2021-03-19 10:58:36
მსოფლიოს მასშტაბით პოპულიზმის ზრდა სახელმწიფო მმართველობაში ან სხვადასხვა პოლიტიკურ ინსტიტუტებში მნიშვნელოვნად თვალშისაცემია. დღესდღეობით, დაახლოებით ხუთჯერ მეტი პოპულისტური ძალაა ინსტიტუციური პოლიტიკის სათავეებში, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში (Kyle & Meyer 2020). ამავე დროს, საქართველოშიც, 2012 წელს შექმნილმა საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა (სპამ), როგორც პრაქტიკულად ერთადერთმა პოპულისტურ ძალად მიჩნეულმა საპარლამენტო აქტორმა (Silagadze 2020), პირველივე საპარლამენტო არჩევნებში მესამე შედეგი დააფიქსირადა 6 მანდატი მოიპოვა. ამან ხელი შეუწყო მემარჯვენე პოპულისტური ნარატივების გარკვეული დოზით საპარლამენტო სივრცეში წარმოდგენას, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა, ერთგვარი საფრთხე იყოს საქართველოს ინსტიტუციური პოლიტიკის დღის წესრიგში ანტილიბერალური და ევროსკეპტიკური საკითხების მომძლავრების თვალსაზრისით.
მიიჩნევა, რომ რამდენადაც პოპულიზმი თავისი არსით უკომპრომისო და კონფრონტაციულია, იმდენად, პოპულისტი აქტორების საპარლამენტო შედეგიანობა შესამჩნევად დაბალია (Fournier 2018). წარმოდგენილ პოლიტიკის მემორანდუმში გაანალიზებულია ქართული მემარჯვენე პოპულიზმი, როგორც საპარლამენტო ოპოზიციური ძალა საქართველოში. სპას ოპოზიციური აქტივობა საპარლამენტო არენაზე ორი ძირითადი მიმართულებით არის განხილული: რამდენად აქტიურად იყენებენ მემარჯვენე პოპულისტური აქტორები საპარლამენტო ინსტრუმენტებს საკუთარი ინტერესების გასატარებლად და რამდენად ასახავს მათი საპარლამენტო საქმიანობა მათ შინაარსობრივ ნარატივებს? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, ნაშრომში მიმოხილულია საქართველოს პატრიოტთა ალიანსის დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივები. ამასთან ერთად, ყურადღება დაეთმო იმასაც, თუ როგორ მოქმედებდნენ ამგვარი საპარლამენტო აქტორები სხვა კანონმდებლობებთან და დოკუმენტებთან მიმართებით. და ბოლოს, საპარლამენტო ტრიბუნიდან გაკეთებული საჯარო განცხადებები გაანალიზებულია იმის გამოსარკვევად, თუ რა ტიპის შინაარსები ჟღერდებოდა წინა მოწვევის პარლამენტში მემარჯვენე პოპულისტური აქტორებისგან და რამდენად მჭიდროდ უკავშირდება პოპულიზმს მათი საპარლამენტო ნარატივები.