Author

23/02/2023 თეონა ზურაბაშვილი

ქართული ოცნების Grand Finale – წინ კონსოლიდირებული ავტორიტარიზმისკენ

გაეცანით ნაშრომს

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
23-02-2023

მიმდინარე მოვლენების ფონზე, ბოლო პერიოდში ქვეყანაში საზოგადოებრივი დისკუსია მთლიანად მოიცვა ,,უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტმა, რომელიც საქართველოს პარლამენტში მმართველი პარტიის სატელიტმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, ხალხის ძალამ დააინიცირა.  კანონპროექტი ითვალისწინებს ,,უცხოური გავლენის აგენტთა“ რეესტრის შექმნას და მასში ყველა იმ ორგანიზაციის[1] დარეგისტრირებას, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოურ დაფინანსებას უკავშირდება (Civil.ge 2023ა). საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, შემოთავაზებული პროექტი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და შიდა ეროვნული დაცვის სტანდარტებს და მისი განხილვაც კი შეუთავსებელია თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითად პრინციპებთან (Publika.ge 2023ა). კანონპროექტი საქართველოს ევროპული კურსისგან რადიკალურ გადახვევად და ქვეყნის სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის უდიდეს რეპუტაციულ ზიანად მიიჩნიეს როგორც საერთაშორისო პარტნიორებმა (Jam-news.net 2023ა, Jam-news.net. 2023ბ, Tabula.ge 2023ა), ასევე ადგილობრივმა და უცხოელმა ექსპერტებმა (საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივი განცხადება 2023, GIP 2023).

კანონპროექტის მიმართ მკვეთრად ნეგატიური შეფასებების მიუხედავად, ხალხის ძალის და ქართული ოცნების მყარი პოზიციით, აღნიშნული კანონპროექტი საუკეთესო დასავლურ გამოცდილებას ეყრდნობა (Tabula.ge 2023ბ, Publika.ge 2023ბ, 1TV.ge 2023ა) და ის მხოლოდ სამოქალაქო სექტორის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაძლიერებას ემსახურება. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, მოცემულ პოლიტიკის მემორანდუმში შემოთავაზებულია დემოკრატიულ სახელმწიფოებში არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ უცხოურ დაფინანსებაზე არსებული რეგულაციებისა და ხალხის ძალის მიერ ინიცირებული  კანონპროექტის შედარებითი ანალიზი. აღნიშნულ დისკუსიაზე დაყრდნობით კი,  მემორანდუმში ნაჩვენებია ,,უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტსა და დასავლურ პრაქტიკას შორის არსებული მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და კონტექსტური განსხვავებები. ამას გარდა, მემორანდუმში გაანალიზებულია კანონპროექტის ინიციირების რეალური მოტივები და საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის მისი შესაძლო შედეგები.

პოლიტიკის მემორანდუმი #66 | თებერვალი 2023

__________

[1] გამონაკლისი ეხება მხოლოდ სახელმწიფო ორგანიზაციებს, საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები და ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სისხლის დაწესებულებას (Civil.ge 2023ა).

 

©Photo Credit: blog.shabda.co
, , , , , , , ,