Author

25/10/2023 ნინო სამხარაძე

პრეზიდენტის განუხორციელებელი იმპიჩმენტი: ქართული ოცნების 3 პოლიტიკური გზავნილი

საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი, რომელიც ქართულმა ოცნებამ 2023 წლის სექტემბერში წამოიწყო, მმართველი პარტიის ხედვების შესახებ არაერთ საყურადღებო ფაქტორს გამოკვეთს. საკონსტიტუციო სასამართლო პროცესი, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში პრეზიდენტის წინააღმდეგ გაიმართა, თავისთავად არ ემსახურება პოლიტიკური დასკვნების გაკეთებას და იმის გადაწყვეტას, რამდენად გამართლებულია კონკრეტული სახელმწიფო ინსტიტუტის პოლიტიკური ხედვა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ანალიტიკურ სივრცეებში ამ დისკუსიების პოლიტიკური განზომილებები ჯეროვნად იყოს დანახული და შეფასებული. წარმოდგენილ ბლოგში განხილულია სასამართლო და საპარლამენტო მოსმენებზე მმართველი პარტიის ძირითადი მოხსენებები, რომელთა მიხედვითაც, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან შიდაპოლიტიკურ და საგარეოპოლიტიკურ გზავნილებზე შეიძლება საუბარი.

ქართული ოცნების 3 პოლიტიკური გზავნილი ქართულ საზოგადოებას და დასავლეთს

სალომე ზურაბიშვილსა და ქართულ ოცნებას შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც პრეზიდენტმა სხვადასხვა ფორმით მიუთითა მთავრობას, რომ მისი რეაქცია რუსეთის უკრაინის შეჭრაზე ორაზროვანი და არასაკმარისი იყო. შემდეგ მან თავად დაიწყო დასავლურ საზოგადოებასთან – პოლიტიკურ ელიტებთან და ავტორიტეტულ საერთაშორისო მედიასთან კომუნიკაცია საქართველოს სახელმწიფოს პოზიციის შესახებ. მმართველმა პარტიამ თითქოს იგრძნო საფრთხე, რომ სალომე ზურაბიშვილის დასავლური ტურნეები დაანახებდა ქართული ოცნების პროდასავლელ ამომრჩეველს მმართველი პარტიის ხარვეზებს ევროინტეგრაციის და დასავლეთთან კომუნიკაციის მიმართულებით. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 2 წლის მანძილზე, საზოგადოებაში პრეზიდენტის მუშაობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი გაიზარდა, ქართული ოცნებისთვის პრინციპული გახდა მისი ევროპულ დედაქალაქებში გააქტიურების დელეგიტიმაცია და ამ დაპირისპირებას საკონსტიტუციო დავის მასშტაბები მიეცა.

იმპიჩმენტის პროცესის სამართლებრივი მხარე იურისტებისა და კონსტიტუციონალისტების განსხვავებული ინტერპრეტაციების საგანია და სასამართლოს გამამტყუნებელი დასკვნის გამოქვეყნების შემდეგაც იურიდიული დისკუსიის საგნად რჩება, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს შორისაც კი აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. თუმცა, როგორც საქართველოში, ისე ბრიუსელში, საზოგადოებისთვის ამ საქმის პოლიტიკური ელფერი, განსაკუთრებით, ქართული ოცნების გზავნილები უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს.

  • კონსპირაცია და შიდა პოლარიზაცია

ერთ-ერთი მთავარი ხაზი, რაც ქართული ოცნების წარმომადგენლებმა საპროცესო და საპარლამენტო გამოსვლებში განავითარეს, იყო კონსპირაციული თეორიების პროპაგანდა და ინსტიტუციური პოლარიზაციის გაღრმავება. ირაკლი კობახიძის საპარლამენტო გამოსვლისას ერთგვარ რეფრენად ისმოდა, რომ სალომე ზურაბიშვილი „პირდაპირ ალიანსში შევიდა კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან“. კობახიძის თქმით, „სალომე ზურაბიშვილს ეგულება ნაცმოძრაობა, როგორც მხარდამჭერი პარლამენტში“. პრეზიდენტის მიმართვაზე საუბრისას, სადაც ის მოუწოდებდა ოპოზიციას, ბოიკოტი გამოეცხადებინათ იმპიჩმენტის საპარლამენტო პროცესისთვის, გამოითქვა, ასევე, კონსპირაციული შენიშვნა, რომ „კარწინკაზეც კი ერთად თანხმდებიან ნაცმოძრაობა და სალომე ზურაბიშვილი“.

თავის მხრივ, ამგვარი კონსპირაციული ნარატივები ემსახურება საქართველოს დაუძლეველ პრობლემად ქცეულ შიდაპოლიტიკურ პოლარიზაციას. როგორც კობახიძემ სასამართლო წარდგინების პრეზენტაციისას განაცხადა, „[ევროინტეგრაციასთან მიმართებით] მთავრობა იცავს ბრიუსელში [პრეზიდენტისგან] განსხვავებულ პოზიციას“, რაც მთავრობისთვის დასავლური ვიზიტების აკრძალვის საფუძველი გახდა. ქართული ოცნების მაპოლარიზებელმა რიტორიკამ უფრო რადიკალური ხასიათი შეიძინა საპარლამენტო გამოსვლებისას, ამ პოლარიზაციის ელემენტია პარლამენტში პერსონალურად სალომე ზურაბიშვილისადმი გამოხატული შეურაცხმყოფელი რეპლიკები, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხებოდა სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის იმ ეპიზოდს, სადაც ქართული ოცნების წევრები მას „ჩაენაცვლნენ ბილბორდებზე“.

ცხადია, საკონსტიტუციო სასამართლო პროცესი არ ქმნის სივრცეს, შეფასდეს სხვადასხვა ინსტიტუტების სტრატეგიების პოლიტიკური მიზანშეწონილობა. თუმცა, დაპირისპირების რიტორიკამ ცხადად აჩვენა ქართული ოცნების კონსპირაციისკენ და შიდა პოლარიზაციის ხელოვნური გააქტიურებისკენ მიმართული პოლიტიკური სტრატეგია, რაც ქვეყნის შიგნით ჯანსაღი პოლიტიკური კულტურის მშენებლობის იმედს, ჯერ-ჯერობით, არ იძლევა.

  • მორიგი განგაში დემოკრატიზაციისთვის

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანგაშო სიგნალი, რაც იმპიჩმენტის პროცესმა საზოგადოებას აჩვენა, იყო მმართველ პარტიაში კრიტიკული აზრის მიმართ ლოიალობის არარსებობა და ტრადიციული თავდასხმები განსხვავებულ აზრზე. ირაკლი კობახიძემ თავისი საპარლამენტო გამოსვლის ნაწილი მიუძღვნა იმ მოსამართლეებზე თავდასხმებს, რომლებმაც პრეზიდენტის იმპიჩმენტი მართებულად არ ჩათვალეს. ხშირად გაკეთდა შეურაცხმყოფელი აქცენტი მათ კომპეტენციაზე, მაგალითად, მიმართვა, თუ „როგორ შეიძლება სიტყვა „დისციპლინა“ არ იცოდე რა არის“[კობახიძის შეფასება საპარლამენტო ტრიბუნიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მისამართით].

ამავე სიტყვაში ირაკლი კობახიძე თავს ესხმის სამოქალაქო საზოგადოებასაც და ამბობს, რომ პრეზიდენტი „პირდაპირ არის მიერთებული ზოგიერთი ენჯეოს მიერ წარმოებულ კამპანიას ეგრეთ წოდებულ კლანის თაობაზე“. ამგვარი რიტორიკა ადასტურებს, რომ მმართველი პარტიისთვის არც სასამართლო სისტემის ფუნდამენტური რეფორმა და არც სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა პრიორიტეტებს შორის არ არის. იმის ფონზე, რომ ქვეყანაში აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლეები კვლავ სარგებლობენ მთავრობის მხარდაჭერით, არ ჩანს იმის პერსპექტივა, რომ ქართულ ოცნებას ევროკავშირის 12 რეკომენდაციის სრულფასოვნად შესრულება სურს.

  • ევროინტეგრაციის მიმართ წინააღმდეგობრივი ხედვები

გარკვეული დასკვნების გამოტანა შეიძლება ევროინტეგრაციის მიმართ ქართული ოცნების სტრატეგიის შესახებაც. საპარლამენტო მოსმენისას, თავის გამოსვლაში ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ როცა საქმე ამ კონკრეტულ პროცესს ეხება, „საგარეო კურსი ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არ არის“. სამართლებრივად ეს ასეცაა, თუმცა ამის მიღმა, პრეზიდენტის იმპიჩმენტი ევროპული ვიზიტების გამო შესაძლოა, პოლიტიკურადაც იყოს მნიშვნელოვანი, მათ შორის, ბრიუსელისთვის.

პირველ რიგში, ნათელია, რომ მთავრობა არ ცდილობს, ევროინტეგრაციის სასარგებლოდ გამოიყენოს ის კონტაქტები, რაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ევროპაში აქვს. მაშინ, როცა პრეზიდენტმა კანდიდატის სტატუსის  შესახებ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე თვით ადრე ევროპული ტურნეს გამართვა გადაწყვიტა საქართველოს საკითხის ლობირებისთვის, ქართული ოცნება აყენებს კონტრ-ბრალდებას, რომ „ამ მცდელობით პრეზიდენტი პირდაპირ დაუპირისპირდა ევროინტეგრაციის ინტერესს“, რაც შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ მმართველი პარტია კანდიდატის სტატუსისთვის საქართველოს ლობირების შესაძლებლობებს პრეზიდენტთან შიდაპოლიტიკური დაპირისპირების და ვიწროპარტიული ინტერესის გამო ფლანგავს.

გარდა ამისა, ამ პროცესმა კიდევ უფრო მეტად დააზიანა საქართველოს რეპუტაცია ევროპაში, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ მმართველი პარტია, ფაქტობრივად, აღარ უსმენს დასავლელ პარტნიორებს.

ქართულმა ოცნებამ არ გაითვალისწინა ჯოზეფ ბორელის გაფრთხილება, რომ იმპიჩმენტი საქართველოს პოზიციებს რისკის ქვეშ აყენებს. ისე ჩანს, რომ პარტია, ასევე, ანულირებას უკეთებს იმ მნიშვნელოვან ევროპელ ლიდერებთან პრეზიდენტის შეხვედრებს, როგორიცაა ემანუელ მაკრონი, შარლ მიშელი და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი. საკონსტიტუციო სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს გამოეხმაურა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც, რომელმაც თბილისს 12 რეკომენდაციაზე ფოკუსირებისკენ მოუწოდა. საბოლოო ჯამში, დიდი შანსია, რომ პრეზიდენტის შეუმდგარმა პროცესმაც კი, შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზიანოს კანდიდატის სტატუსის მიღების ისედაც ბუნდოვანი პერსპექტივა.

რას ამბობს პრეზიდენტის იმპიჩმენტის შეუმდგარი პროცესი ქართული ოცნების პოლიტიკური კურსის შესახებ?

მმართველმა პარტიამ, 2023 წლის შემოდგომაზე, ფაქტობრივად, გვერდი აუარა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პოლიტიკურ მიზანშეწონილობას საქართველოსთვის იმ კრიტიკულად მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია. ქართულმა ოცნებამ ქვეყანაში შექმნა პრეცედენტი, რომ ევროინტეგრაციის გასაძლიერებლად გადადგმული ნაბიჯები შეიძლება გახდეს სამართლებრივად დასჯადი. პრეზიდენტის იმპიჩმენტის ისტორიული პროცესის ფარგლებში, პარტიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ არ აქვს კეთილი ნება, შექმნას ქვეყანაში დეპოლარიზებული პოლიტიკური გარემო, გაატაროს ფუნდამენტური რეფორმები 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და გამოიყენოს ყველა რესურსი საქართველოს ლობირებისთვის დასავლეთში. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე, ქართული ოცნების მიერ წამოწყებულმა იმპიჩმენტის მცდელობამ საქართველოს ისედაც ბუნდოვანი შანსები, მიიღოს კანდიდატის სტატუსი, კიდევ უფრო მეტად შეამცირა.

 

© Photo Credit: Netgazeti
, , , , , , , ,