2021-05-25 13:59:36
დემოკრატიის კონსოლიდაცია ხანგრძლივი და არასტაბილური პროცესია, რომელშიც პოლიტიკური კრიზისი შეიძლება განმეორებითი მოვლენა იყოს. საქართველოსთვის, რომელიც მიზნად ისახავს 2024 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთებას, უმართავი კრიზისები პოლიტიკურად ძვირი ჯდება. მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც 2019 წლის ივნისში დაიწყო, ჩიხში შევიდა 2021 წლის თებერვალში, როდესაც უმსხვილესიოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია დააპატიმრეს. ამის შემდეგ ევროკავშირმა მედიატორის როლი იკისრა და მოლაპარაკებები გამართა ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის. ამან სიტუაცია განმუხტა და ოპოზიციის ნაწილი დათანხმდა პარლამენტში შესვლას. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური კრიზისის დასასრული ჯერ კიდევ შორსაა, ევროკავშირმა ჩიხიდან გამოსავალი იპოვა. მოცემულ პოლიტიკის დოკუმენტში განხილულია ევროკავშირის წარმატებული მედიაცია. ნაშრომი თავდაპირველად ახდენს საქართველოში არსებული კრიზისის კონტექსტუალიზაციას, რათა წარმოადგინოს გარკვეული ხედვები იმის შესახებ, თუ რატომ იყო მნიშვნელოვანი კრიზისის მოგვარება ევროკავშირისთვის და შემდეგ იკვლევს მედიაციის ეფექტურობის განმაპირობებელ ფაქტორებს. ნაშრომში აღნიშნულია, რომ სამი ფაქტორი იყო გადამწყვეტი: ბერკეტის გამოყენების მაღალი შესაძლებლობა, მედიაციის შერჩეული სტრატეგია და მედიატორის თანმიმდევრულობის მაღალი ხარისხი. კვლევის მიგნებების საფუძველზე, ნაშრომი ადგილობრივ მოქმედ პირებსა და ევროკავშირს სთავაზობს რეკომენდაციების პაკეტს.