2021-02-25 11:01:01
გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის ერთ-ერთ ძირითად საყრდენს წარმოადგენს, შესაბამისად, დემოკრატიული ქვეყნები არამხოლოდ უნდა აღიარებდნენ მას, როგორც ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას, არამედ რეალურად უნდა უზრუნველყოფდნენ თითოეული მოქალაქის აზრის გამოხატვის თავისუფლებას. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ სიტყვის თავისუფლების არაერთი განმარტება არსებობს: სხვადასხვა აქტორი მის ინტერპრეტაციას სხვადასხვაგვარად ახდენს.ამ კონტექსტში, ფრაზა ,,ხალხის ხმა“ ბოლო დროს ატაცებულ იქნა პოპულისტი აქტორების მიერ, რომლებიც რამდენიმე წელია, რაც საქართველოშიც აქტიურად ჩანან. შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოებას და მთავრობას მოუწევს მზარდ პოპულისტურ დისკურსთან და სოციალური მედიის გზით, დეზინფორმაციის ჰორიზონტალური სტილით გავრცელებასთან გამკლავება – ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ქვეყანა კვლავ დემოკრატიულ პოლიტიკურ რეჟიმში გადასვლის პროცესშია. ასე რომ, სახელმწიფოს და სამოქალაქო საზოგადოებას მოუწევს „პოსტ-სიმართლის“ ეპოქაში წარმოქმნილ ალტერნატიულ დისკურსებთან დაპირისპირება და მათი დაბალანსება ისევე როგორც, ამ პროცესში, დემოკრატიული ლეგიტიმურობის შენარჩუნება.
წინამდებარე პოლიტიკის ნარკვევის მიზანია საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესის კონტექსტში ისეთი ვრცელი საკითხების განხილვა, როგორებიცაა ახალი ტენდენციები დეზინფორმაციის გავრცელების სტრატეგიაში, პოპულისტი აქტორებისათვის სოციალური მედიის გამარტივებული ხელმისაწვდომობის საკითხი და მედია პლატფორმების ურთიერთგამომრიცხავი ქმედებები მათ მიერ საინფორმაციო გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობისას და მათთან მიმართებით, მოცემულ ნარკვევში, ასევე, გამოვლენილია ქვეყნის დემოკრატიის სუსტი მხარეები. აღნიშნული გამოწვევები, წინასარჩევნო პერიოდის მსგავსად, კარგად გამოჩნდა მიმდინარე პანდემიის პირობებშიც. ისეთი ცნებების სადაო და ურთიერთგამომრიცხავი განმარტებები, როგორებიცაა ,,სიტყვის თავისუფლება“ და ,,გამოხატვის თავისუფლება“ სავარაუდოდ, კვლავაც დარჩება ქვეყნის მზარდი სოციალური პოლარიზაციის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ.