობას, რომელიც ევროპას სამხრეთ კავკასიასთან გრძელვადიანი ენერგო-შეთანხმებით დააკავშირებს.
შედეგად, იქმნება საქართველოსთვის სასურველი მოცემულობა, ისარგებლოს ევროკავშირის ამგვარი გააქტიურებით და პრაქტიკულად შესთავაზოს რესურსი ბრიუსელს რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რომელიც ევროპას ახლა ისე სჭირდება, როგორც არასდროს. თბილისს შეუძლია ითანამშრომლოს ბრიუსელთან ორი მეზობელი ქვეყნის საზღვარზე სამშვიდობო მისიის ფარგლებში, მით უმეტეს, საქართველოს ევროკავშირის უფრო შორეულ და გრძელვადიან მისიებში მონაწილეობის გამოცდილება უკვე აქვს.[1] თბილისისთვის, შეიძლება საინტერესო იყოს, თუ რა ფორმით აპირებს ევროკავშირი რეგიონში 2-თვიანი მისიის უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელებას, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პერიოდულად სამხედრო დაპირისპირება კვლავ გრძელდება და ნათელია, რომ ამ მდგომარეობასთან გამკლავება ადვილი არ იქნება. ამ მხრივ, ქართულმა მხარემ, შესაძლოა, ევროკავშირთან ერთობლივი მისიების შემდგომ ფორმატებზე იფიქროს.
ამასთან, ცნობილია, რომ ევროკავშირის ჩართულობით მოლაპარაკებები პრაღაში არ დასრულებულა. თბილისს შეუძლია, იმუშაოს იმაზე, რომ გახდეს ევროპული მედიაციით წარმართული მოლაპარაკებების მასპინძელი და თანამონაწილე. ამგვარ აქტიურობას საქართველოსთვის მინიმუმ ორი მთავარი სარგებლის მოტანა შეუძლია: ერთი მხრივ, ქვეყანას ევროკავშირის თვალში ბოლო წლებში დემოკრატიული უკუსვლის და ევროკავშირთან გაციებული ურთიერთობების შედეგად დაზიანებული იმიჯის აღდგენა სჭირდება. ეს საჭიროება კიდევ უფრო კრიტიკული გახდა ივნისში კავშირის წევრობის განაცხადზე უარის მიღების შემდეგ, რამაც გააჩინა განცდა, რომ საქართველომ ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ხელიდან უკვე გაუშვა. მეორე მხრივ, ასეთი მოქმედებები მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი იქნებოდა ყველა სამხრეთკავკასიურ ქვეყანაში ევროკავშირის გააქტიურებისა და რუსეთის გავლენის შესუსტების შესახებ.
საქართველოს ფუნქცია სამხრეთ კავკასიაში
ლოგიკურია, რომ საქართველოსთვის საყურადღებო პირობები, რომლებზეც სამომავლოდ ორი მეზობელი ქვეყანა შეთანხმდება. იმ შემთხვევაში, თუ ბაქო ერევანს დაითანხმებს მის მიერ შემუშავებულ ხუთპუნქტიან სამშვიდობო შეთანხმებაზე, თბილისს მნიშვნელოვანი როლი შეიძლება ჰქონდეს შეთანხმების ზოგიერთი პირობის აღსრულებაში, როგორიცაა, მაგალითად ინფრასტრუქტურული და ლოჯისტიკური თვალსაზრისით, ლაჩინის გზის კონტროლისა და გამოყენების ფასილიტაცია, რაც შესაძლოა ორივე მხარისთვის მისაღები იყოს; ან ჰუმანიტარული პროექტები კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ეთნიკური სომხებისთვის, რაც ერთ-ერთი ყველაზე კონტროვერსული საკითხია აზერბაიჯანსა და ერევანს შორის, და ა.შ.
თუ პრაღის შეთანხმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პრაქტიკაში შექმნის გრძელვადიან სტაბილური გარემოს პერსპექტივას, საქართველოს ეძლევა შანსი, მაქსიმალურად გაააქტიუროს სამმხრივი თანამშრომლობის იდეები, რომლებიც თბილისში არსებობს, მით უფრო, რომ ამაზე გააკეთა აქცენტი პრაღის მოლაპარაკებების შემდეგ ილჰამ ალიევმაც. აზერბაიჯანი სამ სამხრეთკავკასიურ ქვეყანას შორის ის ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც უახლოეს წარსულში სამხედრო წარმატება აქვს მოპოვებული, აქვს ყველაზე დიდი ეკონომიკა და რეგიონში ჰყავს ახლო მოკავშირე თურქეთის სახით. შესაბამისად, მას შესაძლოა ჰქონდეს რეგიონში ლიდერობის ამბიცია. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ის კვლავ კონფლიქტშია სომხეთთან, აზერბაიჯანის ინიციატივით წარმატებული თანამშრომლობა ნაკლებად რეალისტურია. საქართველო ამ გარემოებების გათვალისწინებით კიდევ დიდ ხანს დარჩება უნიკალურ პლატფორმად, რომლის ინიციატივების ქვეშ ორივე დაპირისპირებულ მხარეს აქვს პერსპექტივა, კონსტრუქციულ თანამშრომლობაში თანაბარი მოთამაშის სტატუსით შევიდეს და ხელი არ შეეშალოს სამომავლოდ სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული თუ გეოპოლიტიკური რესურსის სრულად ათვისებას.
შესაძლებლობათა რამდენიმე განზომილება საქართველოსთვის
პრაღის შეთანხმებამ აჩვენა, რომ ევროკავშირის გაზრდილ ინტერესს სამხრეთ კავკასიაში ხვდება მეტი მზაობა კონფლიქტში მყოფი აზერბაიჯანისა და სომხეთის მხრიდან ერთმანეთთან და ბრიუსელთან თანამშრომლობისთვის. ამასთან, EPC სამიტი, რომლის ფარგლებშიც ეს შეთანხმება შედგა, ქმნის ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას რუსეთის გარეშე, რასაც ბრიუსელის მეტი ყოფნა სამხრეთ კავკასიის რეგიონში კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.
ეს საქართველოსთვის გაზრდილი შესაძლებლობაა ევროკავშირთან საერთო პროექტებში ჩართულობის, მეტად დაახლოების, ასევე, შემდგომი მოლაპარაკებების დაგეგმვისას ინიციატივის ხელში აღების მიმართულებით, თუნდაც ლოჯისტიკური თვალსაზრისით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია საკუთრივ სამეზობლო რეგიონში უფრო გაბედული ნაბიჯები სამმხრივი თანამშრომლობების პროაქტიული ინიციირების მიმართულებით. შესაბამისად, რამდენადაც ისტორიულია პრაღის მოლაპარაკებები, და მისი შედეგები, იმდენად მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ეძლევა საქართველოს, აქტიურობის შედეგად, კიდევ უფრო გამოკვეთოს თავისი, როგორც ევროკავშირისთვის საჭირო რეგიონული აქტორის და მეზობელი აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის სანდო პარტნიორის ფუნქცია.
[1] თუმცა, საქართველოს არ უნდა ჰქონდეს ინტერესი, ჩაერიოს საზღვრის სადელიმიტაციო მუშაობაში, გამომდინარე იქიდან, რომ მას ორივე მეზობელ ქვეყანასთან თავად აქვს დაუდგენელი საზღვრები.