07-04-2022
ნინო სამხარაძე
ბოლო დროს, საქართველოში გააქტიურდა დისკუსია კოალიციური მმართველობის საჭიროების შესახებ. საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ერთპარტიული მართვის გამოცდილების და გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისების ფონზე, რასაც ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესი ჩიხში შეჰყავს. თუმცა, კოალიციურ მმართველობაზე საუბარი არარეალისტური იქნება პარტიათაშორისი თანამშრომლობის წარმატებული პრეცედენტის გარეშე. ამის ნიშნები, ჯერ-ჯერობით არ ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, ამომრჩეველი საქართველოში პარტიათაშორისი თანამშრომლობის მომხრეა, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა.
პარტიების რადიკალურ დღის წესრიგსა და საზოგადოებრივ განწყობებს შორის ამ აცდენას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის, ლიდერზე მორგებული, პერსონალიზებული პარტიული სტრატეგიები, პატარა პარტიების დომინანტ ძალებთან აფილირების შიში და პარტიული კონკურენციის ნულოვან-ჯამური პრინციპი. თავის მხრივ, პარტიათაშორისი თანამშრომლობის შესახებ მოსახლეობის და პარტიების ხედვის აცდენა დამატებით პრობლემებს წარმოშობს ქართული პოლიტიკური სისტემისთვის: პოლიტიკური გარემო კიდევ უფრო რადიკალური ხდება და დერადიკალიზაციის პერსპექტივები არსად ჩანს. გარდა ამისა, ამგვარ პოლიტიკურ ბრძოლაში შესული პარტიები ვეღარ პოულობენ რესურსს, რომ ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვან პრობლემებს კონკრეტული იდეოლოგიური ხედვის ფარგლებში კომპეტენტურად უპასუხონ. შედეგად, შესაძლოა, უფრო და უფრო შემცირდეს ნდობა პოლიტიკური პარტიებისადმი, რაც, თავის მხრივ, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესების ლეგიტიმაციას მოსახლეობის მხრიდან კიდევ უფრო შეამცირებს.
წარმოდგენილ პოლიტიკის ნარკვევში გაანალიზებულია ის ძირითადი ფაქტორები, რის გამოც პარტიები ვერ ან არ პასუხობენ საზოგადოების დაკვეთას პარტიათაშორისი თანამშრომლობის შესახებ. ასევე, გამოკვეთილია ის პრობლემები, რასაც იწვევს პარტიების დღის წესრიგის აცდენა მათი ამომრჩევლის საჭიროებებთან. და ბოლოს, შეთავაზებულია რეკომენდაციები პოლიტიკური პარტიებისთვის, რათა მეტად მოხდეს პარტიათაშორისი თანამშრომლობის შესახებ მათი ხედვის დაახლოება ამომრჩევლის პრეფერენციებთან და, შედეგად, ხელი შეეწყოს კოალიციური მმართველობის რეალური პერსპექტივების გაჩენას საქართველოში.
საკვანძო სიტყვები: კოალიციური მმართველობა, პარტიათაშორისი თანამშრომლობა, პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივი აზრი
ასევე, აღნიშნულ პოლიტიკის დოკუმენტში:
- რატომ შორდებიან პარტიები ამომრჩევლის პარტიათაშორისი თანამშრომლობის დაკვეთას?
- საზოგადოებრივი დაკვეთა პოლიტიკური დღის წესრიგის პირისპირ: რა პრობლემებს ქმნის ეს სახელმწიფოსთვის?
- რატომ არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური კლასის და ამომრჩევლის დაახლოება და როგორ უნდა მოხდეს ეს?